Tuesday, July 7, 2009

აცტეკომანია

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა და რატომ ვერ მოვაბი თავი არ ვიცი.. 

ალბათ ესეც ჩემი ეგოისტობის ბრალია. როდესაც რამე ძალიან, ძალიან მომწონს ან მიყვარს, მხოლოდ ჩემთვის მინდა. დღეს რაღაც ძალიან კეთილი ვარ და რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან მიყვარს ძველი მსოფლიოს ისტორია. ბავშვობიდან მეკეტებოდა ეგვიპტელებსა და მათ ტრადიციებზე. განსაკუთრებით, მუმიფიცირების პროცესზე. ბავშვობიდან მოყოლებული ვცდილობდი გამერკვია დაწვრილებითი მუმიფიცირების პროცესი და ერთ მშვენიერ დღეს (დაახლოებით, სამი წლის წინ), გეორგ ებერსის ”ფარაონში” მუმიფიცირების დეტალურ აღწერას წავაწყდი.

წარმოიდგინეთ, რომ ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ მომენტში დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა.   

ვეტენები ყველგან, სადაც არის ბევრი სისხლი, მსხვერპლშეწირვის საინტერესო ტრადიციები და ყველაფერი ის, რაც მიცვალებულთანაა დაკავშირებული. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მომწონს კუბოები და მიცვალებულის ფენომენი.. ეს უკანასკნელი, ალბათ, ადამიანური ინტერესიდან გამომდინარეობს. 

ერთ მშვენიერ დღეს (დაახლოებით, სამი წლის წინ) სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩრდილოამერიკული კულტურა (ადრე გაკვრით ვიცოდი რაღაცები მათზე). ჯერ მაიას ტომი, შემდეგ კი აცტეკები..

აი, აცტეკების შესახებ რომ წავიკითხე, იქ გაუფასურდა ჩემი შთაბეჭდილებები მაიას ტომზე. დავიწყე მასალების მოძიება, რათა უფრო მეტი და მეტი გამეგო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, რაც პირველად ვნახე, იმაზე საინტერესო ვერაფერი მოვძებნე, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი ივლისი, ფაქტობრივად, საჯაროში ვცხოვრობდი.

აცტეკები არ იყვნენ მექსიკის აბორიგენი მოსახლეობა. ისინი გახლდნენ ”ჩიჩმეკების” ნახევრადმომთაბარე ტომები, რომლებიც თან ომის მზის ღმერთის - უიცილოპოჩტლის კერპს დატარებდნენ. სწორედ ამ ღმერთს დაუბარებია, რომ აეშენებინათ ქალაქი იქ, სადაც დაინახავდნენ კაქტუსზე მჯდომ არწივს კლანჭებში გველით. აცტეკებმა იმდენი იბოდიალეს, სანამ XIV საუკუნეში არ წააწყდნენ ტბა ტესკოკოს შუაგულში მდებარე კუნძულს, რომელზეც გააშენეს ულამაზესი დედაქალაქი - ტენოჩტეტლანი.

კორტესის დამსახურებით, ამ ქალაქიდან აღარაფერი დარჩა, მაგრამ მისი თანმხლები ეპისკოპოსის ჩანაწერებს თუ დავუჯერებთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ტენოჩტეტლანი - ეს იყო ვენეცია მექსიკაში.

აგერ, დაახლოებით, ამგვარად გამოიყურებოდა ქალაქის ცენტრი თავისი ტეოკალით (ქალაქის მთავარი ტაძარი).

აცტეკები მეომრები იყვნენ. ბიჭებს ბავშვობიდან აჩვევდნენ იარაღს. 10 წლისას მათ კრეჭდნენ თმას და მხოლოდ ერთ კულულს უტოვებდნენ კეფაზე, ნიშნად იმისა, რომ ის მეომრების რიგში ჩაეწერა. 15 წლის ასაკიდან ესწრებოდნენ სპეციალურ კრებებს, სადაც ვეტერანი მეომრები უყვებოდნენ წარსული ბრძოლების შესახებ. ასწავლიდნენ სიმღერებს და რიტუალურ ცეკვებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, ხუთკაციან ჯგუფს უნდა დაეტყვევებინა ვინმე ოღონდ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მისდგომოდა მის სხეულს. ტყვეს კლავდნენ და მის სხეულს მეომრებში ანაწილებდნენ.

აცტეკი მეომრები ასე გამოიყურებოდნენ:

როგორც წესი, მათ ეცვათ ორი თითის სისქე მარილის სითხით გაჟღენთილი ხალათი (ისრებისაგან დასაცავი ერთგვარი აბჯარი), ზემოდან იცვამდნენ ტუნიკას და თავზე იხურავდნენ ფრინველის ბუმბულით შემკულ ე.წ. მუზარადს. 

რელიგიური რიტუალები

აცტეკებს ღრმად სწამდათ, რომ ღმერთებმა დედამიწისა და მზის შესაქმნელად საკუთარი სისხლი და ხორცი გამოიყენეს, ამიტომ თვითონ ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, რომ ღმერთებისთვისაც ამგვარი მსხვერპლი შეეწირათ. როდესაც საომრად მიდიოდნენ, უპირატესობას არა მოწინააღმდეგის სიკვდილს, არამედ, მის უვნებლად შეპყრობას ანიჭებდნენ, რათა შემდეგ ისინი ღმერთებისთვის მიეძღვნათ.

ყველაზე სისხლისმსმელი მათ შორის იყო მზისა და ომის ღმერთი უიცილოპოჩტლი..

მას ადამიანების ცოცხალ გულებს სწირავდნენ მსხვერპლად. აცტეკები ფიქრობდნენ, რომ გამუდმებული ბრძოლა მიდიოდა დღესა და ღამეს შორის და თუ უიცილოპოჩტლის ძვირფას წყალს (ადამიანის სისხლს) არ შესწირავდნენ, ის დამარცხდებოდა და ადამიანები დარჩენილ ცხოვრებას სრულ სიბნელეში გაატარებდნენ. ამიტომ აუცილებელი იყო უიცილოპოჩტლის კერპს წინ ადამიანის მფეთქავი გული სდებოდა. 

ესპანელმა ისტორიკოსმა დურანმა, რომელიც თვითმხილველი იყო ამ მსხვერპლშეწირვის, შემდეგნაირად აღწერა ეს რიტუალი: ”პირამიდის წვერზე მსხვერპლის მოლოდინში ექვსი ქურუმი იდგა, რომელთა სახეებიც ჭვარტლით იყო შეღებილი, ხოლო აწეწილი და გრძელი თმები ტყავის თასმებით ჰქონდათ დამაგრებული. ისინი რიგრიგობით სტაცებდნენ ხელს მსხვერპლს ერთი ქურუმი დაეტაკებოდა მსხვერპლის ერთ ფეხს, მეორე - მეორეს, მესამე ერთ ხელს, მეოთხე მეორეს, შემდეგ მსხვერპლს დააგდებდნენ ქვაზე, სადაც მას დაეძგერებოდა მეხუთე ქურუმი და კისერზე უღელს დაადებდა. მთავარი ქურუმი გაკვეთდა მკერდს და ამოგლეჯდა გულს. თბილ გულს, რომელსაც ჯერ კიდევ ოხშივარი ასდიოდა, აწევდა მაღლა, მზეს აჩვენებდა, მერე კერპისკენ შემობრუნდებოდა და მას სახეში ესროდა გულს. მსხვერპლის სხეულს კი კიბეებიდან დაგორებდნენ, სადაც მას შესაჭმელად ხალხი ელოდებოდა.”

აგერ, აცტეკების პირამიდა დღეს. ხალხი რომ ჩანს, სწორედ მანდ აგორებდნენ ხოლმე მსხვერპლის სხეულს, რომლის ჭამაც რატომღაც დიდ ღვთის წყალობად მიიჩნეოდა. 

აგერ მსხვერპლიც.. ასეთ ფოტოს წავაწყდი გუგლში ძიებისას, აშკარად დადგმითი სცენაა, მაგრამ, დაახლოებით, ასე გამოიყურებოდა ის უბედური გულამოცლილი მანამ, სანამ აცტეკი ქალები დაესეოდნენ და სუკებს ააჭრიდნენ ბორშჩისათვის..   

მსხვერპლს გაზაფხულის ღმერთ შილეტოტეკსაც სწირავდნენ: ადამიანს ცოცხლად ატყავებდნენ და მოზეიმე მეომრები მის ტყავს 20 დღის მანძილზე ატარებდნენ.

ტლალოკებს, წვიმის ღმერთებს, ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად, შემოდგომის დღესასწაულებზე კი, დედა ქალღმერთს ქალებს სწირავდნენ, რომლებსაც თავებს სიმინდის ტაროებივით აცლიდნენ..

აცტეკებს ჰყავდათ თეთრკანიანი ღმერთი - კეცალკოატლი,  რომელმაც ლეგენდის მიხედვით მათ წინაპრებს ასწავლა ყველაფერი. ერთ დღესაც მათ გააბრაზეს კეცალკოატლი, რომელიც განაწყენებული ჩაჯდა ნავში და ოკეანეში გაუჩინარდა, წასვლამდე კი დაიბარა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და შურს იძიებდა.

საოცარი დამთხვევა მოხდა და, ერნარ კორტესი სწორედ იმ წელს გამოჩნდა აცტეკების სანაპიროზე, რომელ წელსაც აცტეკები კეცალკოატლის წინასწარმეტყველების აღსრულებას მოელოდებოდნენ.

ჰხოდა, 1521 წლის 8 ოქტომბერს, ტენოჩტეტლანი აღიგავა პირისაგან მიწისა. ტბა ტესკოკო ამოაშრეს, გაანადგურეს ქალაქი და მის ადგილას გააშენეს დღევანდელი მეხიკო.

(ბოროტი სული რომ იქნები ადამიანი)...     

ცოტა დიდი პოსტი გამომივიდა, ეს ის იყო რისი დაწერაც მინდოდა. უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს აცტეკების ცხოვრების შესახებ, მაგრამ რომ დავწერო იმხელა იქნება, ვიცი არავინ წაიკითხავს (ან ამას თუ წაიკითხავთ)..   

მოკლედ ვიტყვი დასკვნის სახით, რომ აცტეკებმა ორი საუკუნის განმავლობაში მიაღწიეს იმას, რის მიღწევასაც სხვა ცივილიზაციები ათასწლეულების მანძილზე ცდილობდნენ.

P.S. მელ გიბსონის ფილმზე - ”აპოკალიფსზე” მინდოდა კიდევ მეთქვა. რა თქმა უნდა, როგორც წესი, ამ ფილმის ნახვა ძალიან დავაგვიანე, მთელი ორი წელი. მაგრამ როცა ვნახე არც მაშინ აღვფრთოვანებულვარ დიდად.

ფილმი იდეაში აცტეკებზეა და მათ შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას იძლევა. ჰოდა, ცოტა არ იყოს, გული დამწყდა..


8 comments:

Dreamer Kikito said...

sainteresoaa dzaaan magram vampirebtan gavaigive titkos :D
da isa kide ra ucnauriaa kuboebi da aseti raagceebi ro gizidavs, shishi ara magram uaryopiti emociebi maqvs mageebtan, tumca ramdeni adamiani arsebobs imdeni interesio

kai posti iko :)

Sophie Golden said...

საინტერესო იყო ძალიან. გეთანმხები იმაში, რომ ადამიანებს სიკვდილი იმდენად აინტერესებთ, რომ მკვდრების ნახვაც კი სიამოვნებთ ზოგჯერ :|
მართლა ბევრი რამე გავიგე ამ პოსტით, მაგრამ ბოლოს "გულის ამოგლეჯა, სუკები და ბორშჩი" უკვე ზედმეტი იყო ჩემი sunny გულისთვის :ლოლ:

unaamarga said...

საინტერესო თემაა! ინდიელები ჩემი "სუსტი წერტილი" იყო ყოველთვის და განსაკუთრებით, აცეტეკები! მათზე ყველაფერი მაინტერესებს.

mr.picasso said...

ძალიან საინტერესო პოსტი იყო. ბევრი რამ გავიგე აცტეკებზე. კიდევ თუ შემოგვთავაზებ მსგავს პოსტს სიამოვნებით წავიკითხავთ.

vasasi said...

კი, აუცილებლად იქნება შემდეგი პოსტი აცტეკების კულტურაზე.. :)

და კიევ მუმიფიცირებაზე შემოგთავაზებთ მოზრდილ პოსტს.. :)))

amelie said...

)) momewona posti. ufro meti rom yofiliyo me piradad siamovnebit wavikitxavdi. adamianebis gatyavebis shesaxeb namdvilad ar vicodi :-s :D

Anonymous said...

გიბსონის კინო აცტეკებზე არ არის, მაიას ცივილიზაციაზეა. ეს დაახლოებით ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ძველი ბერძნების და ძველი რომაელების ცივილიზაციები. კავშირი და ზეგავლენა არის, მაგრამ ორი სულ სხვადასხვა კულტურაა.

vasasi said...

აცტეკთა ცივილიზაციაზეა. იქ ტენოჩტიტლანიცაა ნახსენები. :) მაიას ტომში არავინ არავის სწირავდა ადამიანთა ცოცხალ გულებს, გიბსონის ფილმში, როცა სიკვდილს გადარჩცენილი ტიპი გამორბის და დაინახავს გემს, იმის ნიშანია, რომ კორტესი მოადგა სანაპიროს, ანუ, ტენოჩტიტლანის მზე ჩაესვენა. :)
მოკლედ, ახლა წერა მეზარება, თორემ ჩამოვწერდი მაიას ტომისათვის რა იყო დამახასიათებელი მსხვერპლშეწირვის ასპექტში. არანაკლებ სისხლიანი იყო, თუმცა აცტეკებთან ვერც მოვიდოდა.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger