Sunday, May 24, 2009

თქვენ ხომ...


რატომ გგონიათ, რომ როდესაც მიყურებთ, აკვირდებით ჩემს ქმედებებს, ლაპარაკს და აზრი გიჩნდებათ კიდევ ერთ ადამიანზე ის აზრი სწორია?.
რატომ გაქვთ პრეტენზია, რომ ყველაზე კარგად მიცნობთ?.
რატომ გგონიათ, რომ გაქვთ უფლება ჭკუა დამარიგოთ და მომაყენოთ შეურაცხყოფა თქვენი იდიოტური აზრებით?..
რატომ აღმიქვამთ არასერიოზულად?
რატომ გგონიათ, რომ მე ვერ შევძლებ შევქმნა რამე ღირებული?.
რატომ არ ცდილობთ გაიგოთ ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრები არაადეკვატურია ჩემზე თქვენი წარმოდგენისა?!
რატომ ცდილობთ მომაქციოთ ჩარჩოებში, რომელსაც სულ ოდნავ, მაგრამ თავი უკვე დავაღწიე?.
რატომ გინდათ ვწერო ის, რაც მისაღები იქნება ობივატელთათვის?
რატომ არ გინდათ სერიოზულად მოეკიდოთ ჩემს საქმიანობას და თუ ვერ გამიგებთ, ხელი მაინც არ შემიშალოთ მის კეთებაში?
რატომ ცდილობთ ჩაახშოთ ჩემში ის წუთიერი აღფრთოვანება ახლა რომ მაქვს და სულ რაღაც 29 მაისს დამთავრდება?.
რატომ არ გინდათ, რომ გაიგოთ რატომ ვითხოვ ახლა იმაზე ცოტა მეტს, ვიდრე მჭირდება, მე ხომ აღარასოდეს აღარ მექნება ამის საშუალება?.
რატომ ფიქრობთ, რომ ფიზიოლოგიური არგუმენტები უფლებას განიჭებთ ჩემს აზროვნება მართოთ?.
რატომ გგონიათ, რომ გაქვთ მორალური უფლება დაგიჯეროთ და თქვენს ჭკუაზე ვიარო?.
რატომ გინდათ ჩემი ცხოვრება უფერული და ისეთივე სტანდარტული იყოს, როგორც რიგითი ადამიანისა?.
რატომ მახსენებთ იმ იდიოტურ სტიპენდიას ყოველდღე მაშინ, როდესაც მის გახსენებაზე სირცხვილი მიპყრობს და თავი არარაობა მგონია?..
რატომ ცხოვრობთ ჩემი შარშანწინდელი წარმატებით და რატომ მაყენებთ ასეთ დიდ შეურაცხყოფას, მე ხომ ათასჯერ მეტი და მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა გავაკეთო?..
რატომ მაყენებთ არჩევანის წინაშე მაშინ, როდესაც მე მე ვარ?..
რატომ ფიქრობთ რომ ვიღაცას ვბაძავ მაშინ, როდესაც ფაქტებს შორის მხოლოდ უბრალო დამთხვევა ხდება ხოლმე?.
რატომ მაიძულებთ ამის გამო უარი ვთქვა იმაზე, რაც მომწონს?.
(მეც კარგი ვინმე ვყოფილვარ, სხვისი აზრების გამო რომ საკუთარი თავის დეგრადაციას ვეწევი..)
რატომ გბურძგლავთ ერთიანად და რატომ გივარდებათ წიგნი ხელიდან, როდესაც ჩემს ნააზრევს კითხულობთ?.
რატომ მიყურებთ შეშლილი თვალებით და მიბზუებთ ცხვირს?.
რატომ გგონიათ, რომ სისხლი და სიკვდილი ტაბუირებული თემებია?.
რატომ გგონივართ გიჟი, როდესაც გულახდილად გეუბნებით, რომ მომწონს შავი, თეთრსარჩულიანი კუბო და მიზიდავს მიცვალებულთა ფენომენი?.
რატომ არ უშვებთ, რომ თქვენს გვერდით არასტანდარტული ადამიანი არსებობს, რომელსაც არ შეუძლია ისე იფიქროს, როგორც თქვენ?.
რატომ მიყურებთ ეჭვის თვალით და ამ უაზრო ეჭვიანობით რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას?.
რატომ მაკერებთ იმ იარლიყს, რომელსაც საერთოდ არ ვიმსახურებ, მე ხომ მართლა არაფერი ჩამიდენია!..
რატომ ფიქრობთ, რომ არ მაქვს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება ისე, როგორც მინდა?.
რატომ გგონიათ, რომ გაქვთ ჩემი შეცოდების უფლება?.
რატომ განსჯით ჩემს მეგობრებს მაშინ, როდესაც წარმოდგენაც კი არ გაქვთ ვინ არიან ისინი და მე რა ურთიერთობა მაქვს თითოეულ მათგანთან?
რატომ არ ცდილობთ დამინახოთ ისეთი, როგორიც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს ვეცდები გავცე საკუთარი თავი..
რატომ მაიძულებთ გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც არ მინდა?.
რატომ ფიქრობთ, რომ გაქვთ იმის უფლება ნებისმიერ დროს მომექცეთ ისე, როგორც თქვენ მოგინდებათ?.
და, საერთოდაც, თქვენ ხომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ ვინ ვარ მე სინამდვილეში!..



0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger