Wednesday, September 23, 2009

წიკები



წყალს ვსვამდი, დაკვირვება მოვახდინე საკუთარ თავზე და უცებ ამ პოსტის დაწერის იდეა გამიჩნდა.
ყველა ჩვენგანს გვაქვს წიკები, რომლებიც გვაწუხებენ ან არ გვაწუხებენ და რომლებიც ზოგჯერ ჩვევაში გადაგვდის, ზოგჯერ კი ისე გვტოვებენ, ვერც ვამჩნევთ.
გადავწყვიტე დავწერო ჩემი ყოფილი და ახლანდელი წიკების შესახებ, რა თქმა უნდა, იმათზე, რომლებიც გამახსენდება.
მაშ ასე:
1) პირველი და განუმეორებელი წიკი, რომელმაც ამ პოსტის დაწერის იდეა გამიჩინა გახლავთ ის, რომ წყლის, წვენის და მსგავსი რაღაცების დალევისას ყოველთვის ვითვლი რამდენ ყლუპს გადავუშვებ კუჭში. სასურველი იყოს სამი ან შვიდი..  
2) ვითვლი აბსოლუტურად ყველა სახლის ყველა კიბეს, რომელზეც ამივლია და ვამრავლებ სართულებზე. შესაბამისად ჩემთვის ცნობილი ხდება, თუ რამდენი კიბეა ამა თუ იმ სახლში;
3) ვითვლი სახლებზე ფანჯრებს, მათ მინებს, ვუმატებ და ვაკლებ ერთმანეთს, თუმცა რატომ, არ ვიცი..  
4) ვაკვირდები ყველა მანქანის სერიას და ნომერს და ვიმახსოვრებ;
5) ერთი შეხედვით ვიმახსოვრებ ტელეფონის ნომრებს და რომ გადის რამდენიმე ხანი ჩაუჭყეტავად ვიხსენებ. ამ დროს ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე ვარ ხოლმე.  
6) ავიღებ რაღაც რიცხვებს (ძირითადად, მთელებს) და ზეპირად ვამრავლებ ერთმანეთზე, თუმცა რატომ მეც არ ვიცი;
7) ვატარებ ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე. კერძოდ: არაფრისგან ვქმნი არანორმალურ სიტუაციას და ვცდილობ მანევრირებას მათში, თუმცა წინასწარვე ვიცი ჩემი წამოწყების შედეგები;
8) სულ მგონია, რომ დროს ვკარგავ. ამიტომ მძინავს ძალიან ცოტა და როცა მღვიძავს, ვცდილობ, არ დავკარგო დრო: ტვინში გიჟივით ვიყრი საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს;
9) ყოველ წამს გიჟივით ვიმეორებ გონებაში ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს: ”ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩვენთვის”. დავიტანჯე, აღარ შემიძლია..  
10) აკვიატებული მაქვს, რომ ეს სამყარო თავისი ცოცხალი ორგანიზმებითურთ ილუზიაა, რომ ჩვენც არ ვარსებობთ და ამით მაგრად ვკაიფობ ადამიანებზე და, განსაკუთრებით, საკუთარ თავზე..  
11) ადრე გამუდმებით ვიწერდი ხოლმე პირჯვარს. აი, პათოლოგიური მოთხოვნილება მქონდა და მაგრად ვიტანჯებოდი ამის გამო. მერე გადამიარა თავისით. კიდევ კარგი..  
12) ყოველთვის ვფიქრობ, რომ მეგობრები, რომლებთან ერთადაც თავს კარგად ვგრძნობ, დამეკარგებიან და ამის გამო გამუდმებით მიცახცახებს ხერხემალი..  
13) ვითვლი კაფელების რაოდენობას აბაზანებსა და სამზარეულოებში,  პარკეტებისას კი - ოთახებში. ვამრავლებ და ვკრებ ერთმანეთთან და ვიღებ სად რა რამდენია დაგებული.


მეშველება ახლა მე რამე?!  
 
Powered by Blogger