Monday, January 23, 2012

იაპონელი პო

პო ამერიკელია.
იაპონელებს არ სჭირდებათ პო, მათ ხომ იმდენი კარგი მწერალი ჰყავთ, თამამად შეუძლიათ, თავაწეულებმა იარონ.

მაგალითად, შეშლილი იუკიო მისიმა, რომელიც ჩემ თვალში ლეგენდაა, ქინძაბურო ოე, რომლის ნაწარმოებებიც ფსიქოლოგიური სიღრმით გამოირჩევა, "დაგვიანებული ახალგაზრდობა" კი ძალიან მაგონებს "ციცინათელების სასაფლაოს". როკენროლის მოყვარული ჰარუკი მურაკამი, იაპონური ტრადიციების მოყვარული იასუნარი კავაბატა და, რა თქმა უნდა, რიუნოსკე აკუტაგავა - იაპონელი ედგარ ალან პო.არ მეგულება ლიტერატურის მოყვარული, ვისაც მისი, თუნდაც, ერთი მოთხრობა არ წაუკითხავს.

ამბობენ, თუ გენიოსი ხარ, შეშლილი უნდა იყოო. აკუტაგავა შეშლილი იყო. მთელი ცხოვრება აწუხებდა დედისგან გენეტიკურად მიღებული ფსიქოლოგიური პრობლემები. ბავშვობიდან მოყოლებული იტანჯებოდა უძილობით და ჰალუცინაციებით, ამასთან, ძალიან ნიჭიერი იყო: ადვილად სწავლობდა უცხო ენებს და საკმაოდ ადრე მოიხვეჭა პოპულარობა.

მისი ნაწარმოებების უმეტესობა ფსიქოლოგიურია. ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ თავის თავზე წერს, რადგან, მისი ბიოგრაფია რომც არ იცოდე, გამორიცხულია, მოთხრობის მიხედვით არ მიხვდე, რა აწუხებდა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის წერილი, ავტორის სულის სარკეა და კარგად აჩვენებს მასში მიმდინარე არამატერიალურ პროცესებს, თუმცა ხშირად მგონია,რომ აკუტაგავა თავის თავზე წერდა და იმდენად ეგოისტი იყო, რომ ნაწარმოებშიც არ უშვებდა შანსს, რომ სხვისთვის ეთქვა, თუ რაოდენ უბედურია.

35 წლის ასაკში, აკუტაგავამ თავი მოიკლა. მართალია, ჩვენგან განსხვავებით, იაპონელებისათვის თვითმკვლელობა ცოდვად კი არა, სხვებზე ერთგვარ ამაღლებად მიიჩნევა და არაერთ გენიოსს მიუმართავს ამ ხერხისთვის, მაგრამ იგივე, იუკიო მისიმასგან განსხვავებით, აკუტაგავას ზეაღმატებული იდეები არ აწუხებდა. მისი თვითმკვლელობა არ იყო ისეთივე პომპეზური, როგორიც მისიმასი. პირიქით, სეკუკუს ნაცვლად, ვერონალის გადაჭარბებული დოზა აირჩია და მშვიდად გაერიდა სამყაროს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მისიმა გაცილებით მამაცი აღმოჩნდა: ყველა ვერ გაბედავს სეკუკუს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აკუტაგავამ "ცხოვრება იდიოტისა" დაწერა. მოთხრობა ბიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული და, შეიძლება ითქვას, ერთგვარ აღიარებით ჩვენებას წარმოადგენს.

თუ ეს მოთხრობა გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა იყიდოთ დღევანდელი, 23 იანვრის "კვირის პალიტრა", ვინაიდან, სულ რაღაც რვა ლარად, თქვენ აკუტაგავას შესანიშნავი მოთხრობების ყიდვის საშუალბა გაქვთ. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა გრძელდება. აირჩიეთ თქვენი წიგნი.

P.S. სხვათაშორის, არავის გეგონოთ, რომ ოსკაროსანი ფილმი "ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე"  ორიგინალურ სცენარზეა აგებული. თუ არ გჯერათ, აკუტაგავას "წყლის კაცების ქვეყანაში" წაიკითხეთ.

Wednesday, January 18, 2012

მივიღე გამოხმაურება

იყო და არა იყო რა, ვიყავი მე. ერთხელ, როცა ერთ მოვლენაზე, ყველა დასავლეთივით აღშფოთდა, შეშფოთდა და დაგმო, მე მოვიქეცი ცოტა უცნაურად და დავწერე ეს პოსტი. პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი და არაერთგვაროვანი.

პირადად მე, მიმაჩნია, რომ ბევრის სათქმელი ვთქვი, რადგან კარს უკან, ჩუმად, მოფარებით, უამრავი ბრავო და აპლოდისმენტი მივიღე. არ ვამბობ, რომ გამბედავი ვარ, რადგან მთლად ასეც არ არის საქმე. უბრალოდ, ის რაღაც კონდიციამდე მივიდა და როცა ასე ხდება, უთქმელს არაფერს ვიტოვებ.

ზემოთ მოყვანილ პოსტზე (რომელიც, იმედი მაქვს, წაიკითხეთ) გამომეხმაურა მეუფე კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი. გამოხმაურება საჯარო სივრცეშიც არსებობს და შეგიძლიათ, იხილოთ აქ ბოლო ორი კომენტარი.

მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო: ჩემ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვიყავი მაქსიმალურად გულწრფელი. ეს პოსტი არ ყოფილა იმისთვის, რომ ვიღაცის თვალში ქულა დამეწერა ან დამეკლო. მე გამოვხატე ჩემი აზრი, განწყობა და ემოცია კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტულ ვითარებაში.




Sunday, January 8, 2012

ფული, ცოლი, მლიქვნელობა და ლამაზი მეგობარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი. სახელად ერქვა ჟორჟი და მთელი ცხოვრება სიმდიდრეზე, სახელსა და ბევრ ფულზე ოცნებობდა. ბედმა ამ ბიჭს ეს ღირსებები არ მიანიჭა, სამაგიეროდ, მათ მოსაპოვებლად მისცა კარგი გარეგნობა, შესაბამისი ენა და გონება. ბიჭი მოზარდობის ასაკშივე მიხვდა, როგორ უნდა გამოეყენებინა არსებული ღირსებები არარსებულის მოსაპოვებლად და მოქმედებას შეუდგა.

დაახლოებით, ეს შინაარსია გი დე მოპასანის "ლამაზ მეგობარში". წიგნი 1885 წელს გამოქვეყნდა და სიფუმფულეების გვერდით, რომელსაც საზოგადოება მანამდე იყო შეჩვეული, ზოლას, ფლობერისა და სტენდალის შემოქმედებასთან ერთად, გი დე მოპასანმაც რაღაცებს თავისი სახელი დაარქვა.

ძალიან ძნელია, დაწერო წიგნი, რომელიც დროს გაუძლებს, რომლის თემაც არ გაცვდება და ყველა ეპოქაში ერთნაირად იქნება აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ მოპასანი ან ფლობერი მნიშვნელოვან პრობლემებს ეხმაურებიან, ჩემი აზრით, შემდგომი პერიოდის მწერლებმა სათქმელი, ამ მიმართულებით, უკეთესად თქვეს და მათმა ნაწარმოებებმა თავისი დრო მოჭამა. ისევე, როგორც მერი შელის "ფრანკენშტაინმა", რომელიც თავისი დროის უდიდესი შოკი იყო, ახლა იმავე რეაქციას ვეღარ გამოიწვევს. მოკლედ, რომ არ განვმეორდე, ადრეც დავწერე. :)

მე მაინც მიმაჩნია, რომ ახლის შესაფასებლად, ძველი უნდა გქონდეს წაკითხული/ნანახი/მოსმენილი.. იმიტომ, რომ შედარებების პროცესში ბევრ საინტერესო აღმოჩენას პოულობ: ხვდები წმინდა წყლის პლაგიატს, მიბაძვას, ძველის გადმოტანას და ეს არამხოლოდ მწერლობაში ხდება.

მოდი, ვთქვათ, რომ მოპასანის "ლამაზი მეგობრის" წაკითხვა ყველა ვარიანტში ღირს, რადგან ის მსოფლიო ლიტერატურული კლასიკის ერთ-ერთი წარმომადგენელია და მისი გაცნობა მარტო იმიტომ ღირს, რომ ჩვენთვის დავასკვნათ, როგორ ხშირად ცდებიან ამ სიის შემდგენელები.

დღეს, "კვირის პალიტრასთან" ერთად, 50 წიგნის ფარგლებში, მოპასანის "ლამაზი მეგობარი" გამოვიდა. 16 იანვრამდე მისი ფასი 8 ლარი იქნება.

Saturday, January 7, 2012

სახინკლე თუ ტუალეტი?

მოდა ისეთი რაღაცაა, სულ რომ წინააღმდეგი იყო, მაინც უნდა აჰყვე. შეიძლება არ გიხდებოდეს, სხვაგვარი ტანსაცმლის დეფიციტის გამო, იძულებული ხარ, სქელ ფეხებზე მოტკეცილი შარვალი, მოკლე კაბა, ან სულაც, ელასტიკი ჩაიცვა, სხვის თვალში რეგრესული რომ არ გამოჩნდე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთის არსი გესმის, იძულებული ხარ, ლანძღო კაპიტალიზმი და სოციალიზმს ეთაყვანო, ხალხმა ჩემზე ცუდი არაფერი იფიქროსო, და ცხრებივით მივყვებით ეკლესიისკენ მიმავალი მრევლის უზარმაზარ ნაკადს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ უკანასკნელში, თავისთავად, ცუდი არაფერია. 



Thursday, January 5, 2012

ზედმეტად მოულოდნელი პოსტი


ბოლო რამდენიმე თვეა, თვითგამორკვევის პროცესი მაქვს. რაც მისი შესაძლებლობები და გამოყენების ხერხები აღმოვაჩინე, ჩემს ტვინს სხვანაირად დავუწყე ყურება. არ მინდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მიგნებული გასაღები ვერ გამოვიყენო. ამიტომ, დრო მჭირდება. დრო, რომ რაღაცები დავალაგო.

ჩაკეტვის პერიოდი დამიდგა. არც ადამიანებთან ურთიერთობა მინდა, არც რამის კეთების სურვილი მაქვს. ოჯახის წევრებთანაც გავუცხოვდი. ისე ძალიან, რომ სახლში რაღაცები ხდება და მე ყველაზე ბოლო ვიგებ.

მინდა სადმე, კუთხეში ვიჯდე: ბევრი წიგნით, ლოგიკური ამოცანებით. ვიჯდე და ტვინში ვილაგებდე რაღაცებს.
არ ვიცი, ამისთვის რამდენი დრო მჭირდება, მაგრამ ვხვდები, რომ ეს უკვე აუცილებელი გახდა. იმისათვის, რომ არ დავკარგო ურთიერთობები და შანსები.

ჰო, ვერც ინტერნეტს ვიტან. აქ რომ შემოვდივარ, მგონია, ერთი დიდი ქაოსია და თხუთმეტ წუთში ისე მეღლება გონება, გეგონება კარგი დისკუსია გამოვიარე. :)

ახლა ორფან ფამუქის "შავ წიგნს" ვამთავრებ. მართალია, იქ მოყვანილი იდენტობის პრობლემებზე გარდატეხის ასაკში ვინერვიულე და მერე, რაღაცნაირად, დავკვალიანდი, მაგრამ მომენტებში მაგრად ჩამიკაკუნებს ხოლმე.. :)

ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ მქონდეს დრო და ფინანსები, რომ ერთი თვით სადმე, მიყრუებულ სოფელში გადავსახლდე. უინტერნეტოდ, უტელევიზოროდ, უსინათლოდ, უტელეფონოდ..

დილით ავდგებოდი, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავდი, მერე ვიბოდიალებდი, ფიზიკურადაც ვიშრომებდი (არ ვიცი, თოხნა და ბარვა რამდენად გამომივა, მაგრამ სხვა რამეს გავაკეთებდი თუ ამას ვერა), მერე დაღლილი მოვიდოდი, რომელიმე წიგნში რამდენიმე თავს წავიკითხავდი და ჩემს ტვინს გავესაუბრებოდი.. :)

ერთი თვის მერე დავბრუნდებოდი და....
და, დავბრუნდებოდი.. :)

რა სამწუხაროა, რომ საკუთარი თავისთვის ამდენი ფუფუნების მიცემა არ შემიძლია.

როგორ გგონიათ, რა ჰქვია ამას და მეშველება რამე?!

Saturday, December 31, 2011

სურვილები 2012 წლისთვის

უკვე ტრადიციად მაქვს, რომ ყოველი ახალი წლის დასაწყისში ვწერ სურვილებს, რომელიც მინდა, ამისრულდეს. შარშანდელი პოსტიდან ბევრი ნაწილი ამიხდა და, საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ 2011 ძალიან საინტერესო და პროდუქტიული წელი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ინტუიცია ამჯერადაც მკარნახობს, რომ უკეთესი წელი მექნება, თუმცა მანამდე ჩამოვყრი გეგმებს, რომელიც უნდა განვახორციელო:

1. უნდა ვიყიდო blackberry - ეს ისე ძალიან მინდა, სულ კბილები მიკაწკაწებს და რომ ვხედავ, ერთ ადგილზე ვხტუნავ;

2.  მომავალ წელს ამ დროს, სრულყოფილად უნდა ვიცოდე ინგლისური (მივაგენი არაჩვეულებრივ მეთოდს, რომლის მიხედვითაც ორ წელიწადში ენას სწავლობ და ინგლისურზე დავტესტავ);

3. მინდა, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ კარგად. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მეშინია და.. :(

4. ფინანსურ ამბებში მინდა რომ კიდევ უკეთესად და უკეთესად;

5. პროფესიულად მინდა რომ წინ წავიწიო კიდევ. პლუს, დამატებითი მცონარული სამუშაოებიც არ მაწყენს;

6. ჭკუა მესწავლოს და სხვის გრძნობებსა და დამოკიდებულებებზე თამაშს გადავჩვეოდე (ამას ვერ მოვახერებ 100 წელი);

7. რამდენიმეკვირიან გასვლაზე არ ვიტყოდი უარს საზღვარგარეთ პროფესიულ ამბავში;

8. ზაფხულში მინდა, სტამბულს ვეწვიო, მანამდე რაღაცები დავგეგმო და თუ დავგეგმე, ორჰან ფამუქი გავიცნო, რაც ძალიან რეალურია.. <3

ძვირფასო მეგობრებო, მკითხველებო, შემთხვევით შემოხეტებულებო, ნაცნობებო, უცნობებო, გილოცავთ ახალ წელს, რომლის ბოლოსაც, იდეაში, კოლექტიურად უნდა ამოვწყდეთ, მაგრამ თუ თქვენ ჯერ არ იცით, დაგამშვიდებთ: მაიას მიხედვით სამყაროს აღსასრული 2012-ში კი დგება, მაგრამ კაციშვილმა არ უწყის, როდიდან და რა სიხშირით ითვლიდნენ ის პატივცემული ადამიანები დროს.

თუმცა ან ამას რა აზრი აქვს, იქნება 2012 თუ 2069, მაინც ყველანი დავიხოცებით.

Friday, December 30, 2011

თაობიდან თაობაზე გარდამავალი თანამდებობა

ჩვენ ადამიანებს ადვილად ვართმევთ თავისუფლებას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ „ასეთი მამის შვილს მსგავსი საქციელი არ ეკადრება“ და ასევე ადვილად შეურაცხვყოფთ, როცა გვაკვირვებს, თუ როგორ გამოუვიდა მსგავსი დაბალი დონის ხალხს ასეთი ნიჭიერი შვილი.  
ჩვენ თითქმის არასოდეს ვაქცევთ ყურადღებას, რომ ხელობა და ნიჭი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება და რომ პირველი მეორეს ვერასოდეს წარმოშობს;
ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ადამიანებს და მათ შესახებ წარმოდგენას საურთიერთობო წრის მიხედვით ვადგენთ და ამ დროს გვავიწყდება, რომ „იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო;“


გაგრძელება იხილეთ აქ.

Tuesday, December 27, 2011

ქეთინოს მეზობელი

ქეთინო ინტელიგენტი და, რაც მთავარია, შემდგარი ქალია: ჰყავს ფინანსურად გამართული მეუღლე, ორი შვილი და უამრავი საქმე სამზარეულოში. ქეთინომ კომპიუტერი არ იცის, არც ინგლისური. სკოლაში გერმანულს სწავლობდა და მერე ოჯახმა მთლიანად წაიღო მისი თავისუფალი დრო. კომპიუტერი არც მისმა ფინანსურად გამართულმა მეზობელმა იცის, მაგრამ ძალიან პერო ლეპტოპი აქვს და მაგარი მანქანით დადის.


სრული ვერსია წაიკითხეთ "კვირის პალიტრაზე."

Saturday, December 24, 2011

მშვიდობის იარაღი?

მიყვარს ამერიკული ლიტერატურა. ოღონდ, არა  თანამედროვე. იქ ჩვენს დროში ისეთი ტიპის რომანი ხდება ბესტსელერი, მხოლოდ ორიგინალში თუ წაიკითხავ და ისიც მარტო იმიტომ, რომ სიტყვათა მარაგი შეივსო.

გახსოვთ კოელიო? ეგეც ამერიკელია, სამხრეთ ამერიკელი. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მწერალი თანამედროვეობაში. მისი ბუმიც იყო, დაახლოებით, რვა-ათი წლის წინ და ჯერ კიდევ მაშინ დამწყდა გული, რადგან მისი სამი წიგნიდან, რაც წავიკითხე ერთადერთი, "ალქიმიკოსი" მივამსგავსე რაღაცას.

კოელიოს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ, დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ წაკითხული და ყველამ იცით თემატიკა, რაზეც წერს. ასეთებია ამერიკული ბესტსელერები. ზუსტად ვიცი, რატომ იტაცებენ მათ თაროებიდან. თანამედროვე მსოფლიო ხომ ძალიან დაძაბულ, ნერვიულ და სწრაფ რიტმში ცხოვრობს? დაღლილ ამერიკელს კი სახლში მისვლისას რამე სიფუმფულის წაკითხვა ან ნახვს სურს. მოდი, ვაღიაროთ, რომ დაღლილობის ჟამს ჩვენც სიამოვნებით ვუყურებთ ჰოლივუდურ ფილმებს ბედნიერი დასასრულით და ყვითელ რაღაცებსაც ვეცნობით.

თუ არ ვცდები, ადრეც აღვნიშნე, რომ ლიტერატურა, ისევე როგორც კინემატოგრაფია, თავის თანამედროვე ყოფის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მე მიყვარს დრაიზერის, ტვენის, ო'ჰენრის, ლონდონის ნაწარმოებები. როცა ვკითხულობ, ვხედავ, როგორ შენდება შტატები, რა პრობლემები აწუხებთ რიგით ადამიანებს, როგორ შოულობენ ფულს, როგორ ხდება დაჭაობებული ადგილი მეგაპოლისი, მშიერი - მილიარდერი..მოკლედ რომ ვთქვათ, ვხედავ ამერიკულ ოცნებას, რომელიც, სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, ხდება.

ნაწარმოები აისბერგივით არის, ზედაპირზე მისი მხოლოდ ერთი მესამედი ჩანსო, თქვა ჰემინგუეიმ. ვეთანხმები და მგონია, რომ ნებისმიერი წიგნი მათემატიკურ გამოცანას ჰგავს და ამოხსნა ესაჭიროება. თუ ვერ ამოხსნი, არც მოგეწონება. მიმაჩნია, რომ ცუდი ნაწარმოები არ არსებობს და რადგან ვიღაცამ მისი დაწერა გადაწყვიტა, ე.ი. რაღაცის თქმა უნდოდა.

ჩემი პირველი შეხება ჰემინგუეისთან სწორედ "მშვიდობით, იარაღოთი" დაიწყო. დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს ლიტერატურულ გემოვნებასა და ცხოვრების შეხედულებაზე. მერე იყო "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა", "მოხუცი და ზღვა" და "ჰარი მორგანი".. ნაწარმოები, რომელმაც, ტვინში აბსოლუტურად სხვა რაღაცები გამიხსნა.. :)

სიმართლე რომ ვთქვა, ახლა ჰემინგუეიზე იმდენი რამის დაწერა მინდა და ისე ერთბაშად, რომ სათქმელსაც ვერ ვუყრი თავს. მისი თუნდაც ერთი პატარა მოთხრობა, იმდენად მრავლისმომცველია, რომ მგონია, მათემატიკური შიფრი, რომელსაც ის შეიცავს, ბოლომდე ვერც ერთში ამოვხსენი.

დღესმ 50 წიგნის ფარგლებში, ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო!" გამოვიდა და გთხოვთ, ვინც ჯერ არ იცნობთ ამ ამერიკელს, აუცილებლად შეიძინეთ.

Monday, December 19, 2011

ვასასობა 2011

დადგება დრო, როდესაც ჩაქვში დაჩას ვიყიდი, მერე, იქაურობით მოხიბლული, ადამიანების გახარებას გადავწყვეტ. დავკლავ საზამთროს (ცხვარს ვერ ვიტან და თან არც ხორცი მიყვარს დიდად), გავაკეთებ წიწიბურას ფაფას (აბა ფლოვის პატენტი უკვე სხვას ეკუთვნის, თან არც ბრინჯზე მეკეტება ჭკუა), გამოვაცხობ ლობიანებს, მოხარშავ ლუდს (ეს ორი უკვე კულტია) და ამ ყოველწლიურ დღესასწაულს ვასასობას ვუწოდებ. მანამდე კი..

მანამდე, ვასასობას ვიწრო წრეში აღვნიშნავ. ჯერ კიდევ შარშან, როცა მსგავსი იდეა პირველად მომივიდა, ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი რა და როგორ გამოვიდოდა, მაგრამ გამოვიდა. ჰხოდა, წელს მასშტაბებს არ ვზრდი, მაგრამ იმავეს ვაკეთებ და კიდევ მომავალ წელსაც გავაკეთებ (თუ, რა თქმა უნდა, მანამდე არ დავიხოცებით).

მოკლე რეზიუმეს სახით: მიმდინარე წელს დაიწერა 120-მდე პოსტი, დაიწერა 3500-მდე კომენტარი, იყო ბევრი ვიზიტორი მიუხედავად იმისა, რომ მე ვწერდი იშვიათად, თუმცა ვეცდები, მომავალი წლიდან გამოვსწორდე. :)


ახლა კი, ვასასობის პირველ ნაწილს ვხსნი და ვიწყებ ნომინაციების გამოცხადებას:




#1. წლის პოსტი

 ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ, ქართული საზოგადოებრივი ცხოვრება ისე გამოაფხიზლა, რომ ძილის წამლითაც კი ვეღარ იძინებს. რა თქმა უნდა, შეფასებაში ვაჭარბებ, მაგრამ ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ დაწერილმა პოსტმა ბიძოს რეზიდენციაში სტუმრობის შესახებ, ერთი წლის წინანდელი, საუკეთესო პოსტების რეიტინგი, რამდენიმე დღეში აკრიფა.

წლის პოსტი - იმ პრესკონფერენციის ნამდვილი ამბავი;








#2 წლის ვიდეო:

სიუჟეტს ვაკეთებდით, თუ რა გადის ეთერში და რას ფიქრობს საზოგადოება. ვოქსპოპზე რომ ვიყავით, გადაგვეყარა კოტიკო და.. ნუ, კლასიკაა, რაც მართალია, მართალია.. :)





 #3 წლის აღმოჩენა

ძალიან შემთხვევით მოვხვდი ამ ბლოგზე. რა პოსტი იყო, აღარ მახსოვს. მაშინ დავტოვე კომენტარი (ჩვევა მაქვს: როცა ბლოგს ვკითხულობ, 95%-ზე კომენტარს ვტოვებ) და, როგორც წესი, პასუხის სანახავად შევედი. ძალიან თბილი პასუხი დამხვდა (ჯანდაბა, გამიხარდა) და ამით წათამამებულმა, რამდენიმე ძველი პოსტი გადავიკითხე. ძალიან მომეწონა და, მას შემდეგ, როცა ვიცლი ბლოგებისთვის, აქ სიახლეებს აუცილებლად ვეცნობი.

2011 წლის აღმოჩენა: მოლი ბლუმი თავისი ბლოგით;





#4 წლის ბლოგი

ვისთვის მოდად იქცა, ვისთვის ჩვევად, ვისთვისაც რეალობად გამოთქმა, რომ ბლოგებს ა(ღა)რ კითხულობს. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, რომელ მათგანს მივეკუთვნები, რადგან ძალიან დიდი ხანია, არაფერი წამიკითხავს, თუმცა არსებობს ბლოგი, რომლის ყველა პოსტს ვკითხულობ და მიხარია, როცა ჩემი გარებიძაშვილები განახლებას მიჩვენებს. არ დავიწყებ განმარტებების კეთებას, რადგან ჯერ კიდევ შარშან, მის მიერვე წამოწყებულ თამაშში, ძალიან ბევრმა ბლოგერმა დაასახელა საუკეთესოდ, აღმოჩენად და ა.შ.

წლის ბლოგი - ანინალანდი;





#5 წლის მჯიკებელი

ბლოგზე ძალიან ვზარმაცობ. იმ დონეზე მაქვს მიგდებული, რომ თუ არა წიგნებზე დასაწერი სავალდებულო პოსტები, აქაურობა კარგა ხნით დაიძინებდა. სწორედ ამიტომ, წლის მჯიკებლის ნომინაციაში გაიმარჯვეს წიგნებმა, კონკრეტულად კი წიგნებმა, რომლებზეც უნდა ვწერო.

წლის მჯიკებელი - 50 წიგნის პროექტი, რომელმაც მიცოცხლა ბლოგი;






#6 წლის მრჩეველი

როდესაც პრეზიდენტი, ან ვინმე ისეთი ტიპი გავხდები, რომლებსაც მრჩევლები დასჭირდებათ, კინემატოგრაფიის დარგში, აუცილებლად ავიყვან მას. თითქმის ყველა ფილმი მომწონს, რომელსაც მირჩევს. ჩვევად გამომიმუშავდა, რომ ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებებს ფეისბუქით ვუზიარებ და, ნახევარჯერ მეკაიფება, მაგრამ მე არ მწყინს. :) ხუმრობებიდან გამოდინარე, რამდენჯერმე შემეპარა ეჭვი, არის თუ არა ნამდვილი სვანი. მოკლედ:

2011 წლის მრჩეველი - გიორგი ხერგიანი.









#7 წლის მკითხველი


შარშან, ფეისზე ჩვენი ფან-გვერდი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, შარშან ამ ნომინაციაზე არ მიფიქრია. წელს, როცა ვასასობის გამეორებაზე ფიქრი დავიწყე, ანუ, სადღაც გაზაფხულზე, უკვე ვიცოდი, ვინ იქნებოდა ამ ნომინაციაში გამარჯვებული. ჰხოდა ისა.... :))

წლის მკითხველი - გიორგი გერაძე;









#8 წლის სექტანტები:

ნახეთ, რა ზედმეტად საყვარლები არიან.. :))) ეს ერთ-ერთი ნაგლეჯია იმისა, რაც პერიოდულად მხვდება ხოლმე ვოლზე ან სადმე, კუთხეში..


2011 წლის სექტანტები: ლაშა ქავთარაძე და გიორგი არიშვილი;






#9 წლის ღალატი 

ერთი თვით ადრე უკვე ვიცოდი, რომ მიდიოდა (უფრო სწორად, ელოდებოდა შედეგებს), მაგრამ ძალიან მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. აი, სულ ცამოწმენდილზე. ძალიან განვიცადე. დიდი გულჩვილობით არ გამოვირჩევი, მაგრამ, დაახლოებით, სამი დღე, ქრონიკულად ვაღვარღვარებდი ცრემლებს (რა თქმა უნდა, მალულად. აბა, ვინმე რომ გაეგო, თანამშრომლის სამსახურიდან წასვლაზე ვტიროდი, ხომ გასკდებოდა სიცილით).. მიხარია, რომ ამ ადამიანს ვიცნობ, რომ მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მქონდა და იმედი მაქვს, რომ კიდევ გვექნება ამის საშუალება (დავით, არჩევანის უფლებას არ გაძლევ :D). ის ერთი წელი, რაც ვიმუშავეთ, დათო ჩემი მეწყვილე იყო და არა ოპერატორი, აბსოლუტურად ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ვგეგმავდით.. ხანდახან, ჩემზე მეტსაც აკეთებდა. ყოველთვის მქონდა მისი იმედი და ბოლომდე ვენდობოდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში. ეს პერიოდი ჩემთვის ერთი დიდი კომფორტი იყო, რომელსაც დათო მიქმნიდა და ძალიან ვწუხვარ, რომ როცა ჩემი ჯერი დადგა,მგონია, რომ ვერ შევძელი, სხვისთვის იგივეს შექმნა.
სხვათაშორის, შარშანდელი ვასასობისთვის დათო ძალიან მეხმარებოდა: სიგელების დიზაინი მას ეკუთვნის. <3

წლის ღალატი - დათო, რომელსაც წამქეზებელ გიორგი გერგაულთან ერთად ველი კუთვნილი სუვენირების გადასაცემად.. :))






#10 წლის გამომკვებავები:

უკვე შვიდი წელია, დედაჩემი ტელეფონზე ლაპარაკისას აუცილებლად ინტერესდება, ვჭამე თუ არა საჭმელი, მშიერი ხომ არ ვარ, სადმე ქუჩაში ხომ არ დავვარდი შიმშილისგან და სხვ.. მაგრამ მე მინდა, ჩემი ბლოგიდან დედაჩემს მივმართო: მას თავისუფლად შეუძლია, იყოს მშვიდად, რადგან ჩემი ნორმალური კვებისთვის შაბათ-კვირას არსებობს დედა, სხვა დანარჩენ დღეებში კი, მასტერქარდისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ორი კეთილი ადამიანი, რომლებიც ძალიან მიყვარს არამარტო იმიტომ, რომ გადასარევ ბორში-ფართის ვაწყობთ ხოლმე.

წლის მკვებავები: და-ძმა მანძთიძეები;





# 11 კარლსონის წლის თანამშრომელი

მეგობრებო, მე ამ პოზიციაზე შემეძლო, უფრო ზემოთაც წავსულიყავი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდა, პერსპექტიული, ჭკვიანი, გადასარევი, არაჩვეულებრივი ფინანსისტი საქალბატონე, ნამდვილად იმსახურებს დაფასებას ჩემი მხრიდან. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ დღის განმავლობაში მშვიდად ვარ: ჩემი კარლსონი ხომ საიმედო ხელშია?!

კარლსონის წლის თანამშრომელი - მაიკო ბარნაბიშვილი;



მეგობრებო, ვასასობა ერთი წლით გემშვიდობებათ. გული არ დაგწყდეთ, მომავალ წელს თქვენც შეიძლება მოხვდეთ დიდი სექტის ყურადღების არეში. რაც შეეხება არაოფიციალურ სიტუაციას:

  • ვასასობის მეორე ნაწილი, იგივე აFტერფართი, იგივე დაჯილდოვება, გაიმართება პარასკევს, 23 დეკემბერს, მაკდონალდსში, სპორტის სასახლესთან. ლიმიტი: საღამოს შვიდიდან ათ საათამდე.
 თუ ვინმეს მოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, პმ  მომწერეთ და დამსახურებული ატრიბუტების მისაღებად ინდივიდუალურად დავკვალიანდეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ დამიტოვებთ თქვენთვის საგულდაგულოდ შერჩეულ სუვენირებსა და სექტანტობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. :)


 
Powered by Blogger