Thursday, September 23, 2010

დიდი პოლიტიკიდან დიდ კინოში


დაახლოებით, შვიდი-რვა წლის წინ, არსებობდა ასეთი არხი ”იბერია” (თავდაცვის სამინისტროს ახლანდელი პრესსამსახურის უფროსი - სალომე მახარაძე აქ მუშაობდა და ჩართვების დროს ისე ბლუყუნებდა, 10 წლის ასაკშივე ვიწვოდი მისი ცოდვით), რომლის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ლუბა ერქვა ელიაშვილი და საავტორო გადაცემა - ”დიალოგი” მიჰყავდა.
შემეკითხებით, რატომ უყურებდი ამ არხსო. არ ვიცი, ჩემი ტელევიზორისა თუ სახლის ადგილმდებარეობის ბრალი იყო, მაგრამ ჩვეულებრივი ანტენით პირველი არხისა და ”იბერიას” მეტს ვერაფერს ვიჭერდით (”თრიალეთი” რომ ”თრიალეთია”, ისიც გვენატრებოდა და, რადგან მაშინ ”ერორი” საქართველოზე ადგილობრივი ტელეარხებით ვრცელდებოდა, მე, თქვენგან განსხვავებით, ”ბლანკოს ქვრივისა” და ”გვადალუპეს” ნახვის ბედნიერება არ მქონია). ამიტომ, მონაცვლეობით ვუმზერდით ხან გრიგოლიას, ხან - ელიაშვილს.
შვიდი წლის წინ ხომ გახსოვთ, რა პერიოდი იყო?! ”აღორძინება” და ”მოქკავშირი” სულს რომ ღაფავდნენ. მახსოვს, ”დიალოგის” სტუმრები ორ დღეში ერთხელ იყვნენ ”აღორძინების” პერსპექტიული ახალგაზრდები: სანდრო ბრეგაძე (ახლა პარტია ”თავისუფლების” გენერალური მდივანი) და ცოტნე ბაკურია. მახსოვს, 10-12 წლის ასაკში გაოცებული შევყურებდი და ვფიქრობდი, რა უნდოდა ამ ორ ადამიანს ცხოვრებისგან?!
შვიდი რვა წლის შემდეგ, ბრეგაძის აწმყო (მომავალი - ბუნდოვნად) გარკვეული გვაქვს, მაგრამ სად დაიკარგა ცოტნე ბაკურია?!
იმ შავ-ბნელი 6 მაისის შემდეგ, ცოტნე თვალით არავის გვინახავს, თუმცა მის შესახებ ჭორები არ წყდებოდა. ერთხელ ერორს ისიც წამოსცდა, ჰოლივუდის ფილმში იღებენო და აბობოქრდა სრულიად საქართველო.
წლების შემდეგ, ერთ-ერთი რეიტინგული გაზეთის ფურცლებზე, მის ინტერვიუს წავაწყდი და რა გული მომითმენდა, თქვენთვის არ გამეზიარებინა?!
დიახ, ერთ დროს ერორის მიერ გავრცელებული ჭორი მართალი აღმოჩნდა.ცოტნე ბაკურიამ ჰოლივუდი დაიპყრო. მართალია, ვარსკვლავებს ვერ მიუახლოვდა, მაგრამ მათი ოჯახის წევრები მის გარეშე პურს არ ტეხენ თურმე ( ჯონ ვოიტი - ანჟელინა ჯოლის მამა, რობერტ კენედის ცოლი, ეტელ კენედი და სხვა წვრილ-მსხვილი ვარსკვლავები). თუმცა, ცოტნე ბოლომდე არ არის ჩამოშორებული პოლიტიკას. აკი თავისი პირით ამბობს, რომ ურთიერთობა აქვს ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან და ამერიკის ყოფილ სამხედრო მდივან ჰენრი კისინჯერთან.
იცოდით, რომ კევინ კოსტნერს, ალ პაჩინოს, ანა ფერესის, ჯონ ვოიტის (ენჯის მამაა), ტომ ჰენქსს საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოსვლა უნდოდა? მთავრობა განა წინააღმდგი იყო, მაგრამ რომ გაიგეს, ბაკურიას ჩამოჰყავსო, ყველა გზა გადაკეტეს, ვანოს სპეცრაზმი დადგა აეროპორტში და ეს უზარმაზარი გალაქტიკა უკან გააბრუნეს.
არადა, ვარსკვლავებს ისე ჰყვარებიათ საქართველო, მზად იყვნენ 2008-ის აგვისტოში მოხალისედ ჩაწერილიყვნენ საქართველოს მხარეს საბრძოლველად, მაგრამ აშუშუმ არ ჩაურტყა ვიზა.
ისე, ცოტნეს რა უხარია ვერ ვხვდები, რადგან სკორსეზე რესპუბლიკელების წევრი ყოფილა და ჩვენს დათიკოებს (”რესპუბლიკელების” და ”მემარჯვენეების” ლიდერები) ის ფარულად აფინანსებს. ნუ, მართალია, სკორსეზე ზოგადად ქართველი ერის გულშემატკივარია, მაგრამ ეს ორი პარტია ნამეტანი ჰყვარებია.
ინტერვიუს დასასრულს ცოტნე ორ რამეს გვპირდება. ერთი ისაა, რომ ჰოლივუდი მალე ჩვენს ბუტაფორია მეფე - თამარზე ფილმს გადაიღებს (ბუნებრივია, ის ამ საკითხს ლობირებას გაუწევს ჰალივუდში) და მეორე, ის, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა:
  • ”ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩამოვალ. მართალია, მანდ ჩემთვის ყველა კარი დაგმანულია, მაგრამ აქეთ-იქიდან მოვუვლი, რაღაც ხვრელს ვიპოვი და ჩამოვალ..”

ეჰ, ცოტნე, ცოტნე.. თავის დროზე ლუბაჩქასთან ჭორაობის ნაცვლად მეგობარი პოლიტიკოსების ლექცია რომ მოგესმინა თემაზე: როგორ ვიპოვოთ ხვრელი?! მის მოსაძებნად ამდენი წელი არ დაგეკარგებოდა. თუმცა, არც ახლაა გვიან. ვიცი, შენ ნიჭიერი ბიჭი ხარ და მაგ ხვრელში შეძვრომა არ გაგიჭირდება.

6 comments:

agaTa said...

xo rac sheexeba lubachqas dges poetia da kstawi leqsebis garda deteqtiur romanebsac wers!! es posti rogorc yoveltvis vasasuria! :D :D

taa said...

საწყალს როგორ ასლოკინებს ალბათ შენი და ვადერის გადამკიდე :დ :დ :დ

Anonymous said...

ირმა ვარ
სანდრო ბაკურაძემ ჰოლივუდი დაიპყრო.
???

vasasi said...

ირმა, სანდრო ბრეგაძეში ამერია ეტყობა და გადავუკეთე გვარი/სახელი.

აწი, რომ დავწერ, უნდა გადავხედო ხოლმე პოსტებს.. :))

მადლობა შენიშვნისთვის.

გურამი said...

რატომ ბუტაფორია მეფე?

vasasi said...

აბა ჩამომითვალე თამარას გაკეთებული ერთი საქმე და შეიძლება ხინკალი ვიკისრო..


ერთი ცალი ოღონდ.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger