Thursday, February 11, 2010

წაწლობა - ფშავური ტრადიცია

წაწლობა უძველესი ფშავური ტრადიციაა, რომლის წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. არც სიტყვა ”წაწლობის” ზუსტი განმარტება არსებობს. სერგი მაკალათია აღნიშნავს, რომ ის შეიძლება სიტყვა ”წაწოლისაგან” იყოს წარმოშობილი.

როგორც კი ფშაველი ახალგაზრდა 14 წლის გახდებოდა, ქალ-ვაჟს შორის რომანტიკული გატაცება და ტრფიალი იწყებოდა. ფშავში სახელი იყო რაც უფრო მეტი წაწალი გეყოლებოდა. თუ ფშავში ახალგაზრდა ქალი ან ვაჟი არ წაწლობდა, მას ”მწერელთ ჩვილს”, ე.ი. ბეჩავ-უხეიროს უწოდებდნენ. 

ფშავში წაწლობა არამარტო უცხოთა, არამედ, ნათესავთა შორისაც იმართებოდა. როდესაც ქალ-ვაჟო ბიძაშვილები, დეიდაშვილები და სხვები ასაკში ჩადგებოდნენ, მათ შორის წოლა იმართებოდა. წვებოდნენ როგორც სახლში, ისე მის გარეთაც. მაგრამ ისე, რომ მშობლებს მაინცდამაინც არ დაენახათ, რადგან ეს უზრდელობაში ჩაეთვლებოდათ. ნათესავები წვებოდნენ ტანისამოსიანად, ერთმანეთს წაწლობაზე ელაპარაკებოდნენ და  ერთმანეთს ეხვეოდნენ, თუმცა ეროტიკული ქმედება მხოლოდ წელს ზემოთ ვრცელდებოდა. ეს სასტიკად იყო დაცული თემის სჯულით. მაგრამ თუ მაინც მოხდებოდა სქესობრივი კავშირი და ქალი დაორსულდებოდა, მაშინ წაწლებს დიდი განსაცდელი ელოდათ. მათ თემიდან სამუდამოდ მოჰკვეთდნენ და ხშირად სიკვდილითაც სჯიდნენ. ამ წესების გამო ფშაველები ნათესავებთან წაწლობას ერიდებოდნენ ან საიდუმლოდ ინახავდნენ. 

უცხოთა შორის წაწლობა მოწონებაზე იყო დამოკიდებული. ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და შემდეგ იმართებოდა წოლა. თავიდან სახლიდან მოშორებით, საბძელში, ბოსელში ან ტყეში, ნაბდის ქვეშ წვებოდნენ, ოღონდ ტანისამოსის გაუხდელად. დანიშნულ ადგილას ქალთან ყოველთვის მისი ვაჟი მიდიოდა, რომელიც შეიარაღებული იყო. რადგან შეიძლება ქალს სხვა წაწალიც ჰყოლოდა და შეტაკება მომხდარიყო. თუმცა, ასეთი რამ ფშავურ წაწლობაში იშვიათად ხდებოდა. ძველად ფშავში არ ყოფილა წესად ქალს რომ ბევრი წაწალი ჰყოლოდა, აქა იქ ასეთ შემთხვევებს მაინც ჰქონდა ადგილი, რაც მოხუცების თვალში თითქმის მეძაობას ნიშნავდა.

დაწოლას თავისი წესები ჰქონდა. პირველ ხანებში წაწლები ცდილობდნენ, ფეხები და გულ-მკერდი ერთმანეთისაგან შორს დაეჭირათ, მხოლოდ თავები ჰქონდათ ახლოს და ქალი ვაჟის გაშლილ მკლავზე წვებოდა. მოგვიანებით უკვე შეიძლებოდა მკერდის მკერდზე შეხება და ერთმანეთის გვერდით დაწოლა. რამდენიმე დაწოლის შემდეგ ვაჟი ქალის მოფერებას და შექებას იწყებდა, რაც ხვევნა-კოცნით მთავრდებოდა. როდესაც წაწლები ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდებოდნენ, უკვე სახლშიც წვებოდნენ, მაგრამ ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, რომ მშობლები ვერაფერს ხვდებოდნენ, თუმცა ხშირად ეს უკანასკნელნი თავს იკატუნებდნენ. დიდი ხნის წაწლებმა წესი და რიგი კარგად იცოდნენ, ისინი ერთმანეთს წელს ქვემოთ არ უნდა შეხებოდნენ. არ შეიძლებოდა ძალადობა. თუ ქალი დაორსულდებოდა, მას მეძავად მიიჩნევდნენ და ვერ გათხოვდებოდა. უკანონო შვილიც თავად უნდა გაეზარდა. სოფელი კი ვაჟს განკვეთდა და თავისი ტერიტორიიდან აძევებდა მანამ, სანამ საგმირო საქმეს არ ჩაიდენდა.

მოგვიანებით ფშავში მრავალწაწლიანობა გავრცელდა. ზოგს ხუთი და ათიც ჰყავდა. ამიტომ, მათ შორის ქიშპობაც ხშირი იყო. თუმცა წაწალი ქალები ამას თავიდან ადვილად იცილებნენ, რადგან წაწლებს შორის დაკაკუნებისა და სტვენის თავისებური ნიშნებიც კი არსებობდა, რომლის მიხედვით ქალი იგებდა, ვინ ესტუმრა და კარს ჩუმად აღებდა. სახლში ერთ წაწალზე მეტის შეშვება არ შეიძლებოდა, თუმცა ხშირი იყო წასწრებებიც, რაც სისხლისღვრით მთავრდებოდა.

ყველაზე მნიშნველოვანი რაც არის, წაწლებს შეუღლება ხატისგან აკრძალული ჰქონდათ და ვინც ამ წესს დაარღვევდა, თემიდან განდევნიდნენ. მხოლოდ სხვადასხვა თემის წაწლების შეუღლება იყო დაშვებული. ფშაველ ქალს წაწლობა ხელს არ უშლიდა გათხოვებაში, პირიქით. რაც მეტი წაწალი ჰყავდა, მით უფრო სასურველ სარძლოდ ითვლებოდა. მოგვიანებით კი პირიქით ხდებოდა. სხვათა შორის, ქალი გათხოვების შემდეგაც წაწლობდა და ქმარი ხშირად ეგუებოდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ძველად ფშავში ქალები მუშაობდნენ სამკალშიც და სახლშიც. ქალის გათხოვება სახლიდან მუშახელის დანაკლისს ნიშნავდა, ამიტომაც ქალები გვიან თხოვდებოდნენ.

წაწლობა მიღებული იყო სამკალში, ქორწილსა და ხატობაშიც კი. განსაკუთრებით, ლაშარობასა და ციხეგორობას, ანუ კოპალობას. ამ დროს ხატის ქალ-ვაჟებიც წაწლობდნენ. 

ფშავური წაწლობა თავისი წესებითა და ადათებით მსგავსი იყო ხევსურული სწორფრობისა, რომლის შესახებაც შემდეგ პოსტში მოგახსენებთ.


16 comments:

Sophie Golden said...

ლოლ
ბევრ ფშაველს ვიცნობ და მათგან ვიცი, რომ ძალიან ძალიან ხშირად წაწლობა სექსით მთავრდებოდა და მგონი, ფშავი დღემდე ყველაზე "ევროპული" მხარეა, სადაც ქალიშვილობა-ვაჟიშვილობას არავინ აქცევს ყურადღებას.
ცოტა სასაცილო ტრადიციაა ეს წაწლობა, მაგრამ მაინც საკაიფო და კოლორიტული ჩანს, დღეს თუ შევხედავთ.
ისე, ჯავახიშვილის "თეთრ საყელოშიც" ზუსტად ეს თემაა გამოყენებული, თუ გახსოვს.
ჩემი პირველი "ეროტიკული" წიგნი ეგ იყო :D

ჰუმანისტი said...

მე როგორც ვიცოდი წაწლობა ნიშნავდა როცა ძმაკაცი ძმაკაცს ძმობას შეჰფიცებდა მის ცოლს უწვენდა გვერდით, მათ შორის კი ხმალი იდებოდა, რომ არაფერი მომხდარიყო.
წაწლობის არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ფშავ-ხევსურეთში ქმრის ღალატი მოსული პონტი იყო. ანუ ქმრისთვის რომ გეღალატა არ ტეხავდა, იმიტომ რომ ქმრები თვეობით იკარგებოდნენ ცხვარში..
ისე ეს ინფორმაცია საიდან ამოკრიფე??

Da-v-iD said...

წაწლობა მარტო ფშავისთვის არ იყო დაახასიათებელი. საერთოდ სექსუალური აღზრდა საქართველოში გაცილებით მაღალ დონეზე იყო ვიდრე სხვა ქვეყნებში. ყოველ შემთხვევაში 11-12 საუკუნემდე ეგ არავის უკვირდა. სანამ დოგმებით და ტაბუებით არ დაიწყებდნენ დაღმების დასმას.
მაგრამ წესი წესი იყო და იმის იქეთ არავინ გადადიოდა.

vasasi said...

ჰუმანისტი: სხვადასხვა წიგნებიდან, სადღაც მოვკარი ყური და დამაინტერესა ამ ტრადიციამ..

Sophie Golden : ჰო, ძირითადად, ეგრე იყო, ალბათ, ხარის ბუშტი, ლიმონი და ამბები.. :)

Katieé... (aka ეკა.ტერინე) said...

მეც დამაინტერესა წყარომ, რადგან ხევსურებისგან ცოტა სხვაგვარად ვიცი წაწლობის და სწორფრობის ვერსიები.

ჰო, და რაც მთავარია, ის გამორჩენილია.
სწორფრობის და წაწლობის ძირითადი იდეა ოჯახში შემოსული მამაკაცის პატივისცემა და მისთვის ნდობის გამოხატვა იყო, სანამ მას ძმობას შეჰფიცავდნენ ან შვილად მიიღებდნენ, და–ძმობა უნდა დაემტკიცებინა და ეს სერიოზული გამოცდა იყო, რომელსაც უწყობდნენ საწოლში საკუთარი ქალიშვილის/დის ჩაწვენით.

დილას ქალის საქციელით მიხვდებოდნენ, აკადრა თუ არა მას "ზედმეტი" ნდობაგამოცხადეუბლმა მამაკაცმა. (თუმცა, ქალი რას ჩათვლიდა ზედმეტად, ეს კიდევ საკითხავია:))

ამის შემდეგ ხდებოდნენ ისინი წაწლები და უბედურება ალბათ სწორედ იქ იწყებოდა, სადაც მათ შორის წაწლობის იქეთ არაფერი იყო დაშვებული. ისინი ხომ უკვე დანათესავებული იყვნენ.

სწორფრობა პირიქითა ხევსურეთში იყო გავრცელებული და ფშავური წაწლობისგან განსხვავებით, წელსზემოთ შეხება არ შეიძლებოდა. სხვა მხრივ, აკრძალვები (არა სექსი, არა ქორწინება) – იგივე რჩებოდა.

და პოსტ სკრიპტუმ:
ზემოთ, ფოტოზე ქალის წარმოშობა ტანსაცმლით ვერ დავადგინე, მაგრამ კაცი რომ ნამდვილად სვანია და არა ფშავი, ან ხევსური – ფაქტია. ასე რომ ...

vasasi said...

ჰო, ტანსაცმელში მართალი ხარ..

ძველ ფოტოებს ვეძებდი, ვერ ვნახე და მერე ეს ჩავსვი, არც შემიხედავს...

:უსერ:

წყარო, კონკრეტული არ მაქვს, ბევრგან ვეძებდი, დიდი ხნის განმავლობაში, ახკა ვნახე ეს ძველი ჩანაწერი ჩემს რვეულში, წყაროებს არ ვუთითებდი ხოლმე და ახლა არ ვიცი საიდან რა მაქვს..



სწორფრობას რაც შეეხება, იქ უფრო მკაცრი წესები იყო, ქალს ნაკლები უფლება ჰქონდა. მოკლედ, მაგაზეც დავწერ პოსტს ამ დღეებში..

სწორფრობაზეც ვიპოვე ჩანაწერი.. :)

Anonymous said...

ვაჟას აქვს საკმაოდ საინტერესო და ამომწურავი წერილი ამის თაობაზე

vasasi said...

anonimous: შეგიძლიათ მითხრათ სათაური წერილის (მგონი, მსგავსი მაქვს წაკითხული ადრე, მაგრამ ახლაც სიამოვნებით გადავხედავდი)?

Anonymous said...

თითჴნ პოსტის რა მოგახსენოთ მაგრამ სულ მარტივი შეცდომა სათურშივეა დაშვებული (მერეც ხშირად მეორდება).
ფშავურის ნაცვლად, ფშაური უნდა იყოს .

Anonymous said...

საოცრება პირდაპირ. პირველად გავიგე ამ ტრადიციის შესახებ ასე წვრილად. მე მეგონა ალბათ შეყვარებულობის დროს ქვია წაწლობა თქო.
ნეტა ეხლაც აქვთ ეს ტრადიცია? :D

vasasi said...

არ ვიცი, ანონიმო. მგონი, აღარ..

Anonymous said...

მეც ვფიქრობ რომ სწორფერობა/წაწლობის ერთ-ერთი დანიშნულება სექსუალური აღზრდა უნდა ყოფილიყო და მგონია რომ ურიგო სულაც არ იყო... აბა ისაა კაი პირველად რო ნახავ და გული გაგისკდება? :D ხო უნდა მიეჩვიო თანდათან და განათლდე. სუ მაინტერესებდა რა ჯანდაბას ნიშნავდა მაგრამ ამ სკოლაში ხო ეს მასწავლებლები წესივრად არაფერს განგიმარტავენ. ჭკვიანი ხალხი ცხოვრებულა ფშავ-ხევსურეთში.

marishca said...

როცა წაწლები ერთად იყვენენ შუაში ხმალი იდო თუ კაცი რამეს ზდმეტს გააკეთებდა რაც არ იყო წესით დაშვებული ქალს შეეძლო მოეკლა.ამის შემდეგ დაქორწინება იმიტომ არ შეეძლოთ რომ თითქმის და-ძმათ ითვლებოდნენ.ეს იყო ერთგვარი ძმადნაფიცობის რიტუალი ოღონდ ქალსა და კაცს შორის.უბრალოდ ბევრისთვის ვინც მთიდან არაა ეს ყველაფერი ცოტა წარმოუდგენელია და სხვანაირად იგებენ

Anonymous said...

სისულელეა რაც ზემოთ სწერია. ფშაველებს კითხეთ და იმათგან გაიგებთ რომ მსგავსი რამ არსადროს ყოფილა ფშავში, ან მოიძიეთ ვაჟას წერილი

Anonymous said...

ტრადიციაც ესეთი უნდა :)

Vnebebi.com said...

kaia

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger