Sunday, July 19, 2009

მუმიფიცირება ძველ ეგვიპტეში

  ძველი ეგვიპტელების ყოფა-ცხოვრების შესახებ ბევრს მოგვითხრობენ მუმიები. მათი დახმარებით ადვილი შესაძლებელია დადგინდეს ძველი ეგვიპტელების ყოფა-ცხოვრება, ქვეყნის გარემო პირობები და ა.შ.

  ცნობილია, რომ მუმიფიცირებას მარტო ძველი ეგვიპტელები არ აკეთებდნენ შემონახულია ცნობები, რომ მიცვალებულის შესანახად მექსიკასა და ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ტომები გვამებს ბოლავდნენ, შემდეგ კი მუმიას ისე ექცეოდნენ, როგორც ღმერთს, თაყვანს სცემდნენ და მსხვერპლსაც სწირავდნენ (მაგალითად, ინკები) 

მუმიებთან დაკავშირებით განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში, სადაც აღმერთებდნენ არა მუმიას, არამედ გარდაცვლილ ფარაონს. 

  მუმიფიცირების ჩამოყალიბება უკავშირდება ეგვიპტელების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს. მათი აზრით, მიცვალებული ცხოვრებას აგრძელებდა სიკვდილის შემდეგ მკვდართა სავანეში ანუ ამიდოსში, სადაც აბსოლუტურად ისევე ცხოვრობდნენ, როგორც სააქაოში. ამიტომ, მისი იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი იყო სხეულის კარგად შენახვა და მთელი რიგი საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაყოლება.
  ვინაიდან, მუმიფიცირება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) გახლდათ, ის უბრალო მოკვდავთათვის ხელმისაწვდომი არ იყო. მუმიფიცირებას ძირითადად უკეთებდნენ ფარაონებსა და წარჩინებულ, მდიდარ პირებს, რომლებიც ფარაონის კარზე მსახურობდნენ. პრინციპში, ფარაონის კარზე მსახურებას არანაირი პრივილეგია არ ჰქონდა, რადგან საკუთარი სხეული მუმიად რომ ექცია, ამისთვის მდიდარი ადამიანი უნდა ყოფილიყო კაცი!

  მუმიფიცირება მთელი რიტუალი იყო. ძველი ეგვიპტის დედაქალაქის-მემფისის დასავლეთით, ნილოსიდან დაახლოებით ორი საათის მანძილზე, დედაქალაქსა და ე.წ. “მუმიათა ზეგანს” შუა მდებარეობდა თავისებური ქალაქი, რომლის ყველა შენობა მიცვალებულებისადმი იყო მიძღვნილი. აქ მხოლოდ ხოაქიტები (იმ ეგვიპტელი ქურუმების ბერძნული სახელწოდება, რომლებიც სულის მოსახსენიებელ რიტუალებს ატარებდნენ) და პარასქიტები ცხოვრობდნენ. ეს უკანასკნელნი ცხედრებს აბალზამირებდნენ.


  ამ დასახლებულ ადგილს “მკვდართა ქალაქს” უწოდებდნენ და მისი ნახვით იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს ქალაქი, ნამდვილი სასაფლაოს წინკარი იყო, რომელიც აქაურ და იქაურ ცხოვრებას მიჯნავდა. აქ მოასვენებდნენ ცხედრებს და მათგან აკეთებდნენ მუმიებს. აქ მიცვალებულთა ოჯახები ქურუმებს მუმიფიცირების საფასურში ურიგდებოდნენ. აქ მზადდებოდა მიცვალებულისთვის საღვთო გრაგნილები, ქამრები, კუბოები და ა.შ. ამ გალავანშემორტყმულ ქალაქს, რომელიც მემფისიდან ძალიან დაშორებული იყო, მრავალ ადგილას ალაყაფდადებული ზღუდე ჰქონდა გარშემორტყმული.
  როგორც აღვნიშნე, მუმიფიცირება მთელი რიტუალი იყო. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ფარაონთა სხეულებს, რომელთა შემთხვევაშიც მუმიფიცირებისადმი მიძღვნილი რიტუალი გარდაცვალების წუთიდან იწყებოდა. მას ოქროს ტახტრევანზე ცოცხალივით დაბრძანებულს წაიყვანდნენ “მკვდართა ქალაქისაკენ”, ალაყაფთან დადებდნენ მიცვალებულს და უკან ბრუნდებოდნენ. რამდენიმე ხანში გამოვიდოდნენ ქურუმის ტანისამოსში გამოწყობილი კაპიუშონებით თავდახურული თხუთმეტიოდე კაცი, ტახტრევანს ასწევდნენ და გალობით შედიოდნენ “მიცვალებულთა ქალაქში.” წინკარში მათ ხვდებოდათ ბორბლებზე შემდგარი ოქროს ნავი, რომელშიც ტახტრევანიდან გადმოსვენებულ მიცვალებულს ჩადებდნენ და შემდეგ ბაგირით ქანდარაზე ასვენებდნენ.
  ვინაიდან, ფარაონი ღმერთების სწორად მიიჩნეოდა დედამიწაზე, მისი დამტირებელი უნდა ყოფილიყო ისიდა (სიმბოლურად, გარდაცვლილი ფარაინი სწორედ ოსირისს განასახიერებდა). ეს ყველაფერი თავისებური რიტუალი იყო. მიცვალებულის მომზადება ბალზამირებისათვის, სწორედ ისიდას დატირების ფონზე მიმდინარეობდა, რომელსაც რომელიმე ქურუმი ქალი განასახიერებდა.
  როდესაც ფარაონის სხეული ოქროს ნავით ქანდარაზე აღმოჩნდებოდა, მას გადაასვენებდნენ მარმარილოს მაგიდაზე ისე, როგორც ოსირისს დასასვენებლად დღიური შრომის შემდეგ. ამ დროს მიცვალებულთან მიდიოდა ღმერთ ტიფონად გამოწყობილი პარასქიტი, რომელიც სიმბოლურად ტგახლდათ შემოსილი და გვამს ქვის დანით ფეხისგულებს ჩამოათლიდა. ეს ნიშნავდა ფარაონის გაწმენდას ამქვეყნიური მტვრისაგან, რათა მას ზეცა არ წარეწყმიდა. ფეხისგულის მოჭრტის შემდეგ, იგივე პარასქიტი მოღუნულ მავთულს ჩაუშვებდა მიცვალებულის ცხვირში და დაიწყებდა მისი თავის ქალის ტვინისაგან გათავისუფლებას.ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო.: თავდაპირველად მიცვალებულს ცხვირის ნესტოების ორივე სარქველს უხსნიდნენ, შემდეგ ერთ ნესტოში მოღუნულ მავთულს ჩაუშვებდნენ და ატრიალებდნენ. ტვინის მასა კი მეორე ნესტოდან გამოდიოდა. მავთულს მაშინ გამოიღებდნენ, როცა დარწმუნდებოდნენ, რომ თავის ქალა აბსოლუტურად ცარიელი იყო ტვინისაგან.
  ტვინის გამოღების შემდეგ, მიცვალებულს პარასქიტი უჭრიდა მუცელს და სწრაფად აცლიდა შიგნეულს, გულსა და ფილტვებს, რომლებსაც ათავსებდნენ ოთხ დიდ, სპეციალურ ურნაში, რომლებიც შემკობილნი იყვნენ ღმერთების: ხაპის, იმსეტის, დუამუტეთის და კებხენყუფის თავებით. თითოეულ ურნაში ცალ-ცალკე ათავსებდნენ თითოეულ ორგანოს.
  მარმარილოს მაგიდის გვერდით, რომელზეც მიცვალებული ესვენა მანამ, სანამ მუმიფიცირებისათვის მოამზადებდნენ, იყო დიდი, სოდით გაზავებული წყლით სავსე აუზი. ცხედრის გაწმენდის შემდეგ, პარასქიტები მას ამ აუზში უშვებდნენ, სადაც მთელი სამოცდაათი დღის მანძილზე უნდა დარჩენელიყო, რათა ცხედარი დამბალიყო და მასში არსებული ყველა ბაქტერია მოსპობილიყო. დალბობის პროცესში ცხედარს ხსნარს რამდენჯერმე უცვლიდნენ. სოდიანი წყალი სიმბოლურად განსახიერება იყო იმისა, რომ ოსირისი თავის დროზე, მისმა ძმამ-ტიფონმა სწორედ სოდიან ტბაში დაახრჩო. გარდაცვლილის გლოვის ვადად სწორედ ეს სამოცდაათი დღე იყო გამოცხადებული. ვადის გასვლის შემდეგ ქურუმები ხმამაღალი, მხიარული შეძახილებისა და მუსიკის ფონზე ფარაონის ცხედარს ამოიღებდნენ გამმაგრებელი აბაზანიდან, ჩადებდნენ ქვის მილში, რომლის შეგნითაც რამდენიმე დღის განმავლობაში ცხელ ჰაერს უშვებდნენ და გაშრობის შემდეგ ბალზამირების ოსტატებს გადასცემდნენ.
  ბალზამირების ოსტატები მიცვალებულს თავით სამხრეთისაკენ დაასვენებდნენ. გარედან ნაკურთხი წყლით ბანდნენ, შიგნიდან კი_პალმის ღვინით. ამ ყველაფერს ფონად გასდევდა მოზარე ქალების ტირილი. განბანვის შემდეგ, მიცვალებულის სხეულის შინაგან ღრუებს მბალზამირებლები სურნელოვანი ბალზამითა და ნახერხით ავსებდნენ, აგრეთვე ასხამდნენ სურნელოვან ფისს. თვალბუდეებში უსვამდნენ შუშის თვალებს, ხოლო სხეულს კიდევ ერთხელ აყრიდნენ სოდის ფხვნილს.
  რელიგიის შეასახებ ეგვიპტელებს ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ სამარესა და ზეცას შორის მიცვალებულს ელოდება ორმოცდაორი მსაჯული, რომლებიც ოსირისის თავმჯდომარეობით განიხილავდნენ მის მიწიერ ცხოვრებას. თუ მიცვალებულის გული ჭეშმარიტების ქალღმერთის თანასწორი აღმოჩნდებოდა, მიცვალებულთა ღმერთი თოტი მათ კეთილქმედებად აცნობდა. ამის შემდეგ თორი გარდაცვლილს წარადგენდა ოსირისის წინაშე, სადაც მიცვალებულს თავი უნდა ემართლებინა ჩადენილი დანაშაულების გამო. ამისთვის საჭირო იყო, მიცვალებული თან ჰქონოდა პაპირუსი, რომელზეც აღსარება იყო დაწერილი. მუმიას სარკოფაგში ჩაწვენამდე შესაბამის პაპირუსის ქაღალდში ახვევდნენ.

  ფარაონებს მოსავდნენ ძვირფასი ტანსაცმლით, სახეზე ადებდნენ ოქროს ნიღაბს, გულზე დაკრეფილ ხელებზე ძვირფას სამაჯურებსა და ბეჭდებს ჩამოაცვამდნენ და თავქვეშ სპილოს ძვლის სასთუმალს უდებდნენ. შემდეგ ასვენებდნენ სამმაგ კუბოში: პაპირუსისაში (რომელიც წარწერებით იყო დაფარული), მოოქროვილსა და მარმარილოსაში. ამის შემდეგ, მიცვალებული უკვე მზად იყო დასაკრძალავად.


  რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ბალზამირების რიტუალი სრულდებოდა სხვადასხვა ლოცვებისა და ცალკე რიტუალების თანხლებით, ხაზს უსვამს იმას, რომ მუმიფიცირება ხდებოდა რელიგიური რწმენის საფუძველზე. მართალია, ეგვიპტური მუმიფიცირების შემხედვარეებს შეიძლება გაგვიჩნდეს აზრი, რომ ფარაონს იმიტომ კრძალავდნენ ასეთ დიდი პატივით, რომ ის მოიაზრებოდა ოსირისის შემცვლელად დედამმიწაზე, მაგრამ აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიდან გამომდინარე, ძველი ეგვიპტელები მიცვალებულთა ბალზამირებას საკუთარი თავის დასაცავადაც ახდენდნენ. აი, რაში მდგომარეობს მათი ამგვარი საქციელი.
  ძველი ეგვიპტელების რწმენით, ადამიანი შედგებოდა სამი ნაწილისაგან, სხეულის, ღვთიური ნაპერწკლისა და აჩრდილის ანუ კასგან, რომელიც სხეულს ღვთიურ ნაპერწკალთან აერთებს. როცა ადამიანი კვდებოდა, ღვთიური ნაპერწკალი და კა სხეულისაგან განცალკევდებოდნენ. ვინაიდან ამქვეყნიური ცხოვრების დროს კა, ანუ აჩრდილი მიწიერი ცოდვებით ბინძურდებოდა, საჭირო იყო სხვადასხვა ცოდვებისგან განწმენდილიყო. განწმენდას სჭირდებოდა გარკვეული პერიოდი, ზოგჯერ 1000 წელიც კი. განწმენდა ხდებოდა იმით, რომ მრავალი ათასი წლის მანძილზე კა უხილავასდ დაიარებოდა ადამიანთა შორის და კეთილ საქმეებს სჩადიოდა. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ კა იყო ადამიანთა მსგავსი, ოღონდ, გამჭვირვალე, თხელი ნისლისაგან მოქსოვილი, რომელსაც შეეძლო ლაპარაკი, ჩაცმა და ა.შ., ხოლო სიკვდილიდან რამდენიმე აასეული წლის მანძილზე უნდა გამოკვებილიყო საკვებით, შემდგომ კი მისთვის საჭმლის ყურებაც საკმარისი იყო. კა მთავარ ძალას იღებდა სხეულისაგან, რომლისგანაც ის გათავისუფლდა დარომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დედამიწაზე რჩებოდა. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ თუ სხეულს მიწაში დამარხავდნენ, ის მალე გაიხრწნებოდა და კას კვება მარტო დამპლი საკვებითა და მტვრით მოუწევდა. ცხედრის დაწვის შემთხვევაში კი საკვებად მარტო ნაცარი დარჩებოდა და შესაბამისად, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამიტომაც ფიქრობდნენ, რომ თუ მუმიას გააკეთებდნენ და ათასი წლით გაუკეთებდნენ ბალზამირებას, მაშინ აჩრდილი უფრო ჯანმრთელი და ძლიერი იქნებოდა.
  სწორედ ეს რწმენა-წარმოდგენა გახდა იმის მიზეზი, რომ ეგვიპტელებმა დაიწყეს გვამების მუმიფიცირება, რომელმაც შემდეგ რელიგიური რიტუალის სახე მიიღო და ერთ-ერთ მთავარ ღმერთს_ოსირისს დაუკავშირდა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ძველმა ეგვიპტელებმა დქახვეწეს მუმიფიცირების ხელოვნება. 
  როგორც ვთქვით, მუმიებს სხვაგანაც აკეთებდნენ (მაგალითად, სპარსეთში)), მაგრამ ეგვიპტური მუმიები თავისი სპეციფიკით ნამდვილად გამოირჩევიან დანარჩენი ცივილიზაციების მკვდარი წარმომადგენლებისაგან. რა თქმა უნდა, ბალზამირების იმ სტილით, რომელსაც ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ შესაძლებელი იყო მიცვალებულის სრულყოფილი სახით მუმიფიცირება (ტვინის გარდა, რადგან ის ადვილად იხრწნება), როგორც ვიცით, გვამებს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ. მათ ოთხ სხვადასხვა ურნაში ანაწილებდნენ, ცალ-ცალკე უკეთებდნენ ბალზამირებას და შემდეგ პირამიდაში მუმიასთან ერთად კრძალავდნენ. სხეული გათავისუფლება შინაგანი ორგანოებისაგან კვლავ აჩრდილ კასთან არის კავშირში. ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ როცა მიცვალებულის გვამში შიგნეულს დატოვებდნენ, კა დიდ მადას ინარჩუნებდა და განწმენდის პერიოდში იმდენივე საჭმელს მოითხოვდა, რამდენსაც ჩვეულებრივი, ცოცხალი ადამიანი. ხოლო თუ მას საჭმელი არ ეყოფოდა, ცოცხალ ადამიანებს დაეტაკებოდა და სისხლს ამოსწოვდა. სწორედ ეს რწმენა_წარმოდგენა იყო გვამების შინაგანი ორგანოებისაგან გათავისუფლების მიზეზი. მათი აზრით, თუ გვამიდან შინაგან ორგანოებს ამოიღებდნენ გვამიდან, აჩრდილი თითქმის უსაჭმელოდ სძლებდა და საკუთარი დაბალზამირებული და ფრიად კეთილსურნელოვანი სხეული განწმენდის პერიოდში ათასწლეულების მანძილზე ჰყოფნიდა.
  როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს. ფაქტობრივად, მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძIლზე საკუთარი სულისთვის ზრუნავდნენ. სწორედ მუმია გახლდათ მათი ამქვეყნიური ცხოვრებდან ის ერთადერთი ნაშთი, რომელიც იმქვეყნიურ ცხოვრებას გააგრძელებდა. მუმიას ანიჭებდნენ მნიშვნელობას იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ახვევდნენ პაპირუსუს ქაღალდში, რომელზეც გარდაცვლილის ცოდვები იყო ჩამოწერილი. ძველ ეგვიპტეში სწამდათ, რომ თუ არა ჩაყოლილი პაპირუსი, მიცვალებულს ჩადენილი დანაშაული არც ერთ შემთხვევაში არ მოეტევებოდა. არ ვიცი, რამდენად აღიარებდნენ იმას, რომ ოსირისის ქვეყნიდან იყვნენ მოსულები, მაგრამ მათი ზრუნვა სიკვდილის შემდეგ არსებობისათვის იმდენად გამოკვეთილია, რომ მიცვალებულისთვის მინიჭებული ასეთი როლის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანის მნიშვნელოვან ნაწილს სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგაც მუმია_იგივე ადამიანის სხეული წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, მას იმდენად დიდი როლი ენიჭებოდა სულის გამართლების პროცესში იმქვეყნად, რომ ამის ვარაუდის საფუძველი ჩნდება. 
  ძველი ეგვიპტელები მიიჩნევდნენ, რომ დაკრძალვის პომპეზური რიტუალით, რომელსაც ისინი ატარებდნენ, სულს_იგივე აჩრდილს აძლევდნენ ძალას და უადვილებდნენ იმ სამყაროსთან შეგუებას. ანუ დაკრძალ;ვის რიტუალები, გარეგნული მწუხარების მიუხედავად, ერთგვარ ზეიმადაც იყო გადაქცეული.
  რაც ისტორიულ წყაროებში წერია, მუმიის არსებობა გათვლილი იყო დაახლოებით ათას წელზე, ანუ იმ ვადაზე, რამდენ ხანსაც დედამიწაზე აჩრდილი კა უნდა დარჩენილიყო, ამის მიუხედავად, მუმიებმა არა ერთ, არამედ რამდენიმე ათასწლეულს გაუძლეს და თანამედროვე ეპოქაში მოგვიტანეს სხვადასხვა ცნობები ძველი ეგვიპტელების ყოველდღიური ცხოვრებისა თუ არსებობის შესახებ. მუმიები მოგვითხრობენ, რომ ეგვიპტეში ადამიანები დაახლოებით 35-40 წლის მანძილზე ცოცხლობდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე დროა. ჩაშავებული და დაჩრდილული ფილტვები მიუთითებს იმაზე, რომ მრავალი ეგვიპტელი დაავადებული იყო ანტრაკოზიით_ დაავადებით, რომელიც თანამედროვე მეშახტეებისთვისაა დამახასიათებელი. ეს დაავადება გამოწვეული იყო ჭრაქისა და კოცონების კვამლით, რომელსაც ძველი ეგვიპტელები აშკარად არ ერიდებოდნენ. ანტრაკოზიაზე მეტად მათში გავრცელებული იყო დაავადება სილიკოზი, რომელიც ქვიშის მტვრის ჩასუნთქვის შედეგადა გამოწვეული დაავადებაა. ეს მტვერი უერთდებოდა ქვების გახეხვის შედეგად წარმოწმნილ მტვერს და ედებოსდა საკვებ პროდუქტს, პურს, ფქვილს და ა.შ. სწორედ ამგვარი ქვიშაშერეული საკვები იწვევდა კბილების გაცვეთასა და გახეხვას, ღრძილებში ბაქტერიების ჩაბუდებას, რომლებიც შემდეგ ადამიანის მთელ ორგანიზმში აღწევდნენ. რამზეს მეორის თავის ქალის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა კბილები და ძლიერი პაროდონტოზი აწუხებდა. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდებოდა ისეც, რომ ზოგიერთ მუმიას ხელახალი მუმიფიცირება სჭირდებოდა, რისი მიზეზიც ნილოსის წყალი გახლდათ. მისი ჭიები ხვდებოდნენ მუმიაში და აფუჭებდნენ მას. ამის დამადასტურებელია 13 წლის გოგონას მუმია, რომელიც მანჩესტერის მუზეუმში ინახება და მისი ასაკი სამი ათასი წელია., ხლო მუმიფიცირებიდან ათასი წლის შემდეგ მის გვამს ხელახლა ჩაუტარდა მუმიფიცირება, რადგან აღმოჩნდა, რომ მის სხეულში ნილოსიდან მოხვედრილი ჭია აფუჭებდა მუმიას. 
  ამჟამად აღმოჩენილი მუმიებიდან ყველაზე ძველია დედოფალ ხეტეფზხერესის მუმია, რომელიც თარიღდება ძვ,წ. მესამე ათასწლეულით. ყველაზე კარგად კი შესწავლილია ფარაონ ტუტანხამონის მუმია, რომლის ირგვლივ პოლემიკა დღემდე არ წყდება.
  როგორც არ უნდა იყოს, ეგვიპტური მუმიები კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არიან. მიუხედავად იმისა, რომ მუმიფიცირებას საკმაოდ დიდი დრო და ხარჯები სჭირდებოდა, ეგვიპტელებმა თავისი მიცვალებულების ამგვარი სახით “უკვდავყოფით” შემოგვინახეს საკუთარი ისტორია, რომლის აღწერაზეც თავის დროზე ბევრი არ უფიქრიათ...

11 comments:

Natalia said...

ქედს ვიხრი შენს წინაშე! ძაალიან საინტერესო იყო, სიამოვნებით წავიკითხე.

ყოველთვის მაინტერესებდა მუმიები, მახსოვს ისტორიის წიგნში მოკლედ ეწერა მუმიფიცირების პროცესზე და ეხლა დაწვრილებით გავიგე ყველაფერი.

ძალიან მიყვარს ფილმი ’მუმია’, პირველად რომ ვნახე ძალიან მომეწონა და მასე შემდეგ ინერციით მომყვება სიყვარული, ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო. :D ეხლა გამახსენდა, იქაც არის 4 ჭურჭელი, შინაგან ორგანოებს რომ ათავსებენ.

mr.picasso said...

აუ რა საინტერესო იყო. ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს ყველაფერი და ეხლა ის შემთხვევაა როცა ამომწურავი პასუხი მივიღე ხო და რამდენიმეჯერ გადავიკითხე უკეთ რომ დამემახსოვრებინა. უღრმესი მადლობა. ამ უზომოდ საინტერესო პოსტისთვის:)

Tomushka said...

მუმიებზე მინდა დავწერო ცენტრალურ ამერიკაში და მექსიკაში.
როგორც შენ დაწერე იქაც ქონდათ მუმიფიცირების ტრადიცია მაგრამ თუ ეგვიპტურ კულტურაში მწოლიარე მუმი გვაქვს, ამერიკაში როგორწ წესი მჯდომარე,მუხლმოკეცილი მუმია გვხვდება. სხვათაშორის შამანების მუმიებს აკეთებდნენ.

vasasi said...

Tomushka: კი, კი ვიცი..
პირველი მუმია რომელიც მყავს წარმოდგენილი ზუსტად ინკების ერთ-ერთი იმპერატორთაგანია.. :))

ისე, მე ცოტა რამ ვიცი ინკების მუმიების შესახებ და თუ დაწერ ბლოგზე, დიდი სიამოვნებით და ინტერესით წავიკითხავ.. :))

Natalia, Mr. picasso: მადლობა თქვენ რომ წაიკითხეთ.. :))

ცოტა აზრზე რომ მოვალ, მაიაზე დავწერ რაღაცებს.. :))

ნასტასია said...

katastrofulad mshurs zveli kulturebis...roca araferi ar iyo da mainc aseti aranormalurad chkvianebi iyvnen...aset shemtxvevebshi mgonia xolme ro martla mse da qvisha ari ideebis carmoshobis saukuteso impulsi...

Ledi Xachidze said...

visimovne da dzaan momewona kargi iyo

leli ka said...

:დ მკითხველების დაკომენტარებისკენ მოწოდება მომეწონა.ნუ მიმიფიცირების ისტორიაც თავისთავად საინტერესო და კარგია.

temo feradze said...

შეგიძლიათ წყარო მიუთითოთ?

temo feradze said...

შეგიძლიათ წყარო მიუთითოთ?

vasasi said...

გამარჯობა.
არა, არ შემიძლია. ამოკრეფილი მაქვს და გაერთიანებული სხვადასხვ წყაროდან. უმეტესობა ნათარგმნია. თან საკმაოდ დიდი ხნის წინ დააწერილი მასალაა და ნამდვილად არ მახოსვს ყველა წყარო. ბოდიში.

Unknown said...

საოცარიინფორმაციაა ნამდვილად გამომადგა !! <3 <3

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger