Wednesday, November 17, 2010

დიმიტრი შაშკინის გარდერობი

პირველად 2008 წელს ვნახეთ.
ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა ჩვენმა პრეზიდენტმა, საყოველთაო ტოლერანტობის ნიშნად, სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა.

მინისტრების ცვლას ქართველი ერი მიჩვეული იყო (ჯიში გვაქვს ასეთი, ყველაფერს ადვილად ვეჩვევით), თუმცა მითქმა-მოთქმა მაინც ატყდა: ახალი მინისტრის რუსული გვარი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

ერი აბობოქრდა, მთავარსარდალს არჩევანი დაუწუნა და კიდეც შეეკამათა:

  • მტერი ერთიანად უნდა გავწყვიტოთ, მინისტრებად კი არ უნდა ვნიშნოთო.

საპასუხოდ, მთავარსარდალმა მუშტი მაგიდაზე დააბრახუნა და ბრძანა, რომ გვარის მიუხედავად, ის კარგი ბიჭი იყო. ჩვენც დავიჯერეთ (მიჩვევისა არ იყოს, ყველაფერს ადვილად ვიჯერებთ - ჯიში გვაქვს ასეთი).

ასე მოგვევლინა დიმიტრი შაშკინი.

წინაპრები ამბობენ, სასჯელაღსრულების მინისტრობიდან განათლებამდე ერთი ნაბიჯიაო და აი, რამდენიმე წელია მოსისხლე მტერი ქართველი ერის განათლებაზე ზრუნავს: თავაუღებლად შრომობს, იგონებს სწავლების ახალ-ახალ ფორმებს, დღესა და ღამეს სამინისტროში ათენებს.

მისი მინისტრობა წარმატებულია: საქართველოში განათლება ყვავის. აბა სხვას რომელს მოაფიქრდებოდა სკოლებში მანდატურების შემოღება, კომპიუტერით სწავლების დანერგვა, ამერიკიდან მასწავლებლების შემოყვანა, სასწავლო წლის ტრიმესტრებად, ერთ წელში კი ისევ სემესტრებად დაყოფა, საატესტატო გამოცდების შემოღება, სკოლის ბუფეტებში საბჭოური კოტლეტების დაბრუნება, ეკონომიის მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანება და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი გენიალური რამ.

ჩემი განათლების მინისტრი ისეთი მოუცლელია, "ერორის" გარდა არც ერთ არხს არ აძლევს ინტერვიუს. ინტერვიუ კი არა, ტანსაცმლის საყიდლადაც არ რჩება დრო: ზაფხულში ერთი ვარდისფერი პერანგი აცვია,


 ზამთარში კი ერთი ჟაკეტი


წელს აღმოვაჩინე, რომ მეორე ჟაკეტიც შეუძენია: მუქი ლურჯია, მკერდსა და მკლავებზე თეთრი ზოლი გასდევს. ფოტო  ვერსად ვიშოვე: როგორც უკვე ვთქვი, დიმიტრი შაშკინი ინტერვიუს მხოლოდ "ერორს" აძლევს. ახალ ჟაკეტის ექსკლუზივიც ქართული ტელევიზიების მამა-მთავარს ეკუთვნის.

ჩემი განათლების მინისტრი კოსტუმს არ სწყალობს. მართალიც არის: მძიმე შრომაში ჩართული თავს მოხერხებულად უნდა გრძნობდეს. ამისათვის კი ჟაკეტი და ვარდისფერი პერანგი არსებობს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი მინისტრი, ქართული განათლების სისტემაზე ფიქრითა და ზრუნვით ისეთი დაკავებულია, რომ არათუ ტანსაცმლის ყიდვის, მისი გამოცვლის დროც არ აქვს, მორიგი წინადადებით გამოვდივარ:

შევუგროვოთ დიმიტრი შაშკინს ლარ-ლარი და ვუყიდოთ ბევრი სხვადასხვა ფერის პერანგი და ჟაკეტი. მისი ლეგენდარული ტანსაცმელი: ვარდისფერი პერანგი, ლურჯი და კრემისფერი ჟაკეტები კი სოტბის აუქციონზე გავიტანოთ. მერწმუნეთ, განათლების სისტემით აღფრთოვანებული სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები თუ სტუდენტები, ყველაფერს გააკეთებენ საყვარელი მინისტრის პირადი ნივთების შესაძენად. აუქციონიდან შემოსული თანხა კი განათლებამოკლებული ქართველი ბავშვებისა და მოზარდების თავშესაფრებს: სკოლებსა და უნივერსიტეტებს გადაეცემა.

P.S. ისე, ამხელა მინისტრი კაცის შესახებ წინადადებებით გამოსვლის რა უფლება მაქვს, მაგრამ როცა ოლეგ პანფილოვის საცოდაობით დამეწვა გული და მის დასახმარებლად ბლოგს, ფეისბუქსა და ქველმოქმედ ადამიანებს  მივმართე, ბატონმა ოლეგმა პოსტიდან მცირე ხანში ცოლი მოიყვანა.

8 comments:

taa said...

ხანდახან მაინც დაწერე ისეთი რამე რო აღვშფოთდე და ეს გოგო კალაპოტიდან ამოვარდნილა მეთქი გავიფიქრო

რა არის სულ საქებარი კომენტარების წერას რო მაიძულებ :)

Anonymous said...

softis ara, sotbis.

Clown said...

ეჰჰ :|

vasasi said...

თაა, ნუ მაწითლებ იცოდე.. :))
:*

ანონიმო, მადლობა შენიშვნისთვის: შევასწორე.. :)

Michael said...

ყველაფერი კარგი და ამ მანდატურებს რას ერჩიან ან ინგლისურის მასწავლებლებს ანდაც კომპიუტერებს ვერ გავიგე

კატიე said...

არ დანიშნულა ეგ კაცი 2008ში ვახ.

გურამი said...

არაოფიციალური წყარო გვეუბნება, რომ ერთი სკოლის მამრი მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან ამ ჩამოყვანილი ინგლისურის მასწავლებლით. გოგო ყოფილა და მთელი სკოლა დაავაჟკაცაო. შენ კიდე შაშკინი, შაშკინიო. ემენდრალე შაშკინი! :D

vasasi said...

ეკ, ფაქტია, რომ ომის შემდეგ გამოჩნდა.. :))

:უსერ:

მიშა, ეგ გრძელი ამბავია და მოგიყვები მერე, როცა გნახავ..:))

გურამ, მთავარია, ბავშვები იყვნენ კმაყოფილები.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger