Tuesday, February 23, 2010

საქმიანი


რაღაც, ამ ბოლო დროს იშვიათად ვწერ, უბრალოდ, იმდენი საქმე მაქვს, თავის მოსაფხანად არ მცალია, არათუ ინტერნეტში საძრომიალოდ, პოსტის დასაწერად ხომ საერთოდ..
ორი დღეა სიუჟეტს ვაკეთებ, სასკოლო ჩანთებთან დაკავშირებით, რაღაც იდეები კიდევ მაქვს, და შეიძლება ციკლიც გავაკეთო, ვნახოთ..
გუშინ ორ ინტერვიუზე მთელი დღე ვირბინე. ამ ქარაშოტმა კინაღამ წაგვიღო ჩვენი კამერიანად, მაგრამ გამოვძვერით.
დილის რვა საათიდან კი ძირითადი მასალის გადაღებაზე ვარ წასული. ახლა შემოვედი, ხვალ დავამონტაჟებ და ამ კვირის გადაცემაშიც ჩაჯდება თუ მოასწრო. ერთი, პრემიერი უნდა ვისწავლო და ჩემით დავამონტაჟო ხოლმე, თორემ ძალიან რთულია ასე..
166-ე სკოლაში ვიყავი დღეს. წერეთელზე რომ არის, პანთეონის გვერდით. ძალიან მიყვარს ეს სკოლა, რესპუბლიკურ ტურებზე დავდიოდი ხოლმე და ძალიან ახლობელია. სიუჟეტის კეთების პროცესში კი მივხვდი, რომ სკოლაზე მაგარი არაფერია და რას რ მივცემდი, ისევ იქ რომ დავბრუნდე. რაღაც, დაცული სისტემაა, როგორიც არ უნდა იყოს. ამას მერე აფასებ, როცა ამთავრებ.
გამახსენდა სკოლის ამბები და ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნი ჩემს მრავალჭირნახულსა და ჩამონგრეულ სკოლას. მართალია, 4 წელია (რაც სკოლა დავამთავრე) იქ ფეხი არ მიმიდგამს, მაგრამ, ალბათ, აღარც შემიშვებენ ამ კარისკაცების გადამკიდეს, თუმცა, როგორც კულუარებიდან ვიცი, ჩემი დროშა ახალ (და ყველასათვის უცნობ) დირექტორს კაბინეტში უდევს..
ტექსტი მაქვს დასაწერი, სამი-ოთხი სიუჟეტი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ტექსტი არც ერთისათვის არ დამიდია, უნივერსიტეტში უტექსტოდ ვაკეთებდით, ”ერთსულოვნებაში” კი ვცდილობდი, გმირი ყოფილიყო აღმწერიც და მთხრობელიც..
ჰოდა, ახლა ტექსტი მაქვს დასაწერი. ცოტას დავისვენებ, ამ პოსტს დავწერ და ჩავუჯდები.

P.S. დღეს მივხვდი, რომ არ შეიძლება იწუწუნო და უკმაყოფილო იყო იმით, რაც გაქვს. იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი არსებობს გარშემო, რომლებიც გამუდმებით შემოგნატრიან და შენნაირად ყოფნაზე ოცნებობენ..
 
Powered by Blogger