Thursday, January 21, 2010

ყველა გავხდებით პენსიონერები

იდეაში ასეა, მაგრამ არსებობს დაგეგმილი თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევები (პრინციპში, თუ დაგეგმავ შემთხვევა აღარაა), როდესაც საპენსიო ასაკამდე მიღწევა ტკბილ ოცნებად რჩება. 
რატომ გადავწყვიტე ახლა ამის დაწერა. ვიცი რომ უზრდელი ვარ, მაგრამ არ შემიძლია რამდენიმე პენსიონერის შესახებ არ მოგითხროთ. 

მამიდაჩემი მუშაობს ბანკში, პენსიების საქმე ეხება. როდესაც თვე შუამდე მიაღწევს, ჩვენს ოჯახში ყველაფერი თავდაყირა დგება. ტელეფონი დილიდან დაღამებამდე გაუჩერებლად რეკავს და სხვადასხვა ასაკის, სქესისა და ინტერესების ადამიანები ისტერიულად კითხულობენ მამიდაჩემს. 

ზოგადად, ტელეფონს იშვიათად ვიღებ, ვიცი, რომ მაინც არავინ დამირეკავს, ვის ვახსოვარ, მაგრამ როცა სახლში მარტო ვარ, იძულებული ვხდები ყურმილს ვუპასუხო ხოლმე. მოკლედ, ამ რამდენიმე წლის მანძილზე, ზეპირად შევისწავლეთ მამიდაჩემის საქმიანობის დაფარვის ზონაში მდებარე ყველა მოხუცებული ობიექტი. უკვე ისეა, ლამისაა, ოჯახში მოვიკითხოთ ერთმანეთი (მე არა ოღონდ). 

ერთი საოცარი ქალია, რომელიც ვერაფრით ვერ დავამუღამე. წარმოიდგინეთ, რეკავს ტელეფონი, მიდიხარ ასაღებად, ნერვები გაქვს დაწყვეტაზე, იმიტომ, რომ ამ დედანატირებ აპარატს ჩვენი სახლის ზარივით გამკინავი ხმა აქვს და დროზე თუ არ უპასუხე, შეიძლება გაგიჟდე. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ რაც შეიძლება მშვიდად ჩავძახი ყურმილში: 
- ალიო.
საკმაოდ მშვიდი და ნორმალური ხმით:
- ციცოს ბინაა?
- დიახ.
და მერე უცებ ბოლო ხმაზე კივილი:
- რატო არ არი ფენსიები?!

რამდენჯერმე ყურმილი გამივარდა ხელიდან, რამდენჯერმე გულში შევუკურთხე, რამდენჯერმე ხერხემალი ისე ამიცახცახდა, რომ მთელი დღე ვერ ჩავაყენე ნორმაში. 

ერთი ქალია კიდევ, დილით რომ აიღებს პენსიას, საღამოს შემდეგი თვისაზე რეკავს, ხომ არ ჩარიცხულაო.

ამას რა უჭირს, საღამოს შვიდი საათიდან (ანუ, იმ დროდან, როცა მამიდაჩემი სახლში მოდის) ღამის თორმეტამდე ჩვენს ოჯახში ისეთი ხალხმრავლობაა, კარგ სტუმართმოყვარე ოჯახს შეშურდება. ვის პენსია უნდა, ვინ ბარათს აბარებს, ვინ ხელს აწერს, ვის თურქეთიდან ჩამოტანილი საქონელი მოაქვს, და ჩემზე და ჩემს თავგასებულ ძმაზე ცდილობს გასაღებას (ხანდახან დედაჩემსა და მამიდაჩემს კი აცდუნებენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ, როგორც მიშიკო იტყოდა,  ნურას უკაცრავად)..

ეგ კი არა, ამას წინათ მე და ჩემი მეგობარი იმ ყბადაღებულ ლოტოს ვყიდულობდით (მე რა, ჩემი მეგობარი, მე ნერვები კბილით მეჭირა, მანამდე იმდენი მაბოდიალა ) და გაზეთის ჯიხურთან ერთი მოხუცი, გაცრეცილპალტოიანი ქალი გაჩერდა. იქნებოდა ასე, 65 წლისა. მეკითხება, აქ რას ყიდიანო? მეთქი, გაზეთებს და ჩვენ ახლა ლოტოს ვყიდულობთ. უჯიკა ჩემს მეგობარს და გამყიდველს ეკითხება, ჯექსონის დიდი პლაკატი არ გაქვთო? გამყიდველმა, არაო.  და მოხუცი ისეთი გულდაწყვეტილი წავიდა.. თან იმეორებდა, პატარა სურათი მაქვს და დიდი პლაკატი მინდაო..   
 მე კიდევ, ყბაჩამოვარდნილი დამტოვა ჯიხურთან, მეთქი, რააა?..   

P.S. ეჰ, მაიკლ, მაიკლ..
სამუდამოდ გახვედი სხვა სამყაროში და წარიტაცე ჩვენი მოკვდავური გულებიც..
რა ძალა გქონია, შე ოხერო, ჯერ მთელი მსოფლიო გამოაჯექსონე, მერე პენსიონერებსაც გადაწვდი!.   
მაგრამ მე ვერ შემიტყუებ შენ სექტაში, მე სხვა სექტის წევრი ვარ, მაიკლ!..   
აჰხა, ნუ სარგებლობ ახლა სული რომ ხარ და ნუ მირტყამ, გაწიე შენი გათეთრებული ხელები!. 

აჰხმ..
ეს ლირიკული გადახვევა.. 

ჰო, ისე ხანდახან კარგია ხოლმე ეს პენსიონერები. იმდენ შოკოლადებს ატანენ მამიდაჩემს, მომამვალ პენსიამდე მყოფნის (ჩემს ძმას არ უყვარს შოკოლადები)..   

ჰხოდა, რატომ დავწერე ამდენი. პენსია კარგი რამეა აშკარად. ჯერ სამსახური არ ჩანს ჩემთვის და, ნეტა პირდაპირ პენსიას არ დამინიშანვენ როგორც არშემდგარ, მაგრამ იდეაში ყოფილ პერსპექტიულ და ღვაწლმოსილ ჟურნალისტს?   

P.S. ისა..
 კიდევ იცით რა მაინტერესებს? ნეტავ რამდენი აქვს პენსია პოლ მაკატრნის?
და რინგო სტარს?.    
და ბრიჯიტ ბარდოს?..

ვერ დავასრულე პოსტი რა!.. :ჩავირტყიუროსაყვარლად:


5 comments:

mr.picasso said...

ბრიჯიდ ბარდოს არ ვიცი მაგრამ ბებიაჩემს 80 ლარი აქვს. :)

Tomushka said...

გადავირიე!
სერიოზულად შემეცოდა შენი ოჯახი, შენც და მამიდანშენზე არაფერს ვამბობ.
სახლის ტელეფონი როგორ გაიგეს?

ჩვენი პენსიონერები რომ ძალიან ცუდ დღეში არიან ეგეც ფაქტია. ჩვენებური ტრადიციული ნათესაობა, მეზობლობა რომ არა, წარმოდგენა არ მაქვს როგორ გაიტანდნენ თავს.

SoF said...

rogor udzleb?.. vaime gaaaavgijdebodi me..

Lalena said...

:)))) ჩემ სახლშჳც ომია ტელეფონის აღებაზე, არც მე ვიღებ, მაინც არავინ მირეკავს, საღამოობით ჩვენც იმდენნი ვართ, რომ სად წავიდეთ აღავ ვიცით :)))

მარა პენსიონერები არ გვირეკავენ, ”ზატო” ორი სახლშჳ გვყავს და...
:)))) მაგარი პოსტი იყო

ნან said...

ლოლ
კითხვა რომ დავიწყე ეგრევე პროტესტის გრძნობა გამოჩნდა, მეთქი რას ერჩის ამ ხალხს, მაგრამ თავშისაყვარლადჩარტყმულ ურომდე ხასითი გამომიკეთდა და პენსიაც მომინდა.
არ მერგება თუ უკვე?!

:D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger