Friday, September 4, 2009

მზის შვილები - ნაწილი II

ბიუროკრატიული სისტემა

ბიუროკრატიული აღრიცხვის საწარმოებლად, რომ გაადვილებოდათ, ინკებმა ოჯახები დაყვეს ათეულებად. თითოეულ ათეულს მართავდა ერთი რომელიმე ოჯახის თავი, რომელიც ანგარიშს აბარებდა 50 ოჯახისაგან შემდგარი ჯგუფის ხელმძღვანელს, ის კი თავის მხრივ ვალდებული იყო საქმის ვითარება პრეფექტისათვის მოეხსენებინა, რომელიც ზოგჯერ 100-დან 10 000-მდე ოჯახურ კერიას მართავდა.

დაყოფის ამგვარი სისტემა გადასახადების აკრეფის მარტივ სისტემას წარმოადგენდა. აღებულ მოსავალს აგზავნიდნენ საწყობებში ("კალკას"), საიდანაც ყოველდღე გაიცემოდა სასურსათო ულუფა და ნივთები ქვრივ-იბლებზე, ქრონიკულად დაავადებულებსა და შრომის უნარის არმქონე ადამიანებზე. სტიქიური უბედურებების დროს კი, ეს დოვლათი განურჩევლად ყველა ადამიანს მიეწოდებოდა.

სოციალური დაცვის ამგვარი ხაზის გამო, იმპერიაში არავინ შიმშილობდა. საწყობებში ყველაფერი საკმარისი იყო. ამგვარი პოლიტიკის წყალობით, სხვადასხვა ხალხი ერთმანეთში ჰარმონიულად ცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ არამარტო ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ, რესურსებსაც ცვლიდნენ. აღმოცენდა ურთიერთდახმარების უნიკალური საზოგადოება, რომლის მსგავსიც ადრე არ არსებობდა. სტიქიური უბედურებების დროს, საჭირო იყო მსხვერპის გაღება, ამგვარ მსხვერპლს კი ცხოვრების ამგვარი, ბიუროკრატიული წესი წარმოადგენდა.


დამწერლობა

ეს გახლავთ ინკების კვანძოვანი დამწერლობა - "კიპუ". იგი წარმოადგენდა გრძელ ბაწარს, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერისა და ზომის ძაფები. ფერთა შეხამება და კვანძების კომბინაცია ბაწარზე ან თოკზე, გამოიყენებოდა გადასახადების გასაანგარიშებლად, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად და სხვა. პერუს ერთ-ერთ ტაძარში კი აღმოაჩინეს უნიკალური კიპუ, რომელიც 6 კგ-ს იწონიდა. მეცნიერთა აზრით, ზოგიერთი ისტორიული კიპუს სიგრძე უტოლდებოდა მანძილს, მაგალითად, ბათუნიდან ბაქომდე, ინფორმაციული მოცულობით კი, შეეძლო მრავალტომიანი სტატისტიკური ცნობარის შეცვლა.


სადაზვერვო სისტემა


ერთობ გაოცებული დავრჩი, როდესაც სადღაც, ინკების იმპერიაში შექმნილ სადაზვერვო სისტემაზე ამოვიკითხე. ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დაცვის მიზნით, საპა ინკას გააჩნდა ინსპექტორების მთელი სამსახური, რომელიც დიდებულებით იყო დაკომპლექტებული. ისინი მოძრაობდნენ ინკოგნიტოდ და ამოწმებდნენ ადგილობრივ მოხელეთა საქმიანობას. მათ უწოდებდნენ "ტოკოი-რიკოკს" ("ისინი, ვინც ყველაფერს ხედავენ").

ტოკოი რიკოკები მთელს იმპერიაში იყვნენ მოდებულები. მათ მიერ შეგროვილი ინფორმაცია კი სპეციალურ კურიერს ჩამოჰქონდა დედაქალაქ კუსკოში. ინფორმაცია სწრაფად ვრცელდებოდა ადრესატამდე, რაც ინკების ინფრასტრუქტურის დამსახურება გახლდათ.


გზები წარმოადგენდა საინჟინრო ხელოვნების სასწაულს.

15 მილზე მეტი სიგრძის მოხერხებული საგზაო მაგისტრალებს, რომლებზეც ერთმანეთისაგან გარკვეული მანძილის დაშორებით განთავსებული იყო სასტუმრო-სადგუროები ("ტამბო"). ამ სასტუმროებში ოფიციალურ პირებს შეეძლოთ თავშესაფრისა და საგზლის მიღება.

მორბენალი კურიერები (ჩასკები), რომლებსაც ამბები ჩაჰქონდათ დედაქალაქამდე, ერთმანეთისაგან რამდენიმე მილზე იყვნენ დაცილებულები. ამ საქმისათვის ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან იყვნენ შერჩეულები იმ სწრაფი სირბილისა და გამძლეობისათვის, რომლებსაც ისინი ამჟღავნებდნენ მთის რთულ ატმოსფეროში. კურიერები ბოლომდე ხარჯავდნენ თავიანთ ძალებს.

მორიგ საფოსტო სადგურთან მიახლოებისას იგი საყვირს უბერავდა, მეორე კურიერი, რომელიც საყვირის ხმას იგებდა, მირბოდა მასთან და ცდილობდა მოწოდებული ინფორმაცია ზუსტად დაემახსოვრებინა, რათა შემდეგ იგი მესამესათვის გადაეცა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გზავნილი ადრესატამდე არ მიაღწევდა.

გზებისა და კურიერული მუშაობის ამგვარი წყალობით, ინფორმაცია დღეში 250 მილის სიჩქარით აღწევდა დანიშნულების ადგილას. ზოგიერთი შიკრიკი, ზღვის სანაპიროდან იმავე დღეს დაჭერილი თევზით ამარაგებდა საპა ინკას სამზარეულოს.




განათლების სისტემა და ზეპირსიტყვიერება



ინკების იმპერატორი პაჩაკუტი, ზრუნავდა მომავალი თაობის განათლებაზე. როგორც ვთქვით, ინკები კარგად ექცეოდნენ დაპყრობილ ხალხს, იმპერატორი კი კუსკოში იწვევდა დაპყრობილი პროვინციების მმართველების შვილებს, რათა მათ განათლება მიეღოთ იმ სკოლებში, სადაც ინკა დიდებულების შვილები სწავლობდნენ. ამ ახალგაზრდებს მერე სახლებში აბრუნებდნენ, სადაც ინკების პროპაგანდას ეწეოდნენ.

სტუდენტებს ასწავლიდნენ რელიგიას, ისტორიას, სამხედრო სტრატეგიას, გეომეტრიას და ორატორულ ხელოვნებას.

16 წლის ახალგაზრდები საკმაოდ რთულ გამოცდებს აბარებდნენ, სადაც აჩვენებდნენ თავის ძალას, მოხერხებულობასა და გამძლეობას. გამოცდები ტარდებოდა ღია ცის ქვეშ, თითქმის მთელ თვეს გრძელდებოდა და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მასზე დასწრება. გამოცდებში ამგვარი საკითხები შედიოდა:

1) მონაწილეებს აშიმშილებდნენ ექვსი დღის განმავლობაში, მხოლოდ მცენარეულ საკვებსა და წყალზე ჰყავდათ, ამის შემდეგ შეუსვენებლად უნდა გაერბინათ ოთხნახევარი მილი;

2) გაუნძრევლად უნდა მდგარიყვნენ მაშინ, როცა გამოცდილი მოფარიკავე მათ ჩხვლეტდა და ჭრილობებს აყენებდა, ან ბასრი იარაღით აჭრიდა ულვაშებს;

3) მათ სასტიკად სცემდნენ ხელებსა და ფეხებზე წკნელებით, რათა დარწმუნებულიყვნენ მათ მიერ ნებისმიერი ტკივილის ატანაში, ხოლო ის ახალგაზრდა, რომელიც ოდნავ მაინც გამოამჟღავნებდა ტკივილის, უმოწყალოდ იდევნებოდა.

გამოცდების დროს ხშირი იყო ახალგაზრდების დასახიჩრებისა და სიკვდილის შემთხვევები, მაგრამ ამ ყველაფერს გადაწონიდა გამოცდების დასასრული, როდესაც გამარჯვებული ახალგაზრდები რაინდად ეკურთხებოდნენ თვით საპა ინკას მიერ.


ახალგაზრდა იმპერატორი წინ მუხლებზე დგებოდა, ეს უკანასკნელი ხელში იღებდა ოქროს ნემსს და უხვრეტდა მათ ყურის ბიბილოებს, საყურეებისათვის. მათ გადაეცემოდათ ოქროს დისკები (საყურეები), კასტის ნიშნები და კურსდამთავრებულები თავის ადგილებს იკავებდნენ უმაღლესი კლასის წარმომადგენელთა შორის.


ინკები მხოლოდ ვაჟიშვილების განათლებაზე არ ზრუნავდნენ. სპეციალური აგენტები ჩხრეკდნენ ქვეყნის კუთხე-კუნჭულს და ქალიშვილებს არჩევდნენ სილამაზის, ნიჭისა და წარმომავლობის მიხედვით. შერჩეულებს ჰყოფდნენ ჯგუფებად და აგზავნიდნენ მონასტრებში, სადაც ხანდაზმული მამაკონები მათ ქსოვას, ქსოვილების შეღებვას, განსაკუთრებული საჭმელების, ჩიჩას (არყის მსგავსი ალკოჰოლური სასმელი) მომზადებასა და რელიგიური რიტუალების ჩატარებას ასწავლიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საფეიქრო საქმეს, რადგან სწორედ ისინი ამზადებდნენ ალპაკის და ვიკუნიას მატყლისაგან ნაზ ქსოვილებს (კუმბი), რომლისგანაც იმპერატორისა და დედოფლისათვის იკერებოდა ტანსაცმელი.

სამწლიანი სწავლების შემდეგ გოგონები ჩამოჰყავდათ კუსკოში, სადაც იმპერატორი თვითონ ირჩევდა თავისთვის და სხვა დიდებულებისათვის საცოლეებს. ხშირად კი მათ ადგილობრივ ბელადებსაც აძლევდა ხოლმე. მათ კი, ვინც შერჩევის გარეშე რჩებოდა, მონასტრებში ქურუმებად ანაწილებდნენ, სადაც გამორჩეული ქალბატონებივიტ ცხოვრობდნენ, დროს განცხრომაში ატარებდნენ და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ.


გაგრძელება იქნება..

2 comments:

mr.picasso said...

აუ რა მაგარი პოსტია ისე პირველი ნაწილის კითხვისას გავბრაზდი ნუ არ ვიტყვი ვისზე. ინკებსაც კი ქონდათ ისეთი სადაზღვევო სისტემა რომელიც უზრუნველყოფდა მისი ყველა მოქალაქის ბედნიერ ცხოვრებას ანუ ქვრივ ობლებს და უმწეოებს კი არ რიიყავდნენ როგორც ეს ჩვენთანაა არამედ საკუთარ ულუფას უნაწილებდნენ. აი ესაა სახელმწიფო
ინკებისგან მაინც ისწავლეთ მეც მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო სადაც განათლება და ჯანდაცვა უფასო იქნება და ნუ დემოკრატიაც რაღა თქმა უნდა. თავის არჩევითი იერარქიულობით

Keti said...

უცებ მოფუსფუსე ჭიანჭველები გამახსენდა – ყველა თავისი ადგილით ..

როცა ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე იცის და მაქსიმუმს აკეთებს, ქვეყანაც შენდება.

მოხიბლული ვარ ამ ხალხით. შესანიშნავად გამოგდის მათზე წერა :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger