Sunday, November 28, 2010

ირანელი საკინე თუ გურული კლეოპატრა

  • კლეოპატრა ბებია გურიის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობს. ახლა 85 წლისაა. ძველსა და უხსოვარ დროს, 13 წლის ასაკში გაათხოვეს მამა-ბიძებმა.

     - ბებია, ახლა რაღა მახსოვს, რაც საუკეთესო მქონდა, ის კაბა მეცვა, ჩემი ქმარი კი პირველად ვნახე ქორწილში, - მორცხვად, პირზე ხელაფარებული იცინის და სათლით ხელში მიუყვება ბოსლისკენ მიმავალ ბილიკს.

      ქმარს აღმერთებდა, მაგრამ სიყვარულით თუ იმიტომ, რომ უნდა გაეღმერთებინა, არავინ იცის: თვითონ კლეოპატრა ბებიამაც კი.

ოდითგანვე ასე იყო მანამ, სანამ მეთვრამეტე საუკუნეში ფრანგი ქალები არ გამოხტნენ და აქტიურობასმოკლებული მდედრები შრომის საყოველთაო ფერხულში არ ჩააბეს.

როგორც ორჰან ფამუქი ერთ-ერთი დასავლელი ჭკუისკოლოფის სიტყვების ციტირებას მოახდენდა, დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი - აღმოსავლეთი. სწორედ ამიტომ აღმოსავლეთის ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში ქალებზე არ ვრცელდება ისეთი უმნიშვნელო ნიუანსები, როგორებიცაა თმის შეჭრა, კაბის დამოკლება, შარვლის ჩაცმა, გათხოვებამდე ფეხების გაპარსვა და ა.შ.

რამდენიმე თვის წინ, მსოფლიო საზოგადოება შეძრა ირანელი ქალის - საკინე აშტიანის საქმემ. ქალს, რომელიც ქმარს ორ კაცთან ღალატობდა, ორივეს დააგეგმინა ქმრის მკვლელობა და, საბოლოოდ, აღასრულა კიდეც, ირანის სასამართლომ ჯერ 99 როზგი, შემდეგ - ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯა.

ამბავი მსწრაფლ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და შესაბამისი გამოხმაურებაც მოჰყვა. მსოფლიოს ყველა მეგაპოლისში მიმდინარეობდა უდანაშაულო საკინესადმი სოლიდარობის გამომხატველი საპროტესტო აქცია, ისინი ირანის საშინელ კანონებს ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ქვებით ჩაქოლვა - ეს ბარბაროსული და საუკუნეების წინანდელი საშინელი გადმონაშთია.

მეგაპოლისებს არც საქართველო ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ქვეყანა ფართობით მსოფლიოს ერთი მეგაპოლისის ტოლია, საპროტესტო აქციები ჩვენს დიდ ქალაქებშიც გაიმართა:

- დავიცვათ ირანელი ქალები საშინელი დისკრედიტაციისაგან;
- გადავარჩინოთ უფლებაშეზღუდული ქალი ასეთი ცილიწამებისაგან;
- ქართველობას (ბოდიში, ირანელობას) ებრძვიან, ხალხო!..

აქციის ნაწილი მდუმარედ მიმდინარეობდა, მაგრამ მსგავსი გამონათქვამების პათოსი კი ტრიალებდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მეგაპოლისების ჰაერში.

მე მინდა გავაკრიტიკო ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ თეირანის პოლიტიკა და აჰმადინეჯადს საერთაშორისო მდგომარეობისა და ნორმების უგულვებელჰყოფაში დებენ ბრალს: ირანის პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ ქალბატონ საკინე აშტიანთან მიმართებით, ფრიად გულმოწყალე გადაწყვეტილება მიიღო:
- ვითვალისწინებთ რა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნას, რადგანაც ჩვენ ვართ მსოფლიო საზოგადოების წევრები, საკინე აშტიანს ქვებით ჩაქოლვის გადაწყვეტიელბას ჩამოხრჩობით ვუცვლით, - განაცხადა აჰმადინეჯადმა და ბრძანებას საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი.

მსოფლიო საზოგადოებას გულს შემოეყარა, ქართველ ფემინისტებს კი - სოციალურ ქსელებზე.

- ჩავქოლოთ აჰამდინეჯადი!
- რომელი საუკუნეა, საცოდავი ირანელი ქალები!.
- ვაიმე, როგორ უნდა მოკლან?!

ანერვიულდნენ ინტერაქტიური ქართველები, თუმცა არ ვიცი, რამდენად წუხან ისინი ავღანელი ქალების ბედზე, ისინი ხომ გაცილებით დისკრედიტირებულნი არიან?!

  • - არა ბებია, კოლექტივშიც არ მაქვს ნამუშევარი, ქმარი რისთვის მყავდა? მე ბავშვებს ვზრდიდი. ხუთი შვილი ხუმრობა საქმე ხომ არაა? - ამაყად აგრძელებს კლეოპატრა ბებია და ლამაზოს წველის. ცოტა ხანში კი სინანულით ამატებს, – არადა, მინდოდა მუშაობა, მაგრამ ქმარმა, შენი საქმე შვილების გაზრდაა, დანარჩენს მე მივხედავო.

რეალურსა თუ ვირტუალურში კი კვლავ მიდის აქტიური ცრემლების ღვრა და ერთიანი, ეროვნული ისტერიკა:


– გადავარჩინოთ საცოდავი საკინე!.
– დიდი ამბავი თუ ქმარს უღალატა და მერე მოკლა: კაცები ხომ ყველაფრის ღირსები არიან?!.
– დავიხსნათ ირანელი ქალები აჰმადინეჯადის კლანჭებიდან!.

არადა, ბავშვობაშიც და მოზარდობაშიც ჩამჩიჩინებდნენ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და რომ მკვლელობა ყველაზე დიდი დანაშაულია.

დამნაშავეა მოღალატეც: ოღონდ – ქალი.
საქართველოში ღალატის შემთხვევაში ის სახლიდან უნდა გავაგდოთ, ლაფში ამოვსვაროთ, ვუწოდოთ ათასი სალანძღავი სიტყვა, გავჭოროთ მეზობლებში, თმებით ვათრიოთ.. მაგრამ ეს არაფერი, მთავარია, დაიხსნის კი თავს საბრალო ქალი ვერაგი აჰმადინეჯადის კლანჭებიდან?.

მანამ, სანამ ქართველები ირანელი საკინეს ბედზე ვნერვიულობთ, კლეოპატრა ბებია ისევ ძროხას წველის, საქართველოს სომეხი დედოფლის 1500 წლის წინ ნათქვამი "ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამა პური?!" კი კვლავაც აქტუალურია ჩვენში.
განსაკუთრებით - ქელეხებში.

4 comments:

გურამი said...

ჯერეთ მოწყალებითა მსრისხანებისა ღველფი განიქარვე და მერმედ მეტყოდე..

პერწკლი said...

კარგი პოსტია :*

vasasi said...

გმადლობ, პერწკლიკო.. :*


სულ გული მწყდება, ასეთ პოსტებს რომ არ კითხულობენ.. :(

giorgi said...

შენ რა უნდა უჯიკო თვითონ საჯიკებელი ხარო ისე მოდით ქართველებს და თუნდაც მსოფლიოს :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger