Monday, September 7, 2009

მზის შვილები - ნაწილი IV

მოკლედ, მე დაუსურლებელი მეტაკა, გავიკრიფე ენად და ვეღარ ვჩერდები, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ეს მზის შვილებზე ბოლოს წინა პოსტია.

ამ პოსტის წაკითხვამდე გადახედეთ ამ ნაწილებს: I, II, III

ჰიგიენა და ჯანმრთელობა

ინკები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰიგიენას. არსებობდა სისუფთავის ერთობ მაღალი სტანდარტები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ზოგჯერ წყალი დასალევადაც არ ჰყოფნიდათ.

ინკები მოითხოვდნენ, რომ ოჯახის დიასახლისს არამარტო ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ეზრუნა, არამედ, სწორად ეკვება ისინი და ყურადღება მიექცია, რომ მათი ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები და ტანი სუფთა ყოფილიყო. ინკები ატარებდნენ სპეციალურ ინსპექციას, რომლის დროსაც ეს ყველაფერი მოწმდებოდა.
ინსპექციის დღეებში, თითოეული სახლის კარზე ჩამოფარებული ჭილოფი აწეული უნდა ყოფილიყო, რათა ინსპექტორის დაენახა თუ როგორ ამზადებდა დიასახლისი საჭმელს, როგორ რეცხავდა სარეცხს და ა.შ.
თუ ინსპექტორი დაინახავდა, რომ დიასახლისი ვერ ართმევს თავს საოჯახო საქმეებს, იგი საშინლად ისჯებოდა: თანასოფლელების თვალწინ მას აიძულებდნენ ეჭამა ის ჭუჭყი, რომელსაც მისი სახლიდან გამოხვეტდნენ, მის ქმარს კი აიძულებდნენ, დაელია ის ბინძური წყალი, რომელიც რჩებოდა მისი ოჯახის წევრების ბანაობის შემდეგ.

ინკების კანონებით, ქორწინება სამუდამოდ მიიჩნეოდა არამარტო დიდებულებისათვის, არამედ, უბრალო ხალხისთვისაც. ქურდობა, ძარცვა და ძალადობა სიკვდილით ისჯებოდა, თანაც დაუყოვნებლივ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოში საპატიმროები არ არსებობდა.

ინკების საზოგადოებაში არავის ჰქონდა უფლება დრო სიზარმაცესა და დროსტარებაში გაეფლანგა. მოხუცები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდნენ. 50 წელს მიღწეული მშრომელი კაცი თავისუფლდებოდა შრომითი ბეგარისა და გადასახადებისაგან. მოხუცები ტყეში ფიჩხს აგროვებდნენ, ამზადებდნენ საჭმელს, ეხმარებოდნენ ოჯახს ბავშვების აღზრდასა და მოსავლის აღებაში.


ინკები შესანიშნავად იყვნენ დახელოვნებულნი მედიცინაში. აკეთებდნენ ნეიროგიქრურგიულ ოპერაციებს. თავის ქალის პირველი ტრეპანაცია პერუში გაკეთდა, დაახლოებით ჩვ.წ.აღ.მდე 400 წელს. ნაპოვნია ქირურგიული ინსტრუმენტებიც,
რომელთა საშუალებითაც ეს უაღრესად რთული ოპერაცია ტარდებოდა.



მუმიფიცირება და მისი მეთოდები

ინკებისათვის დამახასიათებელი იყო მუმიფიცირება. მუმიების ორი ტიპი არსებობდა: საპა ინკებისა და მათი მეუღლეების და მსხვერპლშეწირული მუმიები.

მთავრების მუმიების უმეტესი ნაწილი კუსკოში ინახებოდა. მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. პერუ, ჩილე და არგენტინა ის ადგილები იყო, სადაც მსხვერპლშეწირული მუმიები ინახებოდა.

ინკების მუმიფიცირების მეთოდები დღემდე სრულად არ არის გაშიფრული. ცნობილია ის, რომ მუმიფიცირების ორი მეთოდი არსებობდა. ხელოვნური და ბუნებრივი.
ხელოვნურ მუმიფიცირებას საპა ინკას სხეულზე იყენებდნენ, ბუნებრივს კი - მსხვერპლად შეწირულ ადამიანებზე.
მთავრების მუმიებს ჩვენთვის დღემდე უცნობი რაღაც მეთოდებითა და ბალახებით ამზადებდნენ. არავინ იცის, მათ აშრობდნენ თუ წამალს უშვვრებოდნენ. მუმიები გახვეული იყვნენ საუკეთესო ბამბისაგან დამზადებული სადღესასწაულო ქსოვილის რამდენიმე ფენაში, მათ სვამდნენ სამეფო ტახტზე, ხელებს გარდიგარდმო დააწყობინებდნენ გულზე, მუხლებს მკერდთან მოუტანდნენ. მუმიას მკერდზე ოქროსა და ვერცხლის მონეტები ჰქონდა მიმაგრებული. ხელსა და პირშიც ოქრო ეკავა. მათ მსახურები ისევე ემსახურებოდნენ, როგორც ცოცხალ არსებებს. ასრულებდნენ მათ ნებისმიერ "სურვილს", აჭმევდნენ და ასმევდნენ. დაატარებდნენ ტახტრევანით, "დადიოდნენ" ერთმანეთთან სტუმრად, ეკითხებოდნენ რჩევას და ა.შ.

ინკები მუმიებს კიდეც აღმერთებდნენ. მაშინ, როდესაც ესპანელი დამპყრობლები მოვიდნენ და აკრძალეს ამგვარი წარმართობა, ინკებმა პაჩაკუტისა და სამი საპა ინკას მუმიის გადამალბა მოასწრეს, მათ მალულად სცემდნენ თაყვანს. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანელებს არ გამოპარვიათ, მიაგნეს მუმიებს, ჩამოიტანეს კუსკოში და საჯაროდ დაწვეს კოცონზე.

ინკები თავის ღმერთებს, ძირითადად, ბავშვებს სწირავდნენ. მათ მთის ქარიან ჰაერზე, დაბალ ტემპერატურაზე აშრობდნენ. ამრიგად, მათი მუმიფიცირება ბუნებრივი მეთოდით ხდებოდა.


აღმოჩენილი მუმიების ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი დამზადებულნი არიან 1438-1532 წლებში.

ინკების მუმიების უპრეცედენტო ნიმუშია ხუანეტა,
რომელიც ამჰადოს მთებში, პერუს მახლობლად, 1995 წელს აღმოაჩინა დოქტორმა ჯოან რეინჰარდმა. გოგონა 12-14 წლის იყო, როდესაც მსხვერპლად შეწირეს. ამოჰადოს მთებში ის, დაახლოებით, 500 წლის მანძილზე იწვა. ვუკლანთან ახლომდებარეობის გამო, თოვლის საფარი გალღვა და მისი ტანი გამოჩნდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მსხვეპლშეწირვის რიტუალის მიხედვით, იქ მხოლოდ მისი ტანი არ უნდა ყოფილიყო და გათხრების შედეგად კიდევ ორი ბავშვის სხეული აღმოაჩინეს.

ინკების ზეიმი

ინკებს ყოველ თვე სამი სადღესასწაულო დღე ჰქონდათ. ზეიმის დროს იმპერატორი მოსახლეობას საკვებით და სასმელით უზრუნველჰყოფდა, მისი ხელმძღვანელობით მიდიოდა სხვადასხვა რელიგიური რიტუალები, მსხვერპლშეწირვა, მამლების ჩხუბი, მუსიკალური წარმოდგენები..

ყველაზე დიდი დღესასწაული წვიმების სეზონის პირველ თვეს, დეკემბერში ტარდებოდა და მას "კოპაკი რაიმი" (დიდი ზეიმი) ერქვა. ცეკვები რიტუალურ ხასიათს ატარებდა და მონოტონური, ჰიპნოზური სიმღერის ჰანგზე მიმდინარეობდა.


ინკებს ჰქონდათ ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტები, დიდი და პატარა დოლები, სხვადასხვა სახის ფლეიტები, რომლებსაც ლერწმის ან ძვლისგან ამზადებდნენ.
ზოგიერთი ინკა ამ საკრავს თიხისაგან ამზადებდა. გარდა ამისა, მათ უამრავი სახეობის საყვირი ჰქონდათ, რომლებსაც ნიჟარებისაგან ამზადებდნენ.

ინკები სიამოვნებით უსმენდნენ საჯაროდ წაკითხულ თქმულებებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ისინი აგრეთვე ინახავდნენ ლოცვებს, თქმულებებს, რელიგიურ პოეზიას, ბალადებს უიღბლო სიყვარულზე და ა.შ.

ზოგიერთმა ზეპირსიტყვიერებამ ჩვენამდეც მოაღწია, ოღონდ განსხვავებული ვერსიით. ერთ-ერთი მათგანი: ესპანელებმა ხელთ იგდეს ინკარი - მზის შვილი, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. მისი თავი საიმედო ადგილას გადამალეს, სადაც ახალი ტანი გამოება. ინკებს დღემდე სწამთ, რომ ინკარი დაბრუნდება ძველი ცივილიზაციის აღსადგენად.

მოკლედ, ინკების შესახებ, საკმაოდ ბევრი ცნობა მოგვეპოვება, რაც იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც პისაროს ახლდნენ თან და, მისგან განსხვავებით, განათლებული ადამიანები იყვნენ. მათ ესმოდათ წინ გადაშლილი რეალობა და ცდილობდნენ სერიოზულად მოჰკიდებოდნენ ინკების ყოველდღიურობის აღწერას, რითაც დიდი დახმარება გაუწიეს ისტორიას.

პისაროსა და ამ ადამიანების შესახებ, ინკებისადმი მიძღვნილი პოსტის ბოლო ნაწილში მოგახსენებთ, რომელიც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია..


1 comments:

Tomushka said...

kargi postia da getyoba bevri imushave infos modziebasa da daweraze!
Yochar!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger