Sunday, November 7, 2010

მილიონი ევრო მიდის, ტრამვაი კი ბრუნდება

აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი მხარდაჭერა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2011 წლიდან, ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრობა და დაპირება ევროკავშირში მიღების თაობაზე - ქართველებს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი ჩვენი მეგობარია.

მოკავშირე ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობები საფრანგეთთან გვაქვს. რუსეთისათვის სამხედრო გემ ”მისტრალის”  მიყიდვის თაობაზე დიდი ხანია ბოროტი ჭორები დადის, მაგრამ ნიკოლяს სარკოზი ის პრეზიდენტია, რომელმაც აგვისტოს ომის დროს, კავკასიელი მეგობრების გულისთვის ცხრა ზღვა და ცხრა მთა (მართალია, თვითმფრინავით) გადალახა და შედეგიც მიიღო.

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ტრანსპორტის სრული რეორგანიზაცია მოხდა: გაუქმდა ტროლეიბუსები, შეიცვალა და შემცირდა სამარშრუტო ტაქსები და მათი მიმართულებები, ამოიყარა ტრამვაის ლიანდაგები და ეს ყველაფერი კოლოსალური თანხა, დახლოებით, ერთი მილიონი ლარი დაჯდა.

მას შემდეგ, თითქმის, ექვსი წელია, თბილისში სხვადასხვა ზომის ყვითელი ავტობუსები დადის, რომლებსაც პერიოდულად ცეცხლი უჩნდებათ, ადგილიდან დაძვრისას კი ისეთ შავ ბოლს აფრქვევენ, რომ მოქმედებდეს, ზესტაფონის ფეროს შეშურდებოდა.

ოქტომბერში ეკოლოგიის დღე მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნა. ეკოლოგიაში საკუთარი წვლილის შესატანად, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ახალი ინიციატივა წამოაყენა: 
  • გაუქმდეს ჰოლანდიიდან თავის დროზე ზარ-ზეიმით შემოყვანილი ყვითელი ავტობუსები და დედაქალაქში სიარული დაიწყოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტმა: ტრამვაიმ და ტროლეიბუსმა.

გეგმის მოსამზადებელი ეტაპი მალე აამოქმედეს: სულ ერთი კვირაა, რაც ავტობუსის რამდენიმე ხაზი გაუქმდა. აქვე ცნობილი გახდა, რომ მეგობარი ფრანგების დახმარებითა და ეკოლოგიური სისუფთავის მიზნით, თბილისში ევროპული სტანდარტების ტრამვაი დაიწყებს სიარულს. 

ტრამვაიში, თავისთავად, ცუდი არაფერია. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გადაითხრება დედაქალაქის ქუჩები, კიდევ ერთხელ ჩაიყრება ლიანდაგი, კიდევ ერთხელ გადაიჭიმება დენის ხაზები და უკვე ცნობილია, რომ სამუშაოები, დაახლოებით, ერთ მილიონ ევროზე მეტი დაჯდება.

არა, საფრანგეთი კი ჩვენი მეგობარია და გამოგვიყოფს გრანტს, მაგრამ
თუ მაინც ტრამვაის დაბრუნებას ვაპირებდით, რატომ ავყარეთ ლიანდაგი, ხუთი წლის შემდეგ თავიდან რომ დაგვეგო და ეს ყველაფერი, არაფრის მაგივრად, დაახლოებით, ორი მილიონი ევრო დამჯდარიყო?!  

სრულიად თბილისის მერია კმაყოფილია: ქალაქის თავის ინიციატივით, უახლოეს მომავალში  პროექტი ”თბილისის ტრამვაი” ამოქმედება და საზოგადოებრივ საბჭოსთან ერთად, მოსახლეობაში ტრამვაის პოპულარიაზაციაზე იზრუნებს.

კმაყოფილია ეკოლოგიური სამსახურიც: მათი დღევანდელი მონაცემებით, ჰაერის 90% გამონაბოლქვით ბინძურდება და ტრამვაი ამ პროცენტს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, სამი წელი დასჭირდება, ერთ წელიწადში კი ცნობილი გახდება მარშრუტი, რომლის მიხედვითაც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი იმოძრავებს. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც: ტრამვაის ხომ გაპიარება სჭირდება?! ამასობაში გარდამტეხი 2013 წელიც კარს მოგვადგება (თუ მანამდე ავადსახსენებელმა 2012-მა არ მოგვისწრო). 

ევროკავშირი ჩვენი მეგობარია.
მერე რა, რომ სრული საბრძოლო შემადგენლობით აღჭურვილ ”მისტრალს” რუსეთს აუცილებლად მიჰყიდის, მოკავშირეებიდან, განსაკუთრებით, საფრანგეთი გვწყალობს. არა, ამაგს არც ქართველები ვივიწყებთ: ჩვენი ქალაქები ნელ-ნელა ემსგავსება საფრანგეთისას (იხილეთ დაწვრილებით). რას ვიზამთ, ვცდილობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ.

პარიზი, ლიონი, სტრასბურგი, ათენი.. სულ მალე პრესტიჟული ევროპული ქალაქების რიგს თბილისიც შეუერთდება: მათ მსგავსად, ჩვენთანაც ფრანგული, თანამედროვე სტანდარტების ტრამვაი ივლის. სამწუხაროდ, საბედნიეროდ თუ ბედის ირონიით, ეს ერთადერთია, რაც ამ ქალაქებს დაგვამსგავსებს.


3 comments:

ან ნა said...

იცით რა მაინტერესებს? ასე ნელ ნელა თუ შეამცირეს ტრანსპორტი, გადაადგილების საშუალება საკუთარი 2 ფეხი იქნება სამი წლის განმავლობაში? დამპლები :|

კატიე said...

ვასასი,
ზუსტად მახსოვს, ტრამვაის ლიანდაგების აყრა ვარდების რევოლუციამდე, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო, და როგორც ვიცი, ის ლიანდაგები საკმაოდ ძვირადღირებული "ჯართი" იყო, იმასაც ამბობდნენ, სამართებლების და საპარსების პირების დასამზადებლად ყიდულობენ მაგ "ჯართსო".

შევარდნაძის მერე კიდევ იყო ერთი, პრინციპში ყველაზე მონაკვეთი, მგონი ნაძალადევის, აყრის პროცესში და ის დაასრულეს.

მე ის უფრო მაინტერესებს, სად და რა ფასად გაიყიდა რელსები. რა მოგება/წაგება ნახა სახელმწიფომ ტრამვაის გაუქმებით მაშინ. წესით, ეს საჯარო ინფორმაციაა.

მივესალმები ეკოლოგიურ გადაწყვეტას და ტრამვაის აღდგენას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვგმობ მოკლევადიან პერსპექტივებში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას და არაეკონომიურობას.

ავტობუსების შემოყვანა თაისთავად კარგი იდეა იყო იმ დროისითვის, მაგრამ მუმდივი მოვლის და გაფუჭებული ავტობუსების გამოცვლის გარეშე, მითუმეტეს ქართველი ველური მგზავრების ხელში, ფაქტია, რომ ავტობუსები იქცა იგივე ჭუჭყიან და სუნიან "მარშრუტკებად", ოღონდ უფრო დიდია ზომით, მეტი არაფერი.

ჩემი ვარაუდით, ავტობუსების ნაწილის გაუქმებაც სწორედ ამ მიზეზით მოხდა, ზოგიერთი ავტობუსი ისეთ დღეშია, ან ახლით უნდა ჩაანაცვლონ (რისი ფულიც, სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ არაა და რომც იყოს, ხვდებიან, რომ არაეფექტურია, თუ ისევ მეორეადი ავტობუსები იყიდეს და მერე არ მოუარეს), ან ხელახლა უნდა გადაანაწილონ.

vasasi said...

ანა, ტრამვაის ხსნიან.. :))


ეკა, რატომ მახსოვდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გააუქმეს ტროლეიბუსები?! :(


ლიანდაგების ამოყრაც ეგრე მახსოვდა..

საქმე იმაშია, რომ აყრაშიც და ჩაყრაშიც ბლომად ფული გაკეთდება..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger