Tuesday, March 2, 2010

მე - ცაცია


გამარჯობა. მე ვასასი ვარ. მე ცაცია ვარ. 

ჩვენ რომ რეაბილიტაციის ცენტრში ვიყოთ, უნდა მომესალმოთ და ტაში დამიკრათ ამ აღიარებისათვის, მაგრამ ვინაიდან თქვენ ჩემს ბლოგზე იმყოფებით, ვიქნები თავმდაბალი.

მოკლედ, მინდოდა ამ პოსტში დამეწერა იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ცაციობას ახლავს თან. თუმცა, სანამ ამ ყველაფრის აღმოჩენის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩავვარდნილვარ დეპრესიაში, მანამდე ცაციობის ღირსებებზე გავამახვილებ ყურადღებას.

1. ძალიან მაგარია, როცა იცი, რომ ცხრა მილიარდის 10%-ში შედიხარ (მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია ცაცია);
2. მშვენიერია, როცა იცი, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განსხვავებით, შენი ჰემოსფეროს მარჯვენა ნახევარსფერო მუშაობს, ამ ნახევარსფეროში კი ტვინის ის წილია მოთავსებული, რომელიც შემოქმედებით, პარადოკსულ და ინტუიციურ ამბებშია მაგარი (ყოველდღე ვრწმუნდები ამ უკანასკნელის სიმართლეში);
3. მშვენიერია (განსაკუთრებით ადრეულ ასაკში), როცა ხედავ, რომ იმ ხელით არ წერ, რომლითაც სხვები;
4. თუ ჯიბრიანი ხარ, სადისტურ სიამოვნებას განიცდი, მაინც შენი რომ გაგაქვს და მარცხენათი უბერავ;
5. და ბოლოს, რა სჯობს იმ განცდას, როცა იცი, რომ სერ პოლ მაკარტნიც შენი თანამოხელეა..   

 (გული დაგწყდათ?დაიწყვიტეთ, ოღონდ ნუ გაიტეხთ, ცაციობისა თუ მემარჯვენეობის შემთხვევაში ჩვენ ყველა ხომ მაინც მოკვდავები ვართ..   )

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ტექნიკასთან ურთიერთობაში ამას ყოველდღე ვგრძნობ და გული მწყდება:

1. ძალიან ვინერვიულე, როცა ფოტოების გადაღება მინდოდა და ვერ ვიღებდი, რადგან პროცესში ყველაფერი რიგზე არ იყო, რაღაც მეხამუშებოდა. დავაკვირდი, და აღმოჩნდა, რომ ღილაკი მარჯვენა მხარეს აქვს;
 2. დაახლოებით, მსგავსი პრობლემა მქონდა კამერასთან ურთიერთობისას. ოპერატორობის სწავლა მინდოდა (ნუ, მაინც შენით რომ გადაიღებ, მაგას სხვა მუღამი აქვს), მაგრამ რა ხეირი? კამერას ყველა ტექნიკური ფუნქცია მარჯვენა მხარეს აქვს, ამას კიდევ აიტან როგორმე, გადაყოფ მარცხენას საპირისპირო მხარეს და გაასწორებ, მაგრამ მარჯვენა მხარზე კამერის შემოდება კი მეტისმეტი იყო ჩემთვის. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც გულდაწყვეტილი დავრჩი. 
3. მორიგი კვლავ თანამედროვე ტექნიკას უკავშირდება, ამჯერად - ყურსასმენებს. რაც მპ3 მაქვს, დავაკვირდი და აღმოვაჩინე: ყურსასმენებში ხმების გადანაწილება ხდება, რათა მთლიანობაში მუსიკა კარგად აღიქვა. შესაბამისად, ყურსასმენები განკუთვნილია მარცხენა და მარჯვენა ყურისათვის, პირიქით მორგება რთულია. მემარჯვენეებს მარცხენა ყურში უკეთ ესმით, შესაბამისად, მუსიკაზე დატვირთვა აქ მეტია. და რა უნდა ვქნა მე? ყურსასმენები უკუღმა მიკეთია და ქუჩაში მათი სწორებით დავდივარ,  რაც უხერხულ მომენტებს მიქმნის;
4. ხელის ჩამორთმევა, მეგობრებო! ამ პროცედურის გავლა ხშირად არ მიწევს, მხოლოდ რესპოდენტებთან, აქ კი ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ გამოწვდილი მარჯვენისათვის ჩემი მარცხენა შემიგებებია და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილვარ. ეგ კი არა, რამდენჯერმე პირჯვრის გადაწერაზეც წამიცდა, მაგრამ დროზე მივხვდი!..
5. პიანინო! ვფიქრობ, ჩემი მუსიკალური კარიერის სრული კრახი მემარცხენეობამაც განაპირობა. მარჯვენათი ვერ ვუკრავდი ვიოლინოს გასაღებს, მარცხენათი კი - ბანს. ღმერთო ჩემო, რა საშინელი შვიდი წელი გამოვიარე!.
6. ჯიბეებს აქტიურად ვიყენებ დანიშნულებისამებრ, ოღონდ - მარცხენას. თუ ეს მხარე გატენილია, მაშინ ნაკლები საჭიროების გათვალისწინებით, ნივთების ნაწილი მარჯვნივ გადამაქვს. ჩემს წამებას საზღვარი არ აქვს, როცა საძულველი ჯიბიდან მიწევს ნივთის ამოღება. ასეთ დროს ხანდახან ვოცნებობ, რომ ორივე ხელი მარცხენა მქონდეს;
7. ჭამა და საქმის კეთება. განსაკუთრებით, კომპიუტერთან. მარჯვენა ხელში ვერც დანას ვიჭერ, ვერც ჩანგალს და ვერც საჭმელს!. როცა საქმე მაქვს და თან ვჭამ, ლამის არის ტირილი დავიწყო. კომპი ვახსენე და, განსაკუთრებით მიჭირს რიცხვების აკრეფა. მარჯვენა მხარის ნუმეროლოგიას საერთოდ არ ვიყენებ და ვერ ვიტან, როდესაც რვის ან ცხრის აკრეფა მჭირდება.

აი, ეს არის სულ, რაც ახლა გამახსენდა. ძილის წინ შეიძლება კიდევ რამემ დამარტყას თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში, მაგრამ ჩამმატებელი არ ვარ.. უი, კიდევ ერთი: რასაც ვერ ვიტან, ისაა, როცა ვწერ და ვიღაც გაკვირვებული მეუბნება: შენ ცაცია ხარ?..


13 comments:

Zurriuss said...

გამოგიტყდები, ამხელა პოსტი რომ დავინახე, გავიფიქრე, "რა წაიკითხავს ამას?" – მეთქი, მაგრამ მაინც ჩავედი ბოლომდე.
არ მოვტყუვდი. ძალიან მომეწონა :)
ჰო... რა პრობლემატური ყოფილა ცაციობა. თან, შენს შემთხვევაში, ცაციობა ცალხელობამდე ყოფილა დასული :)
მე გამოუსწორეელი მემარჯვენე ვარ, მაგრამ, როცა საქმე ნიჩაბს (ლაფატკას) ეხება, ცაცია ვარ. მარჯვენას ვერ ვხმარობ.
ტაკ ჩტო, ჩემი ლაფატკა, მაკარტნის გიტარა და ობამას – რავიცი რა, შენთან არიან და გბალელშიკობენ :)))

CGSaba said...

ჩემზე პირადად ეხლა ეგ არ განმიცდია მარააა ისიც რო გითხრა დაიკიდე თქო მგონი აუზრობა იქნბეა იმიტო რაც ჩემი პრობლემა არაა იმის დაიკდებას სხვას ადვილად ვურჩევ. ისე სუ მაინტერესებდა ცაციები როგრო ხელცქვიტობენ? ჰოი საოცრებავ!

Keti said...

ძალიან კარგი პოსტი იყო, უარყოფითი მხარეები, უფრო სწორედ – პრობლემები – განსაკუთრებით საინტერესო. აქამდე არ მიფიქრია, რომ ტექნიკის თითქოს შეუმჩნეველი წვრილმანები შეიძლება ადამიანებს მათ მოხმარებას უძნელებდეს.

მაკარტნი და ბევრი სხვა მუსიკოსიც ადვილად წყვეტს გიტარასთან დაკავშირებულ პრობლემას... სხვა შემთხვევებში, არ ვიცი. ნეტა თუ არსებობს მაგალითად კლავიატურა – ცაციებისთვის?

კიდევ პირჯვარზე ვიფიქრე. რა მოუხერხებელი უნდა იყოს. ჰოდა, ცაციებს რატომ არ უნდა შეეძლოთ მარცხენით და იგივე მიმართულებით პირჯვრის გადაწერა? :)

კარგია, რომ ახლა მშობლები აღარ აძალებენ შვილებს მემარჯვენეობას:)
ჩემი კლასელი გააწამეს, სანამ არ გადააჩვიეს და სამუდამოდ დაუმახინჯეს კალიგრაფია. მანამდე ხატავდა და ესაც აღარ გამოუვიდა მერე...

გურამი said...

ცაწკალი თამუსია. :) მამაჩემიც ცაციაა, მარა როგორღაც შეძლო და მარჯვენათიც მუშაობს. მაგრამ წერით ისევ მარცხენათი წერს. :) სამაგიეროდ მეც შენი პრობლემა მაქვს ხელის ჩამორთმევასთან, იმიტომ რომ მარცხენა ხელს ვუწოდებ ხოლმე. :) ხოდა ახლა ჯერ ვაკვირდები, რომელ ხელს გამოიწვდის ის პირველად. მაგრამ როდესაც საუბრის დამთავრება შენ გინდა.. აი აქ.. :)

პერწკლი said...

რამაგარია, კიდევ ერთი უხოპლანეტელი )))
აი ჩემი ჩივილები იგივე თემაზე :(
http://bunbunland.blogspot.com/2009/07/blog-post_27.html

Nataly said...

ყოველთვის ვოცნებობდი ცაცია ვყოფილიყავი :)

clown said...

საყვარელლ ^^

Lalena said...

სულ მინდოდა ცაცია ვყოფილიყავი დაი გულის სიღრმეში სულ მჯეროდა, რომ ვიყავი კიდეც და გადამაჩვიეს, თუმცა საკმარისია მარცხენა ხელში დავიკავო მაკრატელი დაი ვხვდები რა ჩლუნგი მარცხენა ხელი მაქვს :)))

mblogavi said...

mec cacia var :-.)

UFOZZ said...

mec cacia var magaria ......

Anonymous said...

მე, როგორც დომიმამტი მემაცხენე,დავამატებდი, რომ მარჯვენა მარცხენას გარჩევა მიჭირს და სივრცეში ორიენტაცია, შესაბამისად მარცხენა საჭიანი მექანიკის მართვა საშინელებაა.
სამაგიეროდ: თუ გაეცნობით მარჯვენა ჰემისფეროს ფუნქციებს (გამომდინერე იქიდან, რომ მარცხენა კიდურებს მარჯვენა ჰემისფერო აკონტროლებს) მიხვდებით, რომ იმ უნარების სანაცვლოდ რაც გააქტიურებული გვაქვს, ღირს ჩამოთვლილი სირთულეების ატანა :) Good Luck

vasasi said...

ანონიმო, აი, მანქანას რაც შეეხება, მარჯვენასაჭიანთან პრობლემები მაქვს.. :))
ასევე, კომპიუტერის მაუსს მარჯვენა ხელითაც ვხმარობ, ანუ,რაღაცებთან შეგუება არ მიჭირს.. :))

ისე, განვითარებული მარჯვენა ჰემოსფეროს გულისათვის, რას არ აიტანს კაცი.. <3

Anonymous said...

ase mgonia es yvelaferi me davwere))))nu raghac-raghacebi rom gamovaklo)))an mivumato))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger