Wednesday, July 7, 2010

დიმა, ეს განათლებაა!


განათლების სისტემაში საინტერესო რეფორმები მიმდინარეობს. მათი გაშუქება ყოველთვის მინდა, მაგრამ სამინისტროში არ მიშვებენ. მოტივი ძალიან მაგარია: შაშკინის პრეს-სპიკერს - ნინო პოტრჟებსკაიას ოპოზიციონერი ვგონივარ და შავ სიაში შემიყვანა.

რადგან სიუჟეტებით ვერ ვამბობ, გადავწყვიტე, ბლოგზე დავყარო თემები, რომლებიც ძალიან დიდ პროტესტის გრძნობას მიჩენს. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს განათლების სისტემა. რაღაც ახლის შექმნის მცდელობა იყო ლომაიას დროს (ესტონური მოდელი), მაგრამ კაცს, უბრალოდ, არ აცალეს. რაც შეეხება შაშკინს, მისი ყოველი ახალი ინიციატივის შემდეგ, ვახტანგ ჯავახაძის ერთ-ერთი ლექსის ფინალი მახსენდება, მთავარი გმირი ტყემალზე ატამს რომ მიირთმევს და ფორთოხალი ჰგონია.

მინდა, ბატონი დიმიტრი შაშკინის რამდენიმე ინიციატივა შემოგთავაზოთ:

1. სკოლებში მანდატურების შემოღება - ამ ადამიანებს ხელფასი 500-600 ლარი აქვთ მაშინ, როცა მასწავლებლების ხელფასი 250 ლარია. თუმცა, პედაგოგებისაგან განსხვავებით, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება, რა ფუნქციას ასრულებს ეს ხალხი;

2. ვარსკვლავებიანი სკოლები - ზოგიერთმა სწორად იკითხა: ვერ გავიგეთ, სკოლებია თუ სასტუმროებიო. შაშკინი გიპასუხებთ, რომ ეს სკოლებია, რადგან საუკეთესო სასტუმროს მხოლოდ მხოლოდ ხუთი ვარსკვლავი აქვს, სკოლას კი ათი ექნება;

3. სკოლებიდან მასწავლებლების მასობრივი გათავისუფლების პროცესი დაიწყო. როგორც ია ანთაძემ გვითხრა, პროცესი 2 ივლისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გადაავადეს. სამინისტროდან ოფიციალური ბრძანება არ არსებობს და შაშკინი აცხადებს, რომ მსგავსი დირექტივა არ გაუცია და არც არასოდეს გასცემს (იხ. ”24 საათი”). პირად საუბარში სკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მასწავლებელთა გათავისუფლება სამინისტროს სიტყვიერი მითითება იყო (მოდი და ნუ შეასრულებ). ცხადია, რომ სამინისტროს უნდა, საქმიდან გაუსვრელი გამოვიდეს (მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ თანამშრომლების განთავისუფლების სურვილმა სკოლის დირექტორებს მთელს საქართველოში, ერთდროულად წამოუარათ). პროფკავშირში გვითხრეს, არის ინფორმაცია, რომ გამოთავისუფლებული თანხებით მანდატურების ხელფასის გაზრდას გეგმავენ.
P.S. რა თქმა უნდა, მასწავლებლების დიდი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, გასათავისუფლებელია, მაგრამ პროცესი სამართლიანად არ მიმდინარეობს. დირექტორი ტოვებს არა პროფესიონალებს, არამედ, იმ მასწავლებლებს, რომლებიც კარგად ადუღებენ ყავას, კარგად ჭორაობენ, კარგად ასმენენ კოლეგას, კარგად უძვრებიან ერთ ადგილას და ა.შ.

4. დღეს დილას საოცარი ინფორმაცია გავიგე: თურმე, განათლების სამინისტრო არააკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების აღიარებას აპირებს. დიდი ბოდიში, მაგრამ მაინტერესებს, ამის შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები რა საჭირო იქნება? გამოდის, რომ ის ადამიანები, ვინც გამოცდები ჩააბარა იდიოტები ვყოფილვართ.

5. დღეს კი ყველაზე მაგარი რაღაც წავიკითხე: სკოლებში მედპუნქტები უქმდება. მედიკოსების ფუნქციებს მანდატურები შეითავსებენ.

ამ ყველაფრის შემდეგ, მე საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ უახლოეს მომავალში სკოლებში მასწავლებლები აღარ იქნებიან, რადგან სასწავლო დაწესებულის დირექტორის, დარაჯის, მებუფეტის, მედდის, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის ფუნქციას, მანდატურები შეითავსებენ და კრება ისეთი მხიარული დარჩება, როგორც არასდროს.


15 comments:

მარი said...

საშინელებაა. საცდელი ვირთხები ჰგონიათ მოსწავლეები. მასწავლებლებზე აღარაფერს ვამბობ.
არააკრედიტებულ სასწავლებლებზე პორველად გავიგე ახლა. რა თავს ვიკლავდი იმ ეროვნულებზე...

შენ კიდე ოპოზიციონერი ჰგონიხარ და იმიტომ არ გიშვებენ, ესეიგი დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი პოლიტიკური ორიენტაციის გამო.

ნასტასია said...

მოკლედ, განათლება კი არა, ბლოგზე ისეთ თემებზე წერ ხოლმე, სამი დღე რო ილაპარაკო და საკმარისი არ იქნება, ხოოდა, პოსტი მით უმეტეს რო არ ყოფნის ხოლმე :(
მაგრამ რადგან მიზეზი გაქვს რატომაც აქ წერ და რადგან განათლების სისტემა ისაა, რაც მე სასტიკად მადარდებს, დავფიქსირდები, რომ:
მასწავლებელთა დიდი ნაწილი ღრმად მარაზმია და კარგა ხნის წინ იყო გასაშვები.
მასწავლებლებმა უნდა გაიგონ, რომ ბავშვზე მარტო მშობელი არ არის პასუხისმგებელი და მშობელმა უნდა იცოდეს, რომ სკოლაში რაც არ უნდა ისწავლოს ბავშვმა, საკმარისი არ არის და თუ ბავშვმა რამე არ იცის, ეგ მასწავლებლის კი არა, თავისი ბრალია.
არააკრედიტებული უმღლესების აღიარება კი არა, რაც აკრედიტებულია, იმათი რეპუტაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის დასაყენებელი.
არა მხოლოდ მედ. პუნქტები, არამედ ფსიქოლოგებიც გააუქმეს, რაც მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული, მათ ნაცვლად ფსიქიატრებს თუ მიიღებდნენ.
მანდატურები არის ზუსტად ის თანამდებობა, რომელსაც განათლების სისტემასთან არანაირი კავშირი არ აქვს და უფრო მიღრმავებს ეჭვს, რომ ჩვენ ისევ ბოლშევიზმში ვცხოვრობთ და ვიღაცას ძალიან უნდა შიშით და სიფთხილით ცხოვრება გვასწავლოს.

სანამ ამ ყველაფერს ყველა ერთად და ხმამაღლა არ იტყვის და ყველა არ იზრუნებს იმაზე, რომ უკეთ ასწავლოს, ისწავლოს და საერთოდ, მოიქცეს, მანამ მოგვიწევს მშვიდად აღიარება, რომ ჩვენ უბრალოდ ფარჩაკი ნაცია ვართ.

სიყვარულოვნა said...

როგორ მიყვარს შენი პოსტები რაა.ძალიან კარგად წერ. სულ რიხინრიხინით იკითხება. შუა ნაწილში შეწყვეტა რომ არ მოგინდება ისე. ე.ი კარგი ჟურნალისტი ხარ.
ხო რაც შეეხება განათლების სისტემას და მის მინისტრებს. საშინელებააა!!!
სიმართლე გითხრათ ჩემს სკოლაში ჯერ არავინ მოუხსნიათ. ვცდილობდი თვალი მედევნებინა ამ პროცესისთვის და ბევრ მასწ.ს ვკითხე და ჩვენ ჯერ არ შეგვხებია ეგ ამბავიო. სამაგიეროდ დირექტორი ნაციონალურ პარტიაშია = ))
მანდატურები რაღაც მომენტში კარგია. ოღონდ უნდა ჰქონდეთ ტავისი ფუნქცია და სკოლა სასჯელ აღსრულების დაწესებულებად არ უნდა იქცეს. დუბინკებით რო ივლის ეს ხალხი და ყველაფერს ვიდეო თვალით გააკონტროლებს საზიზღრობა იქნება.
მედ.პუნქტი ჩემს სკოლაში გინდა ყოფილა გინდა არა. მედდა ან ბუფეტში იყო ან სახლში. თუ კაბინეტში გამოიჭერდი ნებვისმიერ რამეზე ნახშირს გაძლევდა. თუ გაგიმართლებდა და თავი გისკდებოდა ისე გტკიოდა მაშინ ანალგინის მეოთხედს. მოკლედ ბევრი რამ დასახვეწია არამარტო სკოლაში არამედ მთლიანად რეფორმებში და უნდა ვისწავლოთ მინისტრის სწორად შერჩევა. ვისწავლოთ რა ისწავლონ

clown said...

მეც საშინლად ვარ გაღიზიანებული :|

მასწავლებლების 50% მართლა მოსახსნელია :| მეტი თუ არა :|

vasasi said...

მარი: არადა, არ ვარ ოპოზიციონერი, ჩემი მოკრძალებული აზრები მაქვს ორივე მხარესთან დაკავშირებით მაგრამ როცა ვაფიქსირებ, ხელისუფლების მომხრეებს თავგადაკლული ოპოზიციონერი ვგონივარ და პირიქით..

ნასტასია, როგორ შემიძლია, არ დაგეთანხმო.. :) რაც პოსტში გამოვტოვე (ძალიან დიდი რომ არ გამოსულიყო), შენ დაამატე კომენტარში.. :)

სიყვარულოვნა: გმადლობ კომპლიმენტისათვის..
ჰო, ზოგიერთ სკოლას ჯერ არ შეხებია, მაგრამ წინ არის ყველაფერი. პირადად მე, სკოლა ისე დავამთავრე, იქ არც მედდა, არც ფსიქოლოგი და არც არავინ ყოფილა (რატომ, არ ვიცი). ეგ კი არა, ბუფეტიც არ გვქონდა ნორმალური. ამიტომ, სკოლის გარეთ ვიკვებებოდით. :)

მოკლედ, აღშფოთებას იქით ვარ..
აგერ, ახლა გამოაცხადეს კურიერში, რომ პირველკლასელები კომპიუტერით ისწავლიან. ვერ არის შაშკინი. კომპიუტერით როგორ უნდა ასწავლოს, აზრზე არ ვარ მე. ღლის, თვალებს ატკიებს, არაკომფორტულია და ა.შ.
მოკლედ რა..

Lalena said...

მოკლედ განათლება განისვენებს მშვიდად და სანამ წესიერი ადამიანი არ მოვა მანამ ვიძნებო განაცხადა :)))

სკოლები გადაიქცა სრულ მარაზმად! ჯერ რას ასწავლიანი და მერე ვინ ასწავლის! მასწავლებლების გადამზადების თემა რატომღაც არავის ახსენდება, როდემდე უნდა გამოცვალო მასწავლებელი? მე პირადად ქიმიის აზრზე არ ვარ მხოლოდიმიტომ, რომ მასწავლებელი არასდროს გვყავდა! და აკრედიტირებულ და არააკრედიტირებულ უნივერსიტეტებში, რომ ერთი და იგივე ხალხი კითხულობს ლექციებს ეს საერთოდ რას ნიშნავს? რა ერთგან აკრედიტირებულად კითხულობს და მეორეგან არა?

litterator said...

არ ვიცოდი ეს ბლოგი

მომწონს ძალიან მომწონს, ყველა პრობლემა და ხარვეზი დღის სინათლეზეა გამოსატანი

Taknatuna said...

რაღა დავმალო და უბედნიერესი ვარ სკოლა მოვრჩი წელს, აღარ მექნება არანაირი შეხება. იქ ფეხის მიმდგმელიც კი არ ვარ.
ვერ ვიტან სკოლას. კარგი მოგონებები კი დამრჩა მაგრამ მაინც ვერ ვიტან :|

გურამი said...

მე კიდევ დიმა ობოლაძეზე მეგონა პოსტი. :) ჰო, მასწავლებზლებზე მეც გავიგე.. ნუ, იცი რა ხდება? აი, გასაკეთებელი რომ კიდევ ბევრია ეგ პონტია. თუ არ გააფუჭე, გასაკეთებელი არ გექნება. ასე არაა? :)

ibzzz said...

ახლახანს უშველებელა პოსტი დავწერე და ღმერთმა უწყის რატომ, არ დაიდო. იმას ვწერდი, რომ დიმა ჩემი ლექტორი იყო, ჯიპაში მიკითავდა ”საარჩევნო ტექნოლოგიებს”, სინამდვილეში გვასწავლიდა ხალხის მოტყუებას, გაშავებას,გაპამპულებას,დაცინვას და დამცირებას. 20-25 ადამიანი ვიყავით ჯგუფში და ჩემს გარდა ყველა სიცილ-სიცილით უსმენდა მის ლექციებს, თვითონ კიდე ჩემს სასოწარკვეთილ სახეზე კაიფობდა.

ibzzz said...

ერთხელ ვკითხე (როცა ყვებოდა სოფლებში ბებრებს ეროგორ ახევდნენ ხმებს)- ეს ხო ამორალობაა-მეთქი, მითხრა - თუ ადამიანის მოტყუებას ახერხებ, ესეიგი მან ეს დაიმსახურაო. მთელი ჩვენი ხელისუფლების ლაითმოტივიც ეგ არის. მერე ყვებოდა რატომ დაანგიერს თაბუკაშვილზე უმიზეზოდ საცხოვრებელი სახლი, რატომ გაატავისუფლა მიშამ საბაჟოზე ჩინოვნიკი მუჭების ბრახუნით.. ეს იმხანად ხდებოდა, და ისიც ყვებოდა რა და როგორ ხდებოდა.როგორ ეშინიათ მასების და როგორ სრესენ ერთეულებს და რო ეს პოლიტიკის ღერძულა პრინციპია.

ibzzz said...

უშნოდ გაბღენძილი და გადაპრანჭული, უნაკლოდ ჩამცმული, შავი პიარშიკია და მეტი არაფერი ეხერხება, სინამდვილეში ძალიან ბოღმა ადამიანია. მასწავლებელტა პროფკავშირები მიწასთან გაასწორა, იმ ერთადერთი მოტივით, რო ”მეორე განათლების სამინისტროს არსებობას ვერ დავუშვებდიო”. დასკვნა? - ძლიერი ორგანიზაცია იყო და ხელს უშლიდა ამ დებილობებში რასაც აკეთებს. ხოდა დაანგრია, ლაფში ამოსვარა ყველა, ვინც ორგანიზაციას უძღვებოდა. ახლა არავინ უშლის ხელს. მასწავლებლები ხო გაატავისუფლა (რამდენი ხნის წინ იძახდა პროფკავშირი ამას აპირებსო!), მალე დირექტორებს თვითონ აირჩევს, 48 დღიანი შვებულება 24ზე ჩამოიყვანა, აპირებს ჯანმრთელობის დაზღვევა თვითონ მასწავლებლებს გადააახდევინოს, კომპიუტერზე და 5 წლიანი ბავშვების გაკვეთილზე დასმაზე რაღა ვთქვა არ ვიცი! გასაოგნებელი სიბრიყვეა! 5 წლის ბავშვის ტვინი არ არის მზად სწავლისთვის, არ შეუძლია მიზნის დასახვა და მისი მიღწევა. ვინმემ რაიმე წიგნი მაინც წააკითხოს! იმის გარდა, რომ სად გაიხედა და რას შეხედა, ყველაფერი გააპიაროს, მეტი არც არაფერი აინტერესებს.. საინტერესოა, სამომავლოდ რას გეგმავს. არ გამიკვირდება თუ მომავალი პრეზიდენტი ეგ იქნება :(

ibzzz said...

მართალია ის ვინც ამბობს მასწავლებების ნახევარი გასაშვებიაო, მაგრამ, როცა უშვებ, სხვა ხო უნდა მოიყვანო? სადაა ეს სხვა? დღესდღეობით ვინ სწავლობს პედაგოგიურზე? ზაან ცოტა ადამიანი, აქედან ნახევარზე მეტი იმაზე უფრო ბრიყვია, ვიდრე ამჟამად მოქმედი ნებისმიერი ბრიყვი პედაგოგი. დასკვნა? სახლის შენება საძირკველიდან იწყება. ჯერ მოამზადე ხალხი იმისთვის რო მასწავლებლები გახდნენ და მერე გაუშვი ვინც გასაშვებია. ამის მიხვედრა ზაან ძნელია?

litterator said...

:) :) ავჩუყდი - კომენტარი ერთი წლის შემდეგ :D <3 <3 <3

babisa said...

ვააა, შავ სიაში შეყვანა რა დებილიზმია.
ეს ამბებიც არ ვიცოდი და შესაბამისად, ახლარა აღვშფოთდი და დავგმე

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger