Saturday, February 27, 2010

1995-2006

ამ კვირაში სიუჟეტი გამოვაცხე სკოლებთან მიმართებით, ჰხოდა, ერთ-ერთ, ჩემთვის ერთობ საყვარელ სკოლაში ვიყავი გადაღებაზე. ადრეც კი ვაპირებდი პოსტის დაწერას, მაგრამ მას შემდეგ ნოსტალგიებმა შემომიტია და გადავწყვიტე, ჩემს მრავალტანჯულ სკოლას მივუძღვნა ერთი პოსტი. 

ეს იყო 1995 წლის 1 სექტემბერს. მახსოვს, ამ დღისთვის კარგა ხანს ვემზადებოდი. ლექსიც კი ვისწავლე, რომელიც არ წავიკითხე. სამაგიეროდ, მახსოვს ჩემი კლასელი მიშკა (Newstyle-ლი ნიჭიერი.. :) ), რომელმაც ომახიანად წაიკითხა რაღაც ლექსი და მე დავიბოღმე..   

რასაც ჩემი ბავშვური ტვინით დავაკვირდი, დავასკვენი, რომ ვისაც უფროსკლასელი დები ან ძმები ჰყავდათ, ერთობ განებივრებულები იყვნენ. ამის დასტურად საკუთარ კლასელს მოგიყვანდით, რომელსაც მესამეკლასელი და ჰყავდა და ყოველ შესვენებაზე ის და მისი დაქალები დაავლებდნენ ამას ხელს და მიჰყავდათ ბუფეტში, სადაც წითელ წვენსა და ფუნთუშებს სთავაზობდნენ. ეს იყო და დღემდე რჩება ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ მწარე მოგონებად, რადგან არასოდეს მქონია ფული, რომ მეც მეყიდა ის ოცთეთრიანი ფუნთუშა და ხუთთეთრიანი წითელი წვენი დამელია. 

ჰოდა, ერთ მშვენიერ კვირა დღესაც, როდესაც სახლში დავფართხუნობდი და სკამით კომოდისა და კარადების იმ უჯრებსა და თაროებს ვქექავდი, რომლებსაც ვერ ვწვდებოდი ფეხებით, გაგიკვირდებათ და, ფული აღმოვაჩინე. ჩემს სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ხან დედაჩემს მივვარდებოდი, ფული ვიპოვე-მეთქი და ხან მამაჩემს, კი მიკვირდა, რომ იღიმებოდნენ და გვერდს მივლიდენენ, მაგრამ არ ვიმჩნევდი.

ის რამე ძლივს გავათენე ოცნებებში. მეორე დღეს, მოვხვეტე ხურდები და ძალიან ამაყი გავემართე სკოლისაკენ. ჩავავლე ჩემს რამდენიმე კლასელს ხელი და ფუნთუშებზე დავპატიჟე ბუფეტში. ამოვიღე ჩემი ხურდები და ამაყად დავუყარე გამყიდველს მაგიდაზე, თან ვეკითხები, რა მომივა-მეთქი. გამყიდველმა კი იცით რა მიპასუხა?. ეს ძველი ფულია, აღარ იყენებენო.

იცით როგორ შემრცხვა?. და ძალიან, ძალიან დამწყდა გული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფულის აზრზე არ ვიყავი. ეს კი შემემთხვა ექვსი წლის ასაკში, მაგრამ მაშინ ახალი შემოსული იყო ლარები და ხურდები. ჰოდა, ის ხურდები კარგად არ მქონდა ნანახი. ამიტომ შევცდი და სსრკ-ს დროინდელი ხურდები ჩემთვის მაშინ ერთობ საყვარელი ოცთეთრიანები მეგონა..   

გამოგიტყდებით და, ძალიან "შკოლნიკი" ვიყავი. მახსოვს, პრიველი სამიანი ქიმიის საკონტროლოში, მეშვიდე კლასში მივიღე და ღრიალით რომ გავსკდი, ეგეც მახსოვს. პირველი ორიანიც მახსოვს, რომელიც სპეციალურად მივიღე გერმანულის საკონტროლოში. მაინტერესებდა, რა გემო ჰქონდა ორიანს და საკონტროლო არ დავწერე. ფრაუ რუსუდანს კი მოვუშალე ნერვები, სამაგიეროდ, მე ერთობ ბედნიერი ვიყავი. მშვენივრად იმოქმედა ორიანმა.

ძალიან, ძალიან მიყვარდა ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მარინა მაზმიშვილი. მის გაკვეთილზე ისეთი შეგრძნება მქონდა, თან რომ გეშინია და თან ბედნიერი რომ ხარ.. ლამაზი ქალია ძალიან მარინა, თან ყოველთვის კარგად ეცვა და მართლა ძალიან მაგარი მასწავლებელი იყო, მისი დამსახურებაა, მათემატიკა რომ ძალიან კარგად ვიცი..  

როგორც საგანს, ფიზიკის ატანა არ მქონდა. ამ საგანში სრული უვიცი ვარ. მხოლოდ კინეტიკური აჩქარების ფორმულა ვიცი. მე და ჩემს მეგობარს მეათე კლასში ერთი მშვენიერი მეთოდი გვქონდა შემუშავებული, გაკვეძთილზე რაღაცებს ვიტყუებოდით და გავდიოდით კლასიდან. ხან დაფის ნაჭრის დასასველებლად გავდიოდით, ხან ვითომ სოფოს რჩებოდა სახლში გაზი ჩართული, ერთხელ იმდენად ვითავხედეთ, რომ ქინძისთავის გამო წავედით. რა თქმა უნდა, ქალბატონი ნანული ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ახლა ძალიან მრცხვენია..

გერმანულის გაკვეთილები იყო რაღაც საოცრება. მყავდა ზვიადისტი მასწავლებელი, ქალბატონი რუსუდანი, რომელიც მამაჩემის მეგობრის ცოლი აღმოჩნდა. ჰოდა, გაკვეთილი არ გავიდოდა, მამაჩემით რომ არ დამმუქრებოდა, თუ ჩამივარდებოდა გაკვეთილი. ბოლო კლასებში ძალიან დავახლოვდით, ჩემმა პოპულარობამაც შეუწყო ამას ხელი, მაგრამ.. მიუხედავად ზვიადისტობისა, მაინც სიმპათიით ვარ დღემდე ამ ქალის მიმართ განწყობილი.

მახსოვს პირველი შატალო. მეშვიდე კლასში ვიყავით და გაპარვა გადავწყვიტეთ. დირექტორი და დამრიგებელი ფეხდაფეხ მოგვდევდნენ, მთელი მომდევნო კვირა კი საშინელება იყო. ყველა მასწავლებელი გვწურავდა. ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი შატალო.

დირექტორი ვახსენე და, არ შეიძლება არ ვთქვა ორიოდი სიტყვა ზოროზე. ზორო იმიტომ, რომ შავები ეცვა (შვილი მოუკლეს არეულობის დროს), შლაპითა და ჰალსტუხით დადიოდა. ჩვენ ისტორიას გვასწავლიდა, არაფერი არ იცოდა თავისთვის, ძალიან ხშირად ვატყუებდით,  წინა მერხზე ვინც იჯდა, ის მოსაყოლად გაძახებულ მოსწავლეს წიგნს შეუტრიალებდა, ისიც კითხულობდა და ხუთიანს იღებდა.. ზორო ვერაფერს ხვდებოდა.

დაახლოებით, მეათე კლასში ვიყავი, რომ ჩვენი სკოლის კურთხევა გადაწყვიტეს. რამდენიმე მასწავლებელი მიყოლებით მოგვიკვდა და, ისაო, ჯადო გვაქვსო თუ რაღაც. ჰოდა, სკოლის კურთხევისადმი მიძღვნილი კონცერტის გაკეთება გადაწყვიტეს. საერთოდ, მე არ ვარ აქტიური საზოგადოებრივად, შესაბამისად, არ მინდოდა ამ კონცერტზე გასვლა, არადა, ყველა კლასიდან მონაწილეობდა ერთი ბავშვი მაინც. ჩემი დამრიგებელი ლექსებს წერდა. ჰოდა, სასწრაფოდ გამოაცხო მშვენიერი ლექსი და სასწავლო ნაწილის თანდასწრებით იკითხა, ვის გინდათ რომ წაიკითხოთო. მასწავლებლის წინ კი ვიჯექი, მაგრამ მხრებამდე ჩავძვერი მერხში. ნანა მასწმა კი, ადექიო. მე და ლანა აგვაყენა და ლატარეასავით გაათამაშა. ჰოდა, ბედი არ გინდა? მე შემხვდა ის ლექსი. თან მეორე დღეს კონცერტი იყო!. მთელი დღე წყევლა-კრულვით ვსწავლობდი, მეორე დღეს, კონცერტზე გამომიძახეს. ავედი სცენაზე, მივედი მიკროფონთან და დავიწყე. ზუსტად ორი ხაზის შემდეგ ბაგენი ჩემნი დადუმდნენ. სირცხვილისაგან სად შევმძვრალიყავი, არ ვიცოდი, ჩემი კლასელი ესწრებოდნენ კონცერტს და ვფიქრობდი, ახლა ამათ რა გააჩერებს-მეთქი. ერთადერთი, ის დავინახე, როგორ დაახეთქა ჩანთა ჩემმა დამრიგებელმა, ამ დროს კი, თან მრცხვენოდა, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი. სხვათაშორის, ბიჭებს კი არა, ჩემს ჩაფლავებაზე ხმა არავის ამოუღია.

მეთერთმეტე კლასში, ძალიან გავუზრდელდი. აბიტურიენტი ვიყავი, ექვს მასწავლებელთან დავდიოდი და გაკვეთილებზე დროის ტყუილად კარგვა არ მინდოდა. ჩემს გათავხედებას "ეტალონში"  გამარჯვებამაც შეუწყო ხელი, მერე მთელი სკოლა მელაქუცებოდა. ლაქუცსა და პირფერობას კი ჭირის დღესავით ვერ ვიტან და ეს უფრო მახელებდა. ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში, ჩემდაუნებურად, პედკოლექტივის შიდა სამზარეულოში ჩავიხედე და გული კინაღამ ამერია..

ბოლო ზარი და ბანკეტი ჭირის დღესავით მეზარებოდა. ბოლო ზარზე კაბისა და ფეხსაცმლის მაგივრად, ჯინსებით, ცალ-ცალი კედით და ვარდისფერი მაისურით გამოვცხადდი. ჩემი კლასელების მეტიჩარა მშობლები ამრეზით მიყურებდნენ, მე კიდევ მაგრად მეკიდა და მიხაროდა, ნერვებს რომ ვუშლიდი. ბოლო ზარზე გადავრჩი, მაგრამ ბანკეტზე კაბის ჩაცმას ვერ ავცდი. ცხოვრებაში პირველად მეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელიც. ჩემი კაბა ძალიან საყვარელი იყო (ჩემი რა, ხათოსი) და ჭკუაზე არ ვიყავი. მგონი, პირველად ბანკეტზე ვიგრძენი, რომ თურმე, ქალი ვყოფილვარ. ბანკეტის შემდეგ, ისევ დამავიწყდა.                                        

ჰო, ადამიანებს ადვილად არ ვუმეგობრდები, შესაბამისად, სკოლაში მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა - სოფო, დღე და ღამე ერთად ვიყავით. ერთმანეთზე ვეჭვიანობდით, სახლში რომ მივდიოდით ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულები. ერთხელ მახსოვს, სიცხე ერთდროულად გვქონდა. ღამის სამ საათზე ბოდვამაც ერთდროულად დაგვაწყებინა და, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ერთდროულად ვეუბნებოდით დედებს, დაურეკე სოფოს/თამუნას და იკითხე, როგორ არისო. 

მერვე კლასიდან მეთერთმეტეს ჩათვლით ჩანაწერები გვაქვს შენახული გაკვეთილებზე. ის რვეულები მე მაქვს. სოოფ გათხოვდა რამდენიმე წლის წინ და საფრანგეთში წავიდა ქმართან და შვილთან ერთად. 18 წელი ვერ ჩამოვა. ხანდახან ძალიან, ძალიან მენატრება ხოლმე. ვიდეოთვალით ვლაპარაკობთ, მაგრამ მეც სხვა ინტერესები მაქვს ახლა და მასაც სხვა... ჰო, მენატრება ჩემი სოფუკა.. :)

ვიცი, რომ საკმაოდ გრძელია, თუმცა ეს გახლავთ ჩემი სკოლის მოგონებები. რაც სკოლა დავამთავრე, აგერ უკვე მეოთხე წელი გავა, ერთხელაც არ ვყოფილვარ ჩემს სკოლაში. ზორო გარდაიცვალა, მერე სხვა დირექტორი დადგა, მერე ლოტოტრონით სხვა მოვიდა და..
და სკოლა მენატრება. ახლა რომ ვუკვირდები, სკოლაზე დაცული და ძალიან, ძალიან მაგარი ადგილი არ არსებობს მსოფლიოში. 


7 comments:

rodrigo santoro said...

გაგიმართლა სკოლაში. მე მძულს ეგ წლები და არც ბანკეტზე მივსულვარ და არცერთ ექსკურსიაზე წავსულვარ, თან მუდამ ვიცვლიდი სკოლებს. მოკლედ საშინელებაა სკოლა...

Zurriuss said...

აუ, ძალიან მაგარი იყო!...
სკოლა მაინც პირველი საღადაო ობიექტია, მასზე ხვეწ იუმორს და პირველად იქ იღებ ცხოვრების ტკბილ–მწარე სიურპრიზებს ;)
მეც საინტერესო თავგადასავლები მქონდა სკოლაში და მეც შკოლნიკი ვიყავი.
აუჰ, რა დრო იყო ბაბუკო... :))))

ჩორვენი¹³ said...

kaia skola mec kargad maxsendeba da cota xnis cin ,mindoda skolashi asvla im dges prezidentma rom isev zveli saxeli daubrune, ise ar avdiodi eg chemi skola agar aristqo vizaxdi!! da tanac bolos rom viyavi abiturienti viyavi da iset ubedur dgeshi damxvda mashin amerikul filmshi megona tavi yvelaze rtuli agsazrdelebis skolashi :S

ნან said...

რა ბედნიერებაა რომ სკოლაში დავამთავრე, არადროს მიყვარდა და არც ახლა მიჩუყდება გული შენობის დანახვაზე. ბინძური ოთხსართულიანი სკაა. შენ გაგიმართლა როგორც ჩანს. პოსტი იყო გრძელი და კარგი. საბჭოთა ხურდების და ლექსის ამბავი განსაკუთრებით. :)

ბაჩო said...

ვასასი დეიდა
კინეტიკური აჩქარების ფორმულა ახსენე და გეხვეწები მომწერე რა
სანამ ჩემი შვილი ფიზიკის სწავლას დაიწყებს მე რაც მაინტერესებს დამავიწყდება :)

მართლა მაინტერესებს და თუ შეგიძლია გამომიგზავნე

vasasi said...

ბაჩო: a= mv(კვადრატი)/2

აჰხა შენ..
თუმცა, მანამდე შენი შვილი პოტენციურ ენერგიას გაივლის და ეგ ფორმულა გექნება მოსაძებნი.. :)

Lalena said...

უმაგრესი პოსტია ჩემო კარგო, ისეთი ისეთი , რომ ნეტა ახლა შემეძლოს სკოლაშჳ დაბრუნებათქო ეს გავიფიქრე, მართლა კარგი დროა სკოლა და ბავშვობა, ბავშვური საფიქრალი და ”პრობლემები” :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger