Tuesday, November 30, 2010

შიგ გორში თუ გარეთ?

დავიბადე თბილისში. გავიზარდე გორში.

17 წლის მანძილზე უამრავ ადამიანთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ისინი არასოდეს დამიყვია გორელებად, თბილისელებად, ტყვიაველებად, ზეღდულეთელებად, ბნავისელებად, ატენელებად... უბრალოდ, ადამიანებთან თუ თავს კომფორტულად ვგრძნობ(დი), მორჩა: მის სოციალურ სტატუს, ცხოვრების წესსა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს.

17 წლის შემდეგ, უმაღლესში ჩავაბარე და დედაქალაქში გადმოვბარგდი. აქედან დაიწყო, რაც დაიწყო: ჯგუფელების, კურსელების თუ გარეშე ადამიანების გაცნობის დროს, მსგავსი დიალოგი იმართებოდა:

კითხვა: - საიდან ხარ?
პასუხი: - გორელი ვარ.
კითხვა: - შიგ გორში ცხოვრობ თუუუ??
პასუხი: - კი, აბა, ეს ”თუ” რას ნიშნავს?
პასუხის პასუხი: - ანუ, რომელიმე სოფლიდან ხომ არ ხარ?!

აქ ყოველთვის ვიძაბებოდი და ჩემს თავს ვეკითხებოდი: რას ნიშნავს რომელიმე სოფლიდან? რომელიმე სოფლიდან რომ ვიყო, ხომ ვიტყოდი, რომ სოფლიდან ვარ და არა გორიდან?!

მაგრამ გამოხდა ხანი და მე ამ კითხვის სისწორეს, ისევ ჯგუფელების დახმარებით მივხვდი. მყავდა რამდენიმე ჯგუფელი, რომლებიც ამბობდნენ, რომ იყვნენ ქუთაისიდან, ვანიდან, ზუგდიდიდან, გორიდან. სინამდვილეში, რაიონებში ცხოვრობდნენ და ზოგი ცოცხალი თავით არ ამბობდნენ, სადაურები იყვნენ (მეგობრებო, ვიცი, ამ ბლოგს ყველა კითხულობთ და ნუ გააპათოლოგებთ, მე ხომ არაფერს ვაჭარბებ?!).
შესაბამისად, მივხვდი, რომ კითხვა ”შიგ გორში” ცხოვრებაზე, დაზუსტების საუკეთესო საშუალება გახლავთ.

პროვინციული ქალაქებიდან თუ სოფლებიდან ჩამოსულების გარდა, ხშირად, თბილისის გარეუბანში მცხოვრებლებიც ერიდებიან საცხოვრებელი ადგილის დაკონკრეტებას. ეს, ალბათ, არასრულფასოვნების კომპლექსია. მათ ჰგონიათ, რომ არათბილისელობა ან გარეუბნელობა სერიოზული ნაკლია, რომლის დასაფარად აუცილებელია ”გასვეტება”, რაც (გოგონებისთვის) შემდეგში გამოიხატება:
  1. აუცილებლად ვიწყებთ სიგარეტის მოწევას;
  2.  ფეხების სისწორისა და სისქის მიუხედავად, აუცილებლად ვიმოკლებთ კაბას ქამრამდე;
  3. აუცილებლად ვიღებებით (როგორ, რა დოზით და რა ფერებში, მნიშვნელობა არ აქვს);
  4. ყოველ საღამოს ვსეირნობთ რუსთაველზე;
  5. თბილისში ჩამოსვლისთანავე ჩვენი პირველი საზრუნავია დავითრიოთ ბიჭი (სასურველია, ადგილობრივი) და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს: მესიჯიდან დაწყებული, სკაიპითა და (ახლა უკვე) ფეისბუქით დამთავრებული.
(ამ უკანასკნელ პუნქტთან დაკავშირებით: სოლოლაკში გვაქვს ოფისი და საღამოს, ხშირად, ფეხით მოვდივარ სახლში. რუსთაველზე რომ დავდივარ, გული მტკივა, იმდენად არაბუნებრივები არიან გოგონებიც და ბიჭებიც. მათ მაგივრად მრცხვენია ხოლმე, რადგან არის რაღაცები, რაც შენში არ ზის და მოდის გამო არ უნდა გააკეთო).

ჩამონათვალი ბიჭების შემთხვევაში როგორ არის არ ვიცი, რადგან ჯგუფში მხოლოდ ერთი მამრი მყავდა და ისიც თბილისელი. ჩემი კლასელები კი სერიოზული ადამიანები არიან.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ხუთი პუნქტიდან, შემდეგი მიზეზების გამო, მე არც ერთი ამიმოქმედებია:
  1.  დღემდე არ გამისინჯავს სიგარეტი და არც სურვილი მაქვს, რადგან საკუთარი თავი და ჯანმრთელობა ძალიან მიყვარს, პლუს, ზედმეტი ხარჯი არ მინდა;
  2. მხოლოდ ერთი ქვედაბოლო მომეპოვება (კაბები მაქვს, ჰო), რომელსაც კვარტალში ერთხელ, ეკლესიაში ვიცვამ, ზოგადად, კაბა დისკომფორტს მიქმნის: შებოჭილად ვგრძნობ თავს;
  3.  მაკიაჟი არ მიყვარს და იშვიათად ვიკეთებ (თუ მკვებავს არ ჩავთვლით, ბოლო პერიოდი რომ დავეჩვიე);
  4. სტუდენტობის დროს რუსთაველზეც არ მისეირნია, ჩემი მარშრუტი სახლი და უნივერსიტეტი იყო (”ალმა მატერიდან” დოლიძემდე პეკინს ვტკეპნიდი). დიდად, სეირნობის სურვილიც არ მქონდა, უწი-პუწი სიტუაციებსა და ზედმეტ ტყლარჭვას ვერ ვიტან; 
  5. ბიჭებს რაც შეეხება, ამ მხრივ დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნ(იდ)ი, ალბათ იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობაშიც ზედმეტად გულწრფელი ვარ. მაგრამ რაც ყოფილა საკმარისი აღმოჩნდა დასკვნისთვის, რომ ეს ყველაფერი საქმეში რაღაც დოზით ხელს მიშლის; პლუს, არ განვეკუთვნები ქალთა იმ კატეგორიას, რომელთა უპირველესი მოწოდება ოჯახი და გათხოვებაა, დიპლომი კი - მხოლოდ დედამთილისთვის უნდათ, ასე რომ, ამ პუნქტშიც ვერ ვივარგე.
ცოტა სხვაგან წავედი, მაგრამ მინდა, რაიონიდან ჩამოსულ ყველა სტუდენტსა და არასტუდენტს ვუთხრა: სოფლელობა ნაკლი არ არის და ნუ გრცხვენიათ თქვენი წარმომავლობის. პირიქით: საკუთარი სახლის, მშობლების ან რაიონის გამო სირცხვილი გაცილებით დიდი დანაშაულია. დამერწმუნეთ: შეიძლება ღრმა სოფელში ცხოვრობდე და მაგარი ინტელიგენტი იყო, შეიძლება - ვაკეში გქონდეს დიდი სახლი და პროვინციულად აზროვნებდე: ინტელექტი, ნიჭი და გონება არ ირჩევს პროვინციელსა და ვეიქელს.

P.S. არა, მე მაინც აღშფოთებული ვარ, რომ კვლავ მეკითხებიან:
- შიგ გორში ცხოვრობ თუ არა?!
მორიგი შემთხვევის დროს (ტაქსისტი რომ დაინტერესდა, შიგ გორში ვცხოვრობდი თუ გორის რაიონის რომელიმე სოფლიდან ვიყავი) თანამშრომელს გავუზიარე ჩემი აღშფოთება. მან კი მიპასუხა:
- აწი რომ შეგეკითხებიან, ასე უთხარი, შიგ ჩემი მეზობელი ცხოვრობს, მე ცოტა გვერდით ვარო.

რა დასამალია და, ჭკუაში დამიჯდა.

P.P.S. პირველ წინადადებას დიდად ნუ მოაბამთ კუდებს, უბრალოდ, ქრონოლოგიურად მინდოდა მიყოლა და მაგიტომ დავწერე.

17 comments:

ჩორვენი¹³ said...

არ ვცემ პატივს ადამიანს რომელსაც უტყდება მისი წარმომავლობა!
საიდანაც ხარ ის იყავი და ყველა თბილისში რომ ვერ დაიბადებოდა ხომ ფაქტია კაცო. რა მოხდა მერე :)

და კიდევ მეც იმდენი ვიცი რაიონში დაბადებულ გაზრდილ ნასწავლი კაი ”კარენნოი” თბილისელს რომ ჯიბეში ჩაისვავს ყველაფრით რომ რავიც რა : )))

Lord Vader said...

იური ვაჩნაძის ბლოგს არ კიხულობდი ხომ შენ? :)

vasasi said...

Lord Vader: არა, მე მხოლოდ დურმიშხან კეჭაყმაძისას ვეცნობი, თანაც რეგულარულად.. :))))

Michael said...

respect ვასასი...

მარი said...

ჯგუფელი მყავს გორელი. პირველი კურსიდან მოყოლებული, ლექტორი არ დარჩენილა, რომ არ ეკითხა შიგ გორში ცხოვრობს თუუუ?

ჰექსე said...

კურიოზს მოვყვები რა.
ჩემი ნათესავი ყვებოდა.

"კომუნისტების დრო იყო. ეს ის პერიოდია სამედიცინოზე ჩაარება დიდ ამბად რომ ითვლებოდა.
ჰოდა სახელმწიფო გამოცდები გვაქვსო და ჩემი ერთ-ერთი კურსელი ზის და ცხარე ცრემლით ტირის- აუ რა წავა ახლა სამეგრელოში, რას იტყვიან 10 წელი თბილისში ისწავლა და ვერ გათხოვდა ე.ი. რა ბანძი ყოფილა-ო"

გურამი said...

ცოტა გვერდით რა მაგარი იყოოო! :)

sunnyyafternoon said...

ეჰ,მე საერთოდ რო ვამბობდი გორში მივდივარ მეთქი,იმდენად უვიცი კლასელები მყავდა,დამცინოდნენ. დედაჩემია გორელი და ბაბუაჩემი და ბებიაჩემი იქ ცხოვრობენ,არდადეგებზეც სულ იქ ვარ,შესაბამიად ყველამ იცის,რომ გორთან მაქვს კავშირი. ერთხელაც ვარ გორში და მირეკავს ჩემი "თბილისელი" კლასელი და მეკითხება სად ვარ. მე უბრალოდ ვუპასუხე "რავი,ეხლა თეატრთან ველოდები ჩემ მეგობარს და მერე აუზზე მივდივარ-მეთქი" და იმას ისე გაუკვირდა- ვააა,არ ვიცოდი გორში ეგეთი რაღაცები თუ იყოო. ერთხელ ასეთი დიალოგიც იყო:
-გორში მივდივარ
-გორში რა გინდა?
-ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ცხოვრობენ
-და რომელ სოფელში?

ეეჰჰ :))

Salomeaa said...

,,Facebook -მა რა ჰქმნა?!” – ბლოგპოსტების კრებულში წავიკითხე შენი პოსტი და მომეწონა:)

vasasi said...

სალომე, მადლობა.. :)

litterator said...

ეს ისეთია დაახლოებით ყველა სოხუმში რომ ცხოვრობს და ყველა ზღვასთან რომ ცხოვრობდა, გარშემო სოფლებიდან რომ იყვნენ კი არ ამბობდნენ :D

რა სისულელეა, ”კარენოი” თბილისელი ჩემი აზრით უბრალოდ არ არსებობს - ეს დროთა განმავლობაში შექმნილი სტერეოტიპია.

და ეს შეკითხვა რომ უჩნდებათ იმ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ იმ უნივერსიტეტის შემქნმენელები, მაგ. თსუ, სწორედ რომ რაიონიდან ჩამოსული ადამიანების სულჩადგმულია <3 <3

ყველანაირი წარმოდგენა მეკარგება ადამიანზე, რომელიც მსგავს სტერეოტიპებს მონად უდგას :)


კარგი პოსტია :*

davit said...

tamar rogorc chans shen yoveltvis mowodebis simagleze xar.zalian momwons shensavit tavisuflad moazrovne adamianebi.
musa

რუსო said...

თამარ თქვენ ჩემზე მეტად გამიმართლათ, უნივერსიტეტში ორი კითხვა დამდევდა მე: 1. ბევრი ვაშლი გაქვს? 2. ბლანის შოვნა შეგიძლია (ეს ძირითადად ჩემი ჯგუფელი ბიჭებისაგან). მე კი უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ 3 რამ აღმოვაჩინე: 1. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც რუსული არ იციან; 2. სოფლელი ვარ (არათბილისელი=სოფლელი, შიგ გორიდან ვარ მეც)3. გორში ბევრი ვაშლია (ალბათ იმიტომ არ ვიცოდი რომ მე-4 სართულის აივანზე არ ხარობს ვაშლი და ჩემს ოჯახში აღნიშნული ხილი პოპულარობით არ სარგებლობდა).

Nikoloz Dzamiashvili / Kvirikashvili said...

me yoveltvis da yvelangan vambobdi da vityvi rom dzveli rustavidan var rustavelze rkinigzastan axlos da araasdros gamitydeba, piriqit memamayeba rom rustaveli var rustavidan dzvel rustavshi rustavelze ...
ai ese, vsyo .....

Anonymous said...

ჯგუფის რვავე ბიჭს გვაინტერესებს კონკრეტულად რომელი ჩათვალე მამრად და დანარჩენი 7 მდედრად იმიტო რო ყველა ჩვენ თავზე ვიღებთ ბიჭობას.... ნუ რა თქმა უნდა წრე შემცირებულია თბილისელობის ცენზით.

teennewson said...

მეც გორელი ვარ და მაგ კითხვის "მსვერპლი" მრავალგზის შევიქმენი უკვე. ასეთი დამოკიდებულება ადამიანებისადმი სასაცილოა, რა მნიშვნელობა აქ სად გაიზარდე და ცხოვრობ, მთავარია ვინ/როგორი ხარ...

Ketevan Vatiashvili said...

ვასას, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ! მიხარია, რომ უნდა გაგიცნო მალე:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger