Friday, August 7, 2009

08/2008 - ერთი წლის შემდეგ


ისა...

როგორც შეგპირდით, ზუსტად ერთი წლის თავზე ვდებ ჩანაწერებს..

არაფერი შემისწორებია..

რაც არის ეგაა.. :)

   


 მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ტელევიზიით გამუდმებით აცხადებდნენ ქართული სოფლების დაბომბვის შესახებ, აგვისტოში განვითარებული მოვლენები ჩემთვის მოულოდნელი იყო.

 7 აგვისტოს ნათესავები ჩამოვიდნენ სოფელ კარბიდან (ცხინვალიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს), ძალიან შეშფოთებულები იყვნენ და ამბობდნენ, ომი იწყებაო, იმასაც ამბობდნენ, რომ მოვდიოდით ტყვიავში ქართველთა კოლონა შეგვხვდა, ცხინვალისაკენ მიდიოდა და ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა, ზოგი რას ატანდა, ზოგი რასო. ჩვენ კი სასაცილოდ არ გვეყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეზობელი ჯარში მსახურობს, შვებულება ჰქონდა და იმ დილას დედამისი გვეუბნებოდა, ღამის პირველ საათზე გამოიძახეს და წაიყვანესო.…

 დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა აფეთქების და სროლის ყრუ ხმა, თუმცა, ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ქალაქის ერთ_ერთ უბანში საწვრთნელი პოლიგონია და მეგონა, წვრთნა ტარდებოდა. 

 ღამის თორმეტის ნახევარი იქნებოდა, როცა სროლის აშკარა, უწყვეტი ხმა გაისმა. მთელი უბანი გარეთ გამოეფინა. მე ფანჯარაზე ვიჯექი და ჩრდილოეთით გავცქეროდი ცას, რომელიც არაბუნებრივად გაწითლებულიყო და დროდადრო ნათდებოდა, რასაც საშინელი წივილის ხმა სდევდა თან. როგორც შემდეგ გაირკვა, გორის გვერდით, სოფელ სკრაში ჩვენი შეიარაღებული ძალები იდგნენ და  სროლის ხმა ასე ახლოს ამიტომაც ისმოდა. პარალელურად ნინოს დავუკავშირდი.. მან მომწერა, აქაც ისვრიანო. სამი საათი იქნებოდა რომ ჩამეძინა. ყველანაირი პანიკის გარეშე.

 8 აგვისტო უცნაურად გათენდა. მზიანი დღე უნდა ყოფილიყო, ამის მაგივრად ცა ხელოვნურ ღრუბლებს დაეფარა, ტყვია_წამლის სუნი იდგა და ყველაფერს შემზარავი იერი ედო. აქა_იქ კიდევ ისმოდა გრუხუნი. მაგრამ მალე ყველაფერი ჩაწყნარდა. მახსოვს, როგორ გავიფიქრე, ქარიშხლის წინ ჩამოწოლილი სიჩუმეა_მეთქი და ტელევიზორი ჩავრთე, საიდანაც გახარებული სახით გვაუწყეს, ცხინვალი აღებულიაო.

 ჩემმა ჯგუფელმა დამირეკა ბათუმიდან. შეშფოთებული ხმა ჰქონდა, აცხადებენ, გორს ბომბავენ და როგორ ხარო. რა თქმა უნდა, დავცინე. მერე დედაჩემმა დამიძახა, ნინო გირეკავსო. სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდი, ყრუ გრუხუნი გავიგე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სახლი საძირკვლიდან ამოხტა და ისევ თავის ადგილას ჩადგა. ყურადღება არ მივაქციე და ყურმილს დავავლე ხელი. ნინოს შეშინებული ხმა ჰქონდა, როგორ ხარ, კვერნაკი (გორის ერთ_ერთი დასახლება) დაბომბეს ამ წუთასო. აი, მაშინ დამცხა და გამოკითხვა დავუწყე. უცებ საშინელი ხმა მომესმა, ჩვენი სახლის თავზე ბომბდამშენმა წივილით გადაიფრინა, რამდენიმე წამში კი გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა და შუშებმა ლაწანი დაიწყეს. აღარ მახსოვს როგორ დავახეთქე ყურმილი და ეზოში გავვარდი. არც ამას მივაქცევდი ყურადღებას, დედაჩემი რომ არ ჩავარდნილიყო პანიკაში. ყველაფრის მიუხედავად შინაგანად მშვიდად ვიყავი, მაგრამ დედის პანიკამ მეც ამიყოლა. ქუჩაში გამოვედი. დასავლეთით, ძალიან ახლოს, შავი ბოლი ამოდიოდა. მთელი უბანი გარეთ გამოშლილიყო. წაშლილი სახეები ჰქონდათ. ვიწრო ქუჩაზე კი ორ რიგად მოჰქროდნენ ავტომანქანები, ზოგი თბილისის, ზოგიც ატენის ხეობის მიმართულებით. ვისაც რამდენიმე ადგილი ჰქონდა დარჩენილი მანქანაში, აჩერებდნენ და გვეკითხებოდნენ, ხომ არ მოდიხართ, რომ წაგიყვანოთო. 

 ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენს გვერდით ტრაგედია დატრიალდა. მეზობლები ავტოავარიაში მოჰყვნენ. ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ცოლი კი მრავალმხრივი მძიმე მოტეხილობებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. ჭირისუფალი მხოლოდ შვილი იყო, რომელსაც მოსამძიმრენი პირველი ბომბის ჩამოვარდნისთანავე შემოეცალნენ და მარტო დატოვეს. კარგად მახსოვს, როგორ გამოვიდა წაშლილი გოგო ქუჩაში და განწირული ხმით შემოგვღაღადა, “მიშველეთ, მამა მაინც დამამარხინეთ, მეც რომ სადმე შევაფარო თავიო”, თუმცა, მისთვის პანიკაში ჩავარდნილ ხალხს ყურადღება არ მოუქცევია.

 დაბნეულს გულზე ძაღლი მყავდა მიხუტებული და წინ და უკან დავრბოდი. ორჯერ კინაღამ მანქანამ გამიტანა. ტაქსის დაჭერა გვინდოდა, მაგრამ ყველა დაკავებული იყო, ცარიელები კი თავისი ოჯახის გადასარჩენად მირბოდნენ. საქმეს ჩემი ძმაც ართულებდა, რომელიც ჯიუტობდა და ამბობდა, “არსად წასვლას არ ვაპირებ, ნეტა 18 წლის ვყოფილიყავი, რეზერვი გავლილი მექნებოდა, გამომიძახებდნენ და ომში წავიდოდიო”. ცალკე მის გადარწმუნებას, ცალკე მამასთან დაკავშირებას ვცდილობდით. ვიცოდი, რომ გორის დაბომბვას რომ გაიგებდნენ, ის და ბიძაჩემი სამსახურში არ გაჩერდებოდნენ და ჩვენს წამოსაყვანად ჩამოვიდოდნენ. გარდა ამისა, უცებ უამრავი ჭორი აგორდა: უფლისციხეს უნდა დასცხონ, ტრასაზე კი უკვე ტრიალებენ ბომბდამშენებიო და ამის უფრო გვეშინოდა, რომ წამოსულიყვნენ, გზაში რამე არ დამართნოდათ. როგორც იქნა, მამას დავურეკე და ვუთხარი, ცოცხლები ვართ, ახლა მოვდივართ და არ წამოხვიდეთ_მეთქი. ის რაღაცებს მეხუმრებოდა, თუმცა ხმაზე ვატყობდი, რომ არანორმალურად ნერვიულობდა.

 როგორც იქნა ტაქსი ვიშოვეთ. ჩემი ძმა ძლივს ჩავტენეთ და წავედით. შინაგანად კვლავ მშვიდად ვიყავი, თუმცა საკუთარი თავი ყველანაირი უბედურებისათვის შემზადებული მყავდა. ვტოვებდით გორს და ბოღმა მახრჩობდა; იმის გაფიქრებაც მზარავდა, რომ შეიძლებოდა ვერასოდეს დავბრუნებულიყავი.

 ჯერ მცხეთაში ჩავედით. მამა და ბიძა ვნახეთ. ჩემი ძმა იქ დარჩა, ჩვენ კი ძეგვში წამოვედით. საღამოს მამიდამ და დედამ გორში დაბრუნება გადაწყვიტეს, მამაჩემმა მანმადე დაგვირეკა, მეც პირდაპირ გორში წავალო. ჩემი ძმაც აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ბიძაჩემმა არ გაუშვა.

  მთელი ღამე არ მეძინა. ქუჩიდან შემოსული ყველა ხმაური ბომბდამშენი მეგონა და ასე გავათენე მთელი ოთხი ღამე. 

 ცხრა აგვისტოს, დილით, გორის დაბომბვა განახლდა. ექვსი ბომბი ჩამოაგდეს. დაიბომბა ყველა დასახლება სადგურის გარდა, თუმცა ტელევიზიით გამუდმებით ამ დასახლების დაბომბვის თაობაზე აცხადებდა. მობილურზე დაკავშირება თითქმის შეუძლებელი იყო. შედარებით იოლად გადიოდა ქალაქის ტელეფონზე. დედა მამშვიდებდა, შორს ჩამოვარდა, ხმა თითქმის არ გაგვიგიაო, მაგრამ ხმაზე ვატყობდი, რომ მხოლოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ვეხვეწებოდი და ხუმრობაში ვუტარებდი, ჩამოდით, ჯერ კიდევ გვჭირდება მშობლები_მეთქი, თუმცა მორალურად მზად ვიყავი მათი დაღუპვის ამბავს ზედმეტი ემოციების გარეშე შევგუებოდი. 

 საღამოს დედა ჩამოვიდა. მამა და მამიდა კვლავ გორში დარჩნენ. რუსები შოვსაც აქტიურად ბომბავდნენ და მაგაზეც ვნერვიულობდით, რადგან ჩემი ორი ბიძაშვილი იქ იყო დასასვენებლად წასული. რაჭიდან დილის ექვს საათზე დაიძრნენ, წალკის გზით წამოსულან და შუაღამის ორზე ერთი ძლივს მოვიდა სახლში. მეორე პირდაპირ რესპუბლიკურში წავიდა, რადგან გააგებინეს, იმდენი დაჭრილია, მოვლას ვერ ავუდივართო.

 10 აგვისტოს დილით გორის ცენტრი დაბომბეს. ადგილზე შვიდი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი ხუთი ადამიანი დაიღუპა. როგორც იქნა, დავითანხმე და მამა და მამიდაც ჩამოვიდნენ, თუმცა საღამოს უკანვე გაბრუნდნენ. 

 დაახლოებით, საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, როცა ვერტმფრენების ხმა გაისმა. ეზოში გამოვედით და დავინახეთ ოცამდე ვერტმფრენი, რომლებიც არეულად მიფრინავდნენ თბილისის მიმართულებით, თან მიწასთან იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ერთ_ერთი მათგანი კინაღამ მეზობლის ანტენას გამოედო. ქუჩიდან ხმაური ისმოდა, მძიმეწონიანი მანქანები უწყვეტად მიემართებოდნენ დედაქალაქისაკენ. მაშინვე გორში დავრეკე. ყურმილი მამიდამ აიღო. ჩვენი ჯარები თბილისისკენ გარბიან და უკან რუსები მისდევენ, ნაწილი ჩვენს ქუჩაზე მირბის და ყველაფერს ზრიალი გააქვსო. მალე ტელევიზიითაც გამოაცხადეს ეს ამბავი. შიშს ისიც აძლიერებდა, რომ ძეგვის ყველა უბანში სამხედრო ჩამოვიდა მანქანიდან და ერთი და იგივე გაიმეორა: “რუსები მოგვდევენ, თავს უშველეთო.”

 იმ ღამეს მთელი სოფელი შიომღვიმში გაიკრიფა. როგორც შემდგ აღმოჩნდა, მხოლოდ ჩვენ გავატარეთ ღამე ძეგვში.

 ამ დღეების მანძილზე ბოღმა მახრჩობდა. მზად ვიყავი ნებისმიერი რუსი ხელის აუკანკალელად მომეკლა და მისი სიკვდილით დავმტკბარიყავი. ამ სადისტურ სურვილებს რუსული ტელეარხებიც მიძლიერებდნენ, რომლებიც კარგად დაგეგმილ ანტიქართულ კამპანიას 24 საათიან რეჟიმში აწარმოებდნენ.

 ცეცხლი ვითომ შეწყდა, თუმცა ეს ვერაფერი შეღავათი გახლდათ, რადგან საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს რუსები აკონტროლებდნენ და თან უტიფრად დაგვცინოდნენ. გორის მიმართულებით ტრასა გადაიკეტა. ერთადერთი, რკინიგზით შეიძლებოდა ქალაქში ჩასვლა. ცენტრის დაბომბვის შემდეგ ქალაქის ტელეფონები საერთოდ აღარ მუშაობდა. არ იყიდებოდა სურსათი და არც ჰუმანიტარული დახმარება შედიოდა.

 16 აგვისტოს დილით მამა ჩავიდა გორში და საჭმელი ჩაუტანა მამიდას, რომელიც ქართველი მარადიორების შიშით სახლის მიტოვებას არ ფიქრობდა. მამა სახლში დაბრუნებას ფიქრობდა, თუმცა შუადღისას მეტეხი_გრაკალის სარკინიგზო მონაკვეთი ააფეთქეს და...

 სამი დღის განმავლობაში მამიდასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდით. ტელევიზია გამუდმებით აცხადებდა, რომ დაცლილ ქალაქში მარადიორობა და მკვლელობა იყო გაჩაღებული. ბოლოს, როოგრც იქნა, დიდი გაჭირვებით გავიგეთ მეზობლის მეზობლის ნომერი და დავურეკეთ. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. თუმცა, მამას რომ 16 აგვისტოს დიდი რაოდენობით პური და სხვა საკვები არ ჩაეტანა, უბანში დარჩენილი რამდენიმე ადამიანი ერთკვირიან შიმშილობას ვერ ასცდებოდა.

 სამი კვირის განმავლობაში ტელევიზორს არ მოვშორებივარ. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც აზროვნებისა და განსჯის უნარი დავკარგე. საშინლად ვიყავი გაბოროტებული იმაზეც, რომ ვუყურებდი რუსების თავგასულ ქმედებებს და საკუთარი უსუსურობას ვგრძნობდი ამ მონსტრის წინაშე, თან აშკარად ჩანდა, როგორი უმოქმედო იყო ევროპა და ძალისხმევას მხოლოდ ბრტყელ_ბრტყელ ფრაზებზე ხარჯავდა. არაფერი შემეძლო იმის გარდა, პირველად ჩემს ცხოვრებაში, უსუსურობის შეგრძნების ნიადაგზე გინება დამეწყო და მთელი გრძნობით მეგინებინა რუსები და მათთან ერთად პეტრე I და სტალინი. პირველი იმიტომ, რომ ცივილიზაციას აზიარა ტყეში გავარდნილნი, მეორე კი იმიტომ რომ ბარბაროსებს სახელმწიფო აუშენა.. 

 მას შემდეგ რუსოფობია დამემართა, ყვლაფერი მეზიზღება რაც კი რუსეთთანაა დაკავშირებული და ეს ყველაფერი ისე ღრმად მაქვს გამჯდარი, არამგონია, როდესმე გამიაროს.

 23 აგვისტოს, გვიან საღამოს რუსებმა გორიდან შვიდი კილომეტრიც დაშორებით, სოფელ კარალეთთან გადაინაცვლეს. გზა გაიხსნა. დედა და მამა მეორე დილას დანაღმულ ქალაქში დაბრუნდნენ, მე და ჩემი ძმა კი ერთი კვირის შემდეგ ჩავედით.

 საშინელი გრძნობა მქონდა. გორში დაბრუნების მეშინოდა, თუმცა ყველაფერი მშვიდად იყო. შესასვლელშივე დაგვხვდა გადამწვარი კორპუსები და დაბომბილი სახლები, რომელთა აღდგენა მიმდინარეობდა. ქალაქის ცენტრში აბსოლუტურად ყველაფერი დაცხრილული და გაძარცვული იყო, ტროტუარებს კი უზარმაზარ, შავ ლაქებად აჩნდა შედედებული სისხლი.

 დაცლილ ქალაქში ხალხი თანდათან ბრუნდებოდა. ისეთი ატმოსფერო იყო, თითქოს ყველა მცხოვრები ამ ამბავმა ერთ ოჯახად გვაქცია. ქუჩაში სიარულისას გამუდმებით ვგრძნობდი სითბოს, რომელიც აბსოლუტურად უცნობი ადამიანებისაგან მოდიოდა. 

 გორის დაბომბვის შედეგად მარტო ქალაქში 100_მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ქალაქი შავოსნებით გაივსო.

 ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტის შემდეგ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. რუსების ოკუპაციის “წყალობით”, ბაზარი პროდუქტით მხოლოდ სამი სოფლიდან მარაგდებოდა და საკვების ყიდვა რომ მოგესწრო, დილის ექვსი საათიდან უნდა ჩამდგარიყავი რიგში. 

 ომის შემდეგ თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და ვარაუდით დავდივარ. ყოველდღე რაღაც საშინელებისათვის ვარ მზად. გორში ხალხი იცინის მხიარულობს, ჩვეულებრივ ცხოვრობს, მაგრამ სიტუაცია დღემდე დაძაბულია. ყველას ბარგი შეკრული აქვს.

 ყველაზე ცუდი ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მხოლოდ მოთელვა იყო, როგორც რუსები გვპირდებიან, შოუ ახლა იწყება!...
 


8 comments:

Natalia said...

”ყველაზე ცუდი ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მხოლოდ მოთელვა იყო, როგორც რუსები გვპირდებიან, შოუ ახლა იწყება!...” რას ამბობ, გაფიქრებაც არ მინდა რა მოხდება ეს ყველაფერი რომ განმეორდეს :(

აუჰ, მე ბევრად დიდი პოსტები გამომდის, თან -3 :mo:

ნასტასია said...

kashmaar :(

mara petre pirvelis lanzgvas sheeshvi,100 manairi ver aziarebs rusebs civilisacias :P :D...

ელენე said...

მიყვარს თქვენი ბლოგები და ვკითხულობ სულ... შენთან ერთად ნატალიასაც ვგულისხმობ, მისი ომისდროინდელი ჩანაწერები საავადმყოფოდან - ჩემს გარშემო ყველას წავაკითხე... თამუნა, შენ ისე ღიად მაჩვენებ ყველაფერს რისი დანახვაც მარტოს არ შემიძლია. ძალიან პირდაპირი ხარ და მომწონს შენი პოზიცია...
პ.ს. ისე კულტურულად მიმალანძღა Zurriuss-მა , რომ დავიბენი...ახლაც იმაზე ვფიქრობ "მრავლადნაფრქვევი და ყელშიამოსული აზრები"-არ მიძახოს... რამ დაბოღმა, ჰა?

ნან said...

:((

vasasi said...

ელენე, არ ვიცი..
ეს პირველი შემთხვევა არაა. ზოგადად, ზურიუსი არაადეკვატური ადამიანია. მაგრამ ამ აგრესიის გარკვევას ვაპირებ აუცილებლად. საკმარისზე მეტი დაგროვდა..

კატიე said...

"ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც აზროვნებისა და განსჯის უნარი დავკარგე. საშინლად ვიყავი გაბოროტებული იმაზეც, რომ ვუყურებდი რუსების თავგასულ ქმედებებს და საკუთარი უსუსურობას ვგრძნობდი ამ მონსტრის წინაშე"
რა ნაცნობია ჩემთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ მე შორს ვიყავი.
ალბათ ყველას ჭირდა ეს :/

რუსო said...

მე, რომელიც 1997წლის სექტემბრიდან ყოველ შაბათ-კირას მივდიოდი გორრში, ჩემი მშობლების, ძმის, ძმისშვილის სანახავად, 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ალბათ სულ 8ჯერ ვი~ყავი და ღამე არ გამითენებია, ეგრევე წამოვედი. ვისაც ის აფეთქების ხმა არ გაუგია, ვისი სახლიც ,,გარადოკის" გვერდით არ არის, ვისი მამაც ბეტეერით არ ჩაბოსულა თბილისამდე მხოლოდ იმ მიზნით, რომ მე დამენახა და მე ვეცოდებოდი, ვერ გამიგებს. 7 აგვისტო ჩემი დაბადების დღეა, 2008 წელსაც გორში ვიყავი. 8 აგვისტოს მეც დამირეკა მეგობარმა და მითხრა, ომია გოგო წამოდთტ ყველაო. მეც დავცინე, შაუმიანისა და სტალინის ქუჩების კუთხეში მდგომმა და ამ დროს ჩამოვარდა პირველი ბომბი. 2 ნატვრა რაც ამის შემდეგ დამრჩა: პირველი ვიპოვო ტაქსის მძღოლი, რომელმაც სახლამდე მიმიყვანა, რომ გამეგო ჩემი ძმიშვილი და მამაჩემი ცოცხლები იყვნენ თუ არა, მეორე იმ ქართველი ჯარისკაცის სახელი და გვარი, რომელმაც მამაჩემი იცნო, როგორც მისი ლექტორი და გორიდან წამოიყვანა ბეტეერით. ვეცადე და ვერ ვიპოვე ვერცერთი

vasasi said...

რა საშინელი პერიოდი იყო.. ყოველი ზაფხულისა და აგისტოსი მეშინია. სულ იგივე განცდები მაქვს, რაც მაშინ.
პრინციპში, იმ წუთას ისეთ შოკში ვიყავი, ვერც შემეშინდა, ღმერთმა დაგვიფაროს და, იგივე რომ განმეორდეს, ალბათ, შიშით მოვკვდები.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger