Tuesday, November 9, 2010

მე, წიგნი და წიგნები

კითხვის სწავლა რომ დავიწყე, 4 წლის ვიყავი. არ დაგიმალავთ: სამეცადინოდ დაჯდომის წინ, მე და დედას სერიოზული უთანხმოება გვქონდა. ხუთი წლისა გამართულად ვკითხულობდი, ექვსი წლისას კი გული მწყდებოდა, რომ პეპი უკვე წაკითხული მქონდა.

მახსოვს, ბიბლიოთეკაში პირველად დედამ წამიყვანა. სადღაც, ექვსი წლის ვიქნებოდი. ორი წიგნი გამოვიტანე, კრუხსა და წიწილებზე იყო ზღაპრები.

მას შემდეგ ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი გავხდი. ოღონდ, ერთი სენი მქონდა: წიგნი რომ მომეწონებოდა, ათასჯერ ვკითხულობდი.

მიყვარდა, როცა მამა მირჩევდა წიგნებს: თაროებთან სკამზე შედგებოდა და ზედა თაროებში იქექებოდა. მეც პირდაღებული შევყურებდი საინტერესო წიგნის მოლოდინში: ზემოთ ხომ ვერ ვწვდებოდი და რაც იქ იდო, ყველა წიგნი საოცრად მაგარი მეგონა.  წაკითხვის შემდეგ, მე და მამა გმირებზე აზრებს ვცვლიდით, ვკამათობდით.

და აი, დადგა ავადსახსენებელი გარდატეხის პერიოდი. ის ორი-სამი წელი, კლასგარეშე წიგნი ხელში არ ამიღია. მერე აბიტურიენტი ვიყავი, სამეცადინო წიგნებთან ერთად, "სამოსელი პირველის" წაკითხვა მოვასწარი.

ინტენსიურად წიგნებს სტუდენტობის პერიოდში დავუბრუნდი, ოღონდ - განსხვავებულად. როგორც არ უნდა მომეწონოს, წიგნს არასოდეს ვკითხულობ ხელმეორედ.

ბევრი წიგნი წამიკითხავს, უფრო მეტი - არა. არის წიგნები, რომლებიც მაქვს, უფრო მეტი - არ მაქვს. მიყვარს ტომეულები, ამიტომ, გამუდმებით  ვყიდულობ (მერე რა, რომ სახლში მოგვეპოვება, ეს ჩემი ნაყიდია).

ძალიან მიყვარს ჰაინრიხ ბიოლი, ემილ ზოლა, თომას მანი (მეუხერხულება ქართველი მწერლების ჩამოთვლა: ჩვენთან ხომ ჭილაძე, დოჩანაშვილი თუ ჯავახიშვილი ყველას აქვს წაკითხული და ყველა აღფრთოვანებულია?!).. ვწვალობ მეთვრამეტე საუკუნის ნაწარმოებების კითხვისას: ვიღაცის ცხვირის ორგვერდიანი აღწერა არ მხიბლავს.

არ მიყვარს პოეზია და ამ თემაზე ნურაფერს მკითხავთ.

არ მიყვარს წიგნის მაღაზიები. მარტო იმიტომ, რომ უამრავი საინტერესო წიგნი დევს, რომელთა ყიდვა მინდა, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობაო, ჩაგვჩიჩინებენ წინაპართა სულები. მიყვარს ახალი წიგნები. განსაკუთრებით მაშინ, თუ მე ვყიდულობ. გამორჩეულად მიყვარს ის ადამინები, რომლებიც წიგნებს მჩუქნიან. მიყვარს ბუკინისტებიც, თუმცა, ბევრისაგან განსხვავებით, თავი არასოდეს გამომიდვია მათ დასაცავად (ღმერთო ჩემო, ისედაც უამრავი პრობლემაა ირგვლივ).

საქართველოში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო: "50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო". უპრეცედენტო არ არის: ინგლისში და კიდევ სხვაგან, უკვე აირჩიეს ფავორიტები. აქ მთავარი ისაა, რომ 50 წიგნს ჩვენ ვირჩევთ, რასაც, დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეც აქვს. მაგალითად, რემარკის "ტრიუმფალურ თაღს" "სამი მეგობარი" სჯობს, დიუმას "სამ მუშკეტერს" კი "გრაფი მონტე კრისტო", ლონდონის "მარტინ იდენი" შესატანიც არ არის, ამ წიგნზე კი საუბარიც არ უნდა იყოს. მაგრამ კარგია, რომ "დონ კიხოტი", "ოსტატი და მარგარიტა" (ბანალური ვარ, ჰო) თუ "99 ფრანკი" იქნება. ჯერ მხოლოდ ოცი წიგნია ცნობილი, დანარჩენებზე ხმის მიცემა მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოთ. სიახლეები რომ არ გამოგეპაროთ, ფეისბუქსა და ტვიტერზეც თვალყური ადევნეთ. უფრო დაწვრილებით ისტორიას კი ბლოგზე გაეცნობით.

რატომ არის პროექტი კარგი?!
  • წიგნი იაფია;
  • წიგნს რომ ყიდულობ, ეს უკვე კარგია.
  • 7 ლარად რომ ყიდულობ - გადასარევი;
  • წიგნი მაგარყდიანია;
  • სამწუხაროდ, ნამცხვარი და ჩაი არ მოჰყვება: მათზე ზრუნვა თავად მოგვიწევს თუმცა სანამ ბოლო პუნქტთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამთ დაიმახსოვრეთ, რომ თითო ნაკლი ყველას გვაქვს. 

9 comments:

Lord Vader said...

სამ მუშკეტერს არაფერი ჯობია. :) თითქმის.

Michael said...

საინტერესოა...
ისე სამ მუშკეტერს ნამდვილად არ ჯობია მონტე კრისტო
და რემარკის ტრიუმფალური თაღიც არაა სამ მეგობარზე ნაკლები... რავი გემოვნების საკითხია ალბათ.

mecmikvarkhar said...

"სამ მუშკეტერს" მე "დედოფალი მარგო" მირჩევნია, "მარტინ იდენს" - "დიდი სახლის პატარა დიასახლისი", "ტრიუმფალურ თაღს" - "სამი მეგობარი" , "ოსტატი და მარგარიტა" და "99 ფრანკს" ველოდები რომ შევიძინო.
და ბიბლია არ უნდა შესულიყო ამ 50ათეულში.

წარმატებები კონკურსში! :)

gijmaj said...

სამი მუშკეტერი თავის დროზე მიყვარდა, მაგრამ მერე მივხვდი, მხიარული თავგადასავლების უკან რა იმალებოდა. დიუმას გაფეტიშებამ იგივე გააკეთა საფრაგეთისთვის, რაც ჩვენთვის - ვეფხისტყაოსანმა: რას ვგულისხმობ: რუსთაველის ფანებმა ჩაკლეს ვაჭრობისა და დემოკრატიული განვითარების იდეები, დიუმამაც ანალოგიურად მოახდინა სახელმწიფოებრივი აზროვნების დისკრედიტაცია: უსაქმური იდიოტი მეფეების იდეალიზებითა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რიშელიეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი სახის შექმნით.

მკითხველი said...

ცხვირის ორგვერდიან აღწერაზე მაგრად ვიხალისე, მასე ჰიუგო მტანჯავდა ხოლმე ბავშვობაში.
ბიოლი უნდა გავიცნო, მისი რომელი ნაწარმოები მოგწონს?

პს. დღეს გავიგე რომ მე ვისაც ვიცნობ ის გოგო ყოფილხარ :))))

vasasi said...

უიჰ...

რომელი ხარ, მკითხველო? :)

ბიოლის ყველაფერი მომწონს..

ერთი სტილი აქვს.

"უკაცო სახლი", "და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა", მისი მოთხრობებიც ნახე..
საინტერესო ტიპია. თან ომის შემდგომი გერმანიის კომპლექსი აქვს და მიდის რიხინით..:)

არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარი აქვს.

Anonymous said...

metvramete saukuneze mec igivenairad vitanjebi... ra jobia lakonurobas:)

Anonymous said...

kargi wigni mirchiet ra, KOELIO ar mixsenot!!! :)))

vasasi said...

ანონიმო, სენკევიჩის "ვიდრე ჰხვალზე" რას იტყოდი?

:)

პ.ს. კოელიო მეც არ მიყვარს.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger