Tuesday, June 30, 2009

Remember!!!



ბევრჯერ დავწერე დღეს ბლოგზე და ბევრჯერ ავიღე.

არ ვიცი რა დამეწერა.

არადა, მინდოდა დამეწერა.

რამდენიმე დღეა რაც გორში ვარ და სახლის თავზე საეჭვოდ დაფრინავენ სამხედრო თვითმფრინავები.

ჰოდა შემეშინდა არა, დღეს საღამოს დავფიქრდი და გამახსენდა 11 თვისა და 7 დღის წინანდელი ამბები.

ერთი კვირით ადრე საშინელი წინათგრძნობა..

მერე ღამე რომ დაიწყო..

ცხინვალისკენ ცა რომ იყო განათებული..

სროლის ხმა რომ მესმოდა..

ფანჯრის რაფაზე რომ ვიჯექი...

მატასის რომ ვწერდი, ისვრიან-მეთქი..

ის რომ დამცინოდა, არაფერი მოხდება, თუ რამეა, მე ჩამოვალ და ჩამოგიყვანო..

ღამე რომ მაინც დავიძინე..

ძილის წინ რომ ვფიქრობდი, ნეტავ ძალიან მძიმე იქნება ბომბის ჩამოვარდნის შემთხვევაში სახურავი რომ გამჭყლიტავს-მეთქი...

საშინელი დილა რომ გათენდა...

ტყვიისფერი, ტყვიაწამლის სუნით...

დედამ რომ მითხრა, ცხინვალი აიღეს ჩვენებმაო...

რომ არ გამხარებია..

რომ გამიკვირდა, რატომ არ გამიხარდა-მეთქი..

ჩანჩალამ რომ დამირეკა ხმაწასულმა: გორს ბომბავენ და ცოცხალი ხარო?

რომ დავცინე, გორს არ ბომბავენ-მეთქი..

სახლის ტელეფონმა რომ დარეკა..

ედამ რომ დამიძახა, ტელეფონთან მოდიო..

სანამ პირველ სართულზე ჩამოვედი რაღაც საშინელება რომ დაეცა...

ისეთი შეგრძნება რომ მქონდა, გეგონება სახლი საძირკვლიდან ამოხტა და ისევ ჩახტა-მეთქი.

ტელეფონთან ნინო რომ იყო.

კვერნაკი დაბომბეს ამ წუთშიო რომ მითხრა..

სახლის თავზე საშინელი ხმით რომ გადაიფრინა ბომბდამშენმა..

ყურმილი რომ ხელიდან გამივარდა და ინსტიქტურად გარეთ რომ გავვარდი...

დედაჩემს რომ ისტერიკა აუვარდა და მისმა ისტერიკამ რომ ამიყოლა.

გარეთ რომ გავედი და ჩვენს ქუჩაზე მთელი ქალაქის მანქანები რომ მიქროდნენ ატენის ხეობისაკენ..

მარშრუტკები რომ აჩერებდნენ და სათითაოდ გვეკითხებოდნენ, ატენში ხომ არ მოდიხართო...

ტაქსი რომ დავიჭირეთ და მცხეთაში ჩავედით..

ერთთვიანი ბოღმა რომ ყელში მიჭერდა..

ოთხი ღამე რომ არ მეძინა..

მანქანების ხმა რომ ტანკები მეგონა...

აზროვნების უნარი რომ დავკარგე..

ნებისმიერი რუსის სისხლის დასალევად რომ ვიყავი მზად.

გორში დაბრუნებული მშობლების დაკარგვისთვის რომ მოვემზადე..

ერთი თვის მერე რომ დავბრუნდი..

ქუჩებში სისხლის გუბეები რომ იდგა და შუშის ნამსხვრევები რომ ეყარა ირგვლივ..

აპარატით ხელში რომ დავრბოდი დანგრეული კომბინატისა და ვერხვების გადასაღებად..

სიცოცხლის დაფასება რომ ვისწავლე..

მიწა რომ გამომეცალა ფეხქვეშ ამ ამბების შემდეგ..

რუსოფობია რომ დამემართა..

(არც მანამდე ვგიჟდებოდი მათზე)

........................................................................................................................................

ერთი წელი გავიდა.

და მე არ მავიწყდება.

და არასოდეს დამავიწყდება.

და აუცილებლად ვიძიებ ჩემს წილ შურს მაგ ადამიანისებრებზე..

.................................................................................................................

ერთი წელი გავიდა და ძალიან ბევრ ქართველს დაავიწყდა რა და როგორ მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

ეს მაგიჟებს მე და ასეთები რომ მხვდებიან, მერე ვფიქრობ, ეს ხალხი ყველაფრის ღირსია-მეთქი.

P.S. ერთ-ერთი ფორუმელის სიგნატურა ამეკვიატა: ”არ ვყიდულობ არც ერთ რუსულ პროდუქციას. შესაბამისად, არც ერთი თეთრით არ ვაფინანსებ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ”.


4 comments:

nino said...

აუფ, მე კიდე 11 აგვისტომდე ვიჯექი გორში და ეხლაც დრაფტებში ვინახავ შარშანდელ პოსტებს ომის შესახებ... ზედ წლისთავზე მინდა გამოვაქვეყნო :( რას მერჩოდი ზემლიაკო, ყოველი წუთი გამახსენდა ეხლა მთელი აგვისტო თვალწინ დამიდგა და მერე კიდე დაღუპული მეგობრები და ნათესავები.... იმათი დაკრძალვის ამბები და გამწარებული ოჯახები... და ის ბრბო, ამ დროს რო იდგა და მღეროდა და მიშა მაგარიას ყვიროდა... მანდ უნდოდა ბომბი ზუსტად და მერე მეც ვიტყოდი რო გამოსაშვები სისხლი უნდა გამოიშვას მეთქი... ენა როგორ უტრიალდებათ რო იმ ბიჭების სიკვდილს ეგრე აფასებენ, გამოსაშვები სისხლი უნდა გამოეშვათო! ეგ იყო ყველაზე ვაჟკაცი და პერსპექტიული თაობა... ისეთი მუწუკები კიარა როგორებიც დარჩნენ... :( დეპრესია გამიმძაფრე რაა :) :*

vasasi said...

nino:
მაპატიე, რაა.. :( მეც სულ ასე მემართება მაგ ამბებს რომ ვიხსენებ ხოლმე.. :(
სულ კი არა, ყოველ საღამოს, თან ზაფხული რომ არის რატომღაც უფრო მეტად მახსენდება.. :(

შემდეგ პოსტში გამოვასწორებ :))

eter said...

ბევრი ვერ გაიგებს ჩვენს გულისტკივილს სამწუხაროდ :( შარშანდელი აგვისტო არ დამავიწყდება არასდროს არა! იმიტომ რომ ის დღეები ვარსებობდი არ ვცოცხლობდი.... მე გუდაურში ვიყავი დასასვენებლად, ჩემი ოჯახი კიდევ ატენის ხეობაში ხოდა ჩარჩნენ კიდეც იქ :( ბებიები ხელთუბანში........ აბსოლუტური სიმარტოვის, უსუსურობის და უსასოობის დღეები........ მთელი დღის წვალების შემდეგ 1ხელ გასული ზარი მოხუცებთან, 5წუთიანი ამოსუნთქვა რომ ცოცხლები არიან და კარგად არიან და მერე ისევ თავიდან ნერვიულობის დაწყება......... ამას ბევრი ვერ გაიგებს და ვერ მიიტანს გულთან ახლოს, ვერ გაითავისებენ უბრალოდ. ჩვენ კიდევ ერთმანეთს ვუსურვოთ ასეთი დღეები უბრალოდ აღარ იყოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

Sophie Golden said...

ახლა ვხვდები, რა საშინელება გექნება გამოცდილი :( მაგრამ მინდა გითხრა, რომ ნუ გეშინია, აღარ განმეორდება აგვისტო-2008, ჭორებია ყველაფერი, არ დაიჯერო, რასაც ტვ-ში ვაიექსპერტები ამბობენ და ხალხს აშინებენ.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger