Sunday, July 12, 2009

აცტეკომანია 2

ვაგრძელებ ჩემი საყვარელი აცტეკების შესახებ თხრობას.
მოკლედ, იმაზე გავჩერდით, რომ აცტეკებს სისხლისმსმელი რელიგიური ტრადიციები ჰქონდათ. სანამ თხრობას გავაგრძელებდე, აქვე სადმე ჩავაკვეხებ აცტეკების აღზრდის შესახებ. ხშირად ვფიქრობ, რომ მათი აღზრდის მეთოდები სპარტელთა აღზრდის მეთოდებს ჩამოჰგავს. ყველაზე საპატიოდ მიაჩნდათ სიკვდილი ბრძოლაში ან სამსხვერპლო ქვაზე. სიცოცხლეს აცტეკები აღიქვამდნენ როგორც ტანჯვითა და სისხლით აღსავსე ბრძოლას (დაახლოებით, ბუდისტებივით).  ომში მიმავალ მეომარს კი თან საკუთარ ჭიპლარს ატანდნენ, რომელსაც ამ დრომდე სათუთად ინახავდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ აცტეკები პესიმისტები იყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთებს შეეძლოთ ყველაფერი რაც ჰქონდათ წაერთმიათ. სწორედ აქედან გამომდინარეობდა ამდენი სისხლისმსმელი ტრადიციები.
1790 წელს მეხიკოს ცენტრში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს აცტეკების კალენდარი.

ამ ფაქტში საინტერესო ის გახლავთ, რომ კალენდარზე ზოგადსაკაცობრიო მოვლენებია აღბეჭდილი. ქვაზე გამოსახული სიმბოლოები მიუთითებდნენ წარსულზეც და მომავალში მოსახდენ ამბებზეც.
აცტეკებს მიაჩნდათ, რომ მეხუთე, უკანასკნელი ეპოქის პერიოდში ცხოვრობდნენ. მათი აზრით, წინა ოთხი პერიოდი გრიგალმა გაანადგურა.
როგორც წინა პოსტშიც აღვნიშნე, აცტეკების დედაქალაქი - ტენოჩტეტლანი ტბა ტესკოკოზე იყო გაშენებული. ავტეკებმა მოიგონეს საირიგაციო - ჩინამპასის ("ყვავილების ბაღის") სისტემა.

რომლის არსიც ტბის ზედაპირზე ბოსტნებისა და ბაღების გაშენება გახლდათ. ლერწმისა და ხისაგან გაკეთებული ტივები მაგრდებოდა ტბაში ჩასმულ ბოძებზე და იფარებოდა მიწით, რომელზეც შემდეგ მოჰყავდათ ბოსტნეული.  
აცტეკების საყვარელი გასართობი იყო ტლაჩტლი - "აცტეკური კალათბურთი".

რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობდა: როგორც სურათზე ხედავთ, კედელზე რგოლი ვერტიკალურად იყო მიმაგრებული, თანაც საკმაოდ მაღლა. ბურთი იყო კაუჩუკის, კალათბურთის ბურთზე გაცილებით მძიმე, მოთამაშეებს ეს ბურთი უნდა გაეძვრინათ რგოლში. თამაშისას მათ მხოლოდ თეძოები, იდაყვები, მუცელი ან ფეხები უნდა გამოეყენებინათ.
საოცარია, მაგრამ ასეთი სისხლისმსმელი ტრადიციების მქონე აცტეკები აბსოლუტურად საწინააღმდეგო ბუნებას ავლენდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჰქონდათ ქცევისა და წესრიგის ეთიკური ნორმები, რომლებსაც მკაცრად იცავდნენ. აცტეკებისათვის პრიორიტეტი იყო მოხუცების პატივისცემა.
აცტეკი მამა ასე არიგებდა შვილს: "პატივი ეცი ყველას, ვინც შენზე უფროსია. ნურავის აიგდებ აბუჩად. ნუ იქნები უყურადღებო ღარიბებისა და უბედურთა მიმართ, არამედ, შენი ვალია ანუგეშო ისინი. პატივი ეცი ყველას, განსაკუთრებით კი მშობლებს, რომელთა მიმართ მოვალე ხარ იყო მორჩილი, პატივისმცემელი და მასიამოვნებელი. არ დასცინო შვილი ხნიერებსა და ხეიბრებს, ნუ მიხვალ იქ, სადაც შენი მისვლა არ ესიამოვნებათ, ნუ ჩაერევი ისეთ საქმეში, რომელიც შენ არ გეხება. ეცადე სიტყვაშიც და საქმეშიც ზრდილობა გამოიჩინო. სუფრაზე ხარბად ნუ ჭამ.. ნუ იქნები ხარბი, თუ რამე გემოთი არ მოგეწონა, ეცადე არასოდეს არავის აგრძნობინო. თუ გამდიდრდები, ნუ გახდები ქედმაღალი და ამპარტავანი. ირჩინე თავი საკუთარი შრომით, მაშინ საჭმელი უფრო გემრიელად მოგეჩვენება.. არასოდეს არ იცრუო, არავიზე არა თქვა ცუდი. ახალ ამბებს პირველად შენ ნუ მოჰყვები, ნუ ჩამოაგდებ შუღლს. ნუ იქნები მფლანგველი. არ იქურდო და არ აჰყვე (აზარტულ) თამაშს. ასე თუ არ მოიქცევი, შეარცხვენ შენს მშობლებს."
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ აცტეკი ქალები ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც აღმოსავლეთში. მათი ხალხში გამოჩენა არ იყო სასურველი. მთავარი მოვალეობა კი სახლის საქმეები, რთვა და ქსოვა გახლდათ.

აცტეკი მშობელი ასე არიგებდა ქალიშვილს: "ბეჯითად დაართე, ქსოვე და კერე. ძალიან დიდხანს ნუ იძინებ. ქალური პრანჭვა-გრეხა უქმად ყოფნას, სიზარმაცესა და სხვა ცუდ ზნეს შეგაჩვევს. მუშაობის დროს ცუდ რამეზე ნუ იფიქრებ. როცა მშობლები გიხმობენ, ნუ დაუდი გამეორებას, მაშინვე მათთან გაჩნდი და შეუსრულე სურვილი. ნურავის ნუ უპასუხებ ჯიბრით, არავის შეამჩნევინო თუ რამეს უხალისოდ აკეთებ.. არავინ მოატყუო, მეტისმეტად ნუ იყოყოჩებ შენი ქონებით.. იზრუნე ოჯახზე. ყველა წვრილმან და უბრალო საქმეზე სახლიდან ნუ გახვალ და ნურც ქუჩასა და ბაზრის მოედანზე გამოჩნდები ხშირად.. თუ ნათესავთან მიხვალ, მაშინვე ეცადე სარგებელი მოუტანო - სართავს მოჰკიდე ხელი."
ამ დარიგებების გაცნობის შემდეგ, სიმართლე რომ გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. აშკარაა, რომ აცტეკებისათვის ის ფასეულობები იყო მისაღები, რაც ჩვეულებრივი ცივილიზირებული ადამიანებისათვის.
აცტეკები კარგ ორატორებად მიიჩნეოდნენ, მათი იმპერატორები ატარებდნენ ორ ტიტულს: "ადამიანთა მბრძანებლის" და "დიდი ორატორისას". უყვარდათ მუსიკა, წერდნენ ლექსებსა და პოემებს, ამზადებდნენ კერამიკულ ნაკეთობებს, აცტეკური მჭედლობაც საკმაოდ საინტერესო გახლდათ
ისინი ძალიან ლამაზ სამკაულებს აკეთებდნენ ოქროსა და ვერცხლისაგან. ეს ძვირფასი ლითონები მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა, უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ მარცვლეული კულტურა და მარილი.
აცტეკების სამზარეულოს ძირითადი პროდუქტები იყო კარტოფილი, ტომატი, მაისი (ასე უწოდებდნენ სიმინდს), ყაბაყი, წიწაკა..
ცნობილია, რომ მათ არ იცოდნენ ალკოჰოლური სასმელები. დიდებულები სვამდნენ წიწაკითა და მარილით შეზავებულ ცხელ შოკოლადს, რომელიც ძვირფას დელეკატესად მიიჩნეოდა..  
აცტეკები მიცვალებულებს წვავდნენ, ამიტომ, ჩვენამდე მცირე რაოდენობის პირადმა ნივთმა მოაღწია.
აცტეკების ცივილიზაციის დამხობა დაიწყო 1519 წლიდან, როდესაც ერნარ კორტესმა

გადაწყვიტა ახალი მიწების დაპყრობა და ამ მიზნით დატოვა კუბა. წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ აცტეკებს ჰყავდათ თეთრკანიანი ღმერთი კეცალკოატლი, რომელიც გაანაწყენეს. ის გველებისაგან დაწნული ტივით ზღვაში გავიდა და დაიქადნა, დავბრუნდებიო. აცტეკები სწორედ იმ წელს ელოდნენ კეცალკოატლის დაბრუნებას, როდესაც კორტესი მიადგა მექსიკის ყურის სანაპიროს..  
აცტეკების უკანასკნელი ბელადი, მონტესუმა მეორე საკმაოდ შეშინდა ესპანელების გამოჩენით.
სურდა ისინი მშვიდობიანი გზით მოეშორებინა თავიდან. ამ მიზნით რამდენჯერმე გაუგზავნა ძვირფასი ძღვენი კორტესს, მაგრამ პირიქით გამოუვიდა. კორტესს ტენოჩტეტლანში შესვლა სურდა, მონტესუმას კი სწორედ ეს არ სურდა. საბოლოოდ, ესპანელმა მუქარის გზით აიძულა აცტეკთა იმპერატორი.
იგი ტენოჩტეტლანის მახლობლად შეეგება კორტესს და ქალაქში შეუძღვა. ეშმაკმა ესპანელებმა მოახერხეს მონტესუმას დამორჩილება და მისი სახელით ათასგვარ სისაძაგლეს სჩადიოდნენ. ამის მიუხედავად, 200 ესპანელი ვერ გადაურჩა იაშპიდის ქვასა (სამსხვერპლო ქვა) და ობსიდიანის დანას (ამ მინერალით ამზადებდნენ დანას, რომლითაც მსხვერპლს გულს აცლიდნენ).
საბოლოოდ, 1521 წლის 8 ოქტომბერს, ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად, ტენოჩტეტლანი დაპყრობილ იქნა.
ესპანელებმა მართლაც დიდი ვანდალიზმი გამოიჩინეს. გააცამტვერეს ტენოჩტეტლანი, დაანგრიეს პირამიდები, სასახლეები, ამოაშრეს ტესკოკო, დაარბიეს ჩინამპები. ტაძრებისა და სასახლეების ქვებით კი თანამედროვე მეხიკო ააგეს.
ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა მშენებლობების დროს უნიკალური აღმოჩენები გაკეთებულა. 1978 წელს, მეხიკოს მეტროს მშენებლობისას, ექვსი მეტრის სიღრმეზე წააწყდნენ დიდ, ბრტყელ ქვას, რომელზეც 3 მ-ის დიამეტრზე ქალის დანაწევრებული სხეული იყო გამოსახული. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ქვა ტეოკალის (ტენოჩტეტლანის მთავარი ტაძრის) ძირში იდგა და მასზე პირამიდის წვეროდან დაგორებული მსხვერპლი ეცემოდა. ამის საფუძველს  იძლევა ის, რომ ქვა მთლიანად სისხლისგან გახლავთ გაშავებული.
მოკლედ..
ქადაგად დავვარდი...
არ დამიწყოთ ახლა, მეც ვიცი რომ სასტიკად დიდი პოსტია...
ეს არის მოკლე მიმოხილვა. ვეცადე, რაც შეიძლება საინტერესო ფაქტები მომეთხრო..
იმედი მაქვს რომ დაგაინტერესებთ.
ცოტას დავისვენებ და რამდენიმე ხანში ამერიკული ცივილიზაციის კიდევ რამდენიმე კერაზე შემოგთავაზებთ არანაკლებ საინტერესო პოსტს..    

9 comments:

mr.picasso said...

არა სიდიდე რა შუაშია საშინლად საინტერესოა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს ყოჩაღ. და დიდი მადლობა რომ გვანა
თლებ ასეთი საინტერესო ამბებით აცტეკებზე. ველით შემდეგ პოსტს

komisia said...

:ბლინკ:
ძალიან საინტერესოა, ჩემმა მზემ :yes:

DelphiKnight said...

პირველად ვარ თქვენს ბლოგზე და ძალიან მომეწონა!
ამიერიდან მუდმივი მკითხველი გავხდები :)

embrioni said...

egrea,pesimistebi ro ar yofliyvnenm,sheizlebida,arc damxobiliyvnen :)))))))

xoooda,did postebs rac sheexeba,mtavaria sintereso iyos da gadaitans kaci :)

hem tavs yovelshemtxvevashi egre vanugesheb xolme :D :D

amelie said...

ura, ura.. kargi postia ^_^

an na said...

kargi iyo. bavshvoba gamaxsenda, indielobaze vocnebobdi , tanac aucileblad kaci mindoda vyofiliyavi :D

taa said...

მე მაქვს ბავშვობაში ტენოჩტიტლანის დაცემა წაკითხული
ვაფანატებდი ამ წიგნზე მახსოვს და ძალიან დავინტერესდი მაშინ აცტეკებით და სულ ვეძიებდი მათზე წიგნებს

ეგ კიარადა ლექსებიც დავწერე კორტესზე მახსოვს – როგორც ფულის მონაზე :დ :დ :დ

vasasi said...

თაა, ლექსი დაიდოს!... :დ :დ :დ

ანა said...

(y)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger