Tuesday, August 31, 2010

ერუდიტი ბიჭოლას ვნებანი

  • მაპატიე, იოჰან. შენი ნაწარმოების სახელი გამოვიყენე.

ერთ-ერთ ყვითელ ჟურნალში არსებობს რუბრიკა ”ერუდიტი”, სადაც ცნობილნი ამა ქვეყნისანი საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს ამარიაჟებენ, ან უვიცობა სიცილ-ხარხარში გადააქვთ.

საოცარია, მაგრამ ამ რუბირიკის ერთ-ერთი სტუმარი ბიჭოლა აღმოჩნდა. ფაქტია, რომ დიზაინერი თავს განათლებულ ადამიანად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრულ ლიტერატურას, საერთოდ, არ კითხულობს, ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება სკოლაში მაინც ეცნობოდი კლასგარეშე მხატვრულ ლიტერატურასო, ბიჭოლა ამაყად პასუხობს, რომ კი, მაგრამ მხოლოდ იმ ჟურნალებს, რომლებივ მოდაზე წერდნენ.

  • დავიმახსოვრო: მოდის ჟურნალები მხატვრული ლიტერატურის ფასეული ნაწილია.

ბიჭოლა ამბობს, რომ ხევისბერ გოჩასთან იმეგობრებდა (მეტი პერსონაჟი ვერ გაიხსენა), თუმცა ლუარსაბთან უკეთეს დროს გაატარებდა. ვერ/არ ხვდება ჟურნალისტის რეპლიკას, ლუარსაბი გაგიგებდა, კითხვა არც მას უყვარდაო და აგრძელებს: კარგს ვჭამდი, კარგს ვსვამდი, გადავკოტრიალდებოდი და დავიძინებდიო (ქართველები ვააართა, ქართველები ვაართა (c) გურამ დოჩანაშვილი).

ვიცი, გაგიკვირდებათ და არ დამიჯერებთ, მაგრამ ბიჭოლამ დასმული 27 კითხვიდან მხოლოდ შვიდს გასცა სწორი პასუხი.

ის უამრავჯერ ყოფილა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ხშირად უსეირნია მდინარეზე გადებულ ხიდზე, მაგრამ ბალიშებზე აღებული პატენტი დაგვიფიცა, რომ მდინარის სახელი არ ახსოვს. როცა ჟურნალისტმა უთხრა, ეს მდინარე დუნაიაო, პასუხი შეაქო და უთხრა, რომ გოგონა მართალია, ეს მდინარე, სწორედაც რომ, დუნაი გახლავთ.

ღმერთო ჩემო, არ ვიცი, იკადრებდა თუ არა ლუარსაბი ბიჭოლასთან მეგობრობას მას შემდეგ, რაც გაიგებდა, რომ ამ უკანასკნელს ზღაპრების კითხვა უყვარდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ თათქარიძეს ქონში გახვეული გული გაულღვებოდა, რაც ბიჭოლას პასუხს გაიგებდა. მან ხომ ვერაფრით გაიხსენა, ”წითელქუდას”, ”კომბლესა” და ”ასფურცელას” შორის რომელში არ ფიგურირებს მგელი?!

- ისინი ძმები იყვნენ, ადოლფი და რუდოლფი... - იწყებს ჟურნალისტი.
- ვხვდები, რაც უნდა მკითხო, ადოლფ ჰიტლერზე მეკითხები! - აწყვეტინებს ბიჭოლა და ერუდიტი დიზაინერის მკვლელ მზერას აპყრობს ჩემს გაოგნებულ სეხნიას.

არადა, კითხვა ”ადიდასისა” და ”პუმას” დამაარსებლებს ეხებოდა, ბიჭოლამ კი, თინა კანდელაკისა და ილია ჭავჭავაძესი არ იყოს, ჰიტლერს შვილი არა, მაგრამ ძმა კი ნამდვილად აღმოუჩინა.
როგორ ფიქრობთ, იცოდა ბიჭოლამ კითხვაზე პასუხი? მართლები ხართ, თუმცა, სანუგეშოა, რომ მას ადოლფ ჰიტლერის სახელი მაინც გაუგია (მოდი, დანარჩენში ნუ ჩავეძიებით)

  • ჟურნალისტი: - რამდენი წუთი აშორებს დილის 10 საათსა და 30 წუთს იმავე დილის 9 საათისა და 45 წუთისაგან?
    რესპოდენტი: - შეიძლება დავითვალო?

ზოგადად, მე მიყვარს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც მათემატიკა კარგად ესმით. განსხვავებული იუმორის გრძნობა აქვთ, ლოგიკურად კარგად მსჯელობენ, ტვინი უჭრით და, საერთოდ, კარგი ტიპები არიან (მეც მომიაზრეთ მათ შორის). ამ წუთას, მეგობრებო, მე დილემის წინაშე ვარ: დავხუჭო თვალი ბიჭოლას მიერ სამჯერ დათვლილ და ნაპასუხებ 1.45 წუთზე თუ ჩემს გაუგონარ ტრფობას სამუდამოდ მივაყარო მის მიერ ბალიშების კერვის შემდეგ დარჩენილი პეროები და ნაჭრის ნაკუწები და ”ბამბა რუმის” კოქტეილში სპეციალურად მისთვის დანთებული ცეცხლი წავუკიდო?!

აღმოჩნდა, რომ ბიჭოლას ქართველი მომღერლებიდან ”მგზავრები” იმდენად უყვარს, რომ ფილარმონიაში მათ კონცერტსაც კი დაესწრო.

  • ”ეს იშვიათი გამონაკლისია, რადგან საქართველოში კონცერტებზე არ დავდივარ”.

სამაგიეროდ, ლა სკალაში სეზონის ერთ წარმოდგენასაც არ აცდენს და ის წელი დაკარგულად მიაჩნია, მეტროპოლიტენს თვეში ერთხელ თუ არ ესტუმრა. აკი ვენაშიც სიმფონიური ორკესტრის მოსასმენად დაფრინავს ხოლმე და კაცს იმის გასაგებად სად სცალია, რომელ მდინარეზეა ვენა გაშენებული?!

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტელექტი ბიჭოლასას მკვეთრად ჩამოუვარდება, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მისადმი სიყვარული უიმედოა, უამრავი ადამიანი მეცილება (ბლოგერებიც, სხვათაშორის) და ჩემი შანსები მცირეა, მე მაინც ჯიუტად ვოცნებობ მის შეკერილ თუნდაც ერთ ბალიშზე, მის ხელშენავლებ ნემსსა თუ ლილოში ნაყიდ, მილანურად გასაღებული სინთეტიკისგან შეკერილ კაბაზე.

იმედი მაქვს, ანზორ თეთრაძე როდესმე გაეცნობა ამ პოსტს და მის სიყვარულში დამწვარ-დადგულ ადამიანს ორ ბალიშს მაინც მაჩუქებს.

...ერთი ჰექსესთვის მინდა :)


24 comments:

meanderdze said...

"...თუ ჩემს გაუგონარ ტრფობას სამუდამოდ მივაყარო მის მიერ ბალიშების კერვის შემდეგ დარჩენილი პეროები და ნაჭრის ნაკუწები" –

შენვე თქვი ეხლა აქ რა შეცდომა დაუშვი თორემ... არ ვიცი... ეს შენ არ გეკადრება!!!
იცოდე ჰექსე დეიდას ვეტყვი ყველაფერს :D

Michael said...

:))) რას გადაეკიდე ამ ბიჭოლას?! :)) საწყალი გადაპანჭული, თავცარიელი თერძია,

bushka said...

vasasi, ver carmoidgen rogor mixalisebs misacyen samushao dges sheni da heqses postebi :D:D:D:D

ჰექსე said...

რასაა რომ ბოდავ დიაცო?!
როგორ თუ 27-დან 7-ს გასცა პასუხი? გინდა ეგ დაგვაჯერო? რომელ 7-ს - რას ვერ აპატიებდა საყვარელ ადამიანს თუ პერო უფრო ადრე გაჩნდა თუ ბალიში. აბა ერუდიტიდან ეგ სხვა კითხვებზე პასუხის გამცემი არ იყო და..

ბიჭოლას და ხევისბერი გოჩას მეგობრობის წარმოდგენას კი ჩემი ფანტაზიაც კი არ ეყოფა.

აფსუს საწყალო ყაზბეგო! რა დრო დაგიდგა ანზორ თეთრაძეს შენს ნაწარმოებებში უნდა შემოღწევა თავის გლამურნი ბალიშებით და არ დაანებო იცოდე!


ისე რაც ჩვენ მაგას პიარს ვუკეთებთ ერთი კი არა ბალიშების მთელი სამზითვო კომპლექტი გვეკუთვნის, მაგრამ სადაა ამ ქვეყნად სამართალი?

vasasi said...

meanderdze: ჰექსუსას კომპეტენციაში გადავედი, მაგრამ აღვშფოთდი..
ისე, უახლოეს მომავალში ოლეგ პანფილოვზე ელოდეთ მაგარ პოსტიკს.. :ინტრიგა:

Michael: მიშა, ეგ მკლავს და მანელებს, უფრო სწორად ის, რომ პოპულარიზაციას უწევენ ამ დონის დაუნს!
bushka: მადლობა.. :ც

Anonymous said...

პოსტის კითხვა დავამთავრე თუ არა არ ვიცი საიდან ოვაციებისა და ტაშის ხმა მომესმა "ბრავო მაესტროოოო"
ყვიროდა ხალხი...და ტაში სორედ ისე გუგუნებდა როგორც იუმორინაშია ხოლმე მორიგი წარმატებული ნომრის შემდეგ!
მართლაც რომ ბრავო...ძალიან მომეწონა!

ჰექსე said...

ბუშკა - მადლობა :*



ისე რაღა ამ მოდურ ჟურნალებს მიახტა ისეთი წიგნები მაინც ეთქვა სადაც მოდა ფიგურირებს აი მაგალითად "სამი მუშკეტერი".

მოდა არ არის ის, დედოფალი ალმასების ყელსაბამს რომ დაკარგავს და ოთხი კაცი ენაგადმოგდებული ეძებს ამ ყელსაბამს მთელ საფრანგეთში?

თანაც საფრანგეთი, პარიზი... მეტი მოდა რაღა გინდა..? დ

vasasi said...

Anonymous: ძალიან დიდი მადლობა.. :)


ჰექსე: უნდა მივწერო ბიჭოლას, მაგრამ მანამდე ის პროექტი გავაკეთოთ მე და შენ, მაგარი გამოვა.. :|

მარტო ვერ გავქაჩავ ტექნიკურ პონტში, თორემ..

მარი said...

lol 1.45 წუთი რა უბედურებაა? :)))

Taa said...

shame on you

me ar minda balishebi? :(
an vikikos ar unda? :(

meckina friad

:D :D :D :D :D

vasasi said...

Taa: შენ არ გინდა, ვიკიკოს რაც შეეხება, სანამ გაიზრდება და ბიჭოლას ამ უდიადეს შემოქმედებას დააფასებს, მანამდე ახალგაზრდა დიზაინერი უფრო დახვეწავს სტილს..
:)
მთავარია, ვიკიკომ პეროების შეგროვება ისევ აქტიურად განაგრძოს და დაუფასდება.. :))

meanderdze said...

ბალიშში პეროები კი არა ბუმბულებია, მგონი სწორად მახსოვს არა ???

ამაზე აღვშფოთდი :)))

gabo said...

ზოგი კლასგარეშედ მოდის ჟურნალებს კითხულობს ზოგის ჟურნალ გზას თბილისელებსა და მსგავს სიყვითლეში ბიჭოლას ინტერვიუებს :) არ დამიწყოთ ეხლა წიგნების ხათრით ვყიდულობთო . ვხალისობთო და ა.შ

ჰექსე said...

meanderdze
კი ბალიში ბუბმბულებისგან იკერება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული ბიჭოლას ბალსები პეროებისგან იკერებოდეს :)
:ჰექსე დეიდა:

vasasi said...

meanderdze: არ გესმის საგანი, დსმა. ახლა მოდაში პეროებით არის ბალიშის კეთება.. :დ

gabo: არ გეტყვი რის გამო ვყიდულობ გინდა გზას, გინდა თბილისელებს (ამ უკანასკნელს აღარ, დამთავრდა წიგნები), აზრი არ აქვს, არც არის საჭირო..

Michael said...

მიშა, ეგ მკლავს და მანელებს, უფრო სწორად ის, რომ პოპულარიზაციას უწევენ ამ დონის დაუნს!

რამდენ ეგეთს უწევენ პოპულარიზაციას? მთელს ე.წ ელიტას იმის ნახევარი ფასიც არ აქვს როგორადაც წარმოაჩენენ ხოლმე გინდა ტელევიზიით და გინდა პრესაში.
P.S: ისე ბიჭოლა მართლაც განსაკუთრებით საზიზღარი ტიპია... :))

undone said...

რატომ გაგიკვირდა?

არადა ხოფერიას გადაცემაზეც მწვავე რეაქცია გქონდათ ხო მგონი? ანუ პრობელმას ვერ ვხედავ:

ბიჭოლამ თავის საქმეში ყველაფერი იცის და რა კითხვაც დაუსვა მაგ სფეროდან გასცა. გარდა ამისა მან ბევრს მიაღწია და ყველას ეცვა მისი ”ბალიშები”.

ანუ ახალგაზრდობა მიდის იქითკენ, რომ შენ სპეცილობაში იყო მაგარი. რა თქმა უნდა ზოგადი განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერცა მაში ვხედავ პრობლემას თუ ბიჭოლას დოსტოევსკი არ აქვს წაკითხული!
;)

vasasi said...

undone: არა, არა.. დოსტოევსკიზე არც არის ლაპარაკი და, საერთოდ, დოსტოევსკითა და დოჩანაშვილით რატომ ზომავენ განათლების დონეს, ამას ვერ ვხვდები (ცალკე თემაცაა).


კი, ხოფერიას გადაცემაზეც მწვავე რეაქცია მქონდა. ვიღაცამ მომწერა ფორუმზე, ვერ ვხედავ ტრაგედიას, თუ ახალგაზრდას არ ეცოდინება ვინ არის კოტე მარჯანიშვილი ან "ჩემო კარგო ქვეყანა" ვინ დაწერაო. ეს ქალი 50-ს არის გადაცილებული. ამ კომენტარზე უფრო მწვავე რეაქცია მქონდა..

შეიძლება მართლებიც არიან რაღაც პონტში, მაგრამ სწორედ მაგ სიმართლიდან გამომდინარე, განათლების დონის მიხედვით საქართველო, მსოფლიო ქვეყნებს შორის, ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს.

ამაზე არ მეცინება მე და მომკალით ახლა!

undone said...

”დოსტოევსკი” მასალად ვთქვი...

ბოლოდან მეორე ადგილი მეც მაწუხებს და ალბათ, სწორედ ეს თაობა შეცვლის სტატისტიკას და პროფესიონალიზმი გაიმარჯვებს ;)

მარა წლევანდელი ეროვნულები რომ ყველაზე კატასტროფა იყო... მოკლედ რაიცი რაა...

კატიე said...

wow
ბიჭოლა არც ემტი არც ნაკლები ანზორ თეთრაძეა?
ბიჯოს,
ვერ ვხვდები, ამ ფოე-ფოე პეროებიან ხალხს ასეთი სახელები როგორ ქვიათ :D

p.s. დაუნებს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ;)

AniUuSh... said...

bicholas axal produqts ar gaecanit??
gushin vnaxe magaziashi "ajika bichola" (rogori ajika ikneba es tviton warmoidginet)

FISH said...

რა გემრიელი პოსტი იყო.

ibzzz said...

მომწონს როგორც ყოველთვისს

Anonymous said...

არსებობენ ადამიანები რომლებისთვისაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს სამოგზაუროდ ხაშურში წავლენ თუ ევროპის რომელიმე დედაქალაქში, "ეს ერთი და იგივეა" მათთვის მათი სულიერი "ზრდისთვის". გაიგე როგორც გინდა, გინდა ცინიკურად გინდა სევდიანად და გინდა სერიოზულად ;)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger