Thursday, August 27, 2009

იუკატანური ფიქრები 1

რამდენიმე კვირის ან თვის წინ, ბლოგზე დავდე მცირე ინფორმაცია ჩემი საყვარელი აცტეკების შესახებ და იქვე შეგპირდით, მაიასა და ინკებზეც მოგაწვდით რამდენიმე ცნობას-მეთქი.
ჰოდა, დღეს გადავწყვიტე, მაიას ტომის შესახებ მოგითხროთ როგორც შეიძლება ლაკონურად..
რა დასამალია, რომ ამ პოსტსაც, თავისი სიდიდის გამო, ორ ნაწილად შემოგთავაზებთ..


მაიას ცივილიზაცია ვრცელდებოდა იუკატანის ნახევარკუნძულზე, გვატემალაზე, ბელიზზე, ჰონდურასისა და მექსიკის ტერიტორიის მცირე ნაწილზე. მაიას ხალხის რაოდენობა 20 მლნ კაცს აღწევდა და მათ შექმნეს გასაოცარი ცივილიზაცია.

მაშინ, როდესაც აცტეკებსა და ინკებზე ყველანაირი ინფორმაცია არსებობდა, არავინ უწყოდა, რომ ამერიკის კონტინეტზე არსებობდა კიდევ ერთი ცივილიზაციის ნაშთები, რომელიც კაცობრიობის გაოგნებას შეძლებდა.

ამერიკის ცივილიზაციებიდან მხოლოდ მაიას ჰქონდა დამწერლობა, ხოლო რთული სისტემით შედგენილი კალენდრების მიხედვით ზუსტ ასტროლოგიურ პროგნოზებს ადგენდნენ. ისეთებს, რომელთა შესახებაც თანამედროვე სპეციალისტებსაც უჭირთ მსჯელობა.

მათი გამოთვლები და ჩანაწერები ეყრდნობოდა ანგარიშის დახვეწილ სისტემას, რომელშიც ნულიც შედიოდა. მაიას ხალხი დარწმუნებული იყო, რომ სამყაროს გაჩენის ზუსტი თარიღი იცოდნენ (3114 წლის 11 აგვისტო), 2012 წლის 21 დეკემბერს კი ეს სამყარო უნდა დაიღუპოს (დაგვერხა მგონი )

მაიას ტომი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულიდან X საუკუნემდე არსებობდა. არავინ იცის რა მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს ეს ცივილიზაცია ერთბაშად გაქრა. მაიას ხალხმა მიატოვა ქალაქები და გადასახლდა იუკატანზე, სადაც ესპანელმ კონკისტადორებმა, მღვდლებმა და კოლკონისტებმა მიაგნეს.
მაიას ტომი, მას შემდეგ რაც ესპანელებმა მთელი ამერიკული კულტურა დაიპყრეს, 150 წლის მანძილზე განაგრძობდა ბრძოლას. კონკისტადორები და მისიონერები სასტიკად დევნიდნენ მათ რელიგიას. განსაკუთრებული სისასტიკით მისიონერები გამოირჩეოდნენ. მათ ხელმძღვანელობდათ ფრანცისკელი ბერი დიეგო დე ლანდა.
ამ ერთი შეხედვით კდემამოსილი ღვთისმსახურის მოღვაწეობას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მაიას ტომის მხოლოდ სამი ხელნაწერი შემორჩა.

ლანდა სწავლობდა მაიას ყოფა-ცხოვრებას და ცდილობდა მათი დამწერლობის გასაღებისთვის მიეკვლია. სურდა აღმოეჩინა საცავი, რომელშიც 30 იეროგლიფური წიგნი ინახებოდა. ეს წიგნები ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდა.
შავი და წითელი ნიშნები გამოყვანილი იყო ღია ფერის ქაღალდზე, რომელსაც ლეღვის ან თუთის ხის ქვედა ნაწილისაგან ამზადებდნენ. წიგნები გარმონივით იყო დაკეცილი, გარეკანი კი იაგუარის ტყავისა ჰქონდა.
ლანდამ გადაწყვიტა, რომ მაიას ტომის წიგნები ეშმაკეული იყო და მათი დაწვა გადაწყვიტა. ამ ფაქტმა უზომოდ გაანაწყენა მაიას ხალხი. ლანდა სამი თვე იყო მისიონერი ამერიკაში, ამ სამი თვის მანძილზე მისი ხელმძღვანელობით 5 000 ინდიელი აწამეს, რომელთაგან158 დაიღუპა. ამ სისასტიკის გამო ის ესპანეთში გაიწვიეს, მაგრამ რამდენიმე ხანში ეპისკოპოსის რანგში დაწინაურებული დააბრუნეს უკან.

კონკისტადორები და მისიონერები ყველა შესაძლო ხერხით ანადგურებდნენ ამ კულტურას და სწორედ ამიტომ, ესპანელთა მოსვლიდან 100 წლის შემდეგ მაიას ტომის ცივილიზაციის შესახებ მოგონებებიც აღარ დარჩა. ქალაქები ჯუნგლებმა დაფარა.

მაიას წარსულით მეთვრამეტე საუკუნეში დაინტერესედნენ. პირველი მკვლევარ გახლდათ ესპანეთის არმიის კაპიტანი ანტონიო დელ რიო, რომელმაც აღმოაჩინა მაიას ქალაქი პალენკე.
20 წლის შემდეგ მისი საქმე გააგრძელა ესპანეთის სამსახურში მყოფმა ჰოლანდიელმა გილერმო დიუპემ, რომელმაც ხელი მიჰყო მექსიკის სიძველეების შესწავლას, მას შემდეგ იყო გვატემალის გუბერნატორი ხუან გალინდო, ბოლოს კი უდიდეს აღმოჩენამდეც მივედით.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 1839 წელს, გვატემალას საზღვრის გასწვრივ რამდენიმე ცხენოსანი მიემგზავრებოდა. ისინი კარგად იყვნენ შეიარაღებულები, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი მიზნით მოგზაურობდნენ.
საღამოს ისინი ქალაქის რატუშაში აღმოჩნდნენ დაპატიმრებულები და მანამდე არ გაათავისუფლეს, ვიდრე ქალაქის თავმა არ ბრძანა.
ამ მოგზაურთა რაზმს ხელმძღვანელობდა ჯონ ლოიდ სტეფენსი. კაცი, რომელმაც მეორედ აღმოაჩინა ამერიკა.

სტეფანსი ადრევე გაიტაცა არქეოლოგიამ. მას შემდეგ კი, რაც გვატემალაზე დაწერილ რამდენიმე მოთხრობას და მოსაზრებას გაეცნო, აიჩემა, რომ ამ ტერიტორიაზე რაღაც ამოუცნობი ცივლილიზაციის ნაშთები იმალებოდა. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა რამდენიმე მეგობრის აყოილებას, ბოლოს, მისნაირი ავანტურისტი, მხატვარი ფრედერიკ კაზერვუდი აიყოლია და გვატემალასკენ დაადგნენ გზას.

იმედი უკვე გაცრუებული ჰქონდათ, მაგრამ ერთ დღესაც, ჯუნგლებში ხეტიალის დროს, ლიანებით დაფარულ ქვის კედელს წააწყდნენ. გადაფხიკეს და მოიგეს კი არა, ეს ქვის კედელი ობელისკი აღმოჩნდა, რომელზეც მათთვის გაუგებარ იეროგლიფები იყო გამოსახული. სიარული გააგრძელეს და 30-მდე ასეთი ობელისკი შეხვდათ. ბოლოს მაჩეტეთი გაიკვალეს გზა და თვალწინ საოცარი სანახაობა გადაეშალათ.


ეს იყო ჩიჩენ-იცა.

ჩიჩენ-იცას გარდა სტეფენსმა და კაზერვუდმა 30-მდე დასახლება აღმოაჩინეს, მათ შორის კოპანი და სხვა ქალაქები, რომლებიც მნახველებში დღემდე გაოცებას იწვევს.

3 comments:

Keti said...

კარგი იყო :) ის წინა პოსტიც წავიკითხე ადრევე. კარგი გრძნობაა, როცა რაიმე გაინტერესებს და წყაროებში "იქექები" :)

mr.picasso said...

ყოჩაღ ძალიან საინტერესო პოსტია . მეც მაინტერესებს მსგავსი ცივილიზაციების ცხოვრება და სიამოვნებით ვკითხულობ მსგავს პოსტებს. მეორე ნაწილიც იქნება ხომ?

vasasi said...

ჰუჰ, აბა როგორ :))

დღესვე შემოგთავაზებთ.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger