Sunday, October 17, 2010

აი, ჩვენ უკვე გავუსწარით ამერიკას

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2025 წლისათვის, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით, ჩინეთი პირველ ადგილზე იქნება.

რეიჩელი ჩიკაგოდან არის. ის საქართველოში განათლების სამინისტროს პროექტის - ”ინგლისურენოვანი მასწავლებლები სკოლებს” ფარგლებში ჩამოვიდა. მიზანი მშვენიერია - ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლა.

იმ დღეს რეიჩელი, ჩვეულებისამებრ, დილით შვიდ საათზე ადგა. დედობილმა
საკუთარი ხელით ჩაატენა თაფლისა და კარაქის სქელი ფენით დაფარული სამი მოზრდილი ნაჭერი პური, ძალადობრივი ხერხით ჩაასხა კაკაო და ხორხამდე გატენილი კუჭით გაუშვა სახლიდან.  ბუნებრივია, ზურგსუკან პირჯვრის გადაწერა არ დავიწყებია. მერე რა, რომ რეიჩელი ბუდისტია?!

რეიჩელი სამსახურში მივიდა. სამარშრუტოს ფული არ გადაუხდია, რადგან მისი დედობილის მეზობელმა დაასწრო. ამ წესით განცვიფრებულ-გაოგნებული, უფრო კი - შეშინებული ამერიკელი ფრთხილად ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.

- Hello Children! - რეიჩელს ბავშვები უყვარს.
- Hello Teacher! - პასუხი.
- sit down!. - რეიჩელს ის იყო სიის ამოკითხვა უნდა დაეწყო, რომ საკლასო ოთახის კარმა ერთბაშად იხუვლა. 

კოსტუმიანმა ადამიანებმა, დაცვის წევრებმა, ფოტოგრაფებმა, ოპერატორებმა, ჟურნალისტებმა, სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა რეიჩელს გაკვეთილი ჩაუშალეს. დაკვირვების უნარი რომ დაუბრუნდა, ამერიკელმა დააფიქსირა, რომ კამერები ერთი ადამიანისკენ  იყო მიმართული, რომელიც დაბნეულსა და დარცხვენილ ბავშვს გვერდით მოსჯდომოდა და ღიმილით რაღაცებს ეუბნებოდა.

- დაა, ვინ არის ეს?! - მორცხვად იკითხა რეიჩელმა;
საქართველოს პრეზიდენტი, - ჟურნალისტს სახეზე ”ვაი შენს პატრონს” ეწერა.

რეიჩელი წელში გასწორდა.
”რაო, რა თქვა ჟურნალისტმა? მთლად პრეზიდენტიაო??” - ამერიკელებს, ისევე, როგორც რიგით მოკვდავებს, ძალიან სიამოვნებთ  თანამდებობის პირთან შეხვედრა.

- საიდან ხართ თქვენ? - ხელს ძალუმად ართმევს პრეზიდენტი.
- ჩიკაგოდან,- პასუხობს დაბნეული რეიჩელი.
- თქვენთან, ამერიკაში, პირველივე კლასიდან სწავლობენ კომპიუტერს?
-არა, ბავშვები ჯერ წიგნებს ეცნობიან, ოდნავ მაღალ კლასებში შემოდის კომპიუტერის სწავლება, - პასუხობს რეიჩელი და იხსენებს, რომ სანამ ამერიკიდან წამოვიდოდა, პრეზიდენტმა ობამამ ახალი ინიციატივა გამოთქვა: 10 000 მათემატიკის მასწავლებელი აშშ-ს სკოლებს. 
რეიჩელი ობამას შემოთავაზებით დიდად არც მოხიბლულა, რადგან სკოლაში მათემატიკას ვერ სწავლობდა, თანაც, ჩიკაგო - თბილისის რეისზე ბილეთი უკვე აღებული ჰქონდა და ის ის იყო უკანასკნელი ნივთი: კბილის ჯაგრისი ჩატენა ჩემოდანში.

- ხედავთ, ამერიკაშიც კი არ ასწავლიან კომპიუტერით პირველი კლასიდან. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნოვაციების დანერგვით, ამერიკასაც გავასწარით! - ამბობს პრეზიდენტი.

”სკოლაში შესვლისთანავე კომპიუტერის დარიგება, კომპიუტერით ანბანისა და წერა-კითხვის სწავლება.. ვაჰ, ეს როგორ?!” - გაოგნდა რეიჩელი და პირველად ცხოვრებაში, ამერიკული განათლების სისტემის მსოფლმხედველობასა და სისწორეში ეჭვი შეეპარა.

პრეზიდენტი კი აგრძელებს:

- თუ ვინმე ქართული განათლების რეფორმაზე ცუდს იტყვის, ის ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეა. კომპიუტერიზაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა სწორი მიმართულებით მიდის განათლების რეფორმა. ჩვენ ჩვენს მტრებს უნდა ვაჩვენოთ, რომ არ დავიჩოქებთ!

ჟურნალისტებს მიკროფონები უჭირავთ. სტაფილოსფერი მიკროფონის პატრონს სახეზე ამპარტავნება აწერია, წითელი მიკროფონისა ფიქრობს, ხელფასს როდის აიღებს, თეთრი, ხაზიანი მიკროფონის ავტორი, წითლის პატრონისაგან განსხვავებით, ამაზე აღარც ოცნებობს. ლურჯი მიკროფონის პატრონმა ორი დღის წინ რუსოს ”ახალი ელოიზა”  წაიკითხა  და გონებაში სიუჟეტის ამ რომანისეული სიტყვებით აწყობა დაიწყო. ვარდისფერი, გრძელი მიკროფონის ავტორი აშკარად მათემატიკურ ფიქრებს მოუცავს: ნეტავ ტრანსპორტის ხარჯს ხომ არ ანგარიშობს, გლდანიდან დამპალომდე რომ დაუჯდება?! გუშინ უკვე დაზუსტებით უთხრეს, რომ ტელევიზია, ქალაქის ცენტრიდან სუფთა ჰაერზე გადადის.

- განათლების რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია საქართველოში, დღეს ვერავინ მოხვდება უნივერსიტეტში ქრთამით. ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ენის შესწავლას ქართულ მოსახლეობაში, - აგრძელებს პრეზიდენტი, კუთხეში მიმდგარი ორი მასწავლებელი კი ჩუმად ტუტუნებს: წესები, შეფასების სისტემა, სწავლების მოდელი, სახელმძღვანელოები თუ კიდევ ათასი რამ თხუთმეტ წუთში ერთხელ იცვლება და აბა განათლების რეფორმაო?!

რეიჩელი უკვე დაიღალა,  ერთადერთი, რაც ამ აურზაურიდან დაასკვნა ისაა, რომ დღევანდელი გაკვეთილი ჩაიშალა, საქართველომ კი განათლების სისტემის მოდელით, ამერიკას გაუსწრო. აქ რეიჩელს თავმოყვარეობა შეელახა, მასში შეერთებული შტატების პატრიოტმა გაიღვიძა: დღესვე უნდა მიწეროს თეთრი სახლის ადმინისტრაციას. მანამდე კი სახლში უნდა დაბრუნდეს, სადაც დედობილი კალორიული საჭმელებით ხელში ელოდება. რეიჩელს ამის წარმოდგენაზეც კი გული მისდის.

სკოლაში შეხვედრა დამთავრდა. ყველა კმაყოფილია, თუმცა ინტრიგანებს რიტორიკული კითხვა არ ასვენებთ:
აი, ჩვენ უკვე გავასწარით ამერიკას. საინტერესოა, რა იქნება 2025 წელს?!

10 comments:

anna said...

sabralo chveni shvilebi :|

Anonymous said...

ვეღარ ვსუნთქავ სიცილისაგან.. :)))) 033-ზე დარეკეთ ვინმემ.. :))))))

Michael said...

ჰუჰჰ არა რა მიშა მაინც მაგარია =)) რეიჩელმა თვითონ ხომ არ დაწერა ეს ისტორია? გავიგე ეს ინგლისურის მასწავლებლები ბლოგერობენ მასიურადო...

LiLaC said...

რეიჩელი ალბათ იტყოდა: "sit down"-ო :D
კარგი პოსტია, მომეწონა : ))))

vasasi said...

LiLaC : ჰო, შემეშალა..
არ ვიცი ეს ინგლისური.. :))

Michael: არა, ეს ჩემი მოგონილია.. :))

გურამი said...

აი დაგლიჯეო ამაზეა ნათქვამი! :) კარგად ჩანს ზედმეტი სტუმართმოყვარეობა და ზედმეტად გაბერილი წარმოდგენები. სახეზე აწერია "ვაი შენს პატრონსო" - აი ეს კი ვაფშე პიკი იყო! მომწონხარ, ვასასი. ასე გააგრძელე. არა, უფრო მაგრად გააგრძელე.

agaTa said...

ai es martla kargiu iyo!!!
Zalian kargi!! :D :D
sabralo reicheli!|
mikrofonebidan R2-s mivxvdi marto :D

vasasi said...

წითელი მიკროფონი "მაესტროა", ხაზიანი მიკროფონი "კავკასია", გრძელი, ვარდისფერი მიკროფონი "პირველი არხი", ლურჯი - "იმედი"..

:))
მიხარია, რომ მოგეწონა.. :)

taa said...

kargi xaaaaaaaaaaaaar :)

vasasi said...

გმადლობ, თაა.. :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger