Sunday, March 21, 2010

კვირის შემაჯამებელი



ამ ბოლო დროს აღარ მეწერინება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საჭირობორტო და სიმპათიური თემა მაქვს მომზადებული თქვენთვის. მარტის ბრალია ვითომ?

რატომღაც, დაკვირვებული ვარ, რომ კვირა დღეს წუწუნის დღე მაქვს ბლოგზე. წუწუნის რა, რომ ვწერ და მერე ვკითხულობ, კარგად შედის ხოლმე ტვინში. ვეჭვობ, ეს ორი-სამი თვე საკმაოდ მძიმე და დაძაბული მექნება (დიპლომი და ჯანდაბა), თუმცა, ვეცდები, რომ ნაკლებად ვიწუწუნო აქ. 

მანამდე კი..

ეს ორი დღეა, გორში ვარ და ქუჩაში რომ დავდივარ, უამრავი ნაცნობი თუ უცნობი მხვდება, გამიღიმებენ, მომესალმებიან, სწავლის ამბებით დაინტერესდებიან (რა დავაშავე) და აუცილებლად მკითხავენ:

- წელს ამთავრებ ხომ?
- კი; - ვიღიმები.
- და მერე მაგისტრატურა არა?
- არ ვიცი, თუ არ დამეზარა; - სახე მეშლება;
- შენ და დაზარება? ისეთი ნიჭიერი ხარ, ყველაფერი გამოგივა, მიდი ჩააბარე, ჩვენ შენთან ვართ. 
პასუხად ვიღიმი, ჩემთვის კი ვფიქრობ: "ნიჭიერი არა ჩემი ფეხები, კი ჩავაბარებ და გრანტს თუ ვერ ავიღებ, თქვენ გადამიხდით.."
ასეთი კომბინაციის გათამაშება სადღაც ათჯერ მომიხდა. განსაკუთრებით მწვავედ აღვიქვამ როცა ეკლესიაში ვარ და შესვენებაზე ნახევარი ეკლესია მომვარდება ხოლმე, მსგავსი კითხვებით რომ გადამიყვანონ ჭკუიდან..   

მოკლედ, წინა კვირიდან დავიწყე დიპლომის წერა. თემაა: სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში (ბლოგები). ერთი კვირის განმავლობაში მონიტორინგი უნდა ჩამეტარებინა, მასმედიის ტრადიციული საშუალებებისაგან რამე განსხვავებული ხომ არ დაწერილა ბლოგზე. სიმართლე გითხრათ, დიდი ვერაფერი აღმოვაჩინე და თუ ასე გააგრძელებთ, ეჭვი მაქვს, ჩემი სადიპლომოს მეორმეცე გვერდზე არცთუ სახარბიელო დასკვნას დავდებ. ზოგადად, წერა არასოდეს მეზარება (საერთოდაც, არაფერი მეზარება), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა თემა მაინტერესებს. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა წერას კეთება მირჩევნია. არა, კი ვაკეთებ,  მაგრამ მარტო რომ ვაკეთებდე, და საწერი არ მქონდეს, უკეთესი იქნება. 
ორი თვე მაქვს, დაახლოებით, ნუ, ერთ კვირაში კი დაიწერება, მაგრამ არ მიყვარს რაღაც რომ მაქვს გასაკეთებელი, ამიტომ, აპრილის ბოლოს ყველა ვარიანტში დავამთავრებ. 

იმის თქმა მინდოდა კიდევ, რომ..
რომ..
რომ ცოტა არ იყოს, მიკვირს, როდესაც ადამიანს იცნობ (ასე თუ ისე), ოთხი თვის განმავლობაში ერთმანეთს კვირაში სამჯერ ხვდებოდით (ტკბილი აბიტურიენტობა), მერე ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით წააწყდები და ახლა კვირაში ორჯერ ხვდები და თვალს გარიდებს. მეც ვარიდებ, ოღონდ, ჩემი ბრალი არ არის..   
არადა, ვერ ვიტან ასეთ მდგომარეობას, სულ მგონია, რომ არავის ველაპარაკები გარშემო. არამგონია, წაიკითხოს, მაგრამ თუ შემთხვევით მოხვდა.. კარგი რა, მართლა კარგი რა, ხერხემალი  მიცახცახებს უკვე..   

დღეს წიგნის კითხვაში ისე გავერთე, რომ დამავიწყდა საინფორმაციოები ჩამეწერა, ამიტომ გავედი ახლა, დავუვლი არქივებს, ინფოებს მოვნიშნავ და გადავამოწმებ ხვალ ბლოგებზე. თუ კარგ პოსტს დაწერთ, ჩემს საბაკალავრო ნაშრომშიც მოხვდებით.


4 comments:

clown said...

ცნობისმოყვარეები ვაიი.. :X

ჩორვენი¹³ said...

mtlad ver gavige blogerebisgan ras itxov mara kai jandabas :D
maicn carmatebebi :D

vasasi said...

saintereso postebs masobrivad.. :)

Sophie Golden said...

მე იმავე აზრზე ვრჩები, რომ მაგისტრატურა (საქართველოში) უაზრობაა. თან დამთავრებისთანავე ჩაბარება, ჯობია ცოტა დაისვენო, გაიარ-გამოიარო, უცხოეთი თუ არა, შენი ქვეყანა დაათვალიერო და გაიზარდო. მე ასე ვიქცევი. სკოლის დამთავრების შემდეგაც "დავისვენე" და ახლაც ვაგრძელებ ;)

სადიპლომოც გამოგივა!!! თავიდან ისეთი რთულია ხოლმე და მერე ხვდები, რომ ტყუილად ღელავდი.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger