Monday, April 5, 2010

ჩვენც წავალთ

ყოფილხართ დილაადრიან სასაფლაოზე?

აი, ალიონზე. კაციშვილი რომ არ ჭაჭანებს ირგვლივ, შენ კი, შენი მიცვალებულების საფლავამდე მისასვლელად საგრძნობლად გაზრდილი ქალაქი უნდა გაიარო - მკვდართა ქალაქი.

დღეს დილით გორში გავედით საფლავზე. მერე ძეგვში უნდა წავსულიყავით და ყოველ აღდგომას ასე ხდება. ეკლებით მოფენილ გზაზე მივდიოდი და პირველად გამიელვა თავში, თუ რა სევდიანი ადგილია სასაფლაო.

ჩვენთან რომ მივედით, რაღაც, გული დამწყდა. დედაჩემი სანთლებს ანთებდა და თან ხმამაღლა უყვებოდა ამბებს: მაგალითად, ჩემი ძმა რომ ჯარისკაცია და რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად თავისი ნებით და სურვილით წავიდა და ა.შ. 
ჰოდა, გული ამიჩუყდა.

გული ამიჩუყდა მაშინაც, მამიდას მაშინ შევხედე, როცა დედამისის საფლავზე ჩუმად, მაგრამ გულამოსკვნით ტიროდა. 33 წლისა გარდაიცვალა თამარა ბებო (მამამ მისი სახელი დამარქვა), მამა 8, მამიდა კი - 3 წლის იყო. აღარც კი ახსოვთ.. ძალიან მომინდა, რომ მამიდას ჩავხუტებოდი, მაგრამ შემრცხვა

ვფიქრობდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ნამდვილი ბებო 70-80 წლის ასაკში, როგორ ჩამეხუტებოდა, როგორ მომეფერებოდა.. გული დამწყდა მარგალიტა ბაბოზეც (მოფერებით, მარგუშას ვეძახდი), 4 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა, მაგრამ, ფაქტობრივად, არ მახსოვს. . 

არც პაპა მახსოვს. 

არც ერთი. 

არა, შოთა პაპა მახსოვს, ზაფხულობით ეზოში დაჯდებოდა ხოლმე, ტახტზე. ისიც მახსოვს, ხათოს რომ ეუბნებოდა ჩემზე, არ გააბრაზოო (ჩამოკიდებული ვიყავი მასზე, მელას თავისი მახრჩობელა უყვარს პრინციპით)..

ჰოდა რა?!

არაფერი. ბიძაჩემი ამბობს ხოლმე, როცა სსაფლაოდან მოვდივართ, რომ იქაც ერთი დიდი ქალაქია, მიცვალებულთა ქალაქიო. დღესაც რომ გაიმეორა, რაღაც, ძლიერად ვიგრძენი, რომ მართლა ასეა.

არ ვიცით, იქ როგორია ცხოვრება, ან არის თუ არა, როგორ ცხოვრობენ?

საინტერესოა, როცა ჩავალ იქ, როგორ იქნება.’

ალბათ, გამოემეგებებიან სახლიდან, პაპაჩემი პატარა ტაბლას დამიდებს, დაიღლებოდიო, ბებიაჩემი, სასწრაფოდ დატრიალდება, ნამგზავრი ხარ, მოგშივდებოდა, ბებოო და ხაჭაპურს გამომიცხობს ან მჭადებს შემიწვავს. მერე ფანჩატურში დავსხდებით და მე ღმურძვლა-ღმურძვლით მოვუყვები აქაურობის ამბებს.

მერე ბებოს გასაცნობად წავალ. თამარა ბებოსი.
ხელს ჩამოვართმევ, ის კი ჩამიხუტებს..
ჰო, ჩამიხუტებს. მე ხომ მის შვილებზე გაცილებით დიდი ვიქნები..
შვილიშვილის სტატუსით!..

მერე?..
არ ვიცი მერე..

გუშინ დამარტყა, რომ თელავშიც გავლენ სასაფლოზე.
ორი წლის ნინია კვერცხს გაუგორებს საფლავზე და ეტყვის: დედა, მამა, ქრისტე აღსდგაო!..

ჰო, სევდიანი ადგილია სასაფლაო..
მხოლოდ მაშინ, სანამ ცოცხლებით ახმაურდება, ცოცხლებით, რომელთა უმეტესობას მიცვალებულები მხოლოდ შავ ორშაბათს ახსენდებათ..


9 comments:

clown said...

დღეს მეც ვიყავი სოფელში და ძალიან დავიღალე :შ

ხოდა პოსტის ბოლო სასტიკად არ მომეწონა :შ
არ მიყვარს სიკვდილზე ფიქრი :|

Nataly said...

რა სევდიანი პოსტი იყო :(

tammo said...

ადრე თუ გვიან ყველა წავალთ, მთავარია აქ ვის დავტოვებთ.......

კარგი გოგო ხან შენ თამარა......

nakrina said...

რა სევდიანი პოსტი იყო.....
შენი მამიდა მეც შემეცოდა.... ძნელია, როცა ბავშვობის მოგონებები დედაზე ფაქტობრივად არ გაქვს :(((((((((((((

როდრიგო said...

როგორ მაინტერესებს სიკვდილის შემდგომ რა მოხდება, ძალიან ძალიან, ჩემს ბებოს ვნახავ იქ..
კარგია ვასასო.

utvino said...

ar miyvars sasaflaoebi
me da chemi da sent itemss vedzaxit
kremaciis momxre var
magram ver warmomidgenia vinme axlobeli rom gardamecvalos rogor unda davwva :(

გურამი said...

სევდიანი.. ც არის. მაგრამ მემგონი ყველაზე მყუდრო ადგილია. არანაირი ხმაური არ აღწევს აქამდე და მარტო ქარის სისინი თუ შეარხევს შენი ყურის მემბრანას. :) ორშაბათს იმოდენა ხალხი იყო კვერნაკზე რომ მანქანები ორივე მხარეს იდგა და პატრული დაბნეული იხედებოდა აქეთ-იქით "შავი გოლფი, იმოძრავე! იმოძრავე შენ გელაპარაკები! დროზე კაცო! აუ, ქალი ყოფილა.."

Sophie Golden said...

ყველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასაფლაოს, ანუ ჩემს ახლობლებს ვგულისხმობ, რომლებიც უმეტესობა ქრისტიანები ან ებრაელები არიან :|

მე კიდევ არ მესმის და ვერაფერს ვგრძნობ, იქ რომ მივდივარ. მგონია, რომ ადამიანი სულია და საფლავთან კავშირი არა აქვს, ისევ ადამიანებს სჭირდებათ, რომ რაღაც ადგილი ჰქონდეთ, მივიდნენ და გარდაცვლილებთან ახლოს იგრძნონ თავი.

სიყვარულოვნა said...

სევდიანი პოსტია. რარაც მომენტში თითქოს ცრემლები წამომივიდა და მიხვდი,რომ აი ძალიან ბედნიერი ვარ ამდენი ადამიანი რომ არ დამიკარგავს.ჩემი მშობლების მშობლებიდან ანუ ბებია-ბაბუებიდან მხოლოდ დედიკოს მამაა გარდაცვლილი და მის საფლავზე გავდივართ ხოლმე

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger