Sunday, November 21, 2010

მარად(იული) ქალიშ.. ქალაქი

  • პიარი ინგლისური სიტყვაა და ქართულად გათხ.. არა, კარგ რამეს ნიშნავს. ამბობენ, ამერიკაში მოიგონესო, მაგრამ არ მჯერა. სად იყვნენ ამერიკელები, როცა ჩემი თანაქალაქელი სოსელო მოსკოვზე ღვთისმშობლის ხატის შემოტარებიდან დაწყებული, კრემლში ქართველ ინტელიგენციასთან კონიაკის სმითა და ქართული ბაასით დამთავრებული ისეთ პიარკამპანიებს აწყობდა, ამერიკელებს რომ არ დაესიზმრებოდათ? 
დამთხვევების გჯერათ? მე - არ ვიცი. თუმცა ზამთრის პირველი თვის 21 რიცხვი რომ თანდათან მისტიური ხდება, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით. ისტორიას დავით აღმაშენებლის დაბადების დღე არ შემოუნახავს, სამაგიეროდ, სტალინი დაიბადა 21 დეკემბერს.

ამას წინათ თბილისში რუსი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. ორი დღე პრეზიდენტთან ერთად გაატარეს. ნახეს ბათუმი (სადაც ფეისკონტროლის გათვალისწინებით, თეთრი კაბები ემოსათ), თბილისი  და დანარჩენი ღირსშესანიშნაობები. მოსკოვში დაბრუნებულები კი ისეთ საოცრებებს მოჰყვნენ, ქართული საინფორმაციო გამოშვებები ორი დღე ატრიალებდნენ, თვალზე ცრემლმომდგარი ქართველი მაყურებელი კი ამაყად შეჰყურებდა ცისფ.. არა, პლაზმურ ტელეეკრანს.

ქართველებს გვიყვარს პარადოკსები. ჰოდა, წინა კვირას თბილისის კინოთეატრებში რუსული კინოს ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის გასაშუქებლად ჟურნალისტები რუსეთიდანაც ჩამოვიდნენ. მათ ერთ პარტიას "ნოვაია გაზეტას" კულტურის ამბების მიმომხილველი ლარისა ივანოვ.. არა, მალიუკოვა ჩამოჰყვა.
- პრეზიდენტი სადილზე გეპატიჟებათ, - უთხრეს ლარისასა და სხვა რუს ჟურნალისტებს ფესტივალის ქართველმა ორგანიზატორებმა და რამდენიმე წუთის შემდეგ, საპრეზიდენტო თვითმფრინავში აღმოჩენილი რუსები თვალებს გაოცებულნი აფახულებდნენ: მათ წინ ელდარ ალექსანდრეს ძე რიაზანოვის მაგივრად მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი იჯდა, თვითმფრინავი კი დაბნეულ ჟურნალისტებსა და საქართველოს პრეზიდენტს ქათქათა ქალაქისკენ მიაქროლებდა, რომლის ერთ-ერთ რესტორანში გაშლილი სუფრა ელოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრი გაუქმდა, აჭარის დედაქალაქში წელს კინოფესტივალი მაინც ჩატარდა.
"ბათუმში კარგი კინოთეატრი იყო, მაგრამ ხალხი არ დადიოდა და იძულებულები გავხდით, დაგვეხურა. ქართველებს ოპერა გვიყვარს. კინოში კი იმიტომ არ დავდივართ, რომ სახლშიც ვუყურებთ," - უთხრა ლარისა ივანოვ.. არა, მალიუკოვას მიხეილ სააკაშვილმა და სწორადაც მოიქცა: სტუმართან უხერხულია საუბარი, რომ ქართველები კინოში სიარულზე უარს ბილეთის ფასის გამო ამბობენ და განსაკუთერბით მაშინ, როცა იქ ფილმები პრემიერიდან ორი თვის თავზე ჩადის. ღია ცის ქვეშ გამართული ოპერის კონცერტები კი უფასოა. ამ ქვეყანაში კი უფასო ყველას ყველაფერი უყვარს.
მე მომწონს პრეზიდენტის სტრატეგია რუსი ჟურნალისტების მიმართ: როგორ შეიძლება არ მოგეწონოს ზუსტად გათვლილი პიარი?!
თუმცა..
"ახლა, როცა ბათუმს ზემოდან უყურებთ, თვალები გინათებთ. ასე გიყვართ ეს ქალაქი?"
"დიახ, მე ბათუმი ვაჟიშ.. არა, ქალიშვილად გავიხადე, ის ხომ გოგონაა."
როგორ უნდა გავიგოთ, ქალაქი გოგოა თუ ბიჭი?
ფეხებით დაკიდეთ და თუ თავი წამოსწია, გილოცავთ, თუ არა - ნუ ინერვიულებთ: ნამდვილ პრეზიდენტებს შვილად პირველი გოგო ქალაქები აჰყავთ.
  • პიარი ინგლისური სიტყვაა და ქართულად გათხ.. არა, აღარაფერს ნიშნავს. როგორ მწყდება გული, რომ ისტორიამ დავით აღმაშენებლის დაბადების დღე არ შემოგვინახა, თუმცა ვეჭვობ, რომ ქვეყნიერებას ისიც 21 დეკემბერსაა მოვლენილი.

2 comments:

გურამი said...

გორი მამალია თუ დედალია? გორი არ ვიცი და აი თბილისი მართლა დედალია. :) აქ ხალხი ქე მაინც დარჩა ომის დროს.

Anonymous said...

სულხანი: კარგია.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger