Friday, October 1, 2010

ასათიანზე - ანუ, ზურა, ვანო, ეკა, რუსიკო და სხვები

შენობის შესასვლელამდე გრძელ გზას გავდივარ. ირგვლივ ბლომად ყრია პლასტმასის ბოთლები, პურის ნარჩენები, ყურძნის მარცვლები და ათასი ერთჯერადი პარკი. შენობაში არასასიამოვნო სუნი დგას.
არ ვიმჩნევ.
მეორე სართულზე ავდივარ. მორიდებით, ოდნავ შეშინებული ვრეკ ზარს.
კარს შუახნის კაცი მიღებს. ავადმყოფში მერევა (აქ ხომ პაციენტი და მომსახურე პერსონალი ერთმანეთს ძალიან ჰგავს), თუმცა რიხით შევდივარ. დერეფანში აღმოვჩნდი. უარმავი ადამიანი დადის გარშემო. კედლები მოხატულია.
- ქალბატონი ლალისთან ხართ? ახლავე დავუძახებ, - საქმიანად მეუბნება მოკლე შორტებში გამოწყობილი, წითელპერანგიანი კაცი.
- მე თვითონ ვეტყვი, შენი დაძახება არ სჭირდება, - მომვლელი მოფერებით საყვედურობს, მერე მრავალმნიშვნელოვნად იქნევს თავს.
- მალე გამოვა, - მეუბნება წითელპერანგიანი.
ვუღიმი.
- შეგიძლიათ, გარეთ დამელოდოთ, - ქალბატონი ლალი სარეაბილიტაციო კურსის კოორდინატორია. გადაღებაზე სწორედ მას შევუთანხმდი.
გარეთ გასვლას ვაპირებ, მაგრამ ვინც შემომიშვა, ის კაცი კარს ცხვირწინ მიკეტავს.
- აქ შემოსვლა შენი ნებაა, გასვლა - ამათი. თავით მანიშნებს კარისკაცზე კედელთან ატუზული ერთ-ერთი პაციენტი და იმ ღიმილით მიყურებს, რიგითი ადამიანები რომ უღიმიან ჟურნალისტებს.

მერე ყველა ერთად ჩავდივართ ორი სართულით ქვემოთ - სარეაბილიტაციო განყოფიელბაში.
ზურა, ვანო, ეკა, რუსიკო და სხვები არტთერაპიის კურსს გადიან. ამჯერად მუსიკა აქვთ. .
- შეიძლება, ჩემი სიუჟეტის გმირი რომ იყო? - ვეკითხები ზურას.
როგორც თვითონ ამბობს, ავარიის დროს მძიმედ დაშავდა. მესამე კვირაა, რაც საავადმყოფოშია. ინტერვიუზეც ხალისით მთანხმდება  და სახის გამოჩენაზეც. მაგრამ მე ვფრთხილობ და კამერასთან ზურგით ვაყენებ: ამ სფეროში გამოუცდელი ვარ და შეცდომის დაშვება არ მინდა.
დღეს ეკას დაბადების დღეა. მოწყენილია, ოჯახის წევრებმა არ მოაკითხეს.
- ეკა, ჩვენ შენ გვიყვარხარ, გილოცავთ დაბადების დღეს, - მეგობრები დაბადების დღის სიმღერას უმღერიან იუბილარს.
ეკა ტირის. 
მიზეზი: დღის ოთხი საათია, მის ძმას და ახლო ნათესავებს კი ჯერაც არ გახსენებიათ.
ზურა და ვანო მაინც ახერხებენ მის გართობას: ”შალახოზე” ცეკვავენ. მალე ყველა პაციენტი უერთდებათ.
- შეიძლება დავუკრა? - ეკითხება პედაგოგს რუსიკო. შემდეგ პიანინოსთან ჯდება და გრძელი, ლამაზი თითებით მთელ გრძნობით უკრავს მელოდიას.
ნუთუ აქ მოხვედრამდე მუსიკოსი იყო?!

- მეც ჩამწერე რა, - მეუბნება ვანო. მერე ლექსებს ჰყვება. ერთი სტროფი ”ვეფხისტყაოსნიდან”,  ”მე და ღამე” - მთლიანად. ვანოს შემდეგ ზურა კითხულობს.

- ჩემს საკუთარ ლექსს წავიკითხავ, თუ არ დამავიწყდა, - ეს ის რუსიკოა, პიანინოს რომ უკრავდა და მუსიკოსი მეგონა. სინამდვილეში ინჟინერი აღმოჩნდა.
- გართულებული ფსიქოზი მაქვს, ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა. სიძემ ჩემი ბინაც წააგო ტოტალიზატორში და  ახლა აქ ვარ.
- ნახეთ ნახატები? ლონდონსა და მიუნხენში იყო გამოფენილი, - მომიახლოვდა სოციალური მუშაკი.
ვეუბნები, რომ მაცაკას გადაღება მინდოდა, მაგრამ ცუდ ხასიათზე იყო და ორშაბათისთვის დამიბარა: დედაჩემიც მოვა და მასთან ერთად გადამიღეთო.
მაცაკა ქარგავს.
ქარგავს აბსოლუტურად ყველაფერზე. იმ ტანისამოსზეც კი, რომელიც ზედ აცვია.
ეკა კვლავ ტირის.
-კარგი, გეყოფა, გენაცვალე, - დაკვრას წყვეტს პედაგოგი.
- მე მეშინია, რამე ხომ არ დაემართათ?! - სლუკუნებს ეკა.
- არა, რას ამბობ, ყველაფერი რიგზეა. მოგაკითხავენ. ამშვიდებს სოციალური მუშაკი, თუმცა უსიამოვნოდ იქნევს თავს: ეკასთვის ძმას და რძალს თვეებია არ მოუკითხავთ.

პაციენტები თანდათან თამამდებიან. ყველას სურს კამერაში გამოჩენა. მღერიან, კითხულობენ ლექსებს და ინტერესდებიან, როდის გავა სიუჟეტი და სად.ამბობენ, რომ არტთერაპიის დროს ერთობიან და ხალისობენ.
- მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენც რიგითი ადამიანები ვართ და დანარჩენებისაგან არაფრით განვსხვავდებით, - მეუბნება ზურა ინტერვიუში.
გაკვეთილი მთავრდება.
 ვანო, ეკა, ზურა, რუსიკო და სხვები პალატებს უბრუნდებიან.
ვფიქრობ, რას იტყვის მაცაკა. არ მინდა, გული დასწყდეს, მაგრამ მე ხომ ორშაბათს მის გადასაღებად ვერ მივალ?!
ეკა კვლავ ტირის: ძმისგან მილოცვას ელოდება და გული სტკივა, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე საათია. იქნებ, გაახსენდეს?!

11 comments:

ჩორვენი¹³ said...

metkina :|

agaTa said...

taam!!
dzalian namdvili da ubralo!
momewona dzalian!!
mixaria tu moaxerxe gadageba!
warmeteba yvelafershi :) :)

taa said...

:( :( : (: (

sakvarlebiiiiiiiiiiiiiii
au is gogo shemecoda nerviulobisgan ro gagijda
sxvebi risgan gagijdnen neta?

vasasi said...

თა, ასე დაწვრილებით არ გამომიკითხავს. ერთი იყო, ზურა, ის ავარიის დროს მძიმედ დაშავდა და ტვინშიც რაღაც დაუზიანდა და მაგ ქალის ამბავი ვიცი, ტოტალიზატორის გამო რომ გაგიჟდა..

არადა, იცი რა კარგი ქალი იყო?!

სიყვარულოვნა said...

ვაი მე!
აი ცრემლები წამომივიდა...
ძალიან მძიმე პოსტია...
ეკა...

sophie said...

guli metkina! :((

Kate said...

ზეპირად ვიცი მანდ რა სიტუაციაა.
არტთერაპია კი უკვე აღარ ფინანსდება, ამიტომაც აღარ გაგრძელდება. სურათები ნამდვილად იყო ლონდონსა და მიუნჰენში წაღებული.
ეგ ლალი რა გვარი იყო გვარად???

vasasi said...

ბანძელაძე იყო...
რომ შეწყდა, ეგ არ ვიცოდი. სიუჟეტი არ გამიკეთებია..
ეს მნიშვნელოვანი ინფო მითხარი..

Kate said...

ეგრეც ვიცოდი, რომ ბანძელაძე იქნებოდა. :D :D :D :D :D :D :D

ხო შეწყდა, მაგრამ ჯერ საბოლოოდ მაინც არა. არკვევენ რაღაცეებს და ვნახოთ რა.

ნან said...

ვასასიკო ასეთი პოსტები დააბრუნე რა ამ ბლოგზე :))

vasasi said...

ვაპირებ..

ყოველ შემთხვევაში, მაიჩქაზე აღარ დავწერ..

თუმცა აქ მაინც იქნება მასკულ;ტუტული პოსტები: რეიტინგი მოითხოვს..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger