Sunday, July 25, 2010

ქორწილების ფენომენი ”პოსტკრიპტუმში”


შაბათს საღამოს, ცხრა საათზე, ჩემი საყვარელი გასართობი მაქვს. P.S.-ის თემაზე უკვე საკმაოდ ბლომად დავწერე, თუმცა, მიმაჩნია, რომ რამდენიმე კარგი ჟურნალისტი ჰყავთ, მათ შორის ლაშა კვესელაძე.

არა, ეს არაფერს წყვეტს. უკვე ყველამ ვიცით, რომ ”პოსტკრიპტუმი” კომერციაზე მუშაობს, პირდაპირ რეკლამას ოხრად ვაწყდებით 4-5 წუთიანი სიუჟეტების სახით, ბოლო პერიოდი კი ქორწილების ჩვენებაზეც გადავიდნენ.

ასე, მაგალითად, კარგად მახსოვს, ”P.S.”-ის გაშუქებული თიკა ჯამბურიას (ამ გოგოს ნიშნობის, გათხოვებისა და პირველი ღამის ამბები "P.S." - მა კი არა, ლანჩხუთის გურიამაც გააშუქა), თიკო ჩხეიძის (ყოფილი მის ბიკინი), მანიკა ასათიანის, ირაკლი ორდენიძის, მარიამ როინიშვილისა და სხვების ქორწილები. 

ყველაფერი ბანალურია: სიუჟეტის თავში გვიყვებიან წყვილის ისტორიას, მერე სადედოფლო ელოდება სიძეს, რომელიც გრძელი ვარდებით მოდის კოსტუმში გამოწყობილი, ბედნიერი მამა ლოცავს სიძეს და ქალიშვილს (:ჭოჭმანისსმაილი:) სვამენ შამპანურს, სხდებიან მანქანაში, გადიან ფორმალობებს, ჭრიან ტორტს და სტუმრებთან ერთად ცეკვავენ დილამდე. ანუ, ყველაფერი ისეა, როგორც ქორწილის ვიდეოზე. უბრალოდ, გულის ფორმაში არ ეწერება თიკოს და ვახუნას ქორწილი და ”ტაგანკას” ან მსგავსი მუსიკის მაგივრად, ჟურნალისტის ხმა ადევს.

რა თქმა უნდა, ბომონდური ქორწილების მთავარი ღირსება ქართული ბომონდის მეგავარსკვლავები არიან. და ჩვენ კადრში, მიკროფონით ხელში, მონაცვლეობით ვხედავთ ლელა წურწუმიას, ნატო გელაშვილს, გიო ხუციშვილს, მოცეკვავე ნანუკა ჟორჟოლიანს, მაიკო ასათიანს.. ყველა ეს ადამიანი ახალდაქორწინებულებს ღირსშესანიშნავ დღეს სხვადასხვა შესაძლებლობებით ულოცავს.

ბოლო გადაცემაში კიდევ ერთი მარგალიტი ვიხილეთ გვანცა დარასელიას ქორწილის სახით. არა, ქორწილი კარგი, ჯანდაბას, მერე რა, რომ მათი სიყვარულის ისტორიას ”ხალხის გაზეთმაც” დაუთმო ფურცლები, მაგრამ მეორე დღეს რომ ახალდაქორწინებულებს სახლში კამერით უვარდები, აბა სად და როგორ ცხოვრობო და პირდაპირ საძინებელში მირბიხარ, ეს ზრდილობაა?

პატარძალი მისაღებში რომ ჩაეწერათ არა?

რა თქმა უნდა, არა! საძინებელი უფრო ეფექტურია, მეტ ინტრიგას მატებს არაფრისმთქმელ სიუჟეტს (თუ ქორწილის ვიდეოვერსიის შემოკლებულ ვარიანტს)..

რა ვიცი, შეიძლება ზედმეტი მომდის, შეფასებებში, მაგრამ ეს ქორწილომანია, სარეკლამო სიუჟეტებთან ერთად, უკვე ზღვარს სცილდება.

ერთი ჩემი ნაცნობი ქორწინდება ამ დღეებში, ფულის პრობლემა არ აქვს, პოპულარობაც უნდა. ჰოდა, იქნება დამაკავშიროთ ვინმემ ”P.S.”-ის ჯგუფთან, მაინც რამდენს მოითხოვენ სამწუთიან სიუჟეტში?!..

მივლენ, ქორწილს გადაიღებენ, კარგს ჭამენ, კარგს დალევენ, მოილხენენ და მერე, იქნებ სულ უფასოდაც გაუშვან ეთერში ნუგზარისა და ეთოს ქორწილის ამსახველი კადრები.


5 comments:

tammo said...

ყვითელი პრესის ვარიანტშია, ხალხს ცნობადი სახეების ქორწილები (კაბა და ა.შ)აინტერესებს, ამ მხრივ მშვენიერია, მარა შენი თქმის არ იყოს ეს ვიდეოდან ამოჭრილი კადრები მართლა ძალიან სასაცილოა და ნუ გუშინდელმა სიუჟეტმა ხომ საერთოდ გადაამლაშა....

ხოდა სამაგიეროდ ბოშური ქორწილი ხომ იყო ალალი და ნაღდი :ვაივაისმაილიკი:

keso said...

არა, ბოშური ქორწილი მაინც სულ სხვა იყო... ისე,რომ ვუყურე, ვიფიქრე, რომ ასეთი ეგზოტიკის ჩვენება აუცილებელი. იქნებ, მაშინ მაინც დაფიქრდეს ზოგიერთი ტრადიციებზე გადარეული ადამიანი, ყველა ტრადიციის შენარჩუნება, აუცილებელია თუ არა?!

Nino said...

boshuri qorwili sad iyo? mec damanaxet :)

Sophie Golden said...

ბავშვების და ძაღლების მერე ქორწილი ყველაზე ეფექტური და როგორც შენ თქვი, კომერციული "ბიზნესია". თან ხალხს უყვარს ქორწილები, მეც კი ვუყურებ ხანდახან, თუ წყვილი მომეწონება. ისე, კარგი იდეაა, სხვადასხვა ეროვნების ხალხის ქორწილების ციკლი რომ გააკეთონ, საქართველოს მრავალფეროვნება უკეთესად გამოჩნდება.

Social Drinker said...

:))))))) :up:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger