Friday, December 10, 2010

"ნანუკას შოუმ" ანი სირაძე იყიდა?

ამბობენ, წლევანდელი "ჯეოსტარი" სკანდალებით გამოირჩევაო, თუმცა, მე რომ მკითხოთ, ამ კონკურსმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოჭამა თავისი დრო..
იმასაც ამბობენ, ყველაზე პოპულარული კონკურსიაო, მაგრამ მე იმ კომაში მყოფ ადამიანს მაგონებს, ხელოვნური სუნთქვითა და ელექტროშოკით რომ ცდილობენ გონზე მოყვანას, თუმცა ყველამ იცის, რომ მკვდარია.

"ჯეოსტარი" სკანდალებით გამოირჩევაო, თქვეს და როგორ შემიძლია არ დავეთანხმო. აბა სხვა რომელ კონკურსში გახსოვთ კარადაში დამალული კონკურსანტი, ჟიურის გაცოფებული თავმჯდომარე და ლეგენდარულ კარადაზე ქვეყნის ყველა ყვითელ გადაცემასა თუ ჟურნალ-გაზეთში საუბარი?!

ანი სირაძემ კონკურსი დატოვა, მაგრამ არც მოთმინება ეყო, არც შეგნება და არც საკუთარი თავისათვის უცია პატივი. თუმცა, რა გაემტყუნება 16 წლის გოგოს მაშინ, როცა მისი მშობელი უარეს დღეშია?
ანი სირაძის ნამდვილი ამბავი ჩვენ ნანუკა ჟორჟოლიანთან მოვისმინეთ და სწორედ ამაზე მინდა თქვენი ყურადღების შეჩერება.

"ჯეოსტარში" შემსვლელ კონკურსანტებს ტელევიზია კონტრაქტს უდებს, რომლის საფუძველზეც, კონკურსიდან 6 თვის მანძილზე, "რუსთავი 2"-ის თანხმობის გარეშე, მათ  მედიის არც ერთ წარმომადგენელთან არ შეუძლიათ ურთიერთობა. თუ კონტრაქტს დაარღვევენ, ისინი სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან (თუ არ ვცდები, ეს 10 000 ლარია).

არსებული რეალობის მიუხედავად, იდეაში "რუსთავი 2" და "იმედი" კონკურენტები არიან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სირაძის ნანუკას შოუში სტუმრობისათვის. ერთმანეთისადმი კეთილგანწყობის მიუხედავად, კონტრაქტის პირობები საკმაოდ მკაცრია, საქმეს პროექტის უცხოური წარმომავლობაც ართულებს. ამიტომ, ჩნდება ეჭვი: ექსკლუზივის ხათრით, ხომ არ გადაიხადა ნანუკას შოუმ სირაძის მიერ კონტრაქტის დარღვევით გათვალისწინებული ჯარიმა?

სხვათაშორის, ეს აპრობირებული მეთოდია. თავის დროზე, "ერორმა" ზუსტად იგივე მოიმოქმედა გიორგი ქორქიას ხელში ჩასაგდებად.

ალბათ, მსგავსი ქმედებები ისეთ ქვეყნებში მოსულა, სადაც შოუ-ბიზნესი ეკონომიკასავით ყვავის. თუმცა, ჩემი აზრით, ანი სირაძე და "ჯეოსტარი" ჩვენი საზოგადოებისათვის არც ისე საინტერესოა, მისი ნამდვილი ამბის გასაგებად სოლიდური თანხის გადახდა რომ ღირდეს.

კითხვა რომ დავსვა, საიდან ერთი გადაცემისთვის ამდენი ფული-მეთქი, მავანნი ენამოსწრებულად მეტყვიან, შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობო?! თუმცა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ხილის გემოზე მეტად, როგორც წესი, მებაღე უფრო მაინტერესებს ხოლმე.

3 comments:

Gio said...

მაგარი ხარ როგორც ყოველთვის!.. :)

piccolina said...

ხო, ეგ კითხვა მე გამიჩნდა, მარა ვერ გავიგე, რატომ უღირდა ნანუკას ამ ტუტუცი გოგოს მიწვევა. ვინც კი გადაცემა ნახა, ყველა სირაძეს აგინებდა

გვირილა said...

გეთანხმები. რას გაუგებ აგენს, ”ჟურნალისტები” და ”შოუბიზნესის” წარმომადგენლები არიან... ჩვენთან ასე ესმით პიარი და რეკლამა... და მაინც რა თქვა იმ გოგომ ამისთანა, ღირდა კი ამად? უფრო დავრწმუნდი, რომ სულელია.

ჯეოსტარზე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არასდროს ვუყურებდი, მაგრამ წელს ველოდები ორშაბათს ოთოს და სოფოს ხმების გაგონების გამო, ძალიან მომწონს ორივე და მებრალებიან ჯეოსტარისთვისაც და ქართული ”შოუბისძნესისთვისაც”...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger