Monday, October 18, 2010

"გრეჩეხას" უკანასკნელი (?) ბრძოლა

არცთუ დიდი ხნის წინ ახალი პარტია შეიქმნა, რომელშიც "დაიცავი საქართველო" სრული შემადგენლობით გადმობარგდა.
  • რა საჭირო იყო ახალი პარტიის შექმნა, საზოგადოება ხომ ჯერ კიდევ უხსოვარ დროს შეთანხმდა მარტივ ჭეშმარიტებაზე: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება?!
    და კიდევ: პრეზენტაციის ორგანიზებისათვის გამოყოფილი თანხით მშვენივრად იქეიფებდით სახინკლეში. "მერიოტში" გამართული ა ლა ფურშეტის დროს დავინახე, რომ გუბაზი ნამეტანი იტანჯებოდა.
კვირის დასაწყისში ლევან გაჩეჩილაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მოვიტან საკვანძო ციტატებს პასუხებითურთ:
"თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ლიდერები გუნდს ქმნიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი კომპრომისზე მიდიან."
მერამდენედ მიდიან ნამდვილი, ჭეშმარიტი პოლიტიკოსები და ლიდერები კომპრომისზე?! თუ ჩვენს ქვეყანაში ყველას პოლიტიკოსი ჰქვია, ვისაც კი ოდესმე, ლევანის მსგავსად, მურაბი ბიზნესი ჩაუწვა?!
მართალია, ბატონი ლევანი საკუთარ თავს ნამდვილ ლიდერად აცხადებს, მაგრამ მალევე ამჟღავნებს გულისტკივილს:
"ერთ მშვენიერ დღეს ერთობლივი გადაწყვეტილების გამო ჩემკენ გამოიშვირეს თითი, იპოდრომი ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება იყოო. არადა, გუნდურად გადავწყვიტეთ."

გაჩეჩილაძე ციხეში წასასვლელადაც მზად არის, სააკაშვილის რეჟიმს კი იმდენჯერ უწოდებს პირსისხლიანს, რომ პინოჩეტი სიმწრით ბრუნავს საფლავში: ვიღაც სკვინტლიანმა ქართველმა როგორ მაჯობაო.
ლევანის არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, პირსისხლიანობაზე მეტად, სააკაშვილის არაადეკვატურობა მახსენდება,თუმცა, მე ცუდი ადამიანი ვარ: სანდრო გირგვლიანის ამბავი დამავიწყდა. ადამიანის, რომლის სიკვდილიც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა საკუთარი ქულების დასაწერად ისე გამოიყენა, სინდისს ერთხელაც არ შეუწუხებია.

იცით.. დამოუკიდებელმა საქართველომ ყველა ხელისუფლება ისე შეიცვალა, რომ არც ერთს არ ჰქონია სამოქმედო პროგრამა. მაგრამ "ქართული პარტია" ნოვატორი იქნება:
  • "დავამტკიცებ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. ამისათვის კონკრეტულ პროგრამას დავდებ და გპირდებით, ამ გეგმას რეალობად ვაქცევ."
გეცნობათ? დიახ, ეს "ნაციონალური მოძრაობის" უხსოვარდროინდელი ინიციატივაა.

სააკაშვილისთვის მარტო სკამები და პირადი კეთილდღეობაა პრიორიტეტულიო, - ამბობს "სახალხო პრეზიდენტი". ხალხს უკანასკნელ ლუკმა-პურს ართმევენ, რომ თავისი სკამები შეინარჩუნონ და ჯიბეში ფული ჩაიდონო და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაჩეჩილაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში ყველაფერი უკლებლივ ჩვენი, პატარა ადამიანების კეთილდღეობას მოხმარდება. ღრმად მწამს, რომ გრეჩეხა გადაცმული ივლის ხალხში, მათ ვარამს გაიზიარებს და ისე დაკავდება ამ საქმით, რომ დღეში სამჯერ კი არა, კვირაში ერთხელაც ვერ მოიცლის დასაბანად.

და აი, ამდენი უმიზნო ბოდიალის შემდეგ, ჩვენ მთავართან მოვედით:
  • სააკაშვილი ამბობს, უსაფრთხოება ნატოშიაო, მაგრამ საფრთხის გარდა მან არაფერი მოგვიტანა. ნატოსკენ აღებულმა კურსმა ტერიტორიის 20% დაგვაკარგვინა.
რატომ ფრთხილობ, ლევან?! რატომ გეშინია თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა დედარუსეთია ამას წინათ რომ მიხვედი?! საქართველოსი და კიდევ, შენი მურაბის ბიზნესის, სააკაშვილის გამო რომ ჩაგიწვა. ჰო, მანამდე უხარისხო ღვინის.

საქართველოში ახლობლობა ბევრს ნიშნავს. თბილისში კი ერთ უბანში გაზრდა ნათესაობის ტოლფასია. ლევანი, კახა შარტავა, გუბაზი და ირაკლი მელაშვილი ერთ ეზოში გაიზარდნენ. კახას არ მოსწონს ლევანის იდეები, ირაკლი თანამოაზრეა, გუბაზისთვის კი სულ ერთია: მთავარია, ხინკალი იყოს ცხელი. ჰოდა, ლევანი და სობარი საფრანგეთის დედაქალაქში ტყვიავის სიამაყეს რომ მოინახულებენ, ჩამოსვლისთანავე ერთ ეზოში გაზრდილ დსმებთან კარგ პურს შე(ს)ჭამენ და პოლიტიკური საქმეებიც მოგვარდება.

"აქციები აღარ უნდა იყოს პერმანენტული, გამოვალთ და დავამთავრებთ," - დასძენს ერის მხსნელი. 

და აი, ბატონი ლევანი ბრძოლას უკვე მერამდენედ იწყებს თავიდან,  უკვე მერამდენედ, ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გადამწყვეტი იქნება, რომ ამ ბრძოლით გათავდება ყველაფერი..
ამდენი განცხადების შემდეგ, დიდი ხანია ერთი კითხვა მაწუხებს:
  • ლევან, ხუთი წელია ათავებ და რით ვეღარ გაათავე?!

 
Powered by Blogger