Wednesday, December 8, 2010

ხუთნი ვართ

არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ ხუთნი ვართ. თვალისა და თმის ფერით, სიმაღლით, წონით, შესაძლოა, ინტერესებითაც ერთმანეთისაგანაც რადიკალურად განვსხვავდებით, მაგრამ მათ რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ თითოეულში ჩემი გარკვეული ნაწილი დევს და მათ ნაწილებს მეც ვაერთიანებ ჩემს თავში. ერთმანეთისაგან განვსხვავდებით, მაგრამ იდეები გვაქვს საერთო.

შეხვედრების დიდ ნაწილს, ჩვენი კაფეს დაკეტვის შემდეგ, ყაზბეგზე, "პოპულში" ვატარებთ. ვსვამთ ლუდს, ვაყოლებთ ლობიანს და ვლაყბობთ. ვლაყბობთ აბსოლუტურად ყველაფერზე: პოლიტიკურ ვითარებაზე, ოჯახზე, პრობლემებზე, საზოგადოებაზე, ლობიანზე, ლუდის გრადუსზე, მეზობლის კატაზე, სამსახურებზე, ადამიანებზე, ბიჭებზე, კაცებზე, ხანდახან, ქალებზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში დაბადების დღეებზე ერთმანეთს ისტერიულად ვჩუქნით საათობით გულმოდგინედ ნარჩევ წიგნებს, აქამდე ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია. მინდა, ჩემი მეგობრები გაგაცნოთ. რიგითობა პირობითია:

ეკა -  ქერა, ხვეულთმიანი, ცისფერთვალება, გადასარევი და არაჩვეულებრივი (თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ მე ჩვეულებრივი მეგობრები არ მყავს). გატაცებულია ფოტოგრაფიით, კარგად გამოსდის პორტრეტები, განსაკუთრებით, ნიუს სტილში. უყვარს ლობიანი და ლუდი, აღიარებს ჩანჩალიზმის იდეებს. პირველი წიგნი რა წაიკითხა, არ ახსოვს. ბოლო ჰაინრიხ რანკის "მწვანე მოჩვენება" იყო. ბავშვობაში უყვარდა სათავგადასავლო წიგნები. ჩემგან განსხვავებით, ჟიულ ვერნის ერთი ტომიც არ დარჩენია წაუკითხავი, აქამდე გიჟდება კაპიტან ნემოზე, თუმცა..

თუმცა, რამდენიმე წლის წინ იყო "ასე იტყოდა ზარატუსტრა". წიგნი, რომლის თითოეული ფრაზა გააანალიზა და გაითავისა, წიგნი, რომელიც თითქმის, ზეპირად ისწავლა, მერე იმდენად იეგოისტა, რომ მარჯანიშვილზე, მეტროსთან რომ ბუკინისტები იყვნენ და ტონობით, სულ რაღაც, 2 ლარად ყიდდნენ ამ წიგნს, ერთ დღეს მივიდა და სულ, 30 წიგნი იყიდა: რატომ უნდა წაიკითხონ სხვებმა ის, რაც ნიცშემ მხოლოდ ეკასთვის დაწერა?!

- მთავარია, წიგნი საინტერესო იყოს, - აი, იეკას კომენტარი.

ნინო - ერთხელ მითხრა, რომ მელაპარაკები, საოცრად მამშვიდებო და ამიცახცახდა ხერხემალი: როგორ შეიძლება ჩემნაირი დაულაგებელი, მოუსვენარი, მშფოთვარე და რაღაცნაირი ადამიანი, ვინმეს სიმშვიდეს ანიჭებდეს?! მაგრამ ნინოს ვანიჭებ.

მისი პირველი წიგნი, ძმები გრიმების ზღაპრების მესამე ტომი იყო, რომელიც მე არასოდეს წამიკითხავს და დამღად მაზის (ვინმე პატიოსანმა იქნებ მათხოვოთ?!). ჩემგან განსხვავებით, ყველაზე სასიამოვნოდ "სამი მუშკეტერი" ახსოვს. კითხვა მისთვის დასვენებაცაა, გართობაც, სწავლაც. "დანაშაული და სასჯელის" წაკითხვისას ცხადად ვგრძნობდი და განვიცდიდი რასკოლნიკოვის ფიქრებსო, მახსოვს, მაშინ მე ვუჯიკე.. :)

უყვარს მწერლები, რომლებსაც კითხვის დროს გრძნობს: ჰემინგუეის ზღვის მლაშე წყალი, ჯეკ ლონდონის ჩრდილოეთის სუსხი, კამიუს ალჟირის ცხელი ქვები..

ვერ იტანს პაოლო კოელიოს, არასოდეს იმახსოვრებს ციტატებს, ფიქრობს, რომ წიგნის მთლიანი შთაბეჭდილება უფრო მეტია, ვიდრე მისი დეტალებად შესწავლა.

- ვერ ვირტყვი, ცხოვრებაში წიგნებით ვხელმძღვანელობ-მეთქი, მაგრამ ვგრძნობ, თუ როგორ მეხმარება ისინი სხვადასხვა სიტუაციაში, - მეუბნება ნინო და გარბის: სამუშაო თავზე აყრია. 

ჩანჩალა - ერთი შეხედვით თავქარიანი, ჭკუამხიარული, ენამწარე, პირდაპირი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. აქვს ყველაზე მაგარი იუმორი და სამი ზომა, მშვენიერი მკერდი (რა მშურს, ყოველთვის ვიცი, რომ მისი ენამწარობის შემდეგ უხვსა და მადლიან დალოცვას ვიღებ). ჩანჩალა უზომოდ პრანჭიაა, არანორმალურად უყვარს თავის მოვლა, მოდა, ქუსლოჩკები.. არადა, იყო დრო, როცა ბობ მარლისა და იამაიკაზე ჭკუას კეტავდა, ბიჭურად შეჭრილი თმითა და კედებით დადიოდა და არ სცნობდა არაფერ ქალურს. ახლა უსმენს თანამედროვე პოპს და მიმტკიცებს, რომ მისი ჩანჩალა ვარ.
კითხვა უყვარს, ოღონდ, თუ დრო აქვს. პირველი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი იყო, პირველი წიგნი - "ბიულერბიუელი ბავშვები" და "ლიონიბერგელი ემილის თავგადასავალი". მათზე დღემდე გიჟდება. "ოსტატი და მარგარიტა" - ამ წიგნმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საყვარელი გმირი ბეჰემოთია.
- ვერ ვიტან კატებს, მაგრამ როგორ შეიძლება ეს საყვარელი და დიდი უზრდელი კატა არ მოგწონდეს? - მეუბნება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მაიმუნური ინტონაციით, - არადა, ჩანჩ, არის ჩემში რაღაც, ბეჰემოთური, არა?!
ბუნებრივია, ბულგაკოვის გმირს გულისხმობს.
ბოლოს ოტიას "ქალი გამოვიდა ქმრის საღალატოდ" წაიკითხა.
- ჩანჩ, რა უბედურება იყო ეს? არ მომეწონა სასტიკად, - და მერე, - კიდევ გაინტერესებს რამე?!
არა,  უბრალოდ, მომენატრა (მერე რა, რომ ერთი კვირის წინ ვნახე).

მარიტა - მარიტას რომ შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ მარიტაა. უყვარს ძილი, აწუხებს არაჩვეულებრივი/არაორდინალური აზრები, არის სარკასტული, ირონიული, უყვარს ლუდი და მათემატიკა. ნიჭიერია. :) აღიარებს ჩანჩალიზმის იდეებს. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, მისი დახასიათება თუ ასე გამიჭირდებოდა. რომ მივწერე, რა მინდოდა მისგან, მიპასუხა, ვასას, ოღონდ ახლა არა - ცეცხლი მიკიდიაო.

- მიდი, დამკითხე, - მეუბნება რამდენიმე დღის შემდეგ და ვიწყებ.
შვიდი-რვა წლისამ "ვინი პუჰი" წაიკითხა. პირველი ეს იყო, მანამდე კითხვა არ ვიცოდიო, მეუბნება.
ფიქრობს, რომ  ე.წ. კლასიკა მარტივი წასაკითხია. თანამედროვეთაგან მოსწონს ბორის ვიიანი, პირველი რაც მისი წაიკითხა, "შემოდგომა პეკინში" იყო.. ვიიანთან ერთად, თანამედროვე მწერლებიდან ფრედერიკ ბრეგბედერს გამოარჩევს. ბოლოს მისი "ფრანგული რომანი" წაიკითხა ფრანგულად.
- "ჯევდეთ ბეი"კარგი იყო, სხვათაშორის, - ამბობს. ბედნიერი ვამცნობ, რომ ახლა ვკითხულობ, - წაიკითხე, წაიკითხე და მერე რაღაცები მინდა გკითხო.

საყვარელი გმირი დოროთეაა რომან "ბარიერიდან". დავიბენი, რადგან არც კი გამიგია ასეთი რომანი.
- ვასას, ეს ქალი ღამ-ღამობით დაფრინავს. შეყვარებულს ეუბნება, რომ ფრინავს და ის ტიპი არ უჯერებს. მერე ერთად იფრენენ, ბიჭი ვერ გადახარშავს, რომ მისი შეყვარებული დაფრინავს, მერე დოროთეა კვდება: ვერ გადაიტანს ამას. მოკლედ, ასეთი სევდიანი რომანია.
დოროთეა დაფრინავს, თანაც ღამღამობით და, თანაც ცხადში. ზუსტად ვიცი, რატომ მოწონს მარიტას ეს გმირი.

- მეტი რაღა ჯანდაბა გინდა? - ღადაობს.
- აღარაფერი, დავლიოთ სადმე რამე, - ვეუბნები სრულიად კმაყოფილი.
- ჰო, ამ კვირაში სადმე, მანამდე გაარკვიე: ფრანგულად ბრეიგბედერი იწერება და ასევე ვკითხულობ, ეს ბრეგბედერი საიდან მოიტანე? მაინც გაარკვიე..
ოკ.

მე - თამუნა, ვასასი, ჩანჩალა და რა ვიცი რა აღარ - ოჯახში მასწავლეს, რომ ზრდილობიანმა ადამიანმა საკუთარი თავი ბოლოში უნდა მოიხსენიოს და მე ზრდილობიანი ადამიანი ვარ. მიყვარს "ბითლზი" და დევიდ მილიბენდი, სამხრეთამერიკული და ეგვიპტური კულტურა, ფეხბურთი და ალესანდრო ნესტა, კითხვა, ბლოგინგი, კედები, ჯინსები და დიდი ჩანთები.
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური შვიდწლედის დიპლომი მაქვს, ფორტეპიანოზე ვერა, სამაგიეროდ, ნერვებზე ვუკრავ არაჩვეულებრივად.
პირველად როდის და რა წავიკითხე, უკვე ვთქვი.
არ წამიკითხავს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" და, ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს წავიკითხავ. არ მიყვარს პაოლო კოელიო და ამელი ნოტომი, მიყვარს რეალიზმის ეპოქა ლიტერატურაში..
როგორც წესი, ორ-სამ წიგნს ერთად ვკითხულობ, ბოლოს ორჰან ფამუქის "თეთრი ციხესიმაგრე" დავამთავრე. ფამუქი ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენაა, რადგან ნამდვილად არ მეგონა, ჩვენს დროში მისნაირი მწერლები (უფრო სწორად, ადამიანები) თუ კიდევ არსებობდნენ..

რაც შეხება საყვარელ გმირს..
ასე, შვიდი-რვა წლის წინ ერთი წიგნი წავიკითხე: კახა სულუაშვილის "თბილისს ვტოვებ ალიონზე". დიდი არაფერი, გასართობი წიგნია, თუმცა ბევრი პოზიტივი მოდის მისგან. იქ არის მთავარი გმირი მერაბი. აი, ცხოვრებაში ეგეთი ბიჭი რომ შემხვდეს, არც დავფიქრდებოდი.. :)

P.S. მეგობრების გამოკითხვის დროს, იდეა გაჩნდა: შევიკრიბოთ იპოდრომზე და წავიკითხოთ ჩვენი ბავშვობის წიგნები. რატომ იპოდრომი? იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობის ყველაზე მაგარ მოგონებებს უკავშირდება. ავიღებთ რომელიმე უქმე დღეს, ამოვიჩრით იღლიაში ვერნის, ლინდგრენს, ძმებ გრიმებს, "ვინი პუჰს", ვიყიდით კუთხის უგემრიელეს ლობიანს, ლუდს, ერთჯერად ჭიქებს. დავსხდებით იპოდრომის ჩვენს კუნძზე, გავიყინებით და ერთმანეთს თითო აბზაცს ვაჩუქებთ ბავშვობის წიგნებიდან.

ნუ, არ ვართ ნორმალურები, ხომ გითხარით უკვე?!

11 comments:

Agasfer said...

თამო, ძაიან მომეწონა :) ძალიან. მე აღარ დავწერ, ამაზე უკეთ (ან ასე) რა დავწერო ))

პ.ს. მეც რამდნეიმე წიგნის ერთად კითხვა მჩვევია.

ჩორვენი¹³ said...

გენიალური პერსონაჟებია ახალი წიგნისათვის : )
მგონი დროა შეუდგე წერას ვასას!

agaTa said...

თბილია და ძალიან ნამდვილი :)
"თბილისს ვტოვებ ალიონზე"-ნამდვილად არ მეგონა რომ ეს წიგნი ვინმეს ნახსენები კი არა წაკითხული მაინც ექნებოდა (არადა როგორც აღნიშნე სასიამოვნო საკითხავია :)
მომწონს ასეთი ვასასი, წიწაკის გარეშე :)

vasasi said...

ზურა, ნუ მაწითლებ ახლა.. დაწერე, დაწერე.. :*
ახლა იმდენ წიგნს ვკითხულობ, სამი დღეა აღარაფრისთვის მომიკიდია ხელი.. :))

ჩორვენ, ვწერდი ადრე, არცთუ ურიგოდ, ამბობდნენ, მაგრამ მაინც, არც ჩემი ნაწერებით და არც მათ გარეშე არავის ვუნდივარ.. :))

აგათა, ძალიან მიყვარს ეგ წიგნი.. ყოველთვის მამშვიდებს და მერაბისნაირი ბიჭები გამომეხმაურონ კიდევ.. ;დ

გურამი said...

მემგონი გრიმები მე უნდა მქონდეს, მარა რომელი ტომია, არ მახსოვს..

პერწკლი said...

მომეწონა ))))))
პ.ს. ჩემი ორი უახლოესი მეგობარი არ კითხულობს არაფერს :(

undone said...

ძალიან კარგია! მომეწონა და წარმატებები! :))

ნინო said...

კარგი იყო, სასიამოვნოთ იკითხება )) იპოდრომის იდეა გადასარევია. ხო კიდევ, ''თბილისს ვტოვებ ალიონზე'' ჩემზეც ზუსტად ეგრე მოქმედებს )

knuti said...

ჯანდაბა, იპოდრომი მხოლოდ ჩემი არაა? რამდენჯერ ავსულვარ წიგნით/... მმშვიდავ ვკითხულობ ხოლმე ჩემთვის...

tamta qatamadze said...

:დ კარგი იყო ძალიან მომეწონა მე ჯერ 14 ის ვარ და მსიამოვნებს თქვენნაირი ხხალხი რომ არსებობს რომ უზიარებთ თქვენს შეხედულებებს სხვას ამით ძალიან მეხმარებით მადლობაა რომ არსებობთ

elene chelidze said...

ძალიან ვისიამოვნე...მართლაც საინტერესო მეგობრები გყოლია...შემშურდა :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger