Thursday, September 16, 2010

გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტების დამდგენი კომისია - დამაფიქრებელი გარემოებები


1993 წლის 31 დეკემბერს, ღამის პირველის ნახევარზე კარლო ღურცკაიას ოჯახში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია.
მისი გარდაცვალებიდან დღემდე საზოგადოებას არ ასვენებს კითხვა: მოკლეს თუ თავი მოიკლა პრეზიდენტმა? სიმართლის დადგენას ამ 17 წლის მანძილზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა წევრებისგან დაკომპლექტებული კომისიები სწავლობდნენ. შევარდნაძის დროს შექმნილმა კომისიამ გამსახურდიას გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა გამოაცხადა.

2009 წლის სექტემბერში ჯონდი ბაღათურიასა და გია თორთლაძის ინიციატივით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელი ფაქტების დამდგენი კომისია შეიქმნა და საზოგადოების ერთ ნაწილში მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ, ბოლოსდაბოლოს, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა.

ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში დაიკითხნენ თენგიზ კიტოვანი, შოთა კვირაია, იგორ გიორგაძე და სხვა მნიშნვლეოვანი პირები. ამ მიზნით მოსკოვში კომისიის თავმჯდომარე - კონსტანტინე გამსახურდია მარტო გაემგზავრა. მოგვიანებით, ტოქ-შოუ ”არჩევანში” საუბრის დროს, ის ხელს იშვერდა ედუარდ შევარდნაძეზე და ღიად აცხადებდა, რომ გამსახურდიას მკვლელობა მისი შეკვეთილი იყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გამსახურდიამ ვერ მოიტანა ამის დამადასტურებელი ფაქტები, თუმცა აღნიშნა, რომ შევარდნაძეს ლეგიტიმაციის პრობლემა აწუხებდა და სწორედ ამიტომ მოიქცა ასე.
აქვე გამსახურდიამ აღნიშნა, რომ როსტოვის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტს მოტეხილი ჰქონდა ცხრა ნეკნი, ბოქვენისა და მენჯის ძვალი. ამავე გადაცემაში გაირკვა, რომ გიორგი გამსახურდია ეჭვქვეშ აყენებს როსტოვის ექსპერტიზის დასკვნას. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრი, სანდრო ბარამიძე ამტკიცებდა, რომ კომისიის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ პრეზიდენტის მკვლელობაში.

გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზები ბურუსით არის მოცული, ექსპერტიზა დროულად რომ ჩატარებულიყო, დღეს ამდენი კითხვა არ დაისმებოდა. მიუხედავად დაპირებისა, რომ გვამს საერთაშორისო ექსპერტი გაჰკვეთდა და პრეზიდენტის ოჯახის წევრებს პროცესზე დასწრების საშუალება ექნებოდათ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მაშინ ექსპერტიზაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

მე მტკიცებით ნამდვილად არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ გეხსომებათ ერთ-ერთ ვიდეოპორტალზე გამოქვეყნებული სატელეფონო საუბარი, სადაც გიორგი გამსახურდია ჯონდი ბაღათურიას ემუქრებოდა, თუ მამამისის სიკვდილის მიზეზების კვლევას თავს არ დაანებებდა.
როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ყოფილიყო კომისიაზე გამსახურდია ასე ძალიან გაბრაზებული?
ორი დღის წინ პირველ არხზე გასულ სიუჟეტში საუბარი, რომ 1994 წელს გვამის დათვალიერების შედეგად, გამსახურდიას სახეზე ექვსი დაზიანება დააფიქსირეს. ჩნდება კითხვა: ადამიანს სამარე სამჯერ შეუცვალეს და ხომ შეიძლებოდა ცხედარი გადასვენების დროს დაზიანებულიყო?!

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტების დამდგენ კომისიას მისი ვაჟი - კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობს. ასეთი რამ არათუ პრეზიდენტის, არამედ, რიგითი მოქალაქის შემთხვევაშიც არ ხდება. ოჯახის წევრები და ახლობლები ყოველთვის შორს დგანან საგამოძიებო პროცესისაგან.
მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მინდა დავსვა რამდენიმე კითხვა:
1. 1993 წელს, რატომ თქვა უარი მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ პრეზიდენტის ნეშტის ექსპერტიზაზე?

2. რატომ დაინიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ პრეზიდენტის ვაჟი?

3. რატომ წავიდა ის მოსკოვში მარტო, კომისიის სხვა წევრების გარეშე, გამოძიებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურების: კვირაიას, გიორგაძისა თუ კიტოვანის დასაკითხად?

4. რატომ კეთდება კომისიის წევრების მიერ წინასწარი განცხადებები, რომ გამსახურდია მოკლულია?

5. საგამოძიებო კომისია ხომ არ ემსახურება არა სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენას, არამედ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დასაბუთებას?

6. ამის მიზეზი გამსახურდიას რეაბილიტაცია ხომ არ არის საზოგადოებაში (ქართველებს ხომ თვითმკვლელი მსოფლიო დონის დამნაშავე ჰგონიათ)?
ამ ფაქტორების გამო, მე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტების დამდგენ კომისიას უნდობლობას ვუცხადებ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დადგენას მოვესწრები.
 
Powered by Blogger