Sunday, May 30, 2010

კონკურსი თუ SMS შოუ?

”ევროვიზია 2010”-სათვის ძალიან დიდი ხნის მანძილზე ემზადება ევროპა. კონკურსანტს თითქმის ყოველდღე ეთმობა ეროვნული პრესა, ასევე, სატელევიზიო ეთერი. სოციალურ მედიაში იქმნება ფან-გვერდები, სადაც ყველა სიახლე იდება და ა.შ. 

მაგრამ, პირადად ჩემთვის ამ კონკურსის არსი გაუგებარია, რადგან მონაწილე ვოკალური მონაცემებით კი არა, ესემესებითა და ქვეყნებს შორის ურთიერთობით ფასდება. 

პრინციპში, ვერც იმას ვხვდები, მომღერლები ამ კონკურსზე მოსახვედრად რატომ აკეთებენ ყველაფერს? ვითომ, დიდი გასაქანიაო, მაგრამ რასაც ბოლო ხანებში ვადევნებ თვალს, გამარჯვებულები სულაც არ იმყოფებიან ნირვანაში.

აი, მაგალითად, მე ფინური ჯგუფის - ”ლორდის” შესახებ ევროვიზიიდან გავიგე, მოვისმინე მათი სიმღერა (მახსოვს, რომ მომეწონასავით) და მერე გაქრნენ, მათი კლიპები და სიმღერები არც ერთ ევროპულ მუსიკალურ არხზე არ მომისმენია და არც ინტერნეტით. ავიღოთ დიმა ბილანი. ტიპი კრუნჩხვებში ვარდებოდა, ისე უნდოდა ამ კონკურსის მოგება. მოიგო. და რა მერე? პოპულარული ისედაც იყო, ფული ისედაც ჰქონდა და გამარჯვებით რა, გზები გაიჭრა შემოქმედებაში?

მე წლევანდელი ”ევროვიზიის” ქართულ ნაწილზე მინდა ყურადღების გამახვილება. სოფო ნიჟარაძეს პატივს ვცემ თუნდაც მარტო იმიტომ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში აწყობილი საქმე მიატოვა და გუდანაბადი აიკრა. ამას ბევრი ვერ (არ) შეძლებდა. ასეც მოხდა.

სულ სკეპტიკოსის როლში ვარ, მაგრამ ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულად მეჩვენებოდა ქართველების თვითდაჯერება, რომ სოფო წელს ევროვიზიას მოიგებდა. არის რაღაცები, რამაც ძალიან გამაღიზიანა. 

ვიცი, რომ უამრავი ფული დაიხარჯა სოფოს წინასაკონკურსო პერიოდზე: კაბა ”დოლჩე და გაბანამ” სპეციალურად შეუკერა, კლიპი უკრაინაში ყველაზე ძვირადღირებულმა რეჟისორმა გადაიღო, სიმღერა კი ლონდონში ჩაიწერა (არ ვიცი, ეს სპეციალური მოთხოვნაა? ყველა მანდ წერს საკონკურსო სიმღერას თუ მარტო ქართველები? ან სხვა, თუნდაც, ეროვნულ სტუდიებში, არაპროფესიონალები მუშაობენ?). 

მე მიმაჩნია, რომ როცა ისეთ კონკურსში მონაწილეობ, როცა შენს ბედს, ეროვნების მიხედვით, მესიჯებით წყვეტენ, არ უნდა იყო ზედმეტად დაჯერებული გამარჯვებაში. ელემენტარულად, შეეძლოთ კაბა რომელიმე ქართველ დიზაინერს შეეკერა და არა მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს ბრენდს, კლიპიც ქართველს გადაეღო და არა უკრაინის ყველაზე ძვირადღირებულ რეჟისორს (რაღაც, ღრმა ხედვა მე კლიპში ვერ დავლანდე), ნუ, თუ მაინცდამაინც ქართველი არ გვინდოდა, შეგვეძლო უცხოელისთვის გაგვეკეთებინა, მაგრამ ისე, რომ კოლოსალური თანხა არ დაგვჯდომოდა.

ფეისბუქზე ერთ-ერთმა მეგობარმა, გამარჯვებულთან დაკავშირებულ კომენტარს, სადაც ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანული მედიის გვერდებიდან ლენას ინტერვიუები არ ჩამოსულა,  მიაწერა,  ”სამაგიეროდ არც დოლჩე და გაბანა ეცვა, და არც სახელმწიფო რეზერვებიდან იქნებოდა დაფინანსებული...”

კონკურსის ბოლოს რა გვიჭირავს ხელში? მეცხრე ადგილი და ჰაერში, მართლაც რომ, უაზროდ გაფანტული ფული. 

და კითხვა მაქვს: როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები მიკვირიები? 

P.S. მინდა, სოფოს მთელი გულითა და სულით ვუსურვო წარმატებები, რადგან ამას, თუნდაც მარტო პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს.


 
Powered by Blogger