Friday, December 3, 2010

ცხვრის ნაწლავიდან პრეზერვატივამდე


ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ პირველი პრეზერვატივი ტყავის იყო და მას ფარაონი ტუტანჰამონი იყენებდა (ნივთმტკიცება კაიროს მუზეუმში ინახება). მოგვიანებით, ტყავის ნაცვლად, ხარის ბუშტი და ცხვრის ნაწლავი გამოიყენებოდა.

არცთუ დიდი ხნის წინ აღმოჩნდა, რომ პრეზერვატივებს ძველი რომაელებიც აქტიურად იყენებდნენ. ერთ-ერთ ანტიკურ ტაძარში, არქეოლოგებმა მოყვითალო, ბუსუსებიანი ცილინდრის ფორმის ნივთი აღმოაჩინეს, რომელიც ერთი მხრიდან დახურული იყო. თავდაპირველად, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ აღმოჩენილი ნაკეთობა რიტუალურ ჭიქას წარმოადგენდა. მისი ჭეშმარიტი დანიშნულება მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი.

თანამედროვე პრეზერვატივი, არა როგორც კონტრაცეფტივი, არამედ, როგორც დაავადებებისაგან დამცავი საშუალება, ევროპაში XVII საუკუნიდან ჩნდება.

საქმე ისაა, რომ 1493 წელს, კოლუმბმა თავისი ცნობილი მოგზაურობებიდან ევროპაში, არამხოლოდ, ოქრო და ძვირფასეულობა, არამედ, იმ დროისათვის ამოუცნობის დაავადებაც ჩაიტანა, რომელიც მაშინვე ”ახალი სამყაროს საჩუქრად” და ”აბორიგენების შურისძიებად” მონათლეს. სინამდვილეში ეს დაავადება სიფილისი გახლდათ, რომლის გამავრცელებლებად, ძირითადად, მეზღვაურები და ჯარისკაცები მიიჩნეოდნენ.

სიფილისი მთელს ევროპას, ჩინეთსა და ინდოეთს მოედო. ეპიდემია არავის ინდობდა.
1564 წელს, როდესაციტალიის ზრდასრული მოსახლეობის ყოველი მეორე წარმომადგენელი ”აბორიგენების შურისძიებით” დაავადდა, უდიდესმა ექიმმა და ანატომმა - გაბრიელ ფალოპიმ, უხეში ტილოს ტომრის გამოყენების იდეა წამოჭრა. ტომარას სხვადასხვა წამლითა და არაორგანული მარილებით ჟღენთდნენ. თავის წიგნში DE marble Dallico, ფალოპი ყველას ურჩევდა სქესობრივი კონტაქტის დროს ამ ტომრის გამოყენებას. ექიმის განცხადებით, მისი გამოგონება მექალთანეებს ვენერიული დაავადებებისაგან დაიცავდა.

უცნობია, ფალოპის გამოგონება მის მომხმარებელს ინფექციისგან მართლა იცავდა თუ არა, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ამ საჭირო დამცავი საშუალების სრულყოფა.

დღემდე უცნობია პრეზერვატივის ერთ-ერთი სახელის - კონდომის წარმომავლობა. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ეს ტერმინი ინგლისელი ექიმის, კონდომის სახელისაგან წარმოდგება. ლეგენდის თანახმად, კონდომს, რომელიც იმ პერიოდში კარლ II-ის კარზე მსახურობდა, გვირგვინოსანმა სიფილისისაგან დამცავი საშუალება მოსთხოვა. ექიმმა მონარქს თხის ნაწლავისგან დამზადებული პატარა ჩაჩის გამოყენება შესთავაზა. გამოგონებამ სამეფო კარზე დიდი მოწონება დაიმსახურა და სულ მალე მთელი არისტოკრატია თავისი ვნებების დაკმაყოფილებას უსაფრთხოდ ახერხებდა. თუმცა, იმის გამო, რომ ასეთ ჩაჩებს რამდენჯერმე იყენებდნენ, დაავადება მაინც ვრცელდებოდა. სამაგიეროდ, უკანონო ბავშვების შობადობა მკვეთრად შემცირდა.

კონტრაცეპციის მიზნით, ბორდელებსა და ”მრუშობის ადგილებში” პოპულარული ეს დამცავი  საშუალება, მალე უკანონო სექსისა და ცოდვის სიმბოლოდ იქცა. მისი შეტანა ენვიკლოპედიებსა და ლექსიკონებშიც კი აკრძალული იყო. 1972 წლამდე სიტყვა ”პრეზერვატივი”, კლასიკურ ლექსიკონ ”The Oxford English Dictionary”-შიც კი არ იყო შეტანილი.

დროთა განმავლობაში პატარა ტომრები, რომლებსაც მხოლოდ გამოჩენილი ადამიანები იყენებდნენ, ფართო მასისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

კონდომის მასობრივი წარმოება XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო. მისი მოხმარების ბუმი კი სექსუალური რევოლუციის, XX საუკუნის 70-იან წლებს უკავშირდება.

დღესდღეობით, რელიგიური თვალსაზრისით, დამცავი საშუალებების გამოყენება ცოდვად მიიჩნევა. ამ მხრივ განსაკუთრებულ სიმკაცრეს კათოლიკური ეკლესია იჩენდა. პრეზერვატივისა და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენებას აქ მომაკვდინებელი ცოდვის იარლიყს აკრავდნენ, თუმცა გამონაკლისი მაინც არსებობდა: ვატიკანი ლოიალური იყო იმ შემთხვევებში, როცა მეუღლეებიდან ერთ-ერთი შიდსს ატარებდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ რომის პაპმა პრეზერვატივის გამოყენების უფლება დართო მრევლს.

მართლმადიდებელი ეკლესია პრეზერვატივის ხმარებაზე დიდ ცოდვად ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს მიიჩნევს. სამწუხაროდ, არ მაქვს მონაცემები, თუ როგორ უყურებენ პრეზერვატივებს მუსლიმანურ, ბუდისტურ თუ სხვა აღმსარებლობის ქვეყნებში, თუმცა მათი სავარაუდო პოზიცია გასაგებია. არც გაემტყუნებათ: რელიგიური ინსტიტუტებისათვის ხომ სექსი მხოლოდ გამრავლების საშუალებაა.

2 comments:

prodigycow said...

"თუმცა რამდენიმე კვირის წინ რომის პაპმა პრეზერვატივის გამოყენების უფლება დართო მრევლს."
იეეეს :)))))
ისე კი საინტერესო პოსტია, განსაკუთრებით ის ადგილი მომეწონა სარიტუალო ჭიქა რომ ეგონათ :))

ilialejava said...

საინტერესოა :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger