Wednesday, April 28, 2010

მითი ”ჯინსების თაობაზე”


მსგავსი თემების წამოჭრა საზოგადოებაში ყოველთვის პოლემიკას იწვევს. ამ პოსტის დაწერა ჩემს ერთ-ერთ გარებიძაშვილ ბლოგზე გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა გადამაწყვეტინა.

დიდი ხანი არ არის, რაც დათო ტურაშვილის ”ჯინსების თაობა” გამოვიდა, მანამდე კი დოიაშვილის სპექტაკლმა კიდევ ერთხელ აამხედრა ქართული საზოგადოება პირსისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ.
თუმცა..
თუმცა რეალობა მთლად ისეთიც არ არის, როგორიც დოიაშვილის სპექტაკლსა და ტურაშვილის წიგნში ჩანს.
პირადად მე, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ადამიანები რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ (შესაძლოა, დახვრეტა გადამეტებული სასჯელი იყო, მაგრამ დასასჯელები კი გახლდნენ), შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩარკვიანის ”მშვიდი ცურვა” (სადაც, მიახლოებითი წარმოდგენა შეგექმნებათ მათი ღირებულებების შესახებ), მანამდე კი ჩემი მოსაზრების დასაბუთებას ვეცდები:
1. ვინ იყვნენ ”თვითმფრინავის ბიჭები?” - ჩემი თაობის, უფრო დიდი თუ პატარა ასაკის ადამიანთა უმეტესობა მეტყვის, რომ ისინი იყვნენ თავისუფლებისათვის თავდადებით მებრძოლი ადამიანები, რომლებმაც ასე გადაწყვიტეს ე.წ. რკინის ფარდის გარღვევა. მე კი ვიტყოდი, რომ მათ ყელში ჰქონდათ ცხოვრება ამოსული და თავგადასავლებს ეძებდნენ. ვიტყოდი, რომ გასართობად არასწორი გზა აირჩიეს.
2. მათ სურდათ გაქცეოდნენ რეჟიმს. - ეს გარდაქმნის (ჩვენებურად”პერესტროიკის”) პერიოდი იყო, როდესაც საზღვარგარეთ გასვლა დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა, მით უმეტეს, ისეთი ოჯახიშვილებისათვის, როგორებიც ეს ბიჭები გახლდნენ;
3. მათ სურდათ პროტესტის დაფიქსირება სახელმწიფოს მიმართ, - ვფიქრობ, ზედმეტად პათეტიკური იარლიყია. დარწმუნებული ვარ, ისინი ეძებდნენ თავისუფლებას, დემოკრატიას. ესწრაფოდნენ ამერიკას, ინგლისს (დამეთანხმებით, მუსიკისა და საზოგადოების განვითარების მხრივ, 70-იანები უმაგრესი პერიოდი იყო), თუმცა დემოკრატიასა და თავისუფლებას ისინი არასწორად აღიქვამდნენ. თავისუფლება მათთვის ყველაფრის უფლებასთან, სასურველ ნარკოტიკებთან და გარყვნილებასთან ასოცირდებოდა.  სამწუხაროდ, ამ ღირებულებებისადმი მიდგომა დღემდე არ შეცვლილა.

პატიება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ მათ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს და კიდეც აღიარებდნენ. ცოცხალია იმ რეისის მფრინავი, რომელსაც მას შემდეგ ფრენა აღარც უცდია, ეკიპაჟის დაინვალიდებული წევრებიც, გადარჩენილი მგზავრები.. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ისტორიას მოგიყვებიან.
გმირებიო..
ჩემი მეგობარი ყოველთვის ჩემი მეგობარი იქნება, მიუხედავად იმისა, რამდენს დააშავებს. ”თვითმფრინავის ბიჭები” მთელი თბილისის მეგობრები იყვნენ.

მაინტერესებს, მათი გმირებად შემრაცხველ ხალხს ოდესმე თუ უფიქრია იმ ოჯახებზე, რომელთა წევრებიც ამ ადამიანების ხუშტურებს შეეწირნენ?
სამწუხარო ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას უყვარს ადამიანებისაგან გმირების გამოძერწვა, ასე მოხდა ამ ადამიანების, ზვიად გამსახურდიასა და სხვების შემთხვევაში. გეტყოდით, რომ ცხოვრება გაცილებით მარტივი და უკეთესი იქნება, თუ ამ იდიოტურ ვარდისფერ სათვალეებს მოვიხსნით და ყველაფერს თავის ნამდვილ სახელს დავარქმევთ.


P.S. ჩამქოლეთ და არ დამინდოთ. კომენტარების შინაარსს უკვე ვხვდები!.
 
Powered by Blogger