Thursday, April 22, 2010

ყვითელი, ყვითელი, ყვითელი

თუ ჯოზეფ პულიცერი არა, ვინმე სხვა აუცილებლად გამოიგონებდა. ალბათ, ზუსტად ისეთს, როგორიც დღეს არის. უბრალოდ, ამ ადამიანმა დაასწრო სხვებს, გაითვალისწინა ადამიანური ცნობისმოყვარეობა და..

და საუკუნეზე მეტია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია იყიდო პრესა ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალებით. მსოფლიო ყვითელ პრესას არ შევეხები, ჩვენებურზე გავამახვილებ ყურადღებას.

სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრესა არ არსებობს. აი, ქართულ ყვითელ პრესას რამდენიმე ობიექტი ჰყავს. ერთ-ერთ მათგანზე კიდეც ვწერდი, თუმცა, არ გასულა დიდი ხანი, რომ მსგავსი ნიუსური ფორმის სტატია კიდევ დაიდო საიტზე. არც მეტი, არც ნაკლები, პირველი განსახილველი თემა ქეთა თოფურიაა. ქართველი ჟურნალისტები გამუდმებით ინტერესდებიან მისი ადგილსამყოფელით, შეყვარებულებით, სვირინგებით, ბენტლებით, მოგზაურობებით, თავგადასავლებით და გასამართლებელ საბუთად მოჰყავთ, რომ საზოგადოებას ქეთას პირადი ცხოვრება აინტერესებს. არადა, ხალხს ისევე ”ჰკიდია” თოფურიას ყოველდღიური წვრილმანი, როგორც ჩინელი სახელგანთქმული მომღერლის - ჯი ცუ ჩენგისა.

მეორე ადგილი, ალბათ, დამსახურებულად ეკუთვნის დარდიმანული სიმღერების დედა-დედოფალს (დედა იმიტომ, რომ ყვითელი პრესა იუწყება, კონკურენტი გამოუჩნდაო) ნინო ჩხეიძეს. ნინო ყოველ ნომერშია გამოჭიმული და, რადგან თოფურიასნაირი ფართო გასაქანი არა აქვს, ერთსა და იმავეს ლაპარაკობს, ოღონდ - შეცვლილი თანმიმდევრობით.

ერთსა და იმავეზე გამახსენდა: კალაძის ოჯახობა ისე ვერ ჩამოსულა საქართველოში, რომ საცოდავი ორი კვირის მანძილზე მათთან 235-მა გაზეთმა 2356432 ინტერვიუ არ ჩაწეროს. არეშიძესთან კითხვებში აუცილებლად შედის, თუ რატომ დაანება თავი მოდელობას და ისიც, უკვე მერამდენე წელია, ამაყად პასუხობს ერთსა და იმავეს. კალაძე და არეშიძე იმიტომ ვახსენე, რომ გორში მივდიოდი ერთი კვირის წინ და ჩემს გვერდით ქალი იჯდა, ”თბილისელები” ეჭირა. ჰხოდა, ფართოდ იყო გამოტანილი სათაური: ”რა ხდება კახა კალაძესა და ანუკა არეშიძეს შორის?” ჩემი მოკრძალებული აზრით (არ ვიცი, შეიძლება ვცდები) მათ შორის ის უნდა ხდებოდეს, რაც ნებისმიერ ცოლ-ქმარს შორის, მაგრამ ქართულ პრესას კალაძესა და არეშიძეს შორის მომხდარი ”რა” ისე არაჩვეულებრივად ეჩვენება, რომ ფურცლების დათმობა არ ენანება.

თოფურიასა და ჩხეიძეს რა უშავთ, ასე თუ ისე ცნობილები მაინც არიან, მაგრამ უკვე მერამდენე წელიწადია, რაც ერთი მოკრძალებული კითხვა მაწუხებს: ვინ არის ეკა გაგნიძე, მისი ფოტოებით რომ არის აჭრელებული ”სარკე”, ”თბილისელები”, ”რეიტინგი”... თან ორ კვირაში ერთხელ. ჩვენ უკვე ზეპირად ვიცით, რომ ეკას მანქანა მამამ, ნომრები კი მეგობარმა მამაკაცმა უყიდა, მეორე ნომერში მისი კრახით დასრულებული პირველი ქორწინებისა ამბავსა და გმირი დედობის ამბავს გავიგებთ, აი, თუ შემდეგ ნომერს წავიკითხავთ, შევიტყობთ, თუ სად გაშიშვლდება ის სიამოვნებით.

სხვათაშორის, ბოლო დროს ერთი საინტერესო ტენდენცია შევნიშნე: ჟურნალების ბოლო გარეყდაზე ადრე ნახევრად შიშველი უცხოელი მოდელები იბეჭედბოდა. ახლა ქართველები გამოჩნდნენ: მსუქნები, ჩაპუტკუნებულები, მოკლე კაბებით (თან ხელებს რომ იფარებენ) ზაფხულში თეთრი, ბროლის ფეხებით, ფეხებზე წითელი მანიკურებით, გაშლილი შავი თმებით, გამოწეული ტუჩებით. იქვე ბრჭყალებში მოტანილი მათი კომენტარია. მაგალითად: ”მამაკაცებმა შემაწუხეს”, ან: ”ქართველი მამაკაცები არ მიზიდავენ”, უკეთესი: ”თორმეტი წლიდან მამაჩემი, სახლიდან რომ გამოვდივარ, დაცვას მაყოლებს”.

ალბათ, ოთხი-ხუთი წელია (რაც ”ეტალონომანიას” მოვეშვი) პრესა არ მიყიდია, ეს ყველაფერი გარეკანებზე მაქვს ნანახი. უკვე ორი თვეა, რაც, ქართული პროზის საგანძურის გამო, ჟურნალ ”გზას” ყიდვაც მიწევს. პირველად რომ ვიყიდე, გადავათვალიერე და კინაღამ გულმა დამარტყა. ერთ საინტერესო ფრაზას ვერ ნახავ შიგნით. პირველი 10 გვერდი ქაჩავს, მერე რომანები და ე.წ. რეალურები იწყება, ფაქტობრივად, სერიალია გაზეთში. თან რაღაც, იდიოტური რუბრიკა აქვს: მოგვწერეთ თუ რაღაც და თინეიჯერები წერენ ერთმანეთს რაღაცებს, ჭკუაზე არ არიან. კინაღამ გადავირიე.

ახლა ეს რომ პრესის წარმომადგენლებმა წაიკითხონ, მეტყვიან, რომ ეს გაზეთის გასასაღებლად კეთდება. სხვათაშორის, ოთხი-ხუთი წლის წინ რომ ვყიდულობდი ”რეიტინგს”, ყვითელთან ერთად, შემეცნებითი სახის სტატიებიც ეწერა.

ჰო, ეს არის ქართული ყვითელი პრესა. უკეთესი არც უცხოური იქნება, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იქ ბეჭდურ მედიას სერიოზულადაც უდგებიან.


13 comments:

როდრიგო said...

სახალისო პოსტია!

ერთადერთი ქართული პრესიდან "ცხელ შოკოლადს" ვყიდულობ რეგულარულად. დანარჩენის სახელები კარგა ხანია მოვისროლე მეხსიერების ნაგვის ურნაში!!

ვანო said...

პოსტი მომეწონა :) პრესას დიდი ხანია არც მე ვკითხულობ, მეც ქართული პროზის საგანძურის გამო ვყიდულობ ამ ბოლო დროს გზას :) ისე გასაღების კარგი მეთოდი მოიფიქრეს

ნან said...

lol

სინამდვილეში კარგი ტაბლოიდის გაკეთება ძალიან ძნელია, მართლა.
ის რაც ქართულ მედიაშია, ყვითელი გამოცემები, საშინელებაა. უბრალოდ ვერ ვკითხულობ, ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე ვამბობ, თავი მტკივდება მაგრად.
შეიძლება კიდე ბომოონდის ან კოსმოს წაკითხვა, დანარჩენები ნაგავია.

ელენე said...

დიდი ხანია შენს ბლოგს ვკითხულობ...მარტო იმიტომ არა რომ მეც გორელი ვარ, იმიტომ რომ მენატრება ხოლმე შენგან ამბების "მოყოლა"...როცა მეზობლებზე წერდი, როგორ ჩანან ისინი საღამოობით ფანჯრებში -ბევრი ვიცინე და ჩემი თავი წარმოვიდგინე შენს ადგილას, შენს სადიპლომოზე მეც ვღელავ, ის "გაზის ავი წარმომადგენლებიც" მახსოვან... და კიდევ ბევრი რამ...მოკლედ ვფიქრობ შეგხვდები გორის ქუჩაში ერთხელ მაინც და ნაცნობივით გამოგელაპარაკები...რაც შეეხება "გზას" მეც მე-4 ტომიდან დამიგროვდა და ადგილ-ადგილ მოროშკინას ავტობიოგრაფიულს ვკითხულობ...ეხ...
რაც

vasasi said...

ელენე: დიდი მადლობა, რაღა დაგიმალო და, მოულოდნელი იყო ჩემთვის შენი კომენტარი.. :)

შევხვდებითთ რომელიმე კვირა დღეს ქუჩაში..

თუნდაც, მესამე სკოლასთან.. :)

clown said...

პრობლემა ისაა რომ სასტიკი რაოდენობით იყიდება :))

კოპალა said...

კარგი პოსტი იყო, ამაზე მეც ბევრი მიფიქრია და ხანდახან არ ვიცი, რატომ მაგრამ მეჩვენება ხალხი ისე დაიღალა ფიქრით ურჩევნია ასეთი "ერჯერადი"სისულელეები წაიკითხოს, მე გაზეთში მუშაობდი და ვიცი ხალხი მგონი გაურბის პრობლემებს, უკვე გაზეთი კი არა გადაცემებიც ყვითელი უფრო ტეიტინგულია, ვიდრე ანალტიკური,
გაზეტი გათვლილია მომხმარებელზე და რასაც მასა ითხოვს ის იწერება.თუმცა არა ვიტელი გამოცემებიც ბავრია , მაგრამ ისინი ზედმეტად პოლიკტიკურებია, და შუალეური გამოცემა უფრო ალბათ კვირის პალიტრა.
ესეც ჩემი მოგრძალებული აზრი :))))

Zurriuss said...

ვასასი დეიდა, კაცი გაიჩინე და სხვების ყვითელი თეთრეულის კითხვასაც შეეშვები :))))

ეხ, რა დრო იყო, უნიში ყოველ ლექციაზე რომ ვათახსირებდით ყვითელ პრესას!.. :)

Lord Vader said...

ჰო... მაგრამ სერიოზული პრესა არ არსებობსო ნამდვილად არაა ასე.
ისეთმა ნაკლებადქართულიპრესისმკითხველმა ადამიანმაც კი, როგორიც მე ვარ შემიძლია დავასახელო რამდენიმე.
თუნდაც: http://bit.ly/9VJzep

Sophie Golden said...

ლოლ
ყვითელი პრესა ეგაა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მსგავს სისულელეებს ბეჭდავენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ფოტოები უკეთესი ხარისხისაა და მენტალიტეტი აქვთ ცოტა განსხვავებული.
აუ, ტუჩებგადმობუშტულ და ულვაშიან გოგოებზე მეც მაგრად ვკაიფობ ხოლმე :D ყველა რომ ერთსა და იმავეს ამბობს მართლა, კაცებმა შეაწუხეს, ან 14 წლის რომ გათხოვდა და ცხოვრების სიყვარული ახლა იპოვა, მარაზმი.

nakrina said...

ჟურნალი გზა მეც იგივე მიზეზით დამიგროვდა და ზუსტად დღეს დილით გადავწყვიტე, თვალი გადამევლო. ანალოგიური რეაქცია მქონდა და შთაბეჭდილებაც შესაბამისი. ზოგადად, ჯი ცუ ჩენგი (თუ ვინცაა) შესაძლოა უფრო დამაინტერესედეს, ვიდრე ქეთა და მისნაირები.
წინა კვირას მგონი გიმნაზიაში დაგინახე :)

vasasi said...

nakrina: მერე რატომ არ მოხვედი?.. კი, ვიყავი გიმნაზიაში და სულ მანდ დავდივარ ხოლმე.. :)

რომ დამინახავ მოდი რა, გეხვეწები.. :)

Zurriuss: ჯერ შენ, მერე მოგბაძავ მეც.. :P

nino said...

საინტერესო და სამართლიანი ადამიანი ხარ,მომეწონა შენი ბლოგი:):)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger