Sunday, April 25, 2010

ყველაფერს თავისი ასაკი აქვს, ანუ...


დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში მშობლები თუ კეთილისმოსურნეები მარტო მე არ მაიძულებდნენ მეკითხა წიგნები, რომელთა შინაარსი არ მესმოდა. 

მიზეზი მარტივია: ან მეზობლის შენხელა ბავშვი კითხულობს და აბა, ხომ არ ჩამორჩები, ან უნდათ, რომ თანამშრომლებსა თუ მეგობრებში შენი ნიჭიერებით იტრაბახონ ან..

ან არ ვიცი რა.

საბოლოოდ, ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ რიგი წიგნები შემძულდა. აქამდე არ წამიკითხავს და, არც არასოდეს წავიკითხავ.

ერთ-ერთი ასეთია "გმირთა ვარამი", რომლის კითხვასაც რვა წლის ასაკში მაიძულებდნენ მარტო იმიტომ, რომ ერთ ჩემს კლასელს ჰქონდა წაკითხული და ხომ არ უნდა ჩამოვრჩენოდი? მახსოვს, პირველი შოკი მაშინ მივიღე, გიორგი რომ საკუთარი ძმის ცოლს შეირთავს  და მერე შვილი ეყოლებათ. წიგნი ვერ გავიგე და მივაგდე, თან ისე მივაგდე, რომ აქამდე არ გადამიშლია!

მსგავსი ზეწოლა მეტი აღარ მახსოვს, თუმცა, არსებობს არასწორი შეხედულება წიგნების შესახებ. არ ვიცი, რატომ მიიჩნევენ, რომ "გულივერის მოგზაურობა", "დონ კიხოტი", "ოდისეა" ან, თუნდაც, შექსპირის პიესები, საბავშვო ნაწარმოებებია და ბავშვმა ათ წლამდე უნდა წაიკითხოს.

რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ ბიბლიოთეკის ჭია ვარ (ახლა განსაკუთრებით, რადგან სახლში აღარაფერი დამრჩა წასაკითხი) და მახსოვს, სადღაც 10 წლის რომ ვიყავი, როგორ მირჩია "გულივერის მოგზაურობა" ბიბლიოთეკარმა. წაკითხვით წავიკითხე,  მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული რომ დავრჩი, აშკარაა (უფრო მეტი ვერ გავიგე).

მსგავსი რამ დამემართა "დონ კიხოტის" შემთხვევაშიც, როცა 12 წლის ასაკში შევეჭიდე. პირველი ტომი ნახევრამდეც ვერ ჩავამთავრე, კინაღამ გავგიჟდი. სამაგიეროდ, უნივერსიტეტში მომიწია მისი ხელმეორედ წაკითხვა და ვერ გამოვხატავ, რა ემოცია გამოიწვია ჩემში. აქამდე მაქვს გამოყოლილი.

ნაადრევად წაკითხული გარდა, არის წიგნები, რომელთა გაცნობა, მე პირადად, დავაგვიანე. მაგალითად, "სამი მუშკეტერი", "დედოფალი მარგო" და ა.შ. მათ 17 წლის ასაკში გავეცანი და ზედმეტად ბავშვური აღმოჩნდა ჩემთვის (ეს მაშინ, როდესაც 11 წლის ასაკში წაკითხული "გრაფი მონტე-კრისტო" დღემდე ტკბილ მოგონებად მახსენდება).

საკუთარი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ ყველა წიგნს თავისი ასაკი აქვს. არ არის საჭირო ბავშვის იძულება წაიკითხოს ის, რაც არ ესმის და რაც მის გონებაზე მძიმე დაღს დაასვამს. ვურჩიოთ მათ ასაკისათვის შესაფერისი წიგნები, რათა ნორმალურად განვითარდნენ.


10 comments:

Da-v-iD said...

მართალია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ნოდარ დუმბაძე. მე2 კლასში ვიყავი დედაჩემმა "გიგილო" რომ წამიკითხა. იმდენი ვიხარხარე და ისე მომეწონა რომ გადავწყვიტე პირველი დამოუკიდებლად წაკითხული წიგნი დუმბაძის ნოველები იქნებოდა. ასეც მოხდა, პირველი წიგნი რომელიც ჩავიკითხე ეს "მე,ბებია, ილიკო და ილარიონი იყო". დუმბაძეს არააქვს ასაკობრივი შეზღუდვა. ის გახსნილია ყველასთვის

clown said...

წიგნები აუცილებელია, მაგრამ ასაკთან შესაფერისი...

გულივერის მოგზაურობა წავიკითხე მესამე თუ მეოთხე კლასში, მეც უკმაყოფილო დავრჩი :|

აი გმირთა ვარამი სამი წლის წინ წავიკითხე.... არ მომეწონა და აღარც ვაპირებ წაკითხვას... :X

ხოდა მშობლები საშინლ,ად სცდებიან როცა თავიანთ შვილებს სხვა ბავშვებს ადარებენ... :|

მე ერთხელ წავიკითხე მაგაზე ლექცია და შეწყვიტა დედაჩემმა ეგეთები :|


აი პაპაჩემს კიდე ვე მოვაშლევინეთ :|

Zurriuss said...

"კეთილისმოსურნეები" ერთი სიტყვაა :))

michael said...

ჩემი პირველი წიგნი იყო "გულივერის მოგზაურობა" პირველ კლასში წავიკითხე...
რათქმაუნდა წიგნები ასაკის შესაფერისი უნდა წაიკითხო, საბედნიეროდ მე ასაკისთვის შეუფერებელი არაფერი წამიკითხავს და შესაბამისად წიგნები არ შემძულებია...
საერთოდ დაძალება არაფერში არ ვარგა მაგრამ ჩემ პატარა დას ვერაფერი შევაგნებინე 11 წლისაა და ვერაფრით შევაყვარე წიგნი,ასე ამბობს რა საჭიროა წიგნი როცა ფილმით და კომპიუტერული თამაშებით უფრო ადვილია გართობაო...
ტომ სოიერი ძლივს წავაკითხე, ბოლოს რომ ვკითხე მოგეწონა თუ არა მეთქი... ისე რაო... არადა ჩემი ბავშვობის ფავორიტი წიგნი იყო... რთულია ბავშვებთან ურთიერთობა, მითუმეტეს ახლა ყველა ინტერნეტის კომპიუტერული თამაშების გავლენას და ტელევიზორიზაციას განიცდის :))

vasasi said...

Zurriuss: შენიშვნა მიღებულია.. :)

ნასტასია said...

ყველაფერს თავისი ასაკი, კი, მაგრამ ზოგადად მანდ ის პრინციპიც მუშაობს, ,,წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული'', და თან უნდა შეიყვარო და მე მაპატიოს მთელმა ერმა თუ კლასიკა შექსპირის კითხვას ზვიად რატიანის კითხვა მირჩევნია...

მოკლედ, მთავარი განწყობა და შინაგანი მზაობაა :)

nakrina said...

ბავშვობაში უფრო ინტენსიურად ვკითხულობდი, ვიდრე ახლა. მშობლებს ნამდვილად არ დაუძალებიათ არაფერი, პირიქით, დედა მიკრძალავდა კითხვას, სანამ გაკვეთილების სწავლას არ მოვრჩებოდი. პირველი წიგნი ტომ სოიერი იყო. მერე მახსოვს, სადღაც მე-9 კლასში ”ამაოების ბაზრის” კითხვას შევეჭიდე და ბოლოში დიდი ვაი-ვაგლახით გავედი, ისიც იმიტომ, რომ კლასელმა მითხრა, შანსი არ არის, 100 გვერდზე მეტს ვერ წაიკითხავო. აშკრად ასაკის შესაბამისი არ იყო.

ელენე said...

საინტერესო პოსტია... მეც ხშირად მიფიქრია ამაზე... რა შევთავაზო ჩემს 17 წლის გოგოს? ან 12 წლის ბიჭს?...მე რაც წავიკითხე და ერთ დროს ვგიჟდებოდი ახლა მიკვირს... რატომ უნდა დავაძალო, რომ ჩემმა შვილმა წაიკითხოს "ანნა კარენინა", "დიდი სახლის პატარა დიასახლისი" ან "მადამ ბოვარი" ?! არადა მე ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე ეს წიგნები და მახსოვს იმ განცდებით რამდენ ხანს ვცხოვრობდი...

პირველი რაც წავიკითხე 9-10 წლიდან(ზღაპრების შემდეგ) ეს იყო ნარგიზა მგელაძის "უცნობი ბიჭის დღიური" და ამას მოჰყვა "ერთი სიყვარულის ქრონიკა"...
რაც შეეხება დუმბაძეს - შეუცვლელია, მე ჩემს მოსწავლეებს "ჰელადოსით" შევაყვარე კითხვა...

ელენე said...

...ანუ, ყველაფერს თავის ასაკი აქვს და კიდევ, ხდება გემოვნების შეცვლა თაობებისა და ფასეულობების შეცვლაც...

სიყვარულოვნა said...

ჩემი პირველი წიგნი მეფე მათიუშ პირველი იყო. გაგრძელებაც ჰქონდა. და ძალიან ვისიამოვნე. ცეხელა ბავშვი გამეფდა და მის ისტორიებს ვკითხულობდი.თუმცა საკმაოდ სერიოზული იყო და ბევრი რამ ვერ გავიგე. დღეს ვერარ ვპოულობ იმ წიგნს. ამის მერე წავიკიტხე პეპი და კარლსონი და ძალიან ვიხალისე თუმცა ზღაპრად მიმაჩნდა და სერიოზულ ნაწარმოებად ვერ ღვიქვამდი. არასოდეს დამიჯერებია უფროსებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ წიგნს მირჩევდნენ. პირველი თავს აქვს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. და უ არ მომეწონა იმას მეორეჯერ ვეღარ მივუბრუნდები.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger