Friday, March 12, 2010

who am I?


189 წლის ასაკში, მაშინ, როდესაც ცხოვრებისაგან დაღლილი ასსართულიანი შენობის სახურავზე სარწეველაში ჩავჯდები, ჰაშიშს გავაბოლებ და მზეს მივეფიცხები, განვლილ ცხოვრებას გადავავლებ თვალს. 

ვიტყვი, რომ საწყისში სიძნელეების მიუხედავად, ყველაფერს მივაღწიე, რაც მინდოდა. თვითკმაყოფილება მომიცავს იმის გამო, რომ ყველაფერი მე თვითონ!. მიუხედავად ამისა, სადღაც, სიღრმეში მაინც სიცარიელისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მექნება: მე ხომ სამარეში წავიღებ ტვინის გამოუყენებელ 93%-ს?.
დარწმუნებული ვარ, 189 წლის ასაკშიც ვერ ავიტან საქმისადმი უგულისყუროდ მიდგომას.
ჰო, 189 წლის ასაკშიც ხომ საქმიანი ადამიანი ვიქნები?!.

საქმიანი და აქტიური:ვივლი ველოსიპედით, დილაობით ყავას დავლევ, მოვწევ ჰაშიშს და ახალგაზრდა მეს დავცინებ;
გავაკეთებ მუცლის პრესის ვარჯიშებს და ყოველ დილას შევამოწმებ პრესის სიმკვრივეს;
ჩავიცვამ დახეულ ჯინსს, წითელ და მწვანე კედებს, მარჯვენა ყურზე უბრალო საყურეს გავიკეთებ, დავქოქავ ჩემს "კოროლას" და პალმებიან გზას გადავუფრენ;
მივალ სამსახურში, სადაც მორიგი სიუჟეტი მექნება გასაკეთებელი საკუთარ თავში ჩაკეტილ ახალგაზრდებზე, ჯერ რომ არ შესრულებიათ საუკუნის მეხუთედი;
ტექსტი სარკასტული იქნება, სიუჟეტის ნახვის შემდეგ კი BBC-ს შესასვლელთან დამხვდებიან შეურაცხყოფილი ახალგაზრდები,  მე კი ზემოთა სართულიდან გადმოვხედავ ზვიადად და  მეთხუთმეტე სართულზე ჩემს კოროლას თითის ტკაცუნით გამოვიძახებ;
ვივლი დისკოტეკებზე ჩემს ბებერ დაქალებთან ერთად;
სახლში დაბრუნების შემდეგ ორი საუკუნის წინანდელ ბრიტანულ მუსიკას ჩავრთავ ცენტრში და მეზობლის კატას თავს ჩამოვახრჩობინებ;

გულიც დამწყდება..
დამწყდება იმაზე, რომ ასეთი ხანგრძლივი და უზრუნველი ცხოვრების შემდეგ ტენჩტეტლანი ვერ ამოვთხარე, ვერ დავლიე აცტეკების მიერ მომზადებული ჩოკოლატლი და ვერ ვითამაშე ტლაჩტლი დაოსებამდე;
ვინერვიულებ, რომ 3456674-ჯერ ნახვის მიუხედავად, ვერ მოვახერხე "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის იმ ფრესკის ჩაყლაპვა, სპეციალურად ჩემთვის რომ დახატა ლეონარდომ;
გული იმაზეც დამწყდება, რომ 189 წლიანი ცხოვრების მიუხედავად, თავს მაინც მარტოსულად ვიგრძნობ და გამახსენდება ოდესღაც გაგონილი ფრაზა, რომ ადამიანი მარტო კაცია, მარტო იბადება და მარტო კვდება;
ალბათ, გული იმაზეც დამწყდება, რომ ყველა ოცნების ასრულების შემდეგ აღარ დამრჩება ასასრულებელი, მიუწვდომელი სურვილი და ცხოვრება უინტერესო გახდება;

სხვები კი ვერ მიხვდებიან, თუ რატომ შეიძლება ჩემნაირ ადამიანს სიცარიელის შეგრძნება ჰქონდეს?!

და მე მხოლოდ ჩემი ცხოვრების მეორე საუკუნის ბოლო ოცწლეულში ჩამბარდება საკუთარი მე - ნებაყოფლობით. სწორედ ამიტომ შემიყვარდება ასსართულიანი შენობის სახურავი, საიდანაც მსოფლიო ხელისგულზე მოჩანს.

ხანგრძლივი დაკითხვის, ბრალდებისა და აღიარების შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედავ ჩემს ცხოვრებას და მერაღაცამდენე მილიონჯერ დავუსვამ საკუთარ თავს რიტორიკულ კითხვას: ვინ ვარ მე?.
ბუნებრივია, პასუხი არ მექნება.

მიუხედავად ამისა, ყოველ შაბათ-კვირას ავალ საკუთარი ასსართულიანი შენობის სახურავზე, დავლევ იტალიურ ესპრესსოს, გავაბოლებ ჰაშიშს, გადმოვხედავ მსოფლიოს, მზეს მივეფიცხები, ჩავრთავ "All You need is Love"-ს და ვიგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ..  :) 


10 comments:

თაკა said...

ვაიმე რა კარგი იყო.მართლა ძალიან კარგი იყო.შემშურდა იმ შენი 189წლის მესი,მართლა შემშურდა :">

clown said...

სიამოვნებით წავიკითხე ^^

Zurriuss said...

არადა, გარეგნობით სულ სხვანაირი ჩანხარ :)))

nakrina said...

რა დიდი საიმოვნებით წავიკითხე.....
:)

vasasi said...

Zurriuss: არც ვარ ეგეთი..
უბრალოდ, მინდა რომ 189 წლის შემდეგ ასეთი ვიყო.. :)

Natalia said...

I loved it <3

maimunebi said...

ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა. არადა ახლა რომ დავფიქრდე სულ არ მცალია. )) ამ ბოდვით იმის თქმა მინდა, რომ კარგი ხელი გაქვს (თუ კლავიატურა) ))

Sophie Golden said...

მეც ამ იმედით ვარ, რომ სიბერეშიც ვიცეკვებ ;) 189 არ მინდა, 120 წლამდე მინდა სიცოცხლე.
ALL WE NEED IS LOVE - ამის გარდა სხვა რა უნდა მინ(გვინ)დოდეს????

Agasfer said...

რა კარგი პოსტია :))

Michael said...

კარგია ასეთი სიცოცხლის მოყვარულობა :))
ისე 189 კარგი იქნებოდა. თუ ეს ასაკი ყველასთვის საშუალო და ჩვეულებვრივი მოვლენა გახდება :)) ისე არ მინდა

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger