Sunday, November 14, 2010

ოკუპირებული იდეოლოგიის პერსპექტივა

  • "ბითლზებს" რამდენიმე სიმღერა აქვთ, რომლებზეც მავანნი ამბობენ, ფირფიტა რომ უკუღმა დაატრიალო, ეშმაკის  სადიდებელ ჰიმნს მოისმენთო. ბიჭები ამაზე კაიფობდნენ და ზოგჯერ სპეციალურადაც უბნევდნენ თავგზას მსმენელს.

 პრინციპულობა კარგი რამეა, ადეკვატურობა - უკეთესი. კამათის დროს ოპონენტს ჩვენი სიმშვიდით უფრო ეშლება ნერვები, ვიდრე წამოკივლებებით.

იდეოლოგიასთან ბრძოლა აუცილებელია. მით უმეტეს ისეთთან, მემკვიდრეობით რომ გადადის. საბჭოთა იდეოლოგიასთან ბრძოლის საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც არც წითელი ყელსახვევი უტარებია, არც ოქტომბრელის ნიშანი, არც კომკავშირელი ყოფილა და, საერთოდ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიბადა?!

მომავალი წლიდან ძალაში ახალი კანონი შევა, რომლის ერთ-ერთ პუნქტშიც წერია, რომ ყველა ადმინისტრაციული შენობიდან უნდა მოშორდეს საბჭოთა სიმბოლიკა, აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საბჭოთა სიმბოლიკის ტარება (ღადაობით კი ბატონო, ატარეთ) წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული თუ კერძო პირი დაჯარიმდება  1500 ლარით. იდეის ავტორის თქმით, ეს გზა საბჭოთა იდეოლოგიასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხია, თუმცა არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა ქნას მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ცხრა მაისს?

სულ მეგონა, რომ იდეოლოგია ადამიანის გონებაშია ჩაბეჭდილი, მასთან ბრძოლა შეგნების საკითხია და საბჭოთა სიმბოლიკა შენობებიდან კი არა, ტვინიდან არის ამოსაფხეკი. როცა საუბარი ამაზე მიდის, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები გვყავს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენ და ისინი მენტალიტეტით, ეროვნულობის შეგრძნებითა თუ პატრიოტიზმით რადიკალურად განვსხვავდებით.

თავის დროზე სიტყვა "გამარჯობა" გამარჯვებიდან წარმოიშვა. რას ვიზამთ, მაშინ ეს თემა იყო აქტუალური და როცა ადამიანი ადამიანს შეხვდებოდა, გამარჯვებას უსურვებდა.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში დამატება შედის: ამიერიდან სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოცემულ საინფორმაციო ბუკლეტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკის ასახვა სავალდებულო იქნება. ყველა სახის ნაბეჭდ პროდუქციაზე უპირობოდ უნდა განთავსდეს წარწერა:
 "საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია დაახლოებით 400 000 და დაღუპულია დაახლოებით 30 000 ადამიანი". 
მიზეზი: არასოდეს დაგვავიწყდეს ყველა ის უბედურება, რაც კი რუსეთმა დაგვატეხა თავს.

შეხსენება აუცილებელია. კი ვამბობთ, ღმერთმა უნაკლოები გაგვაჩინაო, მაგრამ ქართველებს, ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება გვაქვს, თუმცა არ ვიცი, გაჭირვების ჟამს რამდენ ქართველს წაუკიდებს პატრიოტულ ცეცხლს წარწერა ტუალეტის ქაღალდზე, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია?!.

ზოგადად, მიღებულია, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უნდა იდგას მონუმენტი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაშია აქტუალური. მონუმენტები არ იყო და, ძველი ქართველები შეხვედრისას ერთმანეთს გამარჯვებას უსურვებდნენ. ხომ არ სჯობს, ვიხელმძღვანელოთ აქტუალურობის პრინციპით და გამარჯობის მაგივრად ერთმანეთს შეხვედრისას ასე მივესალმოთ:
 "საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია დაახლოებით 400 000 და დაღუპულია დაახლოებით 30 000 ადამიანი". 
P.S. არადა, დადგა პერიოდი, როცა თავგადაკლულმა ფანებმა "ბითლზების" ფირფიტები სწორედ უკუღმა დატრიალებული სიმღერების გამო დაწვეს: სატანის მადიდებელი ჰიმნიაო.

9 comments:

გურამი said...

მოიცა კაცო, ბანკის საინფორმაციო ბუკლეტზეც უნდა ეწეროს რომ 20 % ია ოკუპირებულიო? და მე რომ საბჭოთა რაღაცეები გავაკეთო, მაგალითად ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ეგეც არ შეიძლება? ამათ, უკაცრავად და, შ$@ ხომ არა აქვთ?

vasasi said...

რომ ჰქონდეთ, ეჭვი მაქვს, უფრო ჭკვიანურს მოიფიქრებდნენ რამეს.. :)

Michael said...

რათქმაუნდა ტვინებიდან ამოფხეკვა უფრო პრიორიტეტულია, მაგრამ მამენტ რატომ უნდა იყოს შემორჩენილი სადმე საბჭოთა სიმბოლიკა? ზემელზე რომ უზარაზარი ვარსკვლავი უკეთია მეცნიერებათა აკადემიის შენობას მე პირადად მიტყდება. ტვინებიდან ამოფხეკვას მეტი ძალისხმევა და დრო სჭირდება, ამიტომ უფრო ადვილით დავიწყოთ.

vasasi said...

მიშა, საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე საბჭოთა სიმბოლიკის თემა არააქტუალურია და ყველას ჰკიდია. ამაზე თვით იდეის ავტორიც კი თანხმდება..

მე იმას ვამბობ, რომ ძალად მონგრევებმა უკუშედეგი არ გამოიღოს: ხალხი არ გაღიზიანდეს, ანუ..

იდეოლოგიური დამუშავება ბევრად კარგი ხერხია, მით უმეტეს, ტელევიზიის არსებობის პირობებში. :)

Michael said...

იდეოლოგია დავამუშავოთ და ვუყუროთ უზარმაზარ საბჭოთა სიმბოლიკებს? მე მგონია რომ ტელევიზიით საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდა კაი ხანია აღარ მიდის, პირიქით, მაგრამ საბჭოთა მენტალიტეტისგან სრული განთავისუფლება ათწლეულების საქმეა. ასე რომ ასე ჰოპ და ჯერ ტვინები გავისწოროთ და მერე მივხედოთ სიმბოლიკას - არ გამოვა,მაშინ ამ ვარსკვლავებს კიდევ კაი ხანი უნდა ვუყუროთ? საბჭოთა გერბი ჩემთვის ფაშისტურ შვასტიკაზე ნაკლები არაფრით არაა. გაღიზიანებას რაც შეეხება გაღიზიანდეს ვისაც უნდა, მეტი საქმე არა აქვთ ისედაც.

vasasi said...

გეთანხმები, ნაკლები ნამდვილად არაა. ჩემი აზრით, ფაშიზმი და კომუნიზმი ერთი რაღაც იყო სხვადასხვა სახელით.

ბუნებრივია, პროპაგანდა არ მიდის იმიტომ, რომ არ არის საჭირო: ეს საკითხი არააქტუალურია და ყველა თანხმდება ამაზე..

კი, საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება წლების საქმეა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ათეული წლების, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჯერ ჩვენი ტვინებიდან უნდა დაიწყოს, მეტი არაფერი..

Michael said...

მე კი იმას ვამბობ რომ პრიორიტეტების განსაზღვრების მიუხედავად რა გვიშლის ხელს იმაში რომ ამავდროულად ჩამოვხსნათ ეს სიმბოლიკები? რახან სიმბოლიკებს ჩამოვხსნით ეს იმას ნიშნავს რომ იდეოლოგიურ და მენტალურ მხარეზე აღარ ვიზრუნებთ? ხოლო თუ პრობლემა გაღიზიანებაა, გაღიზიანდეს ვისაც უნდა, საბჭოთა იმპერიის ნარჩენებს ვებრძვით და ისევ ამ ნარჩენების გვეშინია? მითუმეტეს რომ საზოგადოებამ ბევრად უფრო მტკივნეული ცვლილებები გამოიარა. ვიდრე შენობებიდან საბჭოთა სიმბოლოების მოშორებაა.

vasasi said...

არა, მიშა, შენ ვერ გამიგე: სიმბოლიკა არ უნდა იყოს, მართალია, მაგრამ შეხედულება, რომ სიმბოლიკის ჩამოხსნით იდეოლოგიას აღმოფხვრი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა..

იდეოლოგია რომ ასე ადვილად იფხიკებოდეს, ყველაფერი კარგად იქნებოდა..

აი, რისი თქმა მინდოდა მე.

tamaRa said...

აუუ, დავიღუპეთ! ავლაბარში ის საახალწლო ვარსკვლავები რაღას ივარგებს მომავალ წელს, ყველა ხუთქიმიანია... გაიძარცვება ბიუჯეტი :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger