Monday, March 1, 2010

ყვითელი


ფეხით სიარული ძალიან მიყვარს, თუმცა, როცა საქმე საჩქაროა, ან მაგრად ვარ დაღლილი, ტრანსპორტით დავდივარ. მეტროს არ ვწყალობ, სულ მგონია, ვიღაცამ უნდა ამომაცალოს ჩანთიდან რამე, ამიტომ სულ ჩაბღუჯული დავდივარ, თან პირველ ხაზზე ვარ გადასასვლელი და არ მიყვარს გადაჯდომა-გადმოჯდომა. თუმცა, სანამ საკუთარი მანქანა მეყოლება, ხშირად მიწევს მგზავრობა როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსით.

დიახ, სიამოვნებით დავდივარ ყვითელი ავტობუსებით. ოღონდ, პატარა ავტობუსები მიყვარს. მძღოლის წინ დავსკუპდები ხოლმე და ფეხით მოსიარულეებს ვაკვირდები. მარშრუტკასა და ავტობუსს შორის არჩევანი როცაა, ყოველთვის ავტობუსს ვირჩევ რამდენიმე მიზეზის გამო:

1. ავტობუსში, მარშრუტკასთან შედარებით, მაღალი ჭერია და თუ ფეხზე დგახარ, ოთხად არ იკაკვები;
2. არ ყარს საზიზღარ სუნებად, განსაკუთრებით, ზაფხულში;
3. დადის ცენტრალურ გზაზე და არა სადღაც მიყრუებულებში, შესაბამისად, სადაც მჭირდება, იქ მივყავარ;
4. და ბოლოს, ყველაზე მთავარი: ავტობუსი 20 თეთრი ღირს.   

გარკვეული მიზეზების გამო, თავისუფლებაზე და პირიქით, ხშირად მიწევს მგზავრობა. 58 ნომერი  ავტობუსი, რომელსაც პირდაპირ სახლთან მივყავარ, კვარტალში ერთხელ დადის, თუ გამიმართლა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადის, თუ არა და, მიწევს ხოლმე აჭარასთან ჩამოსვლა..

ამ ბოლო დროს, 85 ნომერი ავტობუსით ხშირად ვმგზავრობ. ადრე წრიულით დადიოდა, ვაკე-საბურთალოს უვლიდა, ახლა თავისუფლებიდან მოდის ვაკის გავლით საბურთალოზე. ჰოდა, თუ კატაობა მინდა, ჩავხტები ხოლმე. დაკვირვებული ვარ, საბურთალოზე კაცი არ ამოვა ისე, რომ არ იკითხოს, მიდის თუ არა ავტობუსი ვაკეში და ლამის არის, ფეხზე ადგომითა და ტაშით გამოვხატო ჩემი პატივისცემა მძღოლების მოთმინების მიმართ. 

დღესაც 85 ნომრით ვმიგზავრე. ინგლისური მქონდა, ვორონცოვიდან ამოვედი და ვიფიქრე, 58-ს დაველოდები-მეთქი, მაგრამ რომ დავინახე ჩემი საყვარელი ავტობუსი, გულმა ვერ მომითმინა, და ჩავჯექი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიყავი დაღლილი და სახლში დროზე მისვლა მინდოდა. მე ზარმაცს დამეზარა სასტუმრო ”აჭარადან” ამოსვლა,  ეს  მოედანზე გააჩერებს და ზედმეტს აღარ გავივლი-მეთქი. ერთი საყვარელი ბებო ამოვიდა, ფეხზე ძლივს ვდგავარო და გეხვეწები, სისხლის აღება მინდა და ცენტრთან გამიჩერეო, თან ფორთოხალი აჩუქა. მაგარი სასაცილო მომენტი იყო. 

ერთხელ, ძალიან დიდი ჭყლეტვა იყო, ვიღაც შუახნის ქალი დამადგა თავზე და უკმაყოფილება გამოთქვა ჩემ მიმართ (უზრდელია და უფროსს ადგილს არ უთმობსო). მე  ჯერ მართლა წავიუზრდელე, ვითომ ვერ შევიმჩნიე, მაგრამ მერე მორალმა შემახსენა თავი და ავდექი: დაბრძანდით-მეთქი, თან გავუღიმე. იცით რა მიპასუხა? შენ ჩემზე ახალგაზრდა ხომ არ გგონია თავიო. იმ წუთას პასუხი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ მერე ტვინს ვიჭყლეტდი, ნუთუ 40 წლისას ვგავარ ეს 20 წლის ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ადამიანი-მეთქი? 

მოკლედ..
ეტყობა, დღეს ბევრი მომივიდა მგზავრობა თუ როგორ არის, გული მერევა სასტიკად. წავალ შევჭამ და იქნებ გადამიაროს.. 


9 comments:

gijmaj said...

:) ავტობუსები კურიოზების დაუშრეტელი წყაროა. :)

Natalia said...

მიყვარს მეც ავტობუსები, თან მძღოლს რომ არ უნდა დაუძახო გააჩერეო, ეგ მხიბლავს, ჩემთვის ჩუმად ჩავდივარ და ამოვდივარ :))

Sophie Golden said...

ჰეჰ
ამას ჰქვია "ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები" :D არ დაუთმობ - უზრდელი ხარ, დაუთმობ და თითქოს შეურაცხყოფას აყენებდე, ისე შემოგხედავენ :D ლოლ

clown said...

ვერ ვიტან მეტროებს, მარშუტკებს და ავტობუსებს, მაგრამ ეს მანქანაც სადაა? :უსერ:

Zurriuss said...

მე მაგარი გამოსავალი ვიპოვე: ავტობუსში ძილი :)
შავ სათვალეს გავიკეთებ და ჰაიდა... სახლამდე 40 წუთის სამგზავროა (ნუცუბიძეზე ვცხოვრობ, მარა ეს ავტობუსები გველზე უფრო დაკლაკნილი გზებით დადიან) და ბინას რომ ვუახლოვდებით, ანესთეზიიდან მაშინ გამოვდივარ.
ასე რომ, მორალი არ მაწუხებს :)

პერწკლი said...

მეც მიყვარს ავტობუსები, პატარები ოღონდ.

როდრიგო სანტორო said...

მეც ყველა ტრანსპორტს ავტობუსი მირჩევნია. მარშუტკა ვინ გამოიგონა ნეტა!!

Lalena said...

ჩემგან ისე ჳსვიათად დადიან ცენტრსიკენ, რომ მათი გამოჩენა ცით მოვლენილი სასწაული მონია ხოლმე :)))) მეც პატარა ყვითელი ავტობუსები მირჩევნია, მეტროს ვერ ვიტან!

Keti said...

მარშრუტკებს ვერ ვიტან და მათთან შედარებით ავტობუსები გამობრწყინებაა. მაგრამ სწრაფად არ დადიან და თუ მეჩქარება, ისევ მეტროს ვირჩევ ხოლმე.

რამდენჯერმე შევესწარი, დათმობილი ადგილი რომ იუკადრისეს ხანშიშესულებმა. განსაკუთრებით კაცებს არ სიამოვნებთ ხოლმე, რომ ადგილს უთმობენ. უნდათ, რომ მათ ახალგაზრდებად თვლიდნენ. რა ქნან :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger