Tuesday, September 28, 2010

ტკბილ-მწარე მოგონებები მუსიკალურ სკოლაზე




  • როგორ მოვხვდი ჯოჯოხეთში?!

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 8 წლის ასაკში ჩემი მუსიკალურ სკოლაში შეყვანა გადაწყდა. გორში არსებული ორი სამუსიკოდან, ჩემი მიბარება I სკოლაში, შემდეგი მიზეზების გამო გადაწყდა:
1. ახლოს იყო:
2. ძირძველი ისტორიის მქონე სკოლაა.

მუსიკალურში მოსახვედრად გამოცდები იყო ჩასაბარებელი. ამიტომ, ერთი თვის განმავლობაში, კერძოდ ვემზადებოდი სმენასა და სიმღერაში. საათობრივი ვარჯიშის დროს ისე ვიღლებოდი, რომ სიმღერის დროს პირს რომ ვაღებდი, ვითომ ვმღეროდი, სინამდვილეში კი ვამთქნარებდი.
და აი, დადგა დიადი დღე: ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორის კაბინეტის წინ სხვა ჩემნაირებთან ერთად ვიჯექი დივანზე და ფეხებს ვაქანავებდი (უბრალოდ, იატაკამდე ვერ ვწვდებოდი).
სამუსიკო სკოლის დირექტორი ფუმფულა ქალია. კაბინეტში შეგვიყვანა და ახლა იქ დაგვსხა დივანზე. ჯერ გაგვიღიმა, გვითხრა რა ფუმფულები, საყვარლები, ნიჭიერები და გადასარევები ხართო, მერე გაძახება დაიწყო.
ისე მომეწონა დირექტორის კაბინეტი, რომ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ოთახში, მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს?! მეორე გამოსაცდელი აღმოვჩნდი. მას შემდეგ, რაც სმენა და ხმა შემიმოწმა (პირველში, სოცარია და, ვივარგე, მეორეში კი ყვავივით ავჩხავლდი და ვირივით, ბოდიში, ჩოჩორივით დავიყროყინე) და კმაყოფილმა დივანზე დაჯდომა დავაპირე, მითხრა, შენ გარეთ გადიო და ასე გამომაბუნძულეს.
გამოხდა რამდენიმე დღე. სკოლაში ჩარიცხულთა სიები გამოიკრა და,  ჰოი, საოცრებავ! 40 ქულით მოწინავე ადგილზე არ აღმოვჩნდი?!
ჩემი მშობლების ბედნიერებას ისევე, როგორც ჩემს უბედურებას, საზღვარი არ ჰქონდა. მართალია, ჯერ არ ვიცოდი რა მელოდა, მაგრამ უბედური იმიტომ ვიყავი, რომ ჩემთან ერთად, ჩემი კბილა 4 მეზობელი აბარებდა. სამწუხაროდ, ისინი ვერ მოხვდნენ და მათი მშობლები ჩემი თანდასწრებით ერთად ლაპარაკობდნენ, თუ როგორ გადაიხადა მამაჩემმა 50 $ (მაშინ ძალიან დიდი ფული იყო) ჩემს მოწყობაში. მერე ატირებული მოვდიოდი და სახლში ვითხოვდი პასუხს.
დღემდე არ ვიცი, ეს შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს, მაგრამ ვეჭვობ, რომ არა. 50 $ მართლა ნამეტანი დიდი ფული იყო მაშინ - თვით ჩემი მუსიკალური განათლებისთვისაც კი.



  • პირველი ნაბიჯები
დადგა სექტემბერი და სკოლის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, ამოვიჩარე "Школная ыгра", ნოტების რვეული, ჩავჭიდე დედას ხელი და გავცუხცუხდი სკოლისკენ. პირველი, რაც თვალში მომხვდა და არ მესიამოვნა, უამრავი "სვეცკი" ხალხი იყო. მუსიკალურის მასწავლებლები, ზოგადად, გამოირჩეოდნენ განათლებით, ჩაცმის სტილით და ა.შ. ჰოდა, ცოტა არ იყოს, დავკომპლექსდი. პირველ გაკვეთილს არაუშავდა. ჩემს მასწავლებელს ლალი ერქვა. საერთოდაც, 43 კაციანი კოლექტივიდან, 30 მაინც ამ სახელის მატარებელი იყო. ვიოლინოს გასაღები გაჭირვებით რომ ავითვისე (ისიც ბოლომდე ვერა) და ბანზე გადავედი, აი, მაშინ კი საბოლოოდ მოვიძულე მუსიკა.
ჩემი მთავარი პრობლემა ის გახლდათ, რომ ცაცია ვარ და მარჯვენათი ვერ ვუკრავდი. თან თითებს ყოველთვის არასწორად ვხმარობდი, რის გამოც ერთმანეთში მეხლართებოდა, ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა და ღმერთთან მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა: რატომ? ღმერთი კი ჯიუტად დუმდა.


  • მორიგი წლები
მესამე კლასში ვიყავი, როცა მასწავლებელი გამოვიცვალე. ახალ მასწავლებელს, ბუნებრივია, ლალი ერქვა და ულამაზესი ქალი იყო. გრძელ, დახვეწილ თითებზე ყოველთვის ლამაზი ბეჭდები ეკეთა და  ყოველ გაკვეთილზე ნაირნაირი კნოპიანი კალმები ჰქონდა (კალმების ჩემნაირ გიჟს მათი დანახვა დეპრესიაში მაგდებდა). ეს ლალი უფრო მკაცრი გახლდათ, თუმცა, წინამორბედის მსგავსად, ჩემი მორჯულება ვერც მან შეძლო.

ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ფორტეპიანოს გარდა, მუსიკალურში სოლფეჯიო, გუნდი, მუსლიტერატურა და მსგავსი სექტანტობები უნდა მესწავლა. ამიტომ, მათ არასოდეს ვუყურებდი ძირითად საგნად და ერთადერთი, რაზეც კვარტალში ერთხელ დავიარებოდი, სოლფეჯიო გახლდათ.
სოლფეჯიოში სამი მასწავლებელი გამოვიცვალე. პირველი კარგად არ მახსოვს, მეორე თინა წერეთელი იყო, რომლის გაკვეთილებზეც მაგარს ვღადაობდით მე და ჩემი სკოლის კლასელი (ერთად მოვხვდით სოლფეჯიოს კლასშიც). დალი ერქვა ბოლო მასწავლებელს, ძალიან კარგად იცოდა თავისი საქმე და, მიუხედავად იმისა, რომ მარსიდან ჩამოფრენილივით ვიჯექი და რამდენჯერაც შემომხედავდა, სინანულით იქნევდა თავს, მე მაინც უდიდეს პატივს ვცემდი/ვცემ.
მუსლიტერატურის გაკვეთილზე, შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ ვიყავი. ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გვასწავლიდა (გვასწავლიდა რა, სწავლასმოწყურებულებს ასწავლიდა). თავიდან მომეწონა და გადავწყვიტე, მევლო, მაგრამ მერე ორი გაკვეთილი გააცდინა და გული ავიცრუე.
გუნდზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი. ისე დავიღალე მეორე ხმის მღერით, მთქნარება ამიტყდა, გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი და, ახლა, იქ ვიყავი მიმბრუნებელი?!

  • დამამთავრებელი კლასები
მეხუთე კლასიდან სახლში უკვე ისტერიკების გამართვა დავიწყე. ვიგვიანებდი მუსიკალურის გაკვეთილებზე, დედას ვეჯუჯღუნებოდი, რომ არ წავიდოდი, არ ვმეცადინეობდი და ლალი მასწს სისხლს ვუშრობდი. უამრავჯერ წავსულვარ სახლიდან ვითომ მუსიკის გაკვეთილზე და დროის გასაყვანად ქუჩებში მიბოდიალია, უამრავჯერ მივსულვარ მუსიკალურში, შემიჭყიტავს კარში და საკუთარი თავი მომიტყუებია, ვითომ მასწავლებელი არ იყო და უკან გამოვბრუნებულვარ. სამსახურიდან დაბრუნებული დედაჩემი, მას შემდეგ, რაც მუსიკის მასწავლებელი დაურეკავდა და საყვედურს ეტყოდა ჩემ გამო, საათობით მადგა თავზე პიანინოსთან და მაიძულებდა, დამეკრა..
მეხუთე კლასში იყო შემთხვევა, როცა ჩემმა მასწავლებელმა ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ გამოცდაზე ნოტებით დამეკრა (სხვა შემთხვევაში, კლასში ვრჩებოდი).

გამომდინარე იქიდან, რომ მუსიკალურში წყალწაღებული ვიყავი, ყველას ეგონა, რომ უნიჭო გახლდით. არადა, სკოლაში მაგრად ვსწავლობდი, განსაკუთრებით, მათემატიკაზე მეკეტებოდა და უბედნიერესი ვიყავი, როცა განტოლებებსა თუ გეომეტრიის ამოცანებს ტონობით გვაძლევდა მასწავლებელი.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩემი კლასელის დედა სოლფეჯიოს მასწთან (თინასთან) მოვიდა და მე და მაკა კოლექტიურად გაგვლანძღა, ჩემზე დააყოლა, სკოლაში რომ გიჟივით სწავლობ, აქ რა გჭირსო?! მასწავლებელმა, რააო? მე მგონია, იქაც ასეთი ჩამორჩენილი და საცოდავიაო. ახლა მე აღვშფოთდი: რაააა-მეთქი??
 კიდევ ერთ მშვენიერ დღეს, მათემატიკის ტურზე უნდა გავსულიყავი, სამშაბათი ან პარასკევი უწევდა და მუსიკაზე ვერ წავიდოდი, ამიტომ ფორტეპიანოს დავეთხოვე. მიზეზი რომ ვუთხარი, მასაც თვალები აუვიდა შუბლზე.
 სიმართლე გითხრათ, ორივე შემთხვევაში შეურაცხყოფილი დავრჩი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჯიბრიანი ვარ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ვინმეს ჯიბრზე მეცადინეობა გამომესწორებინა. ბოლომდე წყალწაღებულად დავრჩი.
 მეშვიდე კლასის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე თვეში ჩემი სამებით გამოტენილი დიპლომი ავიღე. საოცარია და, ფორტეპიანომ სამი გამომაყოლა, სოლფეჯიომ კი - ოთხი. მართალია, დიპლომის ღირსი საერთოდ არ ვიყავი, მაგრამ ფორტეპიანოსგან მეტს მოველოდი, დალი სანიკიძის კი შემრცხვა.

  • ის, რაც დადებითად მახსოვს
ეს არის სკოლის სუნი, რომელზეც დღემდე ვკარგავ ჭკუას. ვერ აღგიწერთ სუნს. თუ ვინმე გორელი ხართ და ერთობის ქუჩაზე, პირველ მუსიკალურში გისწავლიათ ან ახლოს გაგივლიათ, აუცილებლად იგრძნობდით იმ გამაბრუებელ სურნელს. დღემდე ამ სუნის გამო, ყოველ შაბათ-კვირას დავდივარ იმ ქუჩაზე და ჩემი ჯოჯოხეთური 7 წელი მახსენდება.
  • მშობლების საყურადღებოდ:
ნუ აიძულებთ ბავშვს მუსიკაზე სიარულს, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა და დასჭირდება და ნუ იტყვით, რომ დადგება დრო და მას შეუყვარდება ფორტეპიანო. ჩემზე მეტად ჩემს ძმას აინტერესებდა მუსიკა, მე კი კარატეზე ვაფრენდი. მიუხედავად ამისა, დათიკოს კარატეზე ატარებდნენ და მე მუსიკაზე.

მუსიკალური სკოლა 2004 წელს დავამთავრე. მას შემდეგ, პიანინოს ახლოს არ გავკარებივარ.

19 comments:

agaTa said...

საერთოდ არ იყო გრძელი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მსგავსი ისტორია მაქვს მეც :)
ვარდისფერ კაბაზე აღფრთოვანდი :D
ძალიან ტანჯული წლები გქონია, მაგრამ შენ ერთ სასწავლებელში მაინც დადიოდი, მე 4 გამოვიცვალე და დიპლომი დღემდე არ მაქვს.
ძალიან კარგი ვასასი ხარ!!
:)))

Nina Gorecki said...

დამთაგე რა, დამთაგე და მეც დავწერ ჩემი მუსიკალურის ამბებს : ))
ისე კი, ჩემი უფრო სევდიანი ისტორიაა, მე მინდოდა სიარული და ვერ ვიარე, შენი კი ისე მხიარულად იკითხება :))

უბრალოდ said...

მე კიდე მაგას ვნანობ და ვდარდობ რომ ეგრე ძალით არ შემიყვანეს სადმე და არ მატარეს :(

nakrina said...

სუნი მართლა დამახასიათებელია სამუსიკო სკოლისთვის, არაერთხელ დამიკრავს 1 სამუსიკო სკოლის დარბაზში, კარგი დრო იყო... შენგან განსხვავებით ძალიან მიყვარდა მუსიკა, ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ ჩემი ოჯახის წევრები მუსიკოსები არიან. 7 კლასი წარჩინებით დავამთავრე და ჩემი მოთხოვნით კიდევ ერთი წელი ვიარე მუსიკაზე, არც ახლა ვივიწყებ ხოლმე საყვარელ ინსტრუმენტს.

Teo said...

mec gamoviare wamebis grZeli 7 weliwadi, musikalur skolastan 2 dadebiTi mogoneba makavSirebs, pirveli marTla usayvarlesi maswvlebeli lia da meore bufetis ugemrielesi 15 TeTriani ponCikebi.
miuxedavad cemi 7 wliani siZulvilisa, mainc kmayofili var rom davamtavre. amdeni wlis mere rogorc iqna gamiCnda survili davjde da ragaceebi gavarCio da davukra, marTalia exla ukve dros vegar vpoulob, mara odesme manc cavujdebi da mTlad amaod ar Caivlis cemi, dedacemis da lia maswavleblis wameba :D

Natalia said...

ესე იგი, ვასასი, მე და შენ მსგავსი ისტორიები გვაქვს :)) და ალბათ ბევრს კიდევ :)

მოკლედ, მეც ვაცდენდი სოლფეჯიოს და თვეში ერთხელ მივდიოდი, არასდროს მიმეცადინია სახლში - შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო :D ამიტომ სულ გაკვეთილებზე მასწავლიდა ხოლმე ზეპირად დაკვრას ჩემი მასწავლებელი და შესაბამისად გამოცდებზე 5 არასდროს მიმიღია :D სულ 4-ები მყავდა. 6 წელი ვიარე, მე-7 ვეღარ გავქაჩე და გამოვედი :)

vasasi said...

Nina Gorecki: დაწერე, დაწერე.. :))

Teo: ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს მივუბრუნდები ფორტეპიანოს..
არ მაქვს სურვილი.. :)

undone said...

აჰმ. ზუსტად მეც ეგ თაობა ვარ ბასასო, მაგრამ მე გამიმართლა:

სოლოლაკში დავდიოდი უმაგრეს პედაგოგთან, ვაბოდებდი პიანინოზე. და ახლაც დიდი სიამოვნებით ვუკრავ ხოლმე...

რა ცუდია, რომ არასწორმა მიდგომებმა დააუმახინჯეს ბავშვობა ბევრ ჩემს თანატოლს...

ნან said...

ძაან მომეწონა და მაგრად გაგიძლია! მეორე წელს მიღალატა მოთმინებამ, ერთ დღესაც გავაცდინე გაკვეთილი. დო-რე-მის ძახილის ნაცვლად მაგნიტოფონის კასეტა დავშალე და სკოლის ეზოში კასეტის ფირის ფრიალით დავრბოდი (კარგად ფრიალებდა ქარში). დამემართლა ფილტვის ანთება და დავისვენე მეც და მუსიკის მასწავლებელმაც. კარგი ხარ, ეგ ამბები აღარ მახსოვდა. :დდ რა უბედურებაა ბავშვის წამება მუსიკით, თუ არ გაქვს მონაცემები რა საჭიროა შვიდი წელი იჩანჩალო.

კატიე said...

ვაიმე ვასასიიი

როგორ მბურძგლავდა და მაჟრიალებდა რომ ვკითხულობდი და როგორი ნაცნობია ყველაფერიიიი იმ განსხვავებით რომ მე 7 კი არა, მთელი 11 წელი ვეწამე და ვაწამე სხვებიც

მეც მათემატიკაზე ვაფრენდი
კარატეზე და სროლაზე მატარეთთქო ვიხვეწებოდი და მუსიკაზე მამტვრევინებდნენ თითებს.
ხელს არ ვკიდებ ახლა პიანინოს, მარტო მტვრის გადასაწმენდად ვხდი თავს.

იცი რამდენი ხანია ამის გახსენება და პოსტის დაწერა მინდა და ახლა ცოტა კიდეც შემშურდა რომ დამასწარი და "გახსენი სეზონი". მე მგონი ყველამ უნდა დაწეროს, ვისაც ბავშვობაში მუსიკა შეაძულეს და მართლა დააკარგინეს ის მონაცემი, რაც ჩემდა საუბედუროდ, შენი არ იყოს, მართლა მქონდა და რომ არა იძულება + ჩემი ჯიუტი ხასიათი, იქნებ ოდესმე მართლად მომდომებოდა და ჩემით მესწავლა დაკვრა...

ბაჩო said...

ზოგს რა ბედი აქვს :(
სანამ პატარა ვიყავი 1 ოთახში ვცხოვრობდი და არ ეტეოდა პიანინო იქ. სკოლა დავამთავრე და მერე გადმოვედი ჩემს ნამდვილ ბინაში, ბედის ირონიით აქ ანტიკვარული როიალი მიდგას, მაგრამ გამომადგა ბაღანეს შესახვევად. :(

Anonymous said...

"Школная ыгра",
მე რომ რამე არ შეგისწორო, ისე, აბა, როგორ იქნება :)))) ,,შკოლა იგრი ნა ფორტეპიანო" ერქვა მაგ ლეგენდარულ სახელმძღვანელოს, მეც მქონდა - სქელი, ლურჯი ყდით. თან დეფიციტი იყო, უნდა გეჩალიჩა და გეშოვნა.
ირმა ვარ

vasasi said...

აღარ მახსოვს, რა ერქვა ზუსტად..
მეც ძლივს ვიშოვე. საბოლოოდ, ორი წიგნი გამეჩითა მაგრამ რა ხეირი?!

შემისწორე ხოლმე, თანახმა ვარ..
პირიქით, მიხარია კიდეც და თუ რამეს დავაშავებ, ეგეც მომწერე, რომ გავითვალისწინო.. :))

kakato said...

Tamo ramdeni saerto gvqonia :D
ogond shengan gansxvavebit 10wldeic davamtavre me :D

xo kidev Школная ыгра" ki ar erqva im wigns школа игры iyo :)
dzveli xidit dadiodi xolme?

vasasi said...

kakato: შენ უარესი დაგმართნია. ტექნიკუმში დადიოდი? :))
ჰო, ძველი ხიდით დავიარებოდი და წლიდან წლამდე ვაუმჯობესებდი დროს: მეშვიდე კლასში სახლიდან მუსიკალურამდე გადასასვლელად 7 წუთი მჭირდებოდა.. :დ
აუ, ვისაც გისწავლიათ მაგ სკოლაში, დაწერეთ ვინ გასწავლიდათ.. :)

nino said...

მუსიკალური სკოლა, ეს არის ყველაზე მძიმე მოგონება ჩემი ცხოვრების, წლიდან წლამდე მაჩანჩალა ოროსანივით გადავდიოდი, სკოლის დირექტორი ყოველი წლის ბოლოს მთხოვდა პირობას, რომ მომდევნო წელს უკეთესად დავუკრავდი, დედაჩემს წლიდან წლამდე ღრმად სწამდა, რომ დაკვრას ვისწავლიდი, და მერე ეს სოლფეჯიო? მის აზრს და დანიშნულებას თვით მასწავლებელიც კი ვერ მაგებინებდა, ვიდექი ერთი საათი და უმისამართოდ ვიქნევდი ჯოხს, მაზუთხინებდნენ მუს.ლიტერატურის კონსპექტებს ...
ყოველი გაკვეთილი იყო ხელმეორე ხარშვა ჯოჯოხეთის ქვაბში, ყოველი გზა იყო გოლგოთა და ყოველი გაცდენილი გაკვეთილი სამოთხე :/

მარი ახსიაშვილი said...

"ახალ მასწავლებელს, ბუნებრივია, ლალი ერქვა" - აუ, მგონი, ყველა მუსიკის მასწავლებელს ლალი ჰქვია :))) ბაღშიც და სკოლაშიცლალი-ები მასწავლიდნენ :)))

რუსო said...

მეც ვისწავლე, არა ბოდიში ვეწამე გორის N1 მუსიკალურ სკოლაში, არც კარგი სუნი მახსოვს, არც სხვა რამ კარგი, დღესაც მაჟრიალებს მის დანახვაზე, ჩემს მასწავლებელს არ ვიცი რა ერქვა, მაგრამ ვთვლი, რომ ფსიქიკა დამიზიანა და დღესაც მეზიზღება, 5 წელი მათრიეს, შემდეგ გამოვიქეცი, ღმერთმა აცხონოს პაპაჩემი შოთა, ისე შევაგდებდი მაგ სკოლაში ლიმონკას და ისე ავაფეთქებდი, ხელი არ ამიკანკალდებოდა. არადა მეც კარგ და ნიჭიერ ბავშვად ვითვლებოდი სკოლაში და ვთვლი, რომ ცოტა ნორმალური პედაგოგი რომ შემხვედროდა, собачий вальс არ იქნებოდა ჩემი მუზიცირების მწვერვალი.

Anonymous said...

ბოჟე მოი ჩემ სამივე მასწსაც ლალი ერქვა :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger