Saturday, February 20, 2010

პუფი, ბიმბო, ჯულია რობერთსი და ბიბი


სიგიჟემდე მიყვარს ძაღლები. იმდენად, რომ შემიძლია, ნებისმიერ, ქუჩის წუნკლიან ძაღლს ჩავეხუტო და მივეფერო. ძალიან მაგარი არსებები არიან. რაც მთავარია, უყვარხარ, მართლა უყვარხარ და შენთვის ყველაფერს გააკეთებს.
სიმართლე რომ ვთქვა, რა ჩვენი ოჯახის წევრი ძაღლუკები ყველაზე მეტად მე მიყვარდნენ და მათ ყველაზე ნაკლებად ვუყვარდი. რატომ, არ ვიცი.
ბევრი ძაღლი არ მყოლია, სულ ოთხი მახსოვს. სხვათაშორის, არც ერთი არ მომკვდარა ბუნებრივი სიკვდილით. ყველა ან ლეკვობაში კვდებოდა, ან უეცრად ფშეკდა ფეხებს და მე ვნერვიულობდი.
ძაღლებს სახელებს ყოველთვის მე ვარქმევდი. ასე, მაგალითად, პირველ ძაღლს პუფი ერქვა ("დედა, მამა, რვა შვილი და საბარგო მანქანის" პატივსაცემად, იქ ერთ-ერთი შვილის მეგობრის პუდელს ერქვა პუფი), მეორეს - ბიმბო (რა თქმა უნდა, ბიჭუნას ლეკვის პატივსაცემად), მესამეს ჯულია (ჯულია რობერთსის პატივსაცემად), მეოთხეს კი - ბიბი (ეს მთლიანად ჩემი ფანტაზიის ნაყოფია).
ოჯახში ძაღლუკას მოყვანას, ტრადიციულად, მე და მამა ვემხრობით ხოლმე, დედა წინააღმდეგია, ჩემი ძმისთვის კი - სულ ერთი. რა თქმა უნდა, ჩემი და მამას ტანდემი იმარჯვებდა და ოჯახში ახალი - ოთხფეხა წევრი გვემატებოდა, თუმცა მისი არსებობა ჩვენს სივრცეში არცთუ ხანგრძლივი იყო.
ასე, მაგალითად, პუფმა მას შემდეგ გადაწყვიტა სიკვდილი, რაც კვირების ლეკვი ზამთარში ცივი წყლით ვაბანავე - დედას რომ არ გაეგო და არ გამბრაზებოდა და შემდეგ თებერვლის სიცივეში, გარეთ, თავის ყუთში ჩავსვი. არ დაგავიწყდეთ, რომ იმ სველ ნაჭერში გავახვიე, რომლითაც შევწმინდე - ჩემს ჭკუაში, თბილად რომ ყოფილიყო (მაშინ ათი წლის ვიყავი ალბათ), ცოტა ხნის წინ მივხვდი მისი გარდაცვალების მიზეზს და საკუთარ თავზე გავბრაზდი, ბიმბო უდღეური ლეკვი იყო, რძეს კი ვასმევდით, მაგრამ რამდენიმე დღეში მოკვდა. რაც შეეხებათ ჯულიას და ბიბის,  მათთან ცოტა ხანგრძლივი დრო მაკავშირებს, ამიტომ დაწვრილებით მოვყვები.
რიგში მესამე ჯულიაა. წმინდა სისხლის როტვაილერი, რომელიც ბიძაჩემს აჩუქეს, სახელი კი გიორგიმ დაარქვა. როცა ეკითხებოდნენ, რატომ ჯულიაო, მთელი სერიოზულობით პასუხობდა: შეხედეთ, თვალებით როგორ ჰგავს ჯულია რობერთსსო. ორი თვის იყო ჯულია, როცა ბიძაჩემს აზიური ნაგაზი მოუყვანეს (თეთრი, ფუმფულა და გადასარევი ბობი), ჰხოდა, ჯულიეტა ჩვენ გვაჩუქა. დედაჩემი კი იყო წინააღმდეგი (ტრადიციულად), მაგრამ ისე შევეხვეწეთ და ავღნავლდით მე და ჩემი ძმა, თან ძიამაც უთხრა, შეხედე ბავშვებს როგორ უნდათ ჯულიაო, რომ ჯულია ძეგვიდან გორში წამოვაცუხცუხეთ.
უმაგრესი ძაღლი იყო, მუსიკა და ცეკვა უყვარდა და ვაცეკვებდით, საღამოს ვასეირნებდით სტალინზე და ჭკუაზე არ ვიყავით მე, ჩემი ძმა და ჩვენი ძაღლუკა. ტახტზე უყვარდა ხოლმე წოლა, მამაჩემის სახლში მოსვლის დრო რომ იყო, ჩუსტებთან წვებოდა. დედაჩემი უყვარდა სიგიჟემდე. ცხრა თვისა გარდაიცვალა. კანის დაავადება დაემართა. ვერაფრით ვუშველეთ, უამრავ ვეტექიმთან გვყავდა, მაგრამ..
ცოცხლად ლპებოდა, ამიტომ ვიღაცა უზრდელი კაცი მოვიდა და წაიყვანა ჩვენი ჯულიეტა. იმდენი ვიტირე, მთელი თვე ვგლოვობდი და ამ პერიოდში ჩემთვის დედაჩემზე საძულველი ადამიანი მთელს მსოფლიოში არ არსებობდა, სწორედ მან გაატანა იმ კაცს ჩვენი ჯულია..
ოთხი წლის წინ კი, მამამ, ძაღლი უნდა მოვიყვანოო. გაგიკვირდებათ და, ახლა მე დავდექი უარზე. მოგვკვდება ისევ და ვეღარ გადავიტან-მეთქი, მაგრამ მამამ მაინც მოიყვანა. პატარა, თეთრი, ფუმფულა და ხალისიანი. რა დავარქვათო და, მეთქი, ბიბი..
და დავარქვით ბიბი. უჭკვიანესი ძაღლუკა იყო, ფუმფულა, გრძელი ბეწვებით, პატარა, სულ დარბოდა და გეგონებოდა, დაგორავდა. თავის თავს ეთამაშებოდა. მუსიკა უყვარდა, ოღონდ არჩევდა. თუ რიტმი მოეწონებოდა, კისერს მოიღერებდა და მღეროდა. ძალიან ღორმუცელა იყო, მთელი ქვაბი რომ დაგედგა, ისე შეჭამდა, ხმას არ ამოიღებდა და დამატებას მოგთხოვდა. სულ შიოდა. იატაკს ვერ ვწმენდდით მაგის შიშით, ნაჭერს რომ ვუსვამდით, ეგონა, ვეთამაშებოდით და დასდევდა ტილოს, მერე ზედ ჩამოეკიდებოდა და...
იცით, რა საყვარელი იყო ჩემი ბიბუსია?..  
სახლში რომ მოვდიოდით, შორიდან გრძნობდა და ყირაზე აყენებდა ყველაფერს. აჩი, ჩვენი მეგობარი უყვარდა ძალიან, ის რომ მოდიოდა, წკმუტუნებდა, ტიროდა, ყირაზე გადადიოდა.. მოკლედ, სახლშიც კინაღამ მიჰყვებოდა.
შარშან მოკვდა. დედაჩემმა ხარებას თევზის ფხები აჭამა, ძაღლისთვის არ შეიძლება არც ეგ და არც ქათმის ძვალი მაგრამ..
ჰოდა, თბილისიდან სახლში დაბრუნებულს, დაღვრემილი ოჯახის წევრები დამხვდა. ჯერ გამიკვირდა, სად არის ჩემი ფუმფულა, რატომ არ შემომეგება-მეთქი, მერე ჩემს ძმას რომ შევხედე, ყველაფერს მივხვდი...
ეჰ, არ მაქვს ძაღლუკებში ბედი..
ახლა მამაჩემი დაგვპირდა, ვიღაცის კავკასიურმა ნაგაზმა ლეკვები უნდა დაყაროს და ერთს შემპირდაო, დიდი თავი რომ აქვს და ფუმფულა რომ არის, ისეთი ძაღლიაო და ველოდებით, როდის იმშობიარებს ის ძაღლუკა..
აი, ასეთი გახლდათ ჩემი ძაღლუკების მოკლე ისტორია. ახლა ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, გავალ და ცოტას ვიგლოვებ ჩემს ფუმფულებს..

6 comments:

mr.picasso said...

ეე მე სულ პუდელი ძაღლები მყავდა სახლში :) ერთს ბუჩი ერქვა მეორეს ლაკი :) ეს ძაღლები თორე ისე ცხვარიც კი მყოლია თბილისში :) მოკლედ ველოდებით ესე იგი მთელი ბლოგოსფერო შენი მეზობლის ძაღლის მშობიარობას არა:)

Sophie Golden said...

ამის მერე ძაღლებზე ხმა აღარ ამოიღო, დაგიხოციათ ამდენი.
კატაზე არ გიფიქრია? :P მაინც ცხრა სიცოცხლე აქვთო და ...

clown said...

უი, საწყალი ძაღლები :შ



მეც ძალიან მიყვარს ეს არსებები ^^

Da-v-iD said...

ეჰ იმდენი ძაღლი მყოლია გამიჭირდება ჩამოთვლა. მაგრამ ერთი კია. ყველა ძალიან მიყვარდა. ახლა გერმანული ავჩარკა მყავს
http://mtvarisklubi.blogspot.com/2009/10/blog-post_12.html

ისე კი ერთი ფილმი მინდა გირჩიო. შეიძლება ნანახიც კი გაქვს. მაგრამ მაინც შეგახსენებ. რეალურ ისტორიაზე შექმნილი ფილმია
http://www.youtube.com/watch?v=D-W5y-NrFtw

http://www.youtube.com/watch?v=U6I7aiObfvk

პერწკლი said...

ვაიმევაიმე საწყალი შენ :(

unaamarga said...

me erTi ZaRli momikvda da imas kinaRam gadavyevi. ojaxis wevriviT gamovigloveT yvelam.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger