Thursday, December 3, 2009

უვიცომაუწყებელი


შეიძლება უკვე გული გავაწყალე, მაგრამ ამ ერთ სოციალურ თემას რომ არ შევეხო, არ შემიძლია.

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში ჟურნალისტთა კორპუსი არ არსებობს, რომ სწორედ ამიტომ ხდება ქვეყანაში ის, რაც ხდება, რომ არც ერთ მათგანს არ ყოფნის ტვინი და პროფესიონალიზმი აკეთოს ის, რაც საკეთებელია და არა ის, რასაც დღეს აკეთებენ და ა.შ...

არა, ეს ყველაფერი კი ვიცი ძალიან კარგად, მაგრამ ის, რასაც გუშინ ვუყურე, ჩემს ყოველგვარ აღშფოთებას გადააჭარბა.

საუბარია სიუჟეტზე, რომელშიც აღწერილი იყო 86 წლის ქალის გაუპატიურების ამბავი 27 წლის ნათესავის მიერ..

სანამ უშუალოდ სიუჟეტზე გადავიდოდე, აღვნიშნავ, რომ დამნაშავე პირობითი სასჯელით იყო გათავისუფლებული..

ისე, ამ ბოლო დროს სტატისტიკას თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების დიდი ნაწილი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის ნიაგადზე კვლავ საკანს უბრუნდება..

მათი უმეტესობა ჭკუას ვერ სწავლობს. ამისი ნათელი მაგალითი, ზაფხულში, ფალიაშვილზე მომხდარი შემთხვევაა, როდესაც შეწყალებულმა პატიმარმა პატრულის ერთი თანამშრომელი მოკლა და ორი მძიმედ დაჭრა. 

საინტერესოა, ამ სტატისტიკის  შეწყალების კომიტეტის მესვეურები თუ გადაავლებენ თვალს და მის მიხედვით მსჯელობას თუ გააგრძელებენ, ვინაიდან, ის შემაშფოთებელ სახეს იღებს.

დავუბრუნდეთ სიუჟეტს.

პირველად ის ”პირველ არხზე” გავიდა, რა თქმა უნდა, მას არც ”ერორი” ჩამორჩა და ფაქტი პირველ სიუჟეტად გაუშვა..

დასახელდა დაზარალებულის სახელი და გვარი, არც მისი ზემსხვილი ხედის ჩვენებისა მორიდებიათ.

ამ ფაქტმა ერთობა აღმაშფოთა!..

ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მოხუცი ქალბატონი აუცილებლად უჩივლებდა ჟურნალისტს მისი უფლებების შელახვის გამო, მაგრამ სიუჟეტის ავტორს ხომ უნდა შევუნდოთ. ის ხომ აზრზეც არ არის, მსოფლიოში და, სხვათა შორის, საქართველოშიც, ჟურნალისტთა ეთიკური კოდექსის არსებობის შესახებ...

წესით, ჟურნალისტი იმდენად ჭუკი არ უნდა იყოს, რომ ვერ ხვდებოდეს რას სჩდის..

იმის გამო, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავდეს, მომგებიანი ჟესტი ნამდვილად არ არის მსგავსი თემებით მანიპულირება..

ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ნიჭსა და პროფესიონალიზმში სერიოზულად გვიჭირს..

იქნებ ჟურნალისტს მოხუცის უპატრონობის იმედი ჰქონდა და სწორედ ამიტომ იმანიპულირა..

კარგი, ჟურნალისტის შეცდა, მაგრამ რას მიკეთებს რედაქტორი ან პროდუსერი?..

მათი საქმე ხომ მასალის ნახვა, მისი შეფასება და ეთერში გაშვების რეკომენდაციაა?.

თუმცა, ამ და კიდევ რამდენიმე შემთხვევის ნახვის შემდეგ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები ხელფასს ყავის სმასა და ჭორაობაში იღებენ..

ამასთან ერთად, საკმაოდ უვიცები და უზნეოები არიან..

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის უვიცომაუწყებლის მხრიდან. შარშან მახსოვს, ხანძარი მოხდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა..

არ ვიცი, პრაქტიკანტი გაუშვეს გადასაღებად თუ ვინ, მაგრამ მე თარხნიშვილის ადგილზე, იმ ჟურნალისტს მგლის ბილეთით გავუშვებდი ტელევიზიიდან და ანალოგიური რეკომენდაციით მივაყოლებდი საინფორმაციოს მესვეურებს..

ქალი, რომელსაც სახე მთლიანად ჰქონდა დამწვარი, ზემსხვილი ხედით იყო გადაღებული. ერთი წუთის მანძლიზე, სანამ ლაპარაკობდა, კამერა ოდნავ არ დაშორებია..

ამ ქალს სრული უფლება ჰქონდა ეჩივლა როგორც ჟურნალისტის, ისე ტელევიზიის მიმართ, თუმცა არ ვიცი რა და როგორ მოხდა..

ალბათ, ქართულ საზოგადოებაში ერთი-ორი დღე საუბრობდნენ ამაზე და მერე დავიწყებას მისცეს..

ჟურნალისტმა მიჰქარა, მაგრამ შე ოჯახაშენებულო რედაქტორო, მასალა რომ ნახე, კორესპონდენტის გამოლანძღვის მაგივრად, რატომ გაუშვი ეთერში?..

დასკვნა აქედან ერთია: იმ ქვეყანას, რომელშიც ჟურნალისტმა არ იცის საკუთარი უფლება-მოვალეობები, აზრზე არ არის ეთიკის კოდექსისა და ჟურნალისტობა მარტო რესპოდენტისთვის პირში მიკროფონის შეთხრა და მერე პირდაპირ ეთერში სისულელეების ბლუყუნი ჰგონია, კარგა ხანს არაფერი ეშველება!..

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, თითოეული ამ ფაქტის შემხედვარე, მაგრად ვნერვიულობ და, თვითკმაყოფილებასა და უაზრო ამბიციებში თუ არ ჩამომართმევთ, გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ძალიან დიდი ალბათობით, გავლენების სფეროების არარსებობის გამო, ტელევიზიაში ვერ ვიმუშავებ...


2 comments:

mr.picasso said...

კარგი თამო რომელ სტანდარტებზეა საუბარი აშკარა პროპაგანდის მანქანებად არიან ქცეული საშინელი მდგომარეობაა ქართულ ჟურნალისტიკაში

გურამი said...

მე ვერ გავიგე ვერაფერი და ამ შემთხვევისთვის რა წამალი არსებობს?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger