Friday, August 28, 2009

იუკატანური ფიქრები 2

ვაგრძელებ იუკატანურ ფიქრებს. წინა პოსტში შემოგთავაზეთ რაც შეიძლებოდა მცირე ისტორიული ექსკურსი (თორემ ისე იმდენია, ჩემი ბლოგი არ ეყოფა) მაიას ტომის შესახებ. ახლა კი დროა გადავიდეთ ჩემთვის საყვარელ რელიგიურ რიტუალებსა და კულტურაზე.



როცა ესპანელები მოვიდნენ იუკატანზე, მაიას ტომს ათასამდე ხელნაწერი წიგნი ჰქონდა, მაგრამ ისინი ლანდამ გაანადგურა. შემორჩა მხოლოდ სამი, რომელთაც კოდექსები უწოდეს და იმ ქალაქების სახელები ჰქვიათ, სადაც ისინი ინახება. ეს ქალაქებია დრეზდენი, პარიზი და მადრიდი. ერთი ხელნაწერი არის კიდევ მექსიკის მუზეუმში, მაგრამ ისეა განადგურებული, მისი არსებობა და არარსებობა, სამწუხაროდ, ერთი და იგივეა..
მაიას ხელნაწერთა 80% გაუშიფრავია, ასე რომ, ის სამი კოდექსიც კი, რომელიც მოგვეპოვება, საკმაოდ დიდი საიდუმლოს მატარებელია.

მაიას ხალხი მოწადმოქმედებას ეწეოდა, მაგრამ არ ყენებდა სახნავ-სათესი იარაღებს. ყველაფერს ხელით აკეთებდნენ. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ქვის ხანის ადამიანების დონეზე იყვნენ. მიწათმოქმედებას შემდეგნაირად მისდევდნენ: მოცემულ ნაკვეთზე გაჩეხავდნენ ტყეს, წვავდნენ მოჭრილ ხეებსა და ბუჩქნარს და ამ ნაცრით ანოყივრებდნენ ნიადაგს. ეს ნიადაგი, სასუქის გარეშე ორი-სამ წელს იძლეოდა მოსავალს, შემდეგ კი იფიტებოდა. ხალხი სხვა ადგილს ეძებდა.

დროთა განმავლობაში, მაიას ტომმა გაითვალისწინა ეროზია და დაიწყო გარშემო არსებული ჭაობების ამოვსება. ქმნიდნენ შემაღლებულ ადგილებს და მათზე მოჰყავდათ მაისი (სიმინდი). მიუხედავად ასეთი პრიმიტივიზმისა, მაიას ტომს ძალიან რთული და დახვეწილი საირიგაციო სისტემა ჰქონდა (სამწუხაროდ, სახოვანი სურათი ვერ ვიპოვე რომ დავდო). მათ არ ჰქონდათ არც სამშენებლო იარაღები. ის ყველაფერი, რაც შექმნეს, ფაქტობრივად, შიშველი ხელითაა აგებული.

ეს არის იაგუარის ტაძარი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი ჩიჩენ-იცაში. მაიას ხალხი იაგუარს ძალიან დიდ პატივს სცემდა ისევე, როგორც გველს. ფრთოსანი გველის ქალაქი - ასე ეძახდნენ ჩიჩენ-იცას.

ქალაქის შესასვლელში დღემდეა შემორჩენილი ორი უზარმაზარი გველის ქანდაკება, რომლებიც, მაიას ხალხის აზრით, ქალაქს იცავდნენ.

ესეც ელ კასტილიოს ტაძარზე გამოსახული ფრთოსანი გველის ქანდაკება.

ამ ტაძარს ამგვარი გამოსახულებები ყველა კუთხეში აქვს განლაგებული, მთელს სიგრძეზე. ქვემოთ გამოსახული შენობა კვლავ მაიას ტომის დედაქალაქ ჩიჩენ-იცაში მდებარეობს და მას მეომართა ტაძარს უწოდებდნენ.
საკვებად ისინი იყენებდნენ თევზს, ზღვის ძუძუმწოვრებს, ნიჟარები, ზვიგენის კბილები და მარილი ფულის როლს ასრულებდა, განსაკუთრებით, ეს უკანაკსნელი. სავაჭრო ცენტრი ქალაქ სოროსში ( ) ჩამოყალიბდა, ყველაზე ძვირფასი, რაც აქედან ნაწილდებოდა ქვეყანაში, ეს იყო ნეფრიტი და ობსიდიანი. ნეფრიტს იყენებდნენ რიტუალურ ქვად, ობსიდიანი კი, ვულკანური წარმოშობის ქვა გახლდათ, რომელსაც მჭრელი იარაღის და დანების დასამზადებლად იყენებდნენ, აცტეკები კი მისგან სამსხვერპლო დანებს ამზადებდნენ.

მაიას ტომის რელიგიური რიტუალები, აცტეკებთან შედარებით, ერთობ ჰუმანური იყო. მათ ტაძრებში სრულდებოდა რიტუალი, რომელსაც ეძახდნენ ღმერთებთან და წინაპრებთან შერწყმას, რასაც მიწისქვეშეთში მოგზაურობა ეწოდებოდა. ამის შესასრულებლად, მმართველი ეგზალტაციის უმაღლეს სტადიაში უნდა შესულიყო, რომლის დროსაც ჰალუცინაციები იწყება, ამას ისინი სხვა სამყაროში გადასვლას უწოდებდნენ. ამ სტადიას კი სისხლის გამოშვებითა და შიმშილით აღწევდნენ. რიტუალის შესასრულებელი მიზეზი მრავლად გახლდათ, იქნებოდა ეს დაბადება, გარდაცვალება, მაიას თესვა თუ მმართველის ტახტზე ასვლა.

მმართველი ამ ტრადიციას ასრულებდა განმარტოებულ პატარა ოთახში, შემდეგ სისხლით მოსვრილი თეთრი ტანისამოსით გამოჩნდებოდა ტაძრის კიბეების ზედა მოედანზე და იქიდან იწყებდა "ღმერთებთან სვლას".

თანამედროვე ადამიანისათვის ეს ტრადიცია ველურობაა, მაიას ხალხს კი სწამდა, რომ სამყაროში ბოროტი ძალებია მიმოფანტული, რომელთა შეჩერებაც მხოლოდ რიტუალებით შეიძლებოდა. პლანეტების მოძრაობას ისინი ღმერთების ნებად მიიჩნევდნენ, მზის დაბნელებას ღვთაების რაღაც ფორმით გარდაცვალებად ნათლავდნენ. ცის ყველა მოვლენას სისხლის გამოშვებას მიუსადაგებდნენ ხოლმე.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვის ეს პატარა ქანდაკება, ეს ადამიანი ასრულბს სისხლის გამოშვების წესს. თავსაბურავი, სამკაულები და ხელებსა და თეძოზე შემოჭერილი თეთრი ნაჭერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მაღალ წოდებას მიეკუთვნებოდა. ყელზე ჩამოკიდებული თოკი კი მიუთითებდა იმაზე, რომ ის ცოდვებს ინანიებდა.

ცოდვების მონანიების დროს, მაიას ხალხი იხვრეტდნენ გენიტალიებს (ხანდახან ენას და ყურებს), ელოდებოდნენ ვიდრე სისხლით არ შეიღებებოდა ხისგან დამზადებული ქაღალდი, შემდეგ ქაღალდს წვავდნენ, რომლის დაწვის დროსაც ზეცისკენ მიმავალი ბოლი ღმერთების სარჩო იყო.


არქეოლოგებმა ჩატარებული გათხრების შემდეგ დაასკვნეს, რომ ეგვიპტური პირამიდების მსგავსად, მაიას ტომის პირამიდებიც დიდებულთა სამარხებს წარმოადგენდა. ერთ ერთი არქეოლოგიური გათხრის დროს აღმოაჩინეს ეს ჩონჩხი:

ისინი სამყაროს შიშით და აღტაცებით უყურებდნენ. მიაჩნდათ, რომ კოსმოსი სამი დონისაგან შედგებოდა: ზედა, შუა და ქვედა, სადაც მიცვალებულები ცხოვრობდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ სამყაროში წესრიგი შენარჩუნებული იყო იმ კეთილი ურთიერთობით, რაც ღმერთებსა და ადამიანებს შორის არსებობდა. ღმერთები ადამიანებს აძლევდნენ საკვებს, შთამომავლობას, მზის სინათლეს, წვიმას, სამაგიეროდ კი მათგან პატივისცემასა და თაყვანისცემას ითხოვდნენ.

მაიას ხალხის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდა მუსიკა და ცეკვები, რომელთა საშუალებითაც ისინი ღმერთებს მადლობას სწირავდნენ. მუსიკა და ცეკვა ახლდა მათ ყველა საქმიანობას: ომს, მიწათმოქმედების სამუშაოებს, საკულტო ცერემონიებს. მუსიკოსები და მოცეკვავეები გამოსახულნი არიან მრავალ ტაძარში. დასარტყამ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ისინი ამზადებდნენ ხის, თიხის ან ოკეანის კუს ბაკნისაგან, ჩასაბერს კი - გრძელი, გამომშრალი კვახებისაგან, რომლებიც ხის მილებზე იყო წამოცმული, სალამურებსა და საყვირებს ამზადებდნენ ირმის ძვლების, ან ხისაგან.

ჩვენამდე მოაღწია მაიას ტომის ერთ-ერთმა გასართობმა - ბურთით თამაშმა (სამწუხაროდ, ფოტო ვერ ვიპოვე, მაგრამ ეს შეიძლება ტლაჩტლის მსგავსი თამაში ყოფილიყო, განსხვავებული წესებით). სპეციალურ ქვის მოედნებზე შეჯიბრის მონაწილენი ტყუპი ძმების მითოლოგიურ სიუჟეტს წარმოადგენდნენ, რომლებიც ღმერთებს ბურთს ეთამაშებოდნენ. ეს მთლად თამაშიც არ იყო, იმიტომ, რომ დამარცხებულს სიკვდილით სჯიდნენ: ან თავს ჰკვეთდნენ, ან სასიკვდილოდ სცემდნენ მძიმე ბურთით, ხანდახან უბრალოდ შეკოჭავდნენ, მისგან ცოცხალ ბურთს აკეთებდნენ და ტაძრის კიბეებიდან აგორებდნენ, ან სიკვდილამდე არბენინებდნენ მოედანზე.

საგარეო სამხედრო კონფლიქტების კვალის არარსებობამ არქეოლოგებსა და ექსპერტებს აფიქრებინა, რომ ჩემი საყვარელი აცტეკებისაგან განსხვავებით, მაიას ხალხი მშვიდობიან ცხოვრებას ეწეოდა.

მაიას ქურუმები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალყურს ციურ სხეულებს. ჰქონდათ ობსერვატორია, რომელიც დღეს ასე გამოიყურება:

თავის დასკვნებს და საიდუმლო ცოდნას იმ კოდექსებში იწერდნენ, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. მათ შექმნეს მზის კალენდარი 365 დღით და, აგრეთვე, უდიდესი სიზუსტით განსაზღვრეს მთვარის თვეც (თანამედროვე გამოთვლებით 23 წამის ცდომილებით).

კალენდარი მათთვის ყველაფერი იყო. მის მიხედვით იქცეოდნენ და, ფაქტობრივად, საკუთარი კალენდრის ტყვეობაში ცხოვრობდნენ. თვით ომებსაც კი კალენდრის მიხედვით აწარმოებდნენ. ეს იყო 104 წლიანი დიდი კალენდარი. ისინი იყენებდნენ ასტროლოგიას ისევე, როგორც ჩვენ, წინასწარმეტყველებდნენ მთვარისა და მზის დაბნელებას და ა.შ.



P.S. აი, კეთილო ადამიანებო, მეტად ლაკონურად ვერ შევძელი მაიას ტომის ისტორია გადმომეცა. უამრავი რაღაც ვიცი მათ შესახებაც, მაგრამ ყველაფერს პოსტის სიდიდის გამო ვერ დავწერდი. ვეცადე, რაც შეიძლება მოკლედ ამესახა ძირითადი და მთავარი, ის, რამაც დამაინტერესა და მინდოდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა..

მოკლედ, მე დავვარდი ქადაგად, აღარ ვვარგივარ..

წავალ ახლა, გაზზე მაისს დავდგამ, მოვხარშავ და მაიაზე ვიფიქრებ - მხოლოდ აცტეკების შემდეგ...

5 comments:

Keti said...

ძალიან კარგი იყო :) ხანდახან რომ ასეთი პოსტები გქონდეს, კარგი იქნება.
და რომ დაყო თემებად? მაგალითად მუსიკა, რელიგიური რიტუალები და ა. შ. ანუ, ერთ პოსტში ერთი თემა :)

vasasi said...

მადლობა რომ მოგეწონა.. :)

დიდი შრომა ჭირდება, გუშინ და დღეს კარგა ხანს ვიჯექი სანამ ამ პოსტს დავწერდი..

ისე, იმდენი მგონი არაფერია, ცალკე პოსტებად რომ დავყო, ასე ერთიანად კი მართლა დიდი გამოდის.. :(

ინკებზეც ვაპირებ დაწერას და იქ გავითვალისწინებ შენს აზრს.. :))

mr.picasso said...

wow ძალიან მომეწონა. კარგი პოსტია ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე. შენ გაიხარე რომ ჩვენ ასეთ მაგარ ამბებს გვიყვები ხოლმე:)

Tomushka said...

codvebis monaniebis ritualze shevwuxdi. magram ra, rwmena amartlebs qcevas.

Da-v-iD said...

ხოო. მომწონს მომწონს! კარგად გაცნობიხარ საკითხს. აი აგუნაზეც თუ გააკვევ რამეს, ძალიან კარგი იქნება :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger