Sunday, October 31, 2010

საძირკვლიდან კარკასამდე

ჯანდაცვის სფეროში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. 2011 წლის ბიუჯეტში სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია, თუმცა უქმდება ისეთი პროგრამები, როგორებიცაა გადაუდებელი დახმარება, უბედური შემთხვევა, ონკოლოგიური და რეფერალური (მოქალაქეებს მიერ სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნა).

საპარლამენტო უმცირესობა და "ქრისტიან-დემოკრატები" სამინისტროს სწორედ ამ პროგრამებს ედავებიან, თუმცა არაფერს ამბობენ ფსიქიატრიულ ჯანდაცვაზე. რატომღაც, ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო, რომელშიც უმძიმესი საყოფაცხოვრებო და სამკურნალო პირობებია, მივიწყებულია (დაწვრილებით იხილეთ სახალხო დამცველის ანგარიში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებთან დაკავშირებით). სამინისტრო არათუ სტაციონარების ნორმალურ მდგომარეობაზე ზრუნავს, არამედ, კულუარული ინფორმაციით, ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრების დახურვაზეცაა საუბარი. თუ რა მნიშვნელობის მატარებელია მსგავსი დაწესებულებები, იხილეთ ვიდეოში.





რამდენიმე დღის წინ, ღია სატელევიზიო ეთერში პირველად გამოჩნდა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი - ალექსანდრე ურუშაძე. მან დაადასტურა, რომ სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება, აღმოჩნდა, რომ თანხის დიდი ნაწილი 46 ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე იხარჯება. სავარაუდოა, რომ ასიდან მათი რიცხვის 54-ით შემცირება, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება (აქვე აღსანიშნავია, რომ მოქმედი საავადმყოფოების დიდი ნაწილი დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს). მინისტრმა დაწვრილებით განიხილა მშენებლობის პროცესი: საძირკვლის ჩასხმიდან თეთრ კარკასამდე.

მომავალ წელს, ახალ საავადმყოფოებთან ერთად, პრიორიტეტი სამედიცინო დაზღვევას მიენიჭება: სრულად დაეზღვევიან პედაგოგებიც. სამინისტროს მნიშნვნელოვანი გეგმები აქვს საავადმყოფოს მომსახურე პერსონალის იმიჯთან დაკავშირებით: მინისტრის განცხადებით, ექთნები ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებენ.

ჩემი რამდენიმეთვიანი ჟურნალისტური გამოცდილების მანძილზე, არასასურველი თემის გამო, პრესსამსახურები ხშირად ყოფილან არაკოლეგიალურები. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ფსიქიატრიულ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროდან მინდა კომენტარი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრესსამსახური უცნაური, უფრო კი, ბავშვური ხერხებით მარიდებს თავს. პრესსამსახურის უფროსი ხშირად, უბრალოდ - მემალება.

ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში,საინფორმაციო სისტემის წინ წამოწევა და განვითარებაც იგეგმება. იმედია, კომპეტენტურ პირებთან მაშინ მაინც იქნება შესაძლებელი კითხვის დასმა:

• ფსიქიატრიულ ჯანდაცვასთან მიმართებით სახელმწიფოს აქვს თუ არა სტრატეგია და თუ აქვს, რა?!

ბუნებრივია, კითხვა იმ შემთხვევაში იქნება ლოგიკური, თუ ამ დროისათვის ფსიქიატრიული საავადმყოფოები საქართველოში კვლავ იარსებებს.

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger