Saturday, September 4, 2010

ინტერვიუ "იურმალადან"?


მართალია, ზოგიერთები მაბრალებენ, რომ ყვითელი პრესის ყიდვის საბაბად წიგნების ყიდვას ვიმიზეზებ, მაგრამ ეს სტატია ნამდვილად სათაურიდან გამომდინარე შემომეკითხა.

"იურმალას საპატიო სტუმრები საქართველოდან". 15 წლის ანანოს "იურმალას" საბავშვო კონკურსში შარშან გაუმარჯვია და წელს დიდების კონკურსზე საპატიო სტუმრად მიუწვევიათ.
მანამ, სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ, ვიტყვი, რომ მე როგორც ვიცი, ჟურნალისტმა შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოზიცია არ ჰქონდეს. ქალბატონმა ემა ტუხიაშვილმა, "იურმალას" მიმოხილვისას ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:
"მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ უჭირს ერთმანეთისგან პოლიტიკისა და ხელოვნების გამიჯვნა და იქნებ საკუთარი ემოციების მართვაც, ინტერნეტსაიტებზე ამ საკითხზე მახვილსიტყვაობაში წავარჯიშება გადაწყვიტეს და კონკურსში მონაწილეობის გამო მოზარდი ლამის ერის მოღალატედაც კი გამოაცხადეს!.."
ჟურნალისტს ესაუბრნენ ანანო და ანანოს დედა - მაკო. სიტყვაუხვი ეს უკანასკნელი გამოდგა.

1. " იურმალაში კონკურსის დაწყებამდე 4-5 დღით ადრე ჩავედით, რადგან ანანოს უნდა ჩაეწერა სიმღერები ტიმატისთან, ლარა ფაბიანთან."

2. "სხვათა შორის, კონკურსის მსვლელობისას მე და ანანო ძალიან საპატიო ადგილას, ჟიურის უკანა რიგში ვისხედით - იქ, სადაც ცნობილი ვარსკვლავები სხედან და ალა პუგაჩოვა ზის ხოლმე. პუგაჩოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მუსიკალურ კონკურსს. იურმალაში ის მერე, სამკურნალოდ ჩავიდა... თავდაპირველად ჩვენს მეზობლად მსხდომი ვარსკვლავები და მათი თანმხლებნი გაკვირვებულნი შემოგვყურებდნენ მე და ანანოს. კონკურსის მეორე დღეს უკვე თბილად გვესალმებოდნენ, მომდევნო დღეებში კი მეგობრულად მოგვიკითხავდნენ ხოლმე, - ჩვენებიც აქ ყოფილანო!.."

3. ერთ-ერთი საკონკურსო დღე იგორ კრუტოის დაბადების დღეს დაემთხვა. ბუნებრივია, სცენიდანაც მიულოცეს და როცა ჩვენ წინ ჩაიარა, მე და ანანომაც გამოვხატეთ საუკეთესო სურვილები. მადლობა გადაგვიხადა და დაგვპატიჟა: ხომ იცით, დღეს რესტორანში გელოდებითო. ეს ძალიან მოულოდნელი და ამავე დროს, სასიამოვნო იყო ჩვენთვის, რადგან მასთან წვეულებაზე მხოლოდ ვარსკვლავები და ცნობილი ბიზნესმენები იყვნენ დაპატიჟებული. მაგალითად, რომან აბრამოვიჩი საგანგებოდ მისი დაბადების დღისთვის, იურმალაში საკუთარი იახტით ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ძმები მელაძეები და ქეთა თოფურია. კრუტოის დაბადების დღე მდინარის პირას მდებარე ულამაზეს რესტორანში გაიმართა. ჩვენს მაგიდასთან ისხდნენ ცნობილი მომღერლები - ირინა დუბცოვა, ნიუშა და სხვები. დღესასწაულის დასასრულს უზარმაზარი ტორტი გაჭრეს, რომელსაც კარამელისგან დამზადებული, თეთრ როიალთან მჯდარი კრუტოის თოჯინა ამშვენებდა."

4.  5000-კაციანი სტადიონი ხალხით იყო სავსე. ანანომ იქ ცნობილ ჯგუფ "რანეტკებსა" და "გოროდ 312"-თან ერთად იმღერა. ორივე სიმღერა ანანოს რეპერტუარისგან იმდენად განსხვავებული იყო, რომ კონცერტის დასრულების შემდეგ იგორ კრუტოიმ გაოცება ვერ დამალა და ანანოს უთხრა: ყოჩაღ, ეს რა ცეცხლის დანთება შეგძლებია სცენაზეო!..


5. "ყველა ძალიან თბილად შემხვდა, გაოცებას ვერ ფარავდნენ, - როგორ გაზრდილხარო!.. რეპეტიციების დროს ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ალექსანდრ რევზინთან, იგორ კრუტოისთან, ალექსანდრ რუმიანცევთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ. გახსნის ცერემონიაზე ვალერი და კონსტანტინ მელაძეებთან ერთად გავიარე წითელ ხალიჩაზე. როგორც მითხრეს, ეს მათი და რევზინის ერთობლივი ჩანაფიქრი იყო. ძმებმა მელაძეებმა იცოდნენ, რომ ქართველი ვარ და ჩემი სიმღერაც მოსმენილი ჰქონდათ. მახსოვს, მოსკოვში ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, ვალერი მელაძემ რევზინს ტელეფონით დაურეკა - საორგანიზაციო საკითხების გარკვევა უნდოდა. სწორედ ამ დროს გავდიოდი რეპეტიციას. საუბრის დასასრულს რევზინმა მელაძეს უთხრა: მოიცადე ერთი წუთი, "შენი" ქართველი მღერის, უნდა მოგასმენინოო და ტელეფონით მოასმენინა ჩემი სიმღერა".


6.  დასასრულ, ქალბატონი მაკო ეხება ინტერნეტსივრცეში ატეხილ აჟიოტაჟს და აცხადებს: "თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე სპორტსა თუ ხელოვნების სფეროში მოპოვებული ყველა ჯილდოს მფლობელი ქვეყნის მოღალატედ უნდა გამოვაცხადოთ?!."


ქალბატონო მაკო. მე არ გავაკეთებ კომენტარს ამ ინტერვიუზე. წაკითხვის შემდეგ ჩემმა მკითხველმა იმსჯელოს. უბრალოდ, საფინალო აკორდს მინდა შევეხო: როდესაც ქართველი სპორტსმენები რუსეთში მიდიან ჩემპიონატებზე, ის ჩემპიონატები არა რუსეთის მიერ ორგანიზებული, არამედ, საერთაშორისოა და, დიახაც რომ მათ მიერ მოპოვებული თითოეული გამარჯვება მეამაყება.

6 comments:

egoisti said...

ახლა რამე რომ დავწერო სუბიექტური ვიქნები.. ამიტომ ჩუმად ვარ ... : |

კატიე said...

ნუ მასე, მაკა და რატი რომ გაუშვეს, მაშინაც ჩვენი მტერი იყო რუსეთი, 200წლოვანი.

gabo said...

გემოვნების ამბავია უბედურება ის იყო რომ ამ ყველაფერს დიდი აჟიოტაჟბი მოჰყვებოდა ხოლმე ჩვენში დროებითი პაუზა გვინდა მსგავსი მუსიკიდან ანუ მიზანშეწონილი არაა ეს ყველაფერი გაშუქდეს რ2 ან იმედის მეშვეობით პრაიმ პაიმში პირველ არხს არც ვახსენებ ეგ საერთოდ გამორიცხულია . მოტივი უგემოვნო მუსიკის პოპულარიზება . მონაწილეობა თუ სურს რომელიმე მომღერალს რატომაც არა მხოლოდ ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯებით უნდა ჰქნას და მთლად წინა წლის შემთხვევისა არ იყოს კულტურის სამინისტროს არ მოსთხოვოს დაფინანსება. ხო ევროვიზია საკამათო თემაა ანუ ღირს თუ არა ამხელა ფინანსების გამოყოფა . კულტურის პოლიტიკაა მოკლედ გადასახედი

meanderdze said...

katie +1

Lord Vader said...

იმედია, ტორტის დაჭრის დროს ფრთხილად იყვნენ და კრუტოის კარამელის ფიგურას არაფერი მოაჭრეს ზედმეტი.

taa said...

და ამ პოსტის აზრს ვერ მივხვდი :(

რას ერჩი იმ ქალის კომენტარს
სრულიად ვეთანხმები
რუსეთიც და ნებისმიერი სხვა ქვეყანაც ასპარეზია ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანისათვის

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger