Thursday, November 25, 2010

ჩემი ოპოზიცია რულამს (?)

"თანახმად ბოლო გამოკვლევების
 ხალხი გზაზეა გამო###ვების."
 (c) კოტე ყუბანეიშვილი 

დილა ჩვეულებრივად დაიწყო: თამოს მაღვიძარით, ოთახში კარლსონის შემოჭრით, რომელმაც, ბუნებრივია, თავის ”ბიჭუნას” არსებობა არ აცალა, წყლის ჩხრიალით, აქეთ-იქით ბოდიალით და კარის სამგზის ჯახუნით. 
ეს სახლში. გარეთ საოცარი ამინდი იყო: ნისლი იდგა და ხანდახან მზე ანათებდა. თითქოს, რაღაც უნდა მომხდარიყო.

სამსახურამდე იყო საჯარო, სადაც ამდენი ხნის მანძილზე რეგულარული სიარულის შემდეგ, ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ცხოვრებაში პირველად გამიღიმა და მკითხა, გიორგი კარელიძის ვინ ხარ, ხშირად დადის, ჩვენი მკითხველიაო. საპასუხოდ მეც გამეღიმა და უარი ვუთხარი, ჩემს ძმას გიორგი არ ჰქვია და არც იმის ფუფუნება მაქვს, წიგნებსა და კითხვაზე რომ გიჟდებოდეს.

იმ ფურცლებზე, რაც წავიკითხე, მეგობარი ჯევდეთ ბეის  მოძღვრავდა, რევოლუციის დრო მოვიდაო, ეს უკანასკნელი კი კრუნჩხვაში ვარდებოდა.
აი, გავიდა ნახევარი საათიც. დანანებით დავხურე წიგნი. საჯაროდან რომ გამოვედი, მზიანი ამინდი იდგა.

მერე იყო სამსახური. ალაგ-ალაგ, თავისუფლებიდან მაჩაბელზე სიო ჰქროდა, მაგრამ ოფისის ფანჯრები გვქონდა ჩაკეტილი და ჩვენამდე ცხელი ამბები ვერ აღწევდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ხელისუფლების შესაცვლელად თავისუფლების მოედანს 50-60 ათასი კაცი ეწვია.

ეტყობა, მე ბუნებით ვარ ლიდერი, ან ქართველთა საერთო სენია ყველაფერი ერთბაშად რომ გვინდა გამოგვივიდეს. ჰოდა, სამწუხაროა, რომ:

  • პატრიოტული სიმღერებით იმ მუხტის გაღვიძებას ცდილობდნენ, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ნამდვილი მტრის წინააღმდეგ უნდა იღვიძებდეს;
  • უკვე მეხუთე წელია, მიტინგის დაწყების სტილი არ იცვლება: რუსთაველის მეტროდან ხელიხელგაყრილი ოპოზიცია გასვენებაში მყოფ მშიერ ადამიანებს მაგონებს, შენდობის სუფრას რომ მოუთმენლად ელოდებიან;
  • ჩემს ოპოზიციას სახალხო კრებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ვერ შობა;
  • ჩემს აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შეფითურთ, უნდობლობა სახალხოდ გამოუცხადეს (”ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინაო”), მაგრამ ოპო ბჭობდა და მიშა იცინოდაო;
  • რაიონიდან ჩამოსულ ხალხს რეგისტრაცია გაატარეს და ჟურნალები დაურიგეს, რომელთა გამოყენებაც პროტესტანტების დიდმა ნაწილმა მიყრუებულ ქუჩებში ვერ შეძლო: აქცია ხომ მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა;
  • ბურჯანაძეს თხელი წინდები ეცვა, ფეხი გაუცივდა და სახლში წასვლა გადაწყვიტა, ხალხის პროტესტის შემდეგ კი თავი გადადო და დაცვის თანხლებით დაბრუნდა მიტინგზე;
  • ერთ ბანაკში ორად გაყოფილი აზრი ისტორიულად გვაქვს დაბედებული. ადრინდელთა მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სახლში წასვლა-არწასვლასა და ფეხების დათბილებაზე იყო საუბარი: ხალხიც ადრინდელივით ეკიდათ ფეხებზე;
  • ნონა გაფრინდაშვილმა ვერ მოახერხა ხელისუფლებისთვის შესრულება. ჩემო პრეზიდენტო, რა მოხდებოდა, რომ, ზოგ-ზოგიერთებისაგან განსხვავებით, თავის დროზე შენ თეთრი ფერის მერსედესი გეჩუქებინა მისთვის?!

სამარცხვინოა, რომ მიტინგზე 50 000 კაცი იდგა;
სამარცხვინოა, რომ ადამიანთა ნაწილს გულწრფელად სჯერა ბათიაშვილის, ბესელიას, შაშიაშვილის, სანიკიძის, ოქრუაშვილის, ნოღაიდელისა და ბურჯანაძის გადარჩენილი საქართველოსი;
ჰოდა, ის ხალხი, ვისაც დღევანდელი ოპოზიციის სწამს, აბსოლუტურად, ყველაფრის ღირსია.

P.S.    არა, ხომ გეუბნებით, დილა ჩვეულებრივად დაიწყო-მეთქი, მაგრამ არც ასეა საქმე.
ეჰ, რამდენი რამეა სამწუხარო..
მაგალითი გინდათ?
აი, ხუთწლიანი მცდელობის მიუხედავად, ლევან გაჩეჩილაძემ ამ ჯერზეც ვერ შეძლო გათავება.


4 comments:

agaTa said...

provokatorsha :D

Lord Vader said...

ბიბლიოთეკარმა, რა თქმა უნდა, არ დაგიჯერა და გიორგი კარელიძესთან გადაამოწმა, თამუნა კარელიძის ვინ ხარო.

vasasi said...

მაგდენი აღარ ვიცი.. დღეს არ დამხვდა ის ბიბლიოთეკარი.. :დ

Michael said...

გულის ამრევია უკვე ეს მიტინგები რა... კიდე ვინმეს სჯერა რომ მიტინგები გადაარჩენს საქართველოს? ან ეს ჭრელი "სასტავი" რომელსაც ოპოზიცია ქვია? 20 წელია მიტინგებია... ისე ერთ რამეში შეგვიძლია გამოგვადგეს ეს 20 წლიანი მიტინგების ისტორია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიები შეგვიძლია გინესის წიგნში შევიტანოთ როგორც ადგილი სადაც ყველაზე მეტი მიტინგი ჩატარებულა.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger