Thursday, October 21, 2010

ნუღარ დამიმახინჯებთ გვარს

სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში 710 კარელიძე ცხოვრობს.ჩემი გვარი იშვიათია, მაგრამ არცთუ ძნელად გამოსათქმელი. ამიტომ ძალიან მწყინს, როცა მიმახინჯებენ.
როდის ხდება ეს?
სულ, 24/7-ზე..
ადამიანების უმეტესობისათვის ან ქარელიძე ვარ, ანარელი, ან კრელიძე, ან კლიძე..
ყველაზე ხშირად, უპირატესობას მაინც კერესელიძეს ანიჭებენ, სინამდვილეში კი კარელიძე ვარ.

წარმოშობით მთიული გახლავართ, მლეთიდან. კარელიძე ჩვენი მესამე გვარია. ადრე არაბულები ვყოფილვართ, შემდეგ, არაბულების გვარს ერთი შტო გამოეყო და კარიაულებად იწოდნენ (როგორც ვიცი, მლეთასთან ახლოს იყო სოფელი კარი (თუ კარე), არაბულების ეს ნაწილი იქ ცხოვრობდა და მაგიტომ). დაახლოებით, სამი-ოთხი საუკუნის წინ თიანეთი ოთხი გვარის რამდენიმე შტომ დატოვა: კარიაულებმა (ბარში კარელიძეები გავხდით), ვალიშვილებმა, ქუმსიაშვილებმა და მეოთხე არ მახსოვს.
მიზეზი უცნობია, თუმცა ემიგრანტებს თან ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ლოდი წამოუღიათ, რომელიც გორთან ახლოს ერთ-ერთი მთის წვერზე დადეს და ნიში გააკეთეს.
გვარები შიდა ქართლში, ატენის ხეობაში და მის ზემოთ დასახლდნენ. ჩემს სოფელს, სადაც ჩემი დიდი პაპა ცხოვრობდა, ბნავისი ჰქვია (პაპაჩემი, გასული საუკუნის 30-იან წლებში, გორში გადმოვიდა საცხოვრებლად). ამ სოფელში აბსოლუტურ უმრავლესობას კარელიძეები შეადგენენ.
ლომისობა ჩვენი გვარის დღესასწაულია, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ, ჩვენს სოფელში დღეობაა ხოლმე და უნდა ნახოთ, რა ხდება. ასე, ოთხი წელია, ლომისობაზე არ ვყოფილვარ და გული მწყდება.

მლეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ერთხელ ვარ ნამყოფი, სამი წლის წინ. ემოციები არასოდეს დამავიწყდება.

სისხლის ყივილი გიგრძვნიათ როდესმე? რამდენჯერაც თიანეთს მივუახლოვდები, ისტერიკა მეწყება. მიუხედავად იმისა, რომ პირად მე, უკვე აღარაფერი შეხება არ მაქვს ამ მხარესთან, ანანურიდან მლეთამდე ერთი გიჟური სურვილი მიჩნდება: მინდა, მანქანიდან გადმოვიდე, მიწა ვკოცნო, ვიბღავლო, ვიტირო, ვიყვირო.. საოცარი ის არის, ყაზბეგს რომ ვუახლოვდები, ეს სურვილი მიქრება.

არა, რაღაცა მართლა არსებობს. წინაპართა სულებიც, სისხლის ყივილიც, გენეტიკაც და ყველაფერი!.

მინდა, რომ თუ საშუალება მექნება, პატარა მიწის ნაკვეთი ვიყიდო, სახლი ავაშენო და რომ დავბერდები, სიცოცხლის ბოლო წლები ჩემს ისტორიულ კუთხეში გავატარო.

P.S. პოსტის მორალი: ან კეთილი ინებეთ და დაიმახსოვრეთ ჩემი გვარი, ან საერთოდ, არ მომიხსენოთ.
 
Powered by Blogger